• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ღარიბთა თვალები

×
ავტორის გვერდი შარლ ბოდლერი 05 სექტემბერი, 2019 3878
   ო! მაშ, გსურთ, იცოდეთ, რატომ მძულხართ დღეს. თქვენთვის უდავოდ მეტად რთული იქნება ამის გაგება, ვიდრე ჩემთვის - მისი ახსნა; რადგან, მწამს, რომ თქვენ წარმოადგენთ უმშვენიერეს ნიმუშს ქალური სიჩლუნგისა.
   ჩვენ ერთად გავატარეთ გრძელი დღე, რომელიც მოკლე მეჩვენა. პირობა დავდეთ, რომ სრულად გავუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს ყოველ ფიქრს, და რომ, ამიერიდან, ჩვენი წყვილი სული ერთი მთლიანი იქნებოდა; - ნატვრა, რომელშიც, სიმართლე ითქვას, არაფერია ორიგინალური, გარდა იმისა, რომ თუმცა ყოველმა კაცმა ის ინატრა, არცერთს ის არ განუხორციელებია.
   საღამოს, ოდნავ დაღლილმა, თქვენ ერთ ახალ კაფეში ისურვეთ ჩამოჯდომა, რომელიც კუთხედ ერგებოდა ერთ ახალ ბულვარს, ჯერაც რომ მოფენილა ნაგვით და უკვე რომ ამჟღავნებს, სიდიადით, თავის დაუმთავრებელ ბრწყინვალებებს. კაფე ციმციმებდა. თავად გაზი იწვოდა დასაწყისის მძლავრი მხურვალებით, და მთელი ძალით ჰფენდა ნათელს დამაბრმავებელი სითეთრის კედლებს, სარკეების თვალისმომჭრელ სივრცეს, ოქროსხმულ ბაგეტებსა და კიდულებს, ძაღლების სადავეებით ნათრევ ფუმფულალოყება ლაქიებს, მოცინარ ქალებს ხელზე მოსმული შევარდნებით, ხილით თავმორთულ ნიმფებსა და ქალღმერთებს, ცომეულსა და ნანადირევს, ჰებეებსა და განიმედებს, გაწვდილ ხელში მცირე წვნიანი ამფორა, ანდა ჭრელ-ჭრელი ყინულების ორფერი ობელისკები რომ უპყრიათ; მთელი ისტორია, მთელი მითოლოგია გაუმაძღრობის სამსახურშა ჩამდგარა.
   ჩვენს პირდაპირ, ქუჩაზე, ერთი ორმოციოდე წლის კაცი იდგა, დაღლილი სახით და ჭაღარაშერეული წვერით, ცალი ხელი პატარა ბიჭისთვის ჩაევლო, მეორე მკლავით კი პატარა არსება ეჭირა, მეტისმეტად სუსტი იმისთვის, რომ თავად ეარა. ის ძიძის როლს ასრულებდა და თავისი ბავშვები საღამოს ჰაერის ჩასაყლაპად გამოეყვანა. სამივე მათგანი კონკებში იყო. სამივე სახეზე საოცარი სიდინჯე აღბეჭდილიყო, და ექვსივე თვალი თანაბარი აღფრთოვანებით მიჯაჭვებოდა ახალ კაფეს, თუმცა ამ განცდას მჭვრეტელთა ასაკი სხვადასხვაგვარ ელფერს სძენდა.
   მამის თვალები გაიძახოდნენ: „რა ლამაზია! რა მშვენიერი! კაცი იფიქრებს, რომ ღარიბი სამყაროს მთელი განძი აქ მოეტანათ, ამ კედლების გასამაგრებლად.“ - ხოლო პატარა ბიჭუნას თვალები: „რა ლამაზია! რა მშვენიერი! მაგრამ ეს ერთია იმ სახლთაგან, სადაც მხოლოდ იმ ხალხს შეესვლება, ჩვენნაირები რომ არ არიან.“ - რაც ყველაზე პატარის თვალებს შეეხება, დამუნჯებულიყვნენ მეტისმეტი მღელვარებისგან, და მხოლოდ სულელურ და ღრმა განცვიფრებას გამოხატავდნენ.
   მომღერლები ამბობენ, რომ სიამე სულს აქველებს, ხოლო გულს არბილებს. იმ საღამოს, ჩემთან დაკავშირებით, სიმღერა მართალი გამოდგა. არა მხოლოდ სინაზე აღმიძრა ამ თვალთა ოჯახმა, სირცხვილსაც კი მგვრიდა ჩვენი ჭიქები და გრაფინები, ზომით ასე რომ აღემატებოდნენ ჩვენს წყურვილს. მე თქვენსკენ გამოვაშურე მზერა, ჩემო სიყვარულო, რათა თქვენსაში საკუთარი აზრი ამომეკითხა; ჩავიძირე თქვენს თვალებში, ასე ლამაზ, ასე უჩვეულოდ ტკბილ თვალებში, მათ სიმწვანეში, კაპრიზის ამ სავანეში, რომელიც მთავრითაა მართული, და ამ დროს თქვენ მითხარით: „რა აუტანელია ეს ხალხი, თავიანთი ჭიშკრებივით დაღებული თვალებით! რა იქნებოდა, გეთხოვათ კაფის მეპატრონისთვის, გაყაროს ისინი აქედან.“
   რაოდენ რთულია, ჩემო ანგელოზო, ორ ადამიანს ერთამენთის ესმოდეს, რაოდენ რთულია აზრის მეორისთვის გადაცემა, იმათ შორისაც კი, ვისაც ერთმანეთი უყვარს! 
 
 
 
თარგმნა სოფო ჭეიშვილმა
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული