• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მილტონი (ორი ფრაგმენტი)

×
milton
ავტორის გვერდი უილიამ ბლეიკი 05 თებერვალი, 2019 2571

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

[ორი ფრაგმენტი პოემიდან]

 
 
*
მყოფობის შვიდი ანგელოზი დასტიროდა მილტონის აჩრდილს!
 
ვით ოდეს კაცი სიზმრობს, მან არ უწყის რომ მის სხეულს სძინავს,
თორემ გაიღვიძებდა; ამრიგადვე, თითქოს, შედიოდა ის თავის აჩრდილში: მაგრამ
მასთან ერთად, შედიოდნენ მყოფობის შვიდი ანგელოზის
სულებიც; ისინი აძლევდნენ მას უძრავ შეგრძნებებს მისივე მძინარე სხეულის;
რომელიც წამოდგა, ახლა, და მათთან ერთად მიაბიჯებდა ედემში, ვით მერვე
ხატება ღვთიური თუმც დაბნელებული; და თუმც მავალი როგორც მავანი დადის
სიზმარში; და შვიდნი ნუგეშს სცემდნენ და მხარს უმაგრებდნენ.
როგორც ვით პოლიპოს, სიღრმის ქვეშ რომ იზრდება და იფოთლება!
მათ იხილეს მისი აჩრდილი ზრდადი სიკვდილის
სარეცელქვეშ: რამეთუ ოდეს შეაბიჯა თავის აჩრდილში: თავად:
მისი ჭეშმარიტი და უკვდავი მე: იყო მსგავსება, მათ თვალში
ვინც უკვდავებაში სუფევს, ოქროს სავარძელზე მძინარის
მსგავსი; და მათ, უკვდავებაში, გამოსცეს თავიანთი ემანაციები
ტკბილი მშვენების ქალების მსგავსად, გარს შემოეკვრნენ, რათა დაეცვათ და ეკვებათ
მისი ბაგენი ედემის საკვებით მის ცივ და მკრთალ მოსვენებაში!
მაგრამ თავად საკუთარ თავს ხედავდა პირქუშ ღამეში დაკარგულ მსხემად.
 
მისი აჩრდილი სპექტრებს შორის სვლას განაგრძობდა; სატანას
ეძახდა, მაგრამ ელვისებრ მსწრაფლ ჩაუქროლა მათ, შეშფოთებულმა
ჯოჯოხეთის ლანდებმა იხილეს ის ქაოსში მავალი კომეტის მსგავს
სინათლის კვლად: ასე ვიდოდა მილტონი შიგნით დაცული.
 
ეს არის უსასრულობის ბუნება: რომ ყოველივეს საკუთარი
მორევი აქვს; და ოდეს უსასრულობაში მოგზაური
ამ მორევს გაივლის, ის ამჩნევს, მის ზურსუკან, მორევი იხევს,
გორდება და სფეროდ ჩაეხვევა თავისავე თავს; როგორც მზე:
ან როგორც მთვარე, ან ვით ვარსკვლავურ დიდების კოსმოსი,
სანამ ის განაგრძობს თავის ზღაპრულ მგზავრობას დედამიწაზე
ან ადამიანური სახის მსგავსებად, მეგობრის, რომელთან ერთადაც კეთილგანწყობით იცხოვრა.
ოდეს კაცის თვალი ევლება აღმოსავლეთსაც და დასავლეთსაც როგორ მოუცავთ
მისი მორევი; და ჩრდილოეთს და სამხრეთს, მთელი მათი ციური სიმრავლით;
აგრეთვე თვალს ავლებს ამომავალ მზეს და ჩამავალ მთვარეს, მის სიმინდის ყანებს
და მის ხუთას კვადრატულ აკრზე გადაჭიმულ მდელოებს გარშემორტყმულებს.
ამრიგად დედამიწა ერთი უსასრულო სიბრტყეა, და არა როგორც ის ეჩვენება
მთვარიან ლანდქვეშ გამომწყდეულ სუსტ მოგზაურს.
ამრიგად სამოთხე უკვე განვლილი მორევია, და დედამიწა
არის მორევი უსასრულობაში მგზავრის მიერ ჯერ განუვლელი.
 
პირველად მილტონმა ხანათა კლდის თავზე იხილა ალბიონი,
მომაკვდავმკრთალად გაწვდენილი და ბარდნებრ ცივი, ქარიშხლით მოსილი;
სრულქმნილი მშვენების გიგანტი ფორმა პირქუშ სიკვდილად
კლდეზე გადაჭიმული: დრო-სივრცის ზღვა სჭექდა ხმაურით
კლდეზე, რომელიც სიკვდილის სარეველებში გახვეულიყო,
ცივ წიაღზე გამოკიდული, მის მორევში ჩაიხარა მილტონი
სიკვდილის წიაღში, რაც ქვე ეგო უეცრად ზემოდან მოსჩანდა თითქოს.
ღრუბლიანი სამოთხე ერეოდა ქარიშხლიან ზღვებს მჭექარე ნგრევებად;
მაგრამ ოდეს ზამთრიანი სფერო მსწრაფლ ეშვება ბეულადან, ფეთქებადი,
ჭექს, მქუხარე, და შემზარავი: ასევე მილტონის ჩრდილი დაეცა,
მსრაფლ მჭექაქუხარე დრო-სივრცის ზღვაში.
 
მაშინ პირველად ვიხილე იგი ზენიტში, ვით წყვეტილი ვარსკვლავი,
მართობ დაშვებული, მკვირცხლი, ვითარცა მერცხალი ანდა ნამგალა;
და ჩემს მარცხენა ფეხზე დაეცა ტარსუსს, მასში შევიდა;
მაგრამ ჩემი მარცხენა ფეხიდან შავი ღრუბელი ამოიზარდა, მთელ ევროპაზე გადაიჭიმა.
 
 
*
არსებობს ადგილი სადაც ურთიერთწინააღმდეგობები თანაბრად მართალია
ამ ადგილს ჰქვია ბეულა. მეტად საამური, ძვირფასი ჩრდილნარია
სადაც ვერავითარი დავა ვერ მოვა. იმათ გამო, ვისაც სძინავს.
ამ ადგილით ვაჟნი და ასულნი ოლოლონისა დაეშვნენ
მწუხარე გლოვით ბეულას მთვარიან ჩრდილებში და მთებში
და სტიროდნენ მილტონს: მუნჯ განცვიფრებას შეეპყრო ბეულას ასულნი
აღტაცებულნი სინაზით ტკბილი და სათუთი კეთილგანწყობით
 
ბეულა აწდამარადის განაგრძობს ქმნას მარადისობის გარშემო; ეცხადება
ედემის მცხოვრებთ, გარს ერტყმის მათ ყოველი მხრიდან.
მაგრამ ბეულა თავის მცხოვრებთ ეცხადება ყოველ უბანში
ვითარცა ძვირფასი ბავშვი დედის სავსე ძუძუს ჩაკრული
მკლავებით სიყვარულის და სიბრალულის და ნაზი თანალმობის. მაგრამ
ედემის ვაჟთათვის ბეულას მთვარიანი საცხოვრისები
რბილი და საამო სავანეა დიადი მარადისობიდან.
 
და ამრიგადაა ქმნილი. აი, მარადიული დიადი კაცობრიობა
რომელსაც აწ და მარადის დიდება და მეუფება ამინ
ვიდოდეს თავის საზარელ ოჯახს შორის ყოველ სახეში
უფლის სუნთქვად ხილულში. ამგვარია კაცის კაცისადმი სიტყვები
მარადისობის დიად ომებში, პოეტური შთაგონების რისხვაში,
რათა აიგოს სამყარო საკვირველი: მენტალურ ფორმათა მქმნელი
 
მაგრამ ზღვარდაუდებლად თრთოდნენ ემანაციები, და ვერც
ცხოვრობდნენ, რამეთუ კაცის ცხოვრება მეტისმეტად მოზღვავებულად მოუსაზღვრავი იყო
მისი სიამე საშინელი შეიქნა მათთვის ისინი თრთოდნენ და ცრემლს ღვრიდნენ
ერთხმად ტიროდნენ. მოგვეცი საცხოვრისი და ადგილი
რომელშიც შევძლებთ დავიმალოთ, შევეფაროთ ფრთათა ჩრდილობს
რამეთუ თუკი ჩვენ რომელნიც მხოლოდ მცირე დროით ვართ, და რომელნიც სულს ვლევთ ზამთარში
ვიხილავთ მარადისობის ამ საოცრებებს ჩვენ მოვისპობით
ხოლო თქვენ ო მამებო ჩვენნო და ძმანო, დარჩით მარადისობაში
მაგრამ გვიბოძეთ ჩვენ დროებითი საცხოვრისი. მოგვმართეთ
ჩვენ და დაგემორჩილებით ვით თქვენ ემორჩილებით იესოს
მარადიულს რომელიც კურთხეულია მარად და მარად. ამინ
 
ასე იტყოდნენ ლამაზი ემანაციები; და საამური ნატიფი ჩრდილი
ჩნდებოდა მათ თავზე: ქვე: და ყოველმხრივ გარს ერტყმოდა
ამ საამურ ჩრდილში ყველა სუსტი და დაქანცული
ვითარცა ქალები და ბავშვები მიჰყავდათ ისე თითქოს მტრედების სადარი
სინატიფის ფრთებზე, და ჩრდილმოსილი საცხოვრისები მზადდებოდა მათთვის
თუმც ყველა კაცი ბრუნდებოდა და მიდიოდა ჯერაც მიიწევდა
მამის წიაღის გავლით მარადისობაში მარადისობაზე
არც რომელიმე რამეს იკლებდა ან ცდუნებაში ვარდებოდა
უჩრდილოდ რათა განესვენათ ბედნიერი მარადისობის ყოველ დღეთა მანძილზე
 
ამ საამურ ჩრდილ ბეულაში დაეშვა მთელი ოლოლონი
და როდესაც ბეულას ასულებმა ისმინეს გოდება
მთელმა ბეულამ იტირა, რამეთუ იხილეს ღრუბლებში მომავალი უფალი
და ბეულას ჩრდილთა აღსასრული კლდიან ალბიონში.
 
და ყოველი ერი ატირდა გასაჭირში ოჯახ-ოჯახ
გერმანია ატირდა საფრანგეთისა და იტალიისკენ: ინგლისი ატირდა და ათრთოლდა
ამერიკის მიმართულებით: ინდოეთი წამოიმართა თავის ოქროს სარეცლიდან:
როგორც ვინმე ღამით გამოღვიძებული: მათ იხილეს უფლის ოლოლონის ღრუბლებით
ძალაუფლებითა და დიდებულებით მოსილი მოსვლა!
 
და ყოველი ცოცხალი არსება ოთხი ელემენტისა, ატირდა
სიმწრით სავსე გოდებით: ერთიანად მათ სატანა და რააბი
ჰქვიათ: მათთვის უცხოა რეგენერაცია, გენერაცია იციან მხოლოდ
ფერიები, ნიმფები, გნომები და გენიები ოთხი ელემენტისა
უმოწყალონი და უცვლადნი: ისინი ვერ განახლდებიან
მათი მხოლოდ შექმნაა შესაძლო, რამეთუ მხოლოდ გენერაცია იციან
ესენი არიან მიწის საუფლოთა ღმერთები: კერპ
და სასტიკ წინააღმდეგობაში: ელემენტი ელემენტის წინაღმდეგ, პაექარნი
არა მენტალურ ომში, როგორც მარადისობის ომებია, არამედ სხეულებრივ უთანხმოებაში
ლოსის დარბაზებში მარადი შრომა ჩქეფს გოლგონუზას საცეცხლეებში
ორკი დაჰღმუის ატლანტის ოკეანეს: ენითარმონი ცახცახებს: სრულიად ბეულა ტირის
 
მოგესმის ბულბული როგორ იწყებს გაზაფხულის სიმღერას;
ტოროლა ზის თავის მიწიერ საწოლზე: სისხამ დილით
რომ ირიჟრაჟებს; უსმენს მდუმარედ; მერე იჭრება მოქანავე ყანიდან! ხმამაღლა
მიუძღვის დღის საგალობელს! ტიავ-ტიავ-რაკ-რაკ-რაკ
აღიმართება სინათლის ფრთებზე და ვრცლად გადაიშლება;
ექო-ექოდ ეფინება და ედება მშვენიერ ლაჟვარდს და მანათობელ ზეციურ ნიჟარას:
შთაგონებით შრომობს მისი ციცქნა ყელი; ყოველი ბუმბული
ყელსა და მკერდსა და ფრთებზე თრთის ღვთიური გამოსხივებით
მთელი ბუნება ყურს უგდებს მდუმარედ და საზარელი მზე
შეშდება მთის წვერზე ამ პატარა ჩიტის შემყურე
ნატიფი კრძალვით თვალებაღვსილი, და განცვიფრებით, ტრფობით და რიდით.
მერე ხმამაღლა თავიანთ მწვანე თავშესაფრებიდან ჩიტები იწყებენ თავიანთ სიმღერას
შაშვი, ჭვინტა და ჩიტბატონა, გულწითელა და ჭინჭრაქა
მზეს აღვიძებენი მისი ტკბილი ზმანებისგან მთის თავზე:
ბულბული კვლავ მოსინჯავს თავის სიმღერას, და მთელი დღე,
და მთელი ღამე გალობს სიუხვით; ყოველი სიმღერის ჩიტი
ესწრება მის ხმამაღალ ჰარმონიას აღფრთოვანებითა და სიყვარულით.
ესაა ოლოლონის გამო ბეულას გოდების ხილვა!
 
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული