• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

სექსუალობის დაბრუნების მცდელობა კასტრირებული ბავშვისთვის

×
ავტორის გვერდი ქეთევან გვაზავა 24 მარტი, 2020 3507

 

თუ ფანტაზირების აქტის კვალს თვალს გავადევნებთ ბავშვთან აღმოვჩნდებით, რომელთანაც ფანტაზირების, - შეიძლება ითქვას, - პირველად ფორმას დაუმკვიდრებია თავი, რომელსაც თამაში წარმოადგენს; ამაზე ფროიდმა მიუთითა ხელოვანსა და ფანტაზირებაზე საუბრისას. ზიგმუნდ ფროიდი წარმოგვიჩენს ბავშვის მიერ შექმნილ საკუთარ სამყაროს, რომელსაც საკმაოდ სერიოზულად უდგება ბავშვი და რომელიც განსხვავდება რეალობისგან, უფროსები რომ ცხოვრობენ. ამ სამყაროს შექმნისას ბავშვი შემოქმედად იქცევა. ფროიდმა ისიც აღნიშნა, რომ ის, რაც ბავშვის თამაშსა და ზრდასრული შემოქმედი ადამიანის ფანტაზირებას ერთმანეთისგან განასხვავებს კავშირია რეალობასთან, რომელშიც ბავშვი ნაცნობ საგნებს აღმოაჩენს და აკავშირებს მის მიერ შექმნილ, სხვა რეალობაში არსებულ საგნებთან.[1]

საკმაოდ მძიმე ზეწოლის მიუხედავად, რომელსაც ბავშვი - როგორც, არაცნობიერად მშობლების სურვილების ასრულების შესაძლებლობა, - განიცდის, მას აქვს თავისი იარაღი, გაუმკლავდეს იმ შეზღუდულ რეალობას, რომელშიც მიუხედავად მის მიერ დაკავებული პოზიციისა - "მისი უდიდებულესობა" - სხვისი რეალური სათამაშო ხდება; ამის ფონზე, ბავშვი ფანტაზირებს რეალობას, სადაც საკუთარ ავტოეროტულ სექსუალობას[2] ისეთივე წინააღმდეგობა არ ეღობება, როგორიც მშობლების მხრიდან მიემართება ნამდვილ რეალობაში.

ფროიდი, თავის ნაშრომში „სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან“, წერს: "არსებობს აკვიატებული მოთხოვნილება ბავშვს მიეწეროს ყველა სახის სრულყოფილება, რისი საფუძველი, უფრო ფხიზელი განხილვისას, არ არსებობს, და დაფარულ და დავიწყებულ იქნას მისი ყველა ნაკლი, რაც არის კიდეც კავშირში ბავშვური სექსუალობის უარყოფასთან. [...] His Majesty the Baby (მისი უდიდებულესობა ბავშვი) - ის არის, რადაც ოდესღაც მშობლები მიიჩნევდნენ საკუთარ თავს. მან უნდა განასახიეროს მშობელთა აუსრულებელი სურვილები, მამის ნაცვლად იქცეს დიდ კაცად, გმირად, ცოლად გაჰყვეს უფლისწულს - დედის დაგვიანებულად დაჯილდოებისთვის."[3]

უკვე ორჯერ ვახსენეთ ბავშვის მიერ დაკავებული ყველაზე დიდებულის პოზიცია, რომელიც ანტინომიურ კომპონენტთა კონსტელაციას წარმოადგენს. როგორ არის თავად ბავშვი ყველაზე აღმატებული მაშინ, როცა იგი მხოლოდ სხვისი ეგო-ლიბიდოს, ანუ ნარცისისტული მისწრაფებების დაკმაყოფილების შესაძლებლობაა?! ფროიდთან ვკითხულობთ: "ბავშვს არც ავადმყოფობა უნდა ეხებოდეს, არც სიკვდილი, არც სიამოვნებაზე უარის თქმა, არც საკუთარი ნების შეზღუდვა; ბუნებისა და საზოგადოების კანონები მასზე ძალაუფლებას კარგავენ, ის მართლაც უნდა იქცეს სამყაროს ცენტრად და ბირთვად"[4], - თუმცა რეალურად ბავშვს არ გააჩნია ძალაუფლება უფროსების სამყაროში, რის კომპენსაციასაც საკუთარ თამაშებში ცდილობს, სადაც ძალაუფლების მქონე პერსონაჟებს განასახიერებს, როგორიცაა მამა, ექიმი, დირექტორი და ა.შ.[5]

ბავშვი განსხეულებული ამბივალენტურობაა; საყვარელი, სასაცილო, გულწრფელი, მიმზიდველი, ამოუცნობი, შემოქმედებითი და მაინც უგულებელყოფილი. ბავშვის უგულებელყოფაში ვგულისხმობ მისთვის ყოველგვარი ძალაუფლების (რაც თავის მხრივ ბავშვის სურვილს წარმოადგენს) ჩამორთმევას, მის აღქმას, როგორც რაღაც სხვა - ვიდრე უბრალოდ ბავშვი (მსგავს „დისკრიმინაციას“ ადგილი აქვს ქალებთანაც, როცა მათი საზომი მხოლოდ ფემინურობის ხარისხია). ის პათეტიკური აღტაცება კი, რომელიც ბავშვის ირგვლივ ტრიალებს და მის ნებისმიერ მოქმედებას კომპლიმენტებით ამკობს, იმ დროის კომენსაციაა,- დაბადებიდან ზრდასრულობამდე, -  მშობლებმა რომ მიითვისეს (მით უმეტეს ზე-მზრუნველმა მშობლებმა, რომლებიც ბავშვს, ახალგაზრდა ადამიანს, ინფანტილურობას უსახსოვრებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში); რისი გამართლებაც, ალბათ, ბავშვის მოუმზადებლობაა რეალურ სამყაროსთან დამოუკიდებლად ჭიდილისათვის.

ფსიქოანალიზისთვის ერთ-ერთ საყვარელ ხელოვნების მიმართულებაში, - კინოში, არის ერთი რეჟისორი, რომელიც ბავშვზე განსაკუთრებულად რეფლექსირდება. იგი თავისი კამერის ობიექტივს მიმართავს ბავშვისკენ, რომელიც უბრალოდ გარეცხილ ჭურჭელს ამშრალებს; რეჟისორი განსაკუთრებულად ცდილობს თავიდან აირიდოს ბავშვისკენ მიმართული გავრცელებული, გადამეტებული სენტიმენტალობა. იგი არ უყურებს ბავშვს, როგორც სათამაშოს, - ისე, როგორც სხვები.

ეს რეჟისორი ფრანსუა ტრიუფოა. ის ქორწინების გარეშე გააჩინა დედამ და ძიძას მიაბარა, მოგვიანებით ფრანსუა დედის ქმარმა როლან ტრიუფომ იშვილა და მისცა მას საკუთარი გვარი. ფრანსუა ტრიუფო, თავისი დაუვიწყარი პერსონაჟის, ანტუან დუანელის მსგავსად (რომელსაც პირველად „400 დარტყმაში“ ვიხილავთ), თავისი ოჯახისგან გაუცხოვებულია და თავშესაფარს წიგნებსა და კინოში პოულობს.

ტრიუფოს მიერ აღწერილი ბავშვი განსაკუთრებული არსებაა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მისი წარმოდგენა ბავშვზე არ განსხვავდება საზოგადოდ გავრცელებული წარმოდგენისგან, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ტრიუფოს მიერ ფანტაზირებული ბავშვი ამ ჯგუფის არსებათა იმ უმცირესობის წარმომადგენელია, რომელსაც შეგვიძლია მივაკუთვნოთ უდიდესი კინორეჟისორი ინგმარ ბერგმანი (თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში “Laterna Magica” ბერგმანი თავისი ბავშვობის თავგადასავლებს გვიყვება) და თავად ტრიუფოს პერსონაჟი ანტუან დუანელი, ისევე, როგორც ანტუან დუანელის როლის შემსრულებელი, ჟან პიერ ლეო. ეს ის „მატყუარა“ და „თავხედი“ ბავშვები არიან, რომლებიც დამოუკიდებლობას, საკუთარ წილ სამყაროს, რომელსაც თავად განაგებენ, სწორედ ამ ტყუილების შედეგად ინარჩუნებენ და ეწინააღმდეგებიან მშობლებს, რომლებსაც სურთ, რომ მთლიანად გაავრცელონ მათზე თავიანთი ძალაუფლება.

ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ტრადიციულად განსაზღვრული „ბავშვი აქსესუარი“, ძალაუფლება წართმეული არსება და ტრიუფოს ღირსება შენარჩუნებული ბავშვის ხატი, რომელსაც გამორჩეული სამყარო აქვს; მე მას „ცნობისმოყვარე დებიუტანტს“ ვუწოდებდი, რომელიც პირველ შემოქმედებით ნაბიჯებს დგამს ახალ სივრცეში, - სამყაროში, რომელშიც დედის საშვილოსნოს დატოვების შემდეგ აღმოჩნდა და მის შემეცნებას ცდილობს.

„ბავშვები, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ ადგილთან შედარებით, კინოში სუსტად არიან წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, გადაღებულია არაერთი ფილმი, რომლებშიც ბავშვები მონაწილეობენ, მაგრამ ძალიან ცოტა ფილმია ბავშვებზე. [...] ბავშვებს თავისთავად მოაქვთ პოეზია, ასე რომ, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ბავშვებზე გადაღებულ ფილმებში პოეტური ელემენტების შეტანას.“[6] - წერს ტრიუფო.

„მეტ პოეტურობას ვხედავ სცენაში, სადაც ბავშვი ამშრალებს გარეცხილ ჭურჭელს, ვიდრე ეპიზოდში, როცა იგივე ბავშვი, გამოწყობილი ხავერდის კოსტიუმში, ბაღში ყვავილებს კრეფს მოცარტის ჰანგების ფონზე. არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბავშვი პათეტიკურია თავისთავად და მაყურებელი მის მიმართ იმთვითვე მგრძნობიარეა. ასე რომ, ძალზე ძნელია ზედმეტი, დამტკბარი თანაგრძნობის თავიდან აცილება. [...] ბავშვის ერთი გაღიმება ეკრანზე და, თამაში მოგებულია. მაგრამ, როდესაც ცხოვრებას ვაკვირდებით, უპირველესად თვალში გვხვდება ბავშვის არსების სიმძიმე და სიმძაფრე ზრდასრულთა ცხოვრების ამაოებასთან შედარებით. ვფიქრობ, სიმართლის უფრო მაღალ საფეხურს მივაღწევთ, თუ გადავიღებთ არა მარტო ბავშვების თამაშს, არამედ მათ უსაზღვრო განცდებსაც [...].“[7]

როგორც ვხედავთ, ტრიუფო სიფაქიზით ცდილობს ბავშვის ნამდვილი ღირსება არ შელახოს, რასაც დაუფიქრებლად აკეთებს დანარჩენი კაცობრიობა. იგი ცდილობს ბავშვი გაათავისუფლოს იმ წარმოდგენებისგან, რომლებიც მისმა მშობლებმა შეუქმნეს და მას შემდეგ თითოეულ ადამიანში აქსიომად ჩაიბეჭდა. ფრანსუა ტრიუფოსთვის ბავშვობა და ბავშვი თავისთავად პოეტურია.

ზიგმუნდ ფროიდმა, - ვინც ტრადიციული ოჯახის შიგნით არაცნობიერად მიმდინარე არაერთ მოვლენას მოჰფინა ნათელი, - სირღმისეულად გამოიკვლია ბავშვის ფენომენიც; ბავშვის, რომელიც მშობლების ფალოსია, ამ უკანასკნელთა ვერ ასრულებული სურვილების ასრულების შესაძლებლობა; ის - ვის მიმართაც განსაკუთრებული მზრუნველობა დაშვებულია, მშობლების ნარცისისტული მისწრაფებების დაფარვის გარანტიით. ამ ყველაფრის ფონზე კი თავად ბავშვს წართმეული აქვს სექსუალობა: მას არ აქვს ძალაუფლება საკუთარ სხეულზე, რის მაგალითსაც ფსიქოსექსუალური განვითარების ანალურ სტადიაზე ვხედავთ, - როგორ ეწინააღმდეგება ბავშვი მშობელს, დამოუკიდებლობის მოთხოვნით, სიამოვნების განცდის მიზნით. ეს წინააღმდეგობა ფეკალიებს საჩუქრადაც კი გადააქცევს ბავშვისთვის.

ფრანსუა ტრიუფო კი ის იშვიათი ადამიანია, რომელიც ბავშვისთვის დამოუკიდებლობისა და თანდაყოლილი შემოქმედებითობის შენარჩუნებას ეცადა და დაუპირისპირდა ფართოდ გავრცელებულ ტენდენციას, რომელიც ბავშვს საკუთარი ინტერესების მიზნით იყენებს და ართმევს საკუთარ ინტერესებს. ჩემი აქცენტი ტრიუფოს ცნობიერ თუ უფრო მეტად არაცნობიერ მცდელობაზეა, - აგვიგოს შესაძლებლად დამოუკიდებელი ბავშვის კონსტრუქცია, სულ ერთი წამით, დაგვანახოს პროექციებისგან დაცლილი ბავშვი. ამ უკანასკნელის მიღწევა კი, უფრო დიდი დროით, ეჭქვეშ უნდა დავაყენოთ, ისევე როგორც ნარცისიზმის დაძლევის შესაძლებლობა მშობლებში.

 

 

 

 

 

                                                ბიბლიოგრაფია

 

  1. ბერგმანი, ინგმარ. 2018. მთარგმნ: ლიკა ჩაფიძე. „Laterna Magica”. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
  2. ტრიუფო, ფრანსუა. 2016. მთარგმნ: ნუცა ალექსი-მესხიშვილი. „რაც თვალს სიამოვნებს“. თბილისი: „სეზან ფაბლიშინგი“.
  3. ფროიდი, ზიგმუნდ. 2019. მთარგმნ: ვახტანგ გორგიშელი. „სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან“. თბილისი: „აქტი“.
  4. Freud, Sigmund. 1908 “Creative Writers and Day-Dreaming” https://www.evergreen.edu/sites/default/files/alumni/images/Freud_Creative_Writers_Daydreaming.pdf

 

 

 


[1]Freud, Sigmund. 1908 “Creative Writers and Day-Dreaming” https://www.evergreen.edu/sites/default/files/alumni/images/Freud_Creative_Writers_Daydreaming.pdf გვ.1-3 (143-145)

[2] ავტოეროტიზმი - საკუთარი სხეულისკენ მიმართული ლტოლვა, რასაც ადგილი აქვს ბავშვობაში, ობიექტის აღმოჩენამდე.

[3] ფროიდი, ზიგმუნდ. 2019. მთარგმნ: ვახტანგ გორგიშელი. „სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან“. თბილისი: „აქტი“ გვ.133

[4] იქვე გვ.133

[5] ისიც უნდა აღვნიშნოთ, - რაც ჩემს მიერ ფროიდის ნაშრომიდან მოყვანილ მონაკვეთებში უკვე ჩანს კიდეც, - რომ ფროიდი არ ეთანხმება, არ ამართლებს ბავშვის მიმართ ჩამოყალიბებულ გადამეტებულ წარმოდგენას, რომელსაც “საფუძველს მოკლებულადაც” მოიხსენიებს.

[6] ტრიუფო, ფრანსუა. 2016. მთარგმნ: ნუცა ალექსი-მესხიშვილი. „რაც თვალს სიამოვნებს“. თბილისი: „სეზან ფაბლიშინგი“ გვ. 57

[7] იქვე გვ. 58

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული