• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

შავი პრინცი - არტისტი ხალხისთვის, ვისაც უგრძნია შიმშილი

×
ავტორის გვერდი დათო ჩიხლაძე 06 თებერვალი, 2019 8150
შავი პრინცი გარდაიცვალა. ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, აქტუალური მეინსტრიმ არტისტი საქართველოს უახლეს ისტორიაში.
 
საქართველოში შექმნილი ხელოვნების აბსოლუტური უმრავლესობა სრული ნაგავია. რუსულ-საბჭოთა ან დასავლური ნახევარფაბრიკატი, ზოგჯერ მგონია რომ ადამიანებს საკუთარი ემოციებიც კი არ გააჩნიათ და რადიოდან, გაზეთებიდან, ფილმებიდან გადმოიღეს, თუ როგორ უნდა იგრძნონ.
 
გოგი გვახარია ყვებოდა გადაცემაში - ცოტა ხნის წინ ვუყურე - როგორ აძლევდნენ საბჭოთა პერიოდში რეჟისორებს უფლებას, ენახათ დასავლეთში წარმოებული სამი ფილმი. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ უმეტესობა ფილმებისა რომლითაც ერი ამაყობს, კოპირებაა ფილმებისა, რომელიც ჩვენს სივრცეში ხალხს არასდროს უნახავს. საბჭოთა საქართველოს მედია და კულტურული ინდუსტრიის მიერ ინფორმირებულმა დისკურსმა დიდწილად განაპირობა უნიკალურად აბსურდული ისტერია, რომელსაც იმ მომენტიდანვე ატარებ, როგორც კი ქართულ სახელს დაგარქმევენ მშობლები. თუმცა, ამის გადმოცემა კულტურული მედიუმით თითქმის ვერავინ შეძლო გულწრფელად, იმის გარეშე, რომ თვითონ არ ქცეულიყო ტრაგიკომიკულ ნახევარფაბრიკატის ნახევარფაბრიკატად.
 
მოკლედ, ირაკლი ჩარკვიანის პრივილეგირებული გიტარიდან, marketer.ge-ს "ჰეშთეგ თაობა"-ში გამოჩენილ ყველა არტისტამდე, შექმნილი თითქმის ყველა კულტურული არტეფაქტის ფასი არის საერთო და არის - ნოლი.
 
მიზეზი ცოდნაა. ქართველმა არტისტებმა უბრალოდ ზედმეტად ბევრი იციან. ინფორმაციულმა ვაკუუმმა, რომელიც საბჭოთა წარსულიდან მოგვდევს შექმნა ინფორმაციული შიმშილი, რამაც განაპირობა ინფორმაციით აღფრთოვანება და შემდგომში გულუბრყვილო ნდობა კულტურის მიმართ. არადა, კულტურას არ სჭირდება ნდობა, არც აღმაფრენა, არც გაღმერთება, სავსებით პირიქით -  კულტურა სულდგმულობს სკეპტიციზმით, თვითირონიზაციით, უგულებელყოფით. 
 
ცოდნა დისკურსისგან არის განპირობებული და რაც უფრო ინფორმირებულია დისკურსი, მით უფრო ძლიერია გავლენა, რომელსაც მისგან წარმოებული ცოდნა მოახდენს ადამიანზე. კულტურა კომუნიკაციაში წარმოებული სოციალური რეაქციაა, რომელიც ხასიათდება რადიკალური სპონტანურობით. როგორც კი კულტურას აცლი ამ ორ ფაქტორს: რეაქციას და სპონტანურობას, იღებ უბრალოდ სამომხმარებლო პროდუქტს, რომელიც აკმაყოფილებს კონსუმერის მოთხოვნას დროზე, ისევე როგორც ფენოვანი ხაჭაპური აკმაყოფილებს მის მოთხოვნას შიმშილზე.
 
მარტივი ენით დღევანდელ მაგალითზე: ის, რომ ვიღაც სადღაც რელიზდება, კარგი ბიზნეს-ხოდია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არ აქვს არანაირი კულტურული ღირებულება (ყოველ შემთხვევაში, მე ჯერ ასეთი არ შემხვედრია ლოკალურ სცენაზე).
 
შავ პრინცში ზუსტად ეს ორი რამ იყო, რეაქცია და სპონტანურობა - კი ის ისევე იყო კომუნიკაციაში დასავლეთთან და იმაზე მეტად აკოპირებდა ამერიკულ ჰიპ-ჰოპს, ვიდრე ბევრი სხვა, მაგრამ კომუნიკაციას ემატებოდა რეაქცია და სპონტანურობა და ამით არტისტი ხდებოდა უნიკალური.
 
შავ პრინცს ერთი საინტერესო იარაღი ჰქონდა, რითაც იკვებებოდა მისი რეაქცია. ქუთაისში უბანში ჩამომდგარ ახალგაზრდა კაცებს ერთმანეთთან და მით უმეტეს უცხოსთან საუბრის განსაკუთრებული ტექნიკა აქვთ - ბლატავი. სიტყვას ასეთი ფორმით განგებ ვიყენებ "ბლატაობისგან" გასამიჯნად, რაც აბსოლუტურად სხვა რამეა. ბავშვობაში, როცა ზაფხულში ბებიასთან მგზავნიდნენ ქუთაისში ამ განსხვავებას განსაკუთრებით ვგრძნობდი. თბილისში ბლატაობა უფრო საკუთარი პრივილეგიის დემონსტრირების აქტი იყო, როცა ქუთაისში ბლატავი საკუთარი უპირატესობის დამამტკიცებელი ვერბალიზაციაა. თუ თბილისში გიწევდა ყოფილიყავი აგრესიული, ქუთაისში აუცილებელი იყო ყოფილიყავი ირონიული.
 
ბლატავი ძალიან საინტერესო მოვლენაა, ბავშვობიდან აღფრთოვანებაში მოვყავდი. ის, ვისაც ბლატავი კარგად შეეძლო, რიტმული, სხარტი საუბრის მანერით ხასიათდებოდა, მანამ სანამ მის ნათქვამ წინადადებას გაიაზრებდი, ის უკვე მეორის შუაში იყო და ასე, ვერასდროს ეწეოდი. ბლატავი სიტყვაში სპონტანური ენერგიის ჩადების ტექნიკა იყო, დაახლოებით ისე, როგორც შავი პრინცის ადრეულ სიმღერაში „ძველი რეპი“ (https://youtu.be/R9P8xLREFAc). შავი პრინცის შემოქმედება ბლატავის სუბლიმაციაა, არტისტი იღებს ენერგიას რომელიც სოციალურ ყოველდღიურობაში დაფუძნებულია და ქუჩის ყველა კუთხიდან იგრძნობა და გარდაქმნის მას კულტურად, რომელიც არის ამ საზოგადოებაზე და რომელიც არის ამ საზოგადოებისთვის.
 
ბლატავი სოციალური კულტურაა, კომუნიკაციის ტექნიკა რომელიც უნიკალურმა ურბანულმა გარემომ წარმოქმნა და რომელიც ძალიან კარგად გამოსდიოდა შავ პრინცს. ზუსტად ეს იყო მისი იარაღი, შავმა პრინცმა მოისმინა უცხო, მაგრამ მასზე რეაქცია რაღაც ძალიან ლოკალურით და უნიკალური მოახდინა. ბლატავი როგორც ყველა დაუფასებელი და დაუწერელი სახალხო კულტურული მედიუმი იყო და არის უკიდურესად გულწრფელი და როგორც კი ბლატავი აღმოჩნდა სცენაზე, თავისი უკიდეურესი გულწრფელობა უკვე განცხადებულ კულტურას გადასცა. შავი პრინცი იყო უნიკალური არტისტი იმის გამო, რომ მან იცოდა ცოტა უცხოს და ბევრი საკუთარის შესახებ და ამ სინთეზმა შექმნა იშვიათი, აქტუალური ხელოვნება 90-იანების საქართველოში. შავი პრინცი იყო ერთადერთი ნამდვილი მეინსტრიმ არტისტი ხალხისთვის, ვისაც ერთხელ მაინც უგრძნია შიმშილი.
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული