• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

მთელი სამეფო ამალა

×
debord
ავტორის გვერდი გი დებორი 04 ივნისი, 2018 3726

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

(ფრაგმენტი)

 

   საქმე არ ეხება პოეზიის რევოლუციის სამსახურში დაყენებას, არამედ, პირიქით, რევოლუციის დაყენებას პოეზიის სამსახურში. მხოლოდ ამრიგადაა შესაძლებელი, რევოლუციამ არ უღალატოს საკუთარ ამოცანას. ჩვენ არ გავიმეორებთ სურრეალისტების შეცდომას, რომლებიც რევოლუციის სამსახურში დადგნენ ზუსტად მაშინ, როდესაც რევოლუციამ არსებობა შეწყვიტა. მიჯაჭვული მოგონებას ნაწილობრივ და სწრაფად გასრესილ რევოლუციაზე, სურრეალიზმი ხელად იქცა სანახაობის რეფორმიზმად, გაბატონებული სპექტაკლის ერთი გარკვეული ფორმის კრიტიკად, რომელიც ამ სპექტაკლის დომინანტური ორგანიზაციის შიგნიდან განხორციელდა. როგორც ჩანს, სურრეალისტებს გამორჩათ ფაქტი, რომ სპექტაკლის ყველა შინაგანი გაუმჯობესება თუ მოდერნიზაცია ძალაუფლების მიერ თავისსავე კოდირებულ ენად ითარგმნება, რომლის გასაღებიც მხოლოდ თავად აქვს.
   ყველა რევოლუცია პოეზიაში იშვა, უპირველეს ყოვლისა პოეზიის ძალით წარმოიქმნა. ესაა ფენომენი, რომელიც ჯერაც არ ესმით რევოლუციის თეორეტიკოსებს—მართლაც, შეუძლებელია მისი გაგება, თუ ჯერაც რევოლუციისა თუ პოეზიის ძველ კონცეფციას ეკვრი—მაგრამ რომელიც ზოგადად იგრძნეს კონტრრევოლუციონერებმა. პოეზია, როცა არ უნდა გამოჩნდეს, აშინებს მათ; ისინი მთელი ძალით ცდილობენ მის თავიდან მოშორებას ყველა სახის ეგზორციზმით, აუტოდაფეთი დაწყებული და წმინდა სტილისტური კვლევით დამთავრებული. ნამდვილი პოეზიის მომენტს, რომელსაც „მსოფლიოს მთელი დრო მის წინაშე“ აქვს, ყოველთვის და უდავოდ სურს, შეცვალოს და მიმართოს მთელი მსოფლიოს და მთელი მომავლის გეზი საკუთარი მიზნებისკენ. სანამ ის არსებობს, მისი მოთხოვნები არ აღიარებენ არავითარ კომპრომისს. ის კვლავ აათამაშებს ისტორიის ყველა გადაუხდელ ვალს. ფურიე და პანჩო ვილა, ლოტრეამონი და ასტურიასის დინამიტეროები—რომელთა გამგრძელებლებიც ახლა იგონებენ გაფიცვების ახალ გზებს—კრონშტადტისა და კილის მეზღვაურები, და ყველა იმათგანი მსოფლიოში, ვინც, ჩვენთან ერთად თუ უჩვენოდ, ემზადება გრძელი რევოლუციისთვის საბრძოლვველად—ყველა ამათგანი თანაბრადაა ახალი პოეზიის ემისარი.
   პოეზია უფრო და უფრო ცხადად იქცევა მომხმარებლური საზოგადოების ცარიელ სივრცედ, ანტიმატერიად, რამდენადაც ის არაა მოხმარებადი (მოხმარებადი ნივთის თანამედროვე კრიტერიუმების გაგებით: ნივთი, რომელსაც ექვივალენტური ფასი აქვს იზოლირებულ პასიურ მომხმარებელთაგან თითოეულისთვის). პოეზია არაფერია, როდესაც მას ციტირებენ, მისი მხოლოდ გადახრა (დეტურნირება), კვლავ თამაშში დაბრუნება შეიძლება. სხვა შემთხვევაში წარსულის პოეზიის სწავლა არაფერია აკადემიური სავარჯიშოს გარდა. პოეზიის ისტორია მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის პოეზიისგან გაქცევის გზაა, თუ ამ ფრაზით გავიგებთ არა მმართველთა სანახაობრივ (/შთამბეჭდავ) ისტორიას, არამედ ყოველდღიური ცხოვრებისა და მისი შესაძლო ლიბერაციის ისტორიას; თითოეული ინდივიდუალური ცხოვრებისა და მისი რეალიზაციის ისტორიას.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული