ანტი პასტორალი გარდამავალი სეზონებისთვის





პოეზია

ანტი პასტორალი გარდამავალი სეზონებისთვის




ანტი პასტორალი გარდამავალი სეზონებისთვის
 
განათებული ამინდი დამცინავად უყურებს მოულოდნელ სიცარიელეს,
ქარი არ ქრის და მსუბუქ ნიავს აუტანლობას ვერ დააბრალებ.
მოწყვეტას ელოდება ყველა ნაყოფი და სისავსე ითხოვს ჩვეულებრივ გადატვირთვას.
დილიდან ვიმკი მიწაში დამალულ მოუმწიფებელ აზრებს,  
გამოსაყენებლად შენახულს გაურკვეველი და უნდობელი მომავლისთვის,
რომლის სახესხვაობა უფრო ბუნებრივია, ვიდრე კლიმატის ცვლილება ზამთრის პირზე.
ჩემი შემოდგომაა იმედგაცრუების ასაკის მატება გამეორებული გრძნობებით,
უინტერესო მოლოდინითა და ზაფხულის სიცხისგან დარჩენილი ტყუილი წინათგრძნობებით.
ყველა საქმის მომთავრებისას ხეების ნაზი შრიალი ძილს მოგანდომებს,
როცა ტყის პირზე დამშვიდებულს მიგეძინება, შუა დღის მზეში პირველი ყინვა წაგასწრებს.
 
 
 
 
 
დაცვის გზები
 
საყინულეში ჩაწყობილი ბოთლებიდან ვარჩევ,
რომელ მათგანში ასხია რამე უალკოჰოლო,
ვპოულობ ადგილს და ვაწყობ დაბლა, არ გაიყინოს.
რამდენმა შეშინებულმა ბავშვმა უნდა იკითხოს, 
რა ემართება მზეს, როცა ზღვაშია და არ ჩანს.
სანამ ბნელდება, ვამოწმებ ნათურებს ყველა ოთახის ჭაღზე.
თუ აცივდება სახლში, ტემპერატურას ავწევ.
რამდენჯერ უნდა დასცვივდეს ხეებს ფოთლები შენი თმასავით.
თუ მომინდება წიგნის მოძებნა ჩემი ძილისწინა ხასიათისთვის, 
ჩემი კარადის ბოლო რიგში ვიპოვი კედელთან ახლოს.
როცა ინტერნეტი ნელდება, ვტვირთავ გამანაწილებელს,
თუ სახლიდან დიდი ხნით გავალ, გადავატრიალებ საკეტს, 
მაგრამ არ ვიცი, რამდენი ხანი უნდა გავიდეს,
რომ შენი უდარდელობაში დაბრუნებაც ასე ადვილი იყოს.
 
 
 
 
 
* * *
 
ჩემი დილაა ჩაწეული ფანჯრიდან მოსული ნიავი 
გზიდან გადახვევის ეჭვისა და სურვილსგან შემდგარი.
მე გავყვები ახალ და დროებით საგზაო ნიშნებს,
რომლებიც მიმიყვანს იმავე ადგილას, მაგრამ უფრო გვიან.
ავირჩევ გზას, მზის ამოსვლის მიმართულებით,
სადაც დრო არ დაემსგავსება ჩემს აზრებს
და მე ვიქნები დროისგან გამომდინარე,
სადაც სიშორე არ აირეკლავს ჩემი ფიქრის ხმას,
რომელიც სინამდვილეში უფრო სუსტად ისმის,
როგორც ყველაფერი დარღვეული და არასაიმედო.
მე ავირჩიე ჩრდილიანი გზა  ზაფხულის ეჭვებისთვის
და ვხედავ ნახევრად დანგრეულ სახლებს,  
იმ დასასრულის ნიშანს, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.