• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

სიბნელის ტოპოგრაფია

×
ავტორის გვერდი დათო კოროშინაძე 14 ივნისი, 2018 3763
ნაწყვეტი კვლევიდან „ეროვნული ჰეტეროლოგია“, 2018 წელი, თბილისი
 
„ადამიანში უკვდავი ცნობიერება რომ არ არსებობდეს, ყველაფრის ძირში მხოლოდ ველური ფერმენტები რომ იყვნენ - ძალა, რომელიც ბნელ ლტოლვებში დაძრწის ყველაფერ დიადს და უმნიშვნელოს რომ ქმნიდეს; ყველაფრის უკან უფსკერო და გაუმაძღარი სიცარიელე რომ იწვეს, რა იქნებოდა სიცოცხლე თუ არა სასოწარკვეთა?“
 
„...რატომ შევიწუხოთ თავი წარსულის დამახსოვრებით, თუ ის ამწყოში ვეღარ განხორციელდება?“
 
Soren Kierkegaard, “Fear and Trembling”
 
ყველაზე ნამდვილი გამონათქვამები, ალბათ ხალხური გამონათქვამები და ანდაზებია, რადგან მათი წარმომავლობა დაუდგენელია ხოლმე, შესაბამისად არავის შეუძლია მათი ფსკერის მოსინჯვა. ასეთ რეჟიმში იქმნება უახლესი ქართული ისტორიის სახე-ხატებიც. „ერი რომ ბნელია“ ამაში ალბათ ახალი არაფერია, მაგრამ საკმარისია ეს ფრაზა წარმოვთქვათ, რომ მისი წარმოთქმა უეცარი სიცარიელის და უძლურების წინაშე გვაყენებს. ამ გარემოებას ყველა თავისებურად ხსნის, ზოგი გაუნათლებლობით, ზოგი ისტორიული კრახით, ზოგი ეკონომიკური შეცდომებით, ზოგიც ჩაგვრაზე აგებული ეკონომიკით და რესურსების არათანაბარი განაწილებით, მაგრამ ის, რაც რეალობაა, ან ის რაც სინამდვილეა, ყველა ამ სინამდვილის საეჭვო არსებობას ცხადყოფს. თითქოს, რაც უფრო გვესმის ეს ფრაზა, რაც უფრო ხშირად იმეორებს მას ხალხი ექოსავით, მით უფრო უძლური ვხდებით მის წინაშე. მისი ზედაპირი სველ ხავსს ემსგავსება, რომელსაც შეუძლებელია ჩაეჭიდო. 
 
ის, რაც საკუთარ მნიშვნელობას წყდება და ხალხში უსასრულოდ მეორდება, საკუთარ ადრესატსაც კარგავს და მნიშვნელობასაც. ეს ფრაზაც, რომელიც, მართლაც ჩვენი რეალობის ყველაზე მტკივნეული შეჯამებაა უფსკერო ჭას ემსგავსება. თანამედროვე მედია ამ უცნაური გარემოების საიდუმლო აგენტია. მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ილუზიების კრიტიკას და რეალობის გამოაშკარავებას, მედია უსასრულოდ გზავნის კოსმოსში ჩვენს მესიჯებს, საიდანაც ისინი ცარიელი სახით გვიბრუნდებიან. ეს იგივეა, გაგზავნოთ მნიშვნელოვანი წერილი და პასუხად ცარიელი ფანჯარა მიიღოთ. არავის შეუძლია გამორიცხოს, რომ არსებობს პასუხის ასეთი ფორმაც, ცარიელი წერილი, მაშინაც კი, თუ ადრესატს უამრავი კითხვა უნდა გასჩენოდა. სიჩუმე, დუმილი, უმოძრაობა, უმნიშვნელობა ყველაფერი ეს ისევეა საზოგადოების ნაწილი, როგორც - კომუნიკაცია, მოქმედება, ან საზრისები. ხშირად ისინი, საკუთარი ენიგმურობით, უფრო მეტადაც კი გვატერორებენ. მაგალითად, თუკი თქვენ ადამიანთან რაღაც ტიპის პრობლემა გაქვთ და დიდი ხნის განმავლობაში ცდილობთ აირიდოთ მასთან საუბარი, ხოლო ზუსტად მაშინ, როდესაც მას ხვდებით, ის გესალმებათ და მშვიდად გიყურებთ, თქვენ შიგნით გაუგებრობა და ტერორი ისადგურებს. პასიურობა, ნეიტრალიტეტი, იგნორი - ეს ყველაფერი უდიდეს ძალას იძენს, როდესაც საქმე ძალაუფლებას ეხება. წარმოიდგენეთ, რამხელა ძალას ფლობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ცხარე კამათშიც კი აუღელვებელი დარჩეს, ან თქვენს ნებისმიერ საყვედურს დუმილი შეაგებოს, ან მაშინ, როდესაც ყველაფერი თავდაყირა დგება სრულიად მშვიდად მოთავსდეს სავარძელში და ყავის სმა განაგრძოს.
 
ასეა თუ ისე, ვერავინ უარყოფს იმას, რომ სოციალური ცხოვრების მიღმა, სიჩუმის, პასიურობის და იგნორის სახით დიდი შავი ლაქა იმალება. მიუხედავად ყველაფრისა, ისევე, როგორც ყველა ფოკუსს და ხრიკს, მასობრივ სტრატეგიებსაც აქვთ თავისი ახსნა. ხალხის სიბნელე ასეთი აქტუალური ვერ გახდებოდა, ის რომ ხალხში არ არსებობდეს, მართლაც ყოვლისმომცველი და ტოტალური, ან სულაც ტოტალიტარული რომ არ იყოს. რა არის სიბნელე და საიდან მოდის ის? ალბათ ყველას გვახსოვს ის აქსიომა, რომელიც ზღაპრებიდან სიბნელის და სინათლის შეპირისპირებაზე გველაპარაკება, რომელშიც ნათელი ყოველთვის გაფანტავს ბნელს და ცაზე ღრუბლების ნაცვლად მზე გამოჩნდება. კირკეგორის განმარტებით იმედი ნიშნავს გსურდეს ის, რაც შესაძლებელია და მართლაც, სანამ სინათლე შესაძლებელია, შესაძლებელია იმედიც. თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც სინათლე გვტოვებს? რა ხდება მაშინ, როდესაც სახლში შუქი გვაქვს, მაგრამ ინფორმაციას მხოლოდ სიბნელე მოაქვს? რა ხდება მაშინ, როდესაც სიბნელე ყველა სოციალურ უჯრედსა და მიკროორგანიზმში აღწევს?
 
ასეთ დროს უნდა ვისაუბროთ სიბნელეზე, როგორც ყოვლისმომცველ ფენომენზე, რაც მთელი რიგი წინააღმდეგობების და პარადოქსების აბდა-უბდაში გვხვევს. თუნდაც იმის გამო, რომ იმ ფენემონებზე საუბარი, რომლის ნაწილებიც ვართ, ურთულესია. ზოგადად, სოციალურ საკითხებზე საუბრისას, ჩვენ მიჩვეულები ვართ სოციალურ ფენომენებზე, როგორც ჩვენს ნაწილებზე საუბარს, ბევრისთვის ალბათ წარმოუდგენელია, რომ შეიძლება არსებობდეს ტოტალობა, რომლის მართული ნაწილები ჩვენ თავად ვართ. ასე ტოტალიტარიზმიც, ხშირად არასწორადაა გაიგივებული ცალკეული ჯგუფის დესპოტურ მმართველობასთან. ტოტალიტარიზმი ეს საერთო მითია, რომელშიც ყველანი ჩვენი ნების გარეშე ვიხარშებით, რომელშიც ყველანი ნებით, თუ უნებლიედ ამ მითის ნაწილები ვართ. ეს არის ძალაუფლების მითოლოგიური დინება, რომელიც შეუქცევადად ყველას სიკვდილისკენ მიგვაქანებს. ტოტალიტარიზმის პოლიტიკური განსაზღვრებები მხოლოდ მისი ფიზიკური კოორდინატების მოძიებას, ან მათ თეორეტიზაციას გულისხმობენ. ის, რაც ამის გარეთაა ადიდებულ მდინარეს გავს, რომელიც ყველაფერს კატასტროფისკენ მიაქანებს. 
 
ჩვენი სიბნელეც ამ ტოტალიტარული წარღვნის ნაწილია, რომელმაც უახლესი ისტორია ხელიდან წაგვაცალა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ამით საკუთარი თავის კარგვა მხოლოდ იწყება. ყველაფერი მაშინ რთულდება, როდესაც ისიც გვერთმევა რაც აღარ გვაქვს. ალბათ რთულია ისეთი ერის პოვნა, რომელიც შიშსა და ძრწოლაში პოულობს არსებობის კომფორტს. კირკეგორისთვისაც რთული იქნებოდა ისეთი საზოგადოების წარმოდგენა, რომელიც ექსტაზს და შვებას ისტორიიდან საკუთარი არსებობის საკუთარივე ხელით ამოშლაში პოულობს. დღეს აღარაფერია, რაც ხელს გვიშლის იმაში, რომ გადავარჩინოთ ჯერ კიდევ შემორჩენილი ისტორიული ნაწილები, აღვიდგინოთ დაკარგული ღირსება და საკუთარი კულტურული მონაპოვარი მაინც გავიაზროთ. მაგრამ რატომ ვიზრუნოთ წარსულის გადარჩენაზე თუ მას აწმყოსთან საერთო არაფერი აქვს? გზა სინათლისკენ (ენერგიისკენ და ვიტალობისკენ) ყოველთვის წამყვანი იყო ქართულ კულტურაში. იქ, სადაც სიბნელე ისადგურებს სინათლის ხელოვნება გამოუსადეგარი ხდება. იმედი, შემოქმედება, ნება, შესაძლებლობები ეს ყველაფერი წარსულია, რადგან მათი არსებობისთვის სრულიად სხვა ტიპის მენტალობაა საჭირო, რომელიც დღეს ქართველებს აღარ გაგვაჩნია.
 
ამის ნაცვლად, საკუთარ ხმაში ჩაბრუნებულები, საკუთარი თავის ექოებივით ვიმეორებთ, რომ ბნელა. სამუელ ბეკეტის ერთი გმირის მონოლოგის არ იყოს „ვერაფერს ვხედავ, რადგან იქ არაფერია“ და ეს ასეც არის, რადგან არაფერია თავისთავადი სამყაროში გარდა იმ ენერგიის, რომელსაც შეუძლია კატასტროფა დაგვატეხოს თავს. ჩვენი მდგომარეობას ზედმიწევნით ასახავს კომუნიკაციის და დუმილის, მნიშვნელობის და სიცარიელის, მოძრაობის და უმოძრაობის ურთიერთგათიშულობა. ჩვენ წარმოვიდგენთ სიბნელეს მტრად და მისი სინათლით დათრგუნვას ვცდილობთ. ასეთი პოლიტიკა ყოველთვის ძალადობრივია. ძალადობრივია ჩვენი სარწმუნოებაც, რომელსაც არ შეუძლია სიბნელის აღმოფხვრა და ამიტომ უკიდურესად დამახინჯებულ და დოგმატურ პატერნალურ დამსჯელობას მიმართავს. ძალადობრივია ქართული ოჯახიც, რომელიც მხოლოდ აკრძალვების ბეწვზე კიდია. ძალადობრივია ქართული საგანმანათლებლო სისტემა, რომელსაც გა-ნათლების მინიმალური უნარიც აღარ შესწევს. მაგრამ როგორც უკვე ითქვა, მნიშვნელობა არ აქვს სოციუმის შემადგენელი ნაწილების გასინჯვას, როდესაც სიბნელე ტოტალურობაშია, როდესაც ყველა სოციალური ასპექტი მისგან გამომდინარეობს და არა პირიქით. ამ გარემოების მშვენიერი ილუსტრაციაა ფიროსმანის ნახატები, რომლებშიც გარემო არა მასში მონაწილე პერსონაჟებით, არამედ სიბნელით იქმნება, ეს სიბნელე თავად არის პერსონაჟების ავტორი, ისინი, თითქოს მისი განუყოფელი ნაწილები არიან.
 
რამდენად არის ამ სიბნელეში გადარჩენის შანსი? ამის გაცნობიერების ერთადერთი საშუალება იმის ამოხსნაა, თუ როგორ და რანაირად ვართ მისი ნაწილები. კერძოდ, საჭიროა ამ ამბების ფსეკარამდე ჩასვლა. საკუთარ თავში ყველა იმ ნაგვის და ფარული ლტოლვის მოძიება, რომელიც საერთო უმეცრებასთან გვაკავშირებს, რამდენადაც ასე თუ ისე, სიბნელეც და სინათლეც კოლექტიური ილუზიების ნაწილები არიან, ისინი ჩვენივე ილუზიებით საზრდოობენ. რაც უფრო კარგად ვიცნობთ ჩვენს ილუზიებს, მით უფრო მეტია მათში შემოქმედებითი ნების გაჩენის შანსი. ამის საწინააღმდეგოდ რეალობის აღმოჩენის მცდელობა, ცალსახად მისი კარგვით დასრულდება, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ყველაზე რეალურიც თავად სიბნელეა, რამდენადაც ის ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს. ეს იგივეა დავსვათ კითხვა ასრსებობს თუ არა ღმერთი, მაშინ, როდესაც უმარტივესია იმის გამოცნობა, რომ ის უფრო და უფრო იარსებებს, რაც უფრო დამოუკიდებელს გავხდით ჩვენგან და შესაბამისად მით უფრო ძალადობრივ, ტერორისტულ, პატერნალურ და დამსჯელობით სახეს მიიღებს. რაც უფრო მეტად გავდევნით მას ჩვენი აზროვნებიდან, მით უფრო მეტ პრივილეგიას და ძალაუფლებას მივანიჭებთ, მით უფრო ტოტალიტარული გახდება მისი ხატი, რადგან ის, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს უკონტროლო, გამანადგურებელი და დამღუპველია. ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვს სახელმწიფოსთან, ეკლესიასთან, ინსტიტუტებთან, ურთიერთობებთან ყველაზე  მიკრო-სოციალურ ასპექტებშიც კი. ყველაფერი, თითქოს, თავისით, თავისთავად უნდა არსებობდეს. ასეა სიბნელეც, სანამ ის არსაიდან მოდის და არსაით მიგვერეკება ტოტალურია მისი ძალაუფლება, სანამ ის დამოუკიდებლად არსებობს, მისი მიმართულება მხოლოდ კატასტროფას აირეკლავს, ჩვენც ამ კატასტროფის მონუსხული მაყურებლები ვხდებით. სპექტაკლის საზოგადოებაც ხომ ეს არის? სანახაობის ყურება, მასში თანამონაწილეობის ნების და სურვილის გარეშე.
 
საჭიროა გვესმოდეს, რომ სიბნელე ისეთივე სიამოვნების წყაროა, როგორც სინათლე. პორნოგრაფია [რეალობის სრული გამონათება] ისევე აღძრავს სურვილებს, როგორც სიბნელეში სხვა ადამიანის სხეულის განცდა, როგორც უცხო, მიმზიდველი ობიექტი, რომელიც თავდავიწყების ღამეს გვთავაზობს. ტოტალურ სიბნელეში ყოფნა, შიში და ძრწოლა ძალაუფლების წინაშე ისეთივე უცნაურ ლტოლვებს გვიჩენენ, როგორც შიშველი სხეულის ყურება დაუფლებამდე, ჭამა შიმშილის დროს, ან საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა. შიში, ძრწოლა, პანიკა, ისტერიკა, ძალადობა ეს ყველაფერი ლტოლვის პაროდიებია, მისი სასაცილო სინონიმები. საკმარისია ამ გარემოებას ჩავუღრმავდეთ, რომ პოლიტიკურ ჯალათებსა და ჩვენს შორის სხვაობა გაქრება. ისინი არსებობენ მანამ, სანამ ჩვენ ჩვენი არარსებობით ვტკბებით. ისინი მით უფრო შეურაცხადები, ბნელები და გაუგებრები არიან, რაც უფრო მეტად ვიძირებით უმეცრების კომფორტსა და ექსტაზში. ეს გავს სტოქჰოლმის სინდრომს, როდესაც არსებითი საზღვრები მოძალადესა და მსხვერპლს შორის იშლება. რაც უფრო ბნელი და ძალადობრივია ჩვენი პოლიტიკა, მით უფრო მეტია ეგზალტაცია და პანიკა, მით უფრო მეტია აღგზნება, ლტოლვა და ექსტაზიც. სიყვარული, სექსი, ლტოლვა, ძალაუფლება ეს ყველაფერი პოლიტიკის და ეკონომიკის ჯუღრმულებიდან მოდის. სასიყვარულო აქტი ისევე გვაბრმავებს, როგორც პოლიტიკური ასპარეზი. შიმშილი, სიღარიბე, ავადმყოფობა, უუნარობა ეს დაუკმაყოფილებელი ლტოლვის სინონიმებია. დაკმაყოფილება პოლიტ. ეკონომიკური პაროდია, რომელსაც სასჯელი უნდა მოყვეს. ღმერთი ჯალათია, რომელიც ხატის წინ მლოცველი მორწმუნის უკან დგას, მაგრამ ის არასოდეს აღასრულებს საკუთარ ნებას. მხოლოდ ღმერთებს ძალუძთ უარი თქვან ბედისწერაზე, რადგან ისინი არ იხდიან ვალს ჩვენს წინაშე ჩადენილი ქმედებისთვის. ამის გამო, დამსჯელობა ღმერთის ცუდი პაროდიაა. თუმცა პაროდია, ისევე, როგორც სიბნელე სიამოვნების და ექსტაზის წყაროდ იქცევა. დეგრადაცია, დაცემა, დაკნინება, ხრწნა, ეს ყველაფერი ისეთივე სიამოვნების წყაროებია, როგორც იდეალები, ან სილამაზე. 
 
რატომ უნდა დავფაროთ ის, რაც ჩვენგან მომდინარეობს? სიბნელეზე კონტროლის კარგვა, პარადოქსულად, სიბნელზე არსებული პატერნალური კანონების შედეგია. სიყვარული, სექსი, განათლება ტაბუირებული აქტებია, რადმენადაც ისინი საშიშ კარნავალს გვთავაზობენ, რომელშიც ერთმანეთში ვირევით და ვიკარგებით. აქედან მოდის ტოტალური უმეცრებაც და საკუთარი სიბნელის გამხელის შიშიც, რაც სიბნელეს ჩვენგან შორს სცენაზე, ან ეკრანებზე ათავსებს. მისი ყურება აღგვაგზნებს და რაც უფრო მეტად აღგზნებულები ვართ, მით უფრო ტოტალური ხდება სიბნელის ძალაუფლება ჩვენზე, მით უფრო საშიში და მკაცრი ხდება ღმერთი, მით უფრო გარყვნილი და უმეცარი - პოლიტიკოსი, მით უფრო სასაცილო და პაროდიული - განათლების სისტემა. საჭიროა გავხდეთ სიბნელის შემოქმედები. მაშინაც, თუკი სიბნელე ყოველთვის ჩვენზე დიდი იქნება. იმას მაინც შევიტყობთ, რომ ის ჩვენგან მომდინარეობს და არა რაღაც გარე ძალისგან. საჭიროა მოვიპოვოთ უფლება სიბნელზე! საჭიროა, ვისწავლოთ ჩვენი სიბნელის გამხელა და განდობა, სიბნელის ენით საუბარი, სიყვარული და მოქმედება, საჭიროა იმდენად გავითქვიფოთ სიბნელეში, რომ მზე სანუკვარი გახდეს. საჭიროა, ფარდა ავხადოთ სიბნელეს, ისე, რომ ის თვალისმომჭრელ რეალობად იქცეს, ისე, რომ ბლანშოს პერსონაჟივით, შინაგანი სიბნელის გამხელისგან, სინათლის სიბრმავე სანატრელი გაგვიხდეს, იმ შემთხვევაშიც თუ ეს სინათლე სიგიჟის და სიკვდილის მომტანი იქნება.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული