მთელი ღამე წყლის ქვითინი ჩამესმის





პოეზია

მთელი ღამე წყლის ქვითინი ჩამესმის




მთელი ღამე წყლის ქვითინი ჩამესმის. მთელი ღამე ღამეს ვქმნი ჩემში, ვქმნი დღეს, რომელიც იწყება ჩემს გამო რომელიც ვტირი რადგან დღე წყალივით ეცემა ღამეში.
   მთელი ღამე ხმა ჩამესმის ვიღაცის, ვინც მეძებს. მთელი ღამე შენ მტოვებ ნელა, როგორც წყალი, რომელიც ქვითინებს როცა ნელა ეცემა. მთელი ღამე მანათობელ გზავნილებს ვწერ, წვიმის გზავნილებს, მთელი ღამე ვიღაც მეძებს და მე ვეძებ ვიღაცას.
   ნაბიჯების ხმა წრეში, შორიახლოს იმ ქოლერული შუქის, რომელსაც ჩემი უძილობა წარმოშობს. მისი, ვინც აღარ ყვირის, ნაბიჯი ავსებს ამ წრეს, ვიღაცის, ვინც აღარ წერს. მთელი ღამე, ვიღაც ჩერდება და კვეთს მწარე სინათლის ამ წრეს.
   მთელი ღამე ვიძირები შენს თვალებში რომლებიც ჩემი თვალებია. მთელი ღამე ჭკუიდან ვიშლები ჩემი მდუმარების წრის მაცხოვრებლის ძიებით. მთელი ღამე მესმის როგორ იქაჩება რაღაც ვიდრე ჩემს მზერამდე, რაღაც მდუმარე და თხევადი მასალის, რომელიც მოტირალის ხმას გამოსცემს.
   არყოფნა რუხად სუნთქავს და ღამე დედდება. ღამეს მკვდრის ქუთუთოების ფერი აქვს, ღამე ბლანტი, სუნთქავს შავ ზეთს, ჭკუიდან რომ მშლის და მაძებნინებს ცარიელ ადგილს, დაცლილს მხურვალებისა და სიცივისგან. მთელი ღამე ვიღაცას გავურბივარ. მე მივუძღვი დევნას და ფუგას. გლოვის სიმღერას ვმღერი. შავი ჩიტები შავ ფარდებზე. გონებით ვყვირი. ქარი შეშლილი. გამოვეცლები ხელს დაჭიმულს და დაძაბულს, არ მსურს არაფრის ცოდნა, გარდა ამ უწყვეტი გოდებისა, გარდა ამ შრიალისა ღამით, ამ სინელისა, ამ სირცხვილისა, ამ დევნის, ამ არარსებობის.
   მთელი ღამე, ვიცი, რომ თავად ვარ მიტოვება. რომ ერთადერთი მოტირალი ხმა მე ვარ. შეგვიძლია, ფარნებით ვეძებოთ, შეგვიძლია, გადავკვეთოთ ჩრდილის ტყუილი. შეგვიძლია, ვიგრძნოთ, რომ გული ფეხშია და წყალი - სადაც უწინ გული იყო.
   მთელი ღამე გეკითხები, რატომ. მთელი ღამე მეუბნები არა.
 
 
 
 
 
*
 
ალექსანდრა და არტა თავს იქცევენ ჟანინისათვის პარიზში ორ სექტემბერს ათას ცხრაას სამოცდასამი წლისა.
 
აკრძალული ცხოველი
ბრუნდება წვიმასთან ერთად
როცა დღე გვაღონებს
და კაეშანს ანაცვლებს
 
თაღების ქვეშ ნაბოძები ანგელოზი
აგროვებს ჩვენს ნაღველს
როდესაც ღამე მეტია ოდნავ
ვიდრე რამდენიმე დაშორებული მზე
როდესაც გულს აღმოხდება ყვირილი
რომელიც ჩვენს შფოთებს დააშრობს
 
უფრთხოდე ანგელოზებს ჩემო სიყვარულო
უფრთხოდე აგრეთვე სიტყვებს
ჩვენს ბაგეებზე რომ ირხევიან
იამაიკური ხის თოჯინების ტუჩებზე
                         
                            „მაგრამ დღე აწვიმს ყველაფრის სიცარიელეს“
 
ჯერაც არსებობს მანჭვები
ისე კოხტად მორთულები რომ დიდია
იმათი რიცხვი ვინც მათ სიცილისთვის წაპნის
 
იცინე წყლათა სიბნელისა
                                                                 ღამე იღება
                                                                 მე შევდივარ
                                                                 ღამე იხურება
                                                                 არ გამოვდივარ
დასცინე შენს თავს
მე დამცინე
 
მიქრიან საათები რომლებიც ჩვენს სიამეებს კბენენ
 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.