• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

უკანასკნელი ლექსი

×
ავტორის გვერდი ჟულ ლაფორგი 30 დეკემბერი, 2019 1708
ქარშავი, თავსხმა წკავწკავა,
და მდინარე შავი, და ხშული სახლები,
და საცხედრეპირქუში სამეზობლოები,
და ჩლუნგი, საბელზე რომ ექაჩება
მთელს ნაღველს გულის და საგანთა,
და თრევით მავალ უმანკოთა ლაქას,
და უყვირის თავსხმას: „ო? მორწყი და დამიამე
გული მხურვალე, ჩემი ასერიგ საწადელი ხორცი!“
 
ო! ის, ჩემი გული და ხორცი, ის რა იქნა, ნეტა? . . .
ო! თუკი გარეთაა ამ ასეთ ავდარში,
რა მეტისმეტად ადამიანურ ამბავთაგან შინ დაბრუნდება?
და თუ შინაა,
უძლური, ძილს მიეცეს ამ ქარიშხალში,
ნეტა სიხარულზე თუ ფიქრობს,
ბედნიერებაზე ყველაფრის ფასად,
თან ამბობს: „იყოს რაც გინდა, ოღონდაც გული ნუ დამირჩეს ასე გაუგებარი“?
 
თავს გაუფრთხილდი, თავს გაუფრთხილდი! საბრალო გულო, ნაყეფ-ნადევნო.
 
(სისუსტენი, უღონობა, გულის ფანცქალი, ცრემლები,
ო! ეს ბედშაობა, გსურდეს ცოლობად!)
 
ო სამშობლო, ოჯახი!
და სული გმირულ ბედისწერებს
მთლად ზურგნაქცევი
მიღმა ამ წმინდა შინაბერების,
და ამა წლისთვის!
 
ღამეშავი, სახლები ხშული, ქარი საზარი,
ო! სავანეში, სავანეში!
 
დედათა სავანე ჩემს მშობლიურ ქალაქში,
ტკბილი ძლივს ოციათას სულად,
შორის სკოლისა და სასამართლოს,
და ტაძრის პირისპირ,
 
ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი ანონიმებით,
ლოცვაში, ქსოვაში, სახლის მოვლაში;
და ეს ვიკმაროთ . . .
და დაგმე, უშურველად,
ყოველივე რაც ეს აქაური
უბიწო არაა,
და მარად ყინულმა იარე,
თვალებდახრილმა.
 
ო! ვერ გავუძელი, მეხილა შენი ბედისწერის
ციცქნა თამაში,
და საბრალო შენი იერი ამ ურდულს უკან,
და სევდიანი შენი ციცქნა
უნებლიე მიხვრა-მოხვრები,
და ეგებ უკვე ქვითინის ნებაც წაგერთვა!
 
ო! არ მომხდარა ეს და ვერ მოხდება,
ო! შენ სხვებს არ გავხარ,
შეკუმშულებს თავიანთ ფანჯრის ფარდებთან,
ჩამავალი მზის წინაშე, როდესაც საკუთარ სისხლში გორაობს!
ო! შენ ასაკი არ გაქვს,
ო! მითხარი რომ არასდროს გექნება,
ო! მაძლევ სიტყვას, დარჩე მარად სიბრძნის ხატებად? . . .
 
ღამე შავია სამარადისოდ,
ქარი დიდებულად მწუხარებს,
ყოველივე გვიამბობს ძველისძველ ამბავს,
რომ წყვილად უნდა იჯდე ცეცხლთან,
ყოველივე საბედისწერო ჰიმნს ლუღლუღებს,
მაგრამ შენ, არაა საჭირო, დანებდე, მიეცე
ამ უკეთურ თამაშებს! . . .
ნოემბრის თვის ამ ვრცელ სინანულებს!
დარჩი შენს ციცქნა ოთახში,
მოატარე მას, მარად ყინული,
შენი ლამაზი შეურიგებლად დახრილი თვალები.
 
ო! ის იქაა, დაბლა, რა შავია ღამე!
და ცხოვრება ასე რეტისმსხმელი ბაზრობა . . .
რა ქმნილებანი არიან ყველანი, და ყოველივე - ერთფეროვნება . . .
 
ო! და რომ ვკვდებით!
 
ეჰ, საყვარებლად რა ამბები იმალება
ობოლი ქალგმირის თვალების უკან,
ო ბუნებაო, მომეცი ძალა და მხნეობა,
ჩემი თავი ვიწამო ასაკში,
ო ბუნებაო, თავამაწეულე!
რადგან, ადრე თუ გვიან, ვკვდებით . . .
 
 
თარგმნა სოფო ჭეიშვილმა
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული