• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

როგორ მშურს

×
ავტორის გვერდი ანდრო დადიანი 29 იანვარი, 2019 3757
* * *
როგორ მშურს
ო, როგორ მშურს მათი, 
ვინც საკუთარი სიმართლის თქმამდე არ იოფლება და 
ჭინთვებს არ იწყებს.
როგორ მშურს მათი, ვისაც არაფერი სათქმელი არ აქვს, 
ვისაც შეუძლია ყოფნის გამაბრუებელი სიმშვიდით დაითბუნოს მთელი სხეული 
და უყუროს ტელებრიფინგებს გულგრილად და გულდამშვიდებით.
პოლიტიკოსების ბრიფინგებს,
მათ, ვისი ყოფაც ჩანაფიქრის ფორმისაა, 
მათ, ვინც კვანძს არასოდეს შეკრავენ სამყაროში პირველობისთვის.
ყველაზე დიდი, რაც შეუკრავთ ცხოვრებაში ჰალსტუხის ნასკვია 
და უსათუოდ უნდა ითქვას, რომ უნაკლოები არიან ამ საქმეში.
მათი პერანგები ცნობილია სიქათქათით და წვრილი ღილებით,
მათი ენა გულწრფელობით გამოირჩევა,
ამ ენის ჩუქურთმა გადაფარავს ტყუილს და მართალს თუ საჭიროა
და ამიტომაც შემშურდება ყოველთვის მათი, 
რადგან ისინი ჩემზე დიდი ოსტატები არიან ენის. 
როგორ გინდა, აბა როგორ გინდა არ დაიჯერო ცრემლიანი ამერიკის პრეზიდენტის, 
როცა მტირალ სირიელ ბავშვს ხელში იყვანს და გულში იხუტებს?!
როცა თავის მხრივ ბავშვიც გულზე ეკვრის ამ კაცს, 
როგორც მამაღმერთს?!
როგორ გინდა არ დაიჯერო ამ კაცის 
რომელმაც ბიჭს ქვეყანა გადაურჩინა მოსალოდნელი დიქტატურისგან?!
მოუკლა მამა, აუფეთქა სახლი და კიდურები წაართვა მისი ხუთი წლის ძმას. 
როგორ გინდა არ გჯეროდეს ამ კაცის, 
ქათქათა პერანგით და საუცხოო ნასკვით ჰალსტუხზე? 
როგორ გინდა ან რატომ გინდა ამოძვრე 
მისი ენის ჭაობიანი საფლობებიდან?!
როგორ მინდა, 
ოო, როგორ მინდა 
დივანზე წამოწოლილი და 
ნახევრად მძინარე ვუყურებდე
''The voice''-ს ან ''ნიჭიერს''.
სახლში მოსიყვარულე ცოლი დაფუსფუსებდეს, 
რომელიც ბევრს არ ილაყბებს, 
შვილებს გამიჩენს ოთხს
ან სამს მაინც 
(და სამივეს გოგოს)
ო, როგორ მინდა. 
ო, როგორ მშურს, 
საუცხოოდ მშურს კმაყოფილი ადამიანის, 
ვინც საკვირაო წირვებს ოჯახით ესწრება და
ვინც არასოდეს გადის აქციაზე პოლიტიკის წინააღმდეგ.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული