• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ღვთიური სამსჯაროს მოსამთავრებლად

×
artaud art
ავტორის გვერდი ანტონენ არტო 09 მაისი, 2018 3179
მირჩევნია ხალხი, რომელიც მიწიდანვე ჭამს ბოდვას საიდანაც თავად იშვა, / ვგულისხმობ ტარაჰუმარას / რომელიც პირდაპირ მიწიდან ჭამს პეიოტეს / სანამ ის იბადება, / და რომელიც კლავს მზეს, რათა დაამყაროს შავი მზის სამეფო, / და რომელიც ხლეჩს ჯვარს, რათა სივრცის სივრცეებმა ვეღარასდროს შეძლონ ვერც შეხვედრა ვერც გადაკვეთა.

 

">

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

 

 

-------------------------------------------------------------------------------------------------

კრე                                      საჭიროა რომ                                           პუქ ტე

კრე                                      ყოველივე მილაგდეს                              პუკ ტე

პეკ                                       ერთი ბეწვის სიახლოვეს                        ლი ლე

კრე                                      მრგვგვინავი                                            პეკ ტი ლე

ე                                           წესრიგით                                               კრუკ

პტე

-----------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

გუშინ შევიტყვე

(როგორც ჩანს მეტისმეტად დავაგვიანე, ან იქნებ ეს არაფერია ცრუ ხმების გარდა, მორიგი იმ ბინძურ ჭორთაგან, კარდაკარ რომ დაატარებენ ნიჟარასა და საპირფარეშოს შორის, იმ დროს, ჩამჩებს კიდევ ერთხელ ამორწყეული სადილი რომ ავსებს),

გუშინ შევიტყვე

ამერიკის საჯარო სკოლების ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური ოფიციალური პრაქტიკის შესახებ

როგორების წყალობითაცაა, უდავოდ, რომ ეს ქვეყანა პროგრესის მეთაურად თვლის თავს.

როგორც ჩანს, იმ გამოცდებსა თუ შემოწმებებს შორის, რომლების გავლაც საჯარო სკოლაში შესვლის პირველ დღეს უწევს ბავშვს, არის სემინალური სითხისა თუ სპერმის შემოწმებაც,

და რომელიც ნიშნავს ამ ახალშემოსული ბავშვისთვის ცოტაოდენი მისი სპერმის თხოვნას, მის შემდგომ ქილაში ჩასასხმელად,

და მის ამგვარად შენახვას, ხელისგაწვდენაზე, ხელოვნური განაყოფიერების ყოველი მომდევნო მცდელობისათვის.

რადგან დღითიდღე მეტად ამჩნევენ ამერიკელები, რომ ხელები და ბავშვები აკლიათ,

ვგულისხმობ არა მუშებს,

არამედ ჯარისკაცებს,

და მათ სურთ მთელი ძალითა და ყველა შესაძლო საშუალებით ჯარისკსცების შექმნა და წარმოება

ყველა იმ პლანეტარული ომის გათვალისწინებით, რომლებიც, შეიძლება, მოგვიანებით მოხდეს,

და რომლებიც განკუთვნილი იქნება, ძლევამოსილების გამანადგურებელი ღირსებების წყალობით,

ამერიკული პროდუქტის და ამერიკული ოფლის ნაყოფის

აქტივობის და ძლევამოსილების შესაძლო დინამიზმის ყველა მიმართულებით ზეაღმატებულობის დასამტკიცებლად.

რადგან საჭიროა წარმოება,

საჭიროა, ყველა შესაძლო ქმედების მეშვეობით, ბუნების ჩანაცვლება ყველგან, სადაც კი მისი ჩანაცვლება შესაძლებელია,

საჭიროა დიდი გასაქანის გამონახვა ადამიანური ინერციისთვის,

საჭიროა, მუშას გააჩნდეს რამე, რითაც დაკავდება,

საჭიროა, შეიქმნას საქმიანობის ახალი სფეროები,

სადაც დამყარდება, ბოლოსდაბოლოს, ყველა წარმოებული ყალბი პროდუქტის,

ყველა უღირსი სინთეტური ერზაცის ბატონობა,

სადაც ლამაზ ნამდვილ ბუნებას არაფერი ესაქმება,

და უნდა დაუთმოს, ერთხელ და სამუდამოდ, და შერცხვენილმა, ადგილი ჩანაცვლების ყველა ტრიუმფალურ პროდუქტს

სადაც ხელოვნური განაყოფიერების ყველა ქარხნის სპერმა

სასწაულებს მოახდენს

ჯარებისა და ჯავშნოსნების წარმოებისთვის.

მორჩა ხილი, მორჩა ხეები, მორჩა ბოსტნეული, მორჩა ფარმაცევტული თუ სხვაგვარი მცენარეები და, შესაბამისად, მორჩა საკვები,

მხოლოდ სინთეტური პროდუქტები გამოსაძღომად,

ორთქლში,

ატმოსფეროს თავისებურ განწყობებში, ატმოსფეროთა თავისებურ ღერძებზე, ძალამ და სინთეზმა რომ გამოგლიჯეს იმ ბუნების წინააღმდეგობებს, ომისგან შიშის გარდა რომ არასდროს არაფერი ჰქონია.

და დიდება ომს, არა?

რადგან, ამ ყველაფრის შედეგად, განა ეს ომი არაა, რომელიც მოამზადეს ამერიკელებმა და რომელიც მზადდება, ამრიგად, ნაბიჯ-ნაბიჯ.

ამ გადარეული ქარხნული დამუშავების დასაცავად ყველა იმ შეჯიბრებებისგან, რომლებიც უდავოდ წარმოიქმნებიან ყოველი მხრიდან,

საჭიროა ჯარისკაცები, ჯარები, თვითმფრინავები, ჯავშნოსნები,

ამიტომაც ეს სპერმა,

რომელზეც, როგორც ჩანს, ამერიკის მთავრობებს ეყოთ ტრაკი, ეფიქრათ.

რადგან ჩვენ ერთზე მეტი მტერი გვყავს

და ის გვითვალთვალებს, შვილო,

ჩვენ, თანდაყოლილ კაპიტალისტებს,

და ამ მტრებს შორის

არის სტალინის რუსეთი

რომელსაც თავადაც არ აკლია შეიარაღებული ხელები.

ეს ყველაფერი გადასარევია,

მაგრამ მე ამერიკელებს ასეთ მეომარ ხალხად არ ვიცნობდი.

იმისთვის, რომ იბრძოლო, შენც ბევრი უნდო მოგხვდეს

და მე, შესაძლოა, ბევრი ამერიკელი ვიხილე ომში

მაგრამ ზურგსუკან ყოველთვის ტანკების, თვითმფრინავების, ჯავშნოსნების ურიცხვი ჯარები სდევდნენ,

რომელბსაც ისინი ფარად იყენებდნენ.

ბევრი ვიხილე მანქანების ბრძოლა

მაგრამ მხოლოდ უსაზღვრო

                          მოშორებით

კაცები რომლებიც მათ მართავდნენ.

იმ ხალხს, თავის ცხენებს, თავის ხარებს და თავის ვირებს ნამდვილი მორფინის უკანასკნელი ტონებით რომ კვებავს, რაც კი შეიძლება დარჩეს მის კვამლის ერზაცით ჩასანაცვლებლად,

მირჩევნია ხალხი, რომელიც მიწიდანვე ჭამს ბოდვას საიდანაც თავად იშვა,

ვგულისხმობ ტარაჰუმარას

რომელიც პირდაპირ მიწიდან ჭამს პეიოტეს

სანამ ის იბადება,

და რომელიც კლავს მზეს, რათა დაამყაროს შავი მზის სამეფო,

და რომელიც ხლეჩს ჯვარს, რათა სივრცის სივრცეებმა ვეღარასდროს შეძლონ ვერც შეხვედრა ვერც გადაკვეთა.

 

ამგვარად გაიგებთ ტუტუგურის ცეკვას.

 

 

 

ტუტუგური

შავი მზის რიტუალი

 

და დაბლა, როგორც გულის მწარე, სასტიკად

სასოწარკვეთილი ქანობის ძირას,

იღება ექვსი ჯვრის წრე,

               ძალიან დაბლა,

თითქოს ჩამდგარი მიწა დედაში,

ამოგლეჯილი დორბლნადენი დედის საძაგელი

               გულში ჩაკვრისგან.

 

შავი ნახშირის მიწა

ერთადერთი ნოტიო წერტილია

ამ კლდის ნაპრალში.

 

რიტუალი იმისთვის, რომ ახალი მზე შვიდ წერტილს გადის სანამ დედამიწის ხვრელთან აფეთქდება.

 

და არის ექვსი კაცი,

თითოეული თითო მზისთვის,

და მეშვიდე კაცი

რომელიც არის მზე სრულებით

                    უმი

გამოწყობილი შავებში და წითელ ხორცში.

 

ხოლო ეს მეშვიდე კაცი

ცხენია,

ცხენი კაცით რომელსაც ის მიჰყავს.

 

მაგრამ მზე

ეს ცხენია

და არა ეს კაცი.

 

დოლისა და გრძელი, უჩვეულო საყვირის გახეულ

ადგილას,

ექვსი კაცი

რომლებიც იწვნენ,

მიწაში გახვეულები,

სათითაოდ იფრქვევიან მზესუმზირებივით,

არა მზეები

არამედ ბზრიალა ძირები,

წყლის ლოტუსები,

და ყოველ ახლა ამოხეთქვას

ეხმიანება დოლის უფრო და უფრო პირქუში

                             და მოგუდული

                             გონგი

ვიდრე უეცრად არ დავინახავთ თავბრუდამხვევი სისწრაფით, ჭენებით მოახლოებულ

უკანასკნელ მზეს,

პირველ კაცს,

შავ ცხენს

                 შიშველი, სრულებით

                 შიშველი და ქალწული

                 კაცით

                 მის ზურგზე.

 

გადმომხტრები, ისინი მიიწევენ წრიული მეანდრების კვალდაკვალ

და ცხენი სისხლნადენი ხორცით ჭკუიდან იშლება

და ეძლევა უწყვეტ კარაკოლს

თავისი კლდის წვერზე

სანამ ექვსი კაცი

სრულ წრეს არ შეკრავს

ექვსი ჯვრის

გარშემო.

 

ხოლო რიტუალის მთავარი ტონი სწორედ ესაა

                         ჯვრის გაუქმება.

 

მოამთავრებენ რა ტრიალს

ისინი ამორგავენ

მიწის ჯვრებს

და შიშველი კაცი

ცხენზე

წამომართავს

უზარმაზარ ნალს

რომელიც ამოავლო თავისი სისხლის ჭრილში.

 

 

ფეკალურობის კვლევა

 

იქ, სადაც მძღნერის სუნი დგას

დგას არსებობის სუნი.

ადამიანს მშვენივრათ შეეძლო, არ ეჯვა,

არ გაეღო ანალური ჯიბე,

მაგრამ მან მოჯმა აირჩია

როგორც შეეძლო, აერჩია სიცოცხლე

იმის ნაცვლად, რომ მკვდრად სიცოცხლეს დათანხმებოდა.

 

საქმე ისაა, რომ იმისათვის რომ არ მოეკურკლა

მოუწევდა, თანხმობა განეცხადებინა

არარსებობაზე,

მაგრამ მან ვერ შეძლო, გადაეწყვიტა არსებობის

                            დაკარგვა,

ესე იგი, ცოცხლად სიკვდილი.

 

არის არსებობაში

რაღაც განსაკუთრებით მაცდური ადამიანისთვის

ეს რაღაც სწორედაც რომ

                    კურკლია

              (აქ ისმის ღრიალი.)

 

არსებობისთვის საკმარისია, შენი თავი მიუშვა, იყოს,

მაგრამ სიცოცხლისთვის,

საჭიროა, იყო ვიღაც,

იმისთვის რომ იყო ვიღაც,

უნდა გქონდეს ძვალი,

არ გეშინოდეს, გამოაჩინო ეს ძვალი,

და გზაში ხორცი დაკარგო.

 

ადამიანს ყოველთვის უფრო მეტად ხორცი უყვარდა,

ვიდრე ძვლების მიწა.

ეს იმიტომ, რომ არაფერი არსებობდა მიწისა და ძვლების ტყის გარდა,

და მას მოუწია, მოეპოვებინა თავისი ხორცი,

არაფერი იყო ცეცხლისა და ცეცხლის გარდა

და არ იყო მძღნერი,

და კაცი შეაშინა მძღნერის დაკარგვამ

ან, უკეთ, მან ისურვა მძღნერი

და, ამისთვის, შესწირა სისხლი.

 

იმისთვის, რომ ჰქონოდა მძღნერი,

ესე იგი ხორცი,

იქ, სადაც არაფერი იყო სისხლის

და ძვლების ჯართის გარდა

და სადაც იყო არა არსებობის მოპოვების საჭიროება

არამედ სიცოცხლის დაკარგვის.

 

ო რეჩე მოდო

ტო ედირე

დი ზა

ტაუ დარი

დო პადერა კოკო

 

იქ, კაცმა უკან დაიხია და გაიქცა.

 

ჰოდა მხეცებმა შეჭამეს.

 

ეს არ ყოფილა გაუპატიურება,

მან თავი დაუთმო ამ უხამს სამხარს.

 

გემო გაუგო,

თავად ისწავლა

როგორ ემხეცა

და ეჭამა ვირთხა

დახვეწილად.

 

და საიდან მოდის ეს სიბინძურის დამდაბლება?

 

იქიდან, რომ სამყარო ჯერ არ ჩამოყალიბებულა,

თუ იქიდან, რომ კაცს მხოლოდ სულ მცირე წარმოდგენა აქვს სამყაროს შესახებ

რომლის სამარადისოდ შენარჩუნებაც სურს?

 

ეს მომდინარეობს იქიდან, რომ კაცმა,

ერთ მშვენიერ დღეს,

შეწყვიტა

                       სამყაროს იდეა.

 

ორი გზა იშლებოდა მის წინ:

მარადიული გარეთ,

უმცირესი შიგნით.

 

და მან აირჩია უმცირესი შიგნით.

იქ, სადაც საკმარისია, მიაწვე

ვირთხას,

ენას,

ანუსს,

ან ჯირკვალს.

 

და ღმერთი, თავად ღმერთი მიაწვა, აუჩქარა ნაბიჯს.

 

ღმერთი არსებაა?

თუ არის, მაშინ მძღნერია.

თუ არ არის,

მაშინ არ არის.

ხოლო ის არ არის,

არამედ მსგავსია სიცარიელის, წინ რომ მოიწევს ყველა თავისი ფორმით

რომელთა ყველაზე სრულყოფილი გამოხატულებაც

ბოქვენის ტილების ურიცხვი ჯგუფის მსვლელობაა.

 

„თქვენ შეშლილი ხართ, მესიე არტო, და წირვა?“

 

მე უარვყოფ ნათლობას და წირვას.

არ არსებობს ადამიანური აქტი,

შინაგანი ეროტიკის პლანში,

უფრო მავნე, ვიდრე ეგრეთწოდებული

იესო ქრისტეს დაშვება

საკურთეველში.

 

მე არ დამიჯერებენ

და აქედან ვხედავ, როგორ იჩეჩავს მხრებს მსმენელი

მაგრამ ქრისტედ წოდებული სხვაა არავინაა თუ არა ის

ვინც, ბოქვენისტილა ღმერთის წინაშე

დათანხმდა უსხეულო ცხოვრებას,

როდესაც კაცთა ჯარი

ჯვრიდან ჩამოხსნილი,

სადაც, ღმერთს სწამდა, დიდი ხნის წინ მიაჭედა ის,

აჯანყდა,

და, რკინა, სისხლ,

ცეცხლ და ძვალასხმული,

წინ მიიწევს და ბეგვავს უხილავს

რათა შეწყდეს ღვთიური სამსჯავრო.

 

 

 

 

 

ისმის კითხვა

 

ცუდი ისაა

რომ ჩვენ ვიცით

რომ ამ სამყაროს

წესრიგის შემდეგ

არის სხვა

 

რომელია ის?

 

ეგ არ ვიცით.

 

შესაძლო ვარაუდთა რიცხვი და რიგი ამ სფეროში

სწორედაც რომ

უსასრულოა!

 

და რა არის უსასრულობა?

 

სწორედაც რომ არ ვიცით!

 

ესაა სიტყვა

რომელსაც ვიყენებთ

ჩვენი ცნობიერების

შესაძლებლობისკენ მიმართული

განუზომელი,

დაუღალავი და განუზომელი

ღიობის

გამოსახატად.

 

და რა არის, ზუსტად, ცნობიერება?

 

სწორედაც რომ არ ვიცით.

 

ეს არის არარა.

 

არარა

რომელსაც ვიყენებთ

გამოსახატად

როდესაც რაღაც არ ვიცით

რა კუთხით

არ ვიცით ის

და ამიტომ

ვამბობთ

ცნობიერებას,

ცნობიერების კუთხით,

მაგრამ არსებობს კიდევ ათასი სხვა კუთხე.

 

ჰოდა?

 

როგორც ჩანს ცნობიერება

ჩვენში

სექსუალურ სურვილსა

და შიმშილსაა

გამობმული;

 

მაგრამ ასევე შესაძლებელია

სრულებით

რომ ის მათ არ

ებმოდეს.

 

ამბობენ,

შეიძლება ითქვას,

არსებობენ ისეთები, ვინც ამბობს

რომ ცნობიერება

მადაა,

სიცოცხლის სურვილია;

 

და ზუსტად

სიცოცხლის სურვილის გვერდით,

არის საკვების სურვილი

რომელიც მოიცავს გონებას;

 

ისე, თითქოს არ არსებობდეს ხალხი რომლებიც ჭამენ

ყოველგვარი მადის გარეშე;

და რომლებსაც შიათ.

 

რადგან ესეც

ხდება

გშიოდეს

და მადა არ გქონდეს;

 

ჰოდა?

 

ჰოდა.

 

შესაძლებლობის სივრცე

მე მომეცა ერთ დღეს

როგორც მაგარი კუილი

რომელიც გამძვრება;

 

მაგრამ არც სივრცე,

არც შესაძლებლობა,

არ ვიცოდი, ზუსტად, რა იყო,

 

და არ განვიცდიდი საჭიროებას, მეფიქრა ამაზე,

 

ეს სიტყვები იყო

გამოგონილი საგანთა განსასაზღვრად

რომლებიც არსებობდნენ

ან არ არსებობდნენ

გადაუდებლად სასწრაფო

საჭიროების

წინაშე:

იდეის წაშლის საჭიროება,

იდეის და მისი მითის,

და მის ადგილას გაამეფოს

ამ ფეთქებადი საჭიროების

მჭექარე მანიფესტაცია:

გაფართოვდეს ჩემი შინაგანი ღამის,

 

შინაგანი არარას

ჩემი მეს სხეული

 

რომელიც ღამეა,

არარაა,

ირრეფლექსიაა,

 

მაგრამ რომელიც ფეთქებადი მტკიცბულებაა

რომ არსებობს

რაღაც

რასაც გზა უნდა დავუთმო:

 

ჩემი სხეული.

 

და მართლა

დავიყვანო ის, ჩემი სხეული,

ამ აყროლებულ გაზამდე?

ვთქვა, მაქვს სხეული

რადგან მაქვს აყროლებული გაზი

რომელიც წარმოიქმნება

ჩემს შიგნით?

 

არ ვიცი

მაგრამ

ვიცი რომ

სივრცე,

დრო,

განზომილება,

გახდომა,

მომავალი,

ყოფიერება,

არყოფნა,

მე,

არა მე,

ჩემთვის არაფერია;

 

მაგრამ არის ერთი რაღაც

რაც არის რაღაც,

ერთადერთი რამ

რომელიც რამე არის,

და რომელსაც ვგრძნობ

რადგან გამოსვლა

უნდა:

ჩემი სხეულის

ტკივილის

მყოფობა,

ჩემი სხეულის

დაუღალავი

მყოფობა

სავსე მუქარით;

 

რამდენადაც არ უნდა მწურონ შეკითხვებით

და მე უარვყო ყველა შეკითხვა,

არის წამი

როდესაც თავს ვალდებულად ვგრძნობ

ვთქვა არა,

 

                           არა

 

მაშ

უარყოფას;

 

და ეს ის წამია

როდესაც მწურავენ,

 

როდესაც მიჭერენ

და მწველიან

ჩემში

საკვების,

ჩემი საკვების

და მისი რძის

გამოცლამდე,

 

და რა რჩება?

 

ის რომ ვიხრჩობი;

 

და არ ვიცი ეს თუ ქმედებაა

მაგრამ ამრიგად ისე მწურეს შეკითხვებით

ვიდრე შეკითხვის

უმყოფობამდე

და არარამდე

მწურეს

ხუთვამდე

ჩემში

სხეულის იდეის

და სხეულად მყოფობის,

 

და ამ დროს იყო, რომ შევიგრძენი საძაგელი

 

და გავაკუე

სიგიჟისა

და სიჭარბისგან

და ჩემი ხუთვის

ამბოხისგან.

 

ეს იმიტომ რომ მწურეს

ჩემს სხეულამდე

და სხეულამდე

 

და ამრიგად

დავამსხვრიე ყველაფერი

რადგან ჩემს სხეულს

ნურასდროს შეეხებიან.

 

 

 

 

 

 

დასკვნა

 

— და რას გამორჩით, ბატონო არტო, ამ რადიო გადაცემისგან?

 

— პრინციპში, მოვახერხე დამეგმო ოფიციალურად კურთხეულ და აღიარებულ სოციალურ სიბინძურეთა გარკვეული რიცხვი:

1: ჩვილის სპერმის ნებაყოფლობითი გაცემა ბავშვების მიერ, ჯერ არ დაბადებული ფეტუსების ხელოვნური განაყოფიერებისთვის

      რომლებიც ერთ საუკუნესა ან მეტში იხილავენ დღის ნათელს.

 

2: დამეგმო, იმავე ამერიკელებთან, რომლებსაც უჭირავთ ძველი ინდიელების კონტინენტის მთელი ზედაპირი, აღდგენა იმ ანტიკური ამერიკის მებრძოლი იმპერიალიზმისა, რომელმაც გამოიწვია კოლუმბამდელი ინდიელი ხალხების უარყოდა სრული წინარე არსებული კაცობრიობის მიერ.

 

3: — თქვენ აქ ძლიერ უჩვეულო რამეებს აცხადებთ, მესიე არტო.

 

4: — ჰო, ერთ უჩეულო რამეს ვამბობ,

კერძოდ იმას, რომ კოლუმბამდელი ინდიელები, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რისიც შეიძლება, გვჯეროდეს, უცნაურად განვითარებული ხალხი იყო

და რომ მათ გამოსცადეს, სწორედაც, ცივილიზაციის ფორმა, სრულად დამყარებული სისასტიკის პრინციპზე.

 

5: — და თქვენ იცით, ზუსტად, რა არის სისასტიკე?

 

6: — ასე, არა, არ ვიცი.

 

7: — სისასტიკე ნიშნავს, ამოძირკვო, სისხლით და ვიდრე სისხლ ღმერთამდე, ადამიანური არაცნობიერი ცხოველურობის მხეცური საფრთხე, ყველგან, სადაც კი შეიძლება, მას შევხვდეთ.

 

8: — ადამიანი, როცა მას არ აკავებენ, ეროტიკული ცხოველია,

ის თავის თავში შეიცავს შთაგონებულ ბიძგებს,

ერთგვარ პულსაციას

მწარმოებელს ურიცხვი მხეცის, რომლებიც არიან სახე, რომელსაც ძველი მიწიერი ხალხი უნივერსალურად მიაწერდა ღმერთს.

ეს წარმოშობდა იმას, რასაც სულს ეძახიან.

ხოლო ეს სული, მოსული ამერიკის ინდიელთაგან, დღეს კვლავ ჩნდება, ცოტ-ცოტა, ყველგან, შენიღბული სამეცნიერო იერით, რომელიც მხოლოდ ავლენს ამ სულის ავადმყოფურ მასნეულებელ ფლობას, მანკიერების საგულისხმო მდგომარეობას, მაგრამ მანკიერების, რომელიც სავსეა სნეულებებით,

რადგან, იცინეთ რამდენიც გენებოთ,

მაგრამ ის, რასაც მიკრობებს ვეძახით

                         ღმერთია,

და თუ იცით რისგან ამზადებენ ამერიკელები და რუსები თავიანთ ატომებს?

ისინი მათ ღმერთის მიკრობებისგან ამზადებენ.

 

— თქვენ ბოდავთ, მესიე არტო.

თქვენ შეშლილი ხართ.

 

— მე არ ვბოდავ.

მე არ ვარ შეშლილი.

მე გეუბნებით, რომ მიკრობები თავიდან შექმნეს, რათა შემოეღოთ ღმერთის ახალი იდეა.

 

ახალ საშუალებას მიაგნეს, რათა გამორეკონ ღმერთი და გამოიჭირონ ის მისი მიკრობული მავნებლობის წამს.

ეს მის გულში მილურსმვნას ნიშნავს,

იქ, სადაც ის ყველაზე მეტად უყვართ ადამიანებს,

ავადმყოფური სექსუალობის სახით,

იმ ავადმყოფური სისასტიკის ავბედითი გამოხატულებით, რომელსაც ის ფარავს იმ დროს როცა კი მოესურვება, როგორც სურს ამჟამად, გააშეშოს და გააგიჟოს კაცობრიობა.

 

ის იყენებს იმ ცნობიერების სისპეტაკის სულს, რომელიც დარჩა ისევე გულღია, როგორც ჩემი, რათა გაგუდოს ის ყველა ცრუ მოჩვენებით, რომლებითაც ის ფენს, უნივერსალურად, სივრცეებს და ამიტომ მოჩანს ისე, თითქოს არტო მომო ჰალუცინირებდეს.

 

— რას გულისხმობთ, მესიე არტო?

 

— იმას ვგულისხმობ, რომ ვიპოვე საშუალება, ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო მოვუღო ამ მაიმუნს

და რომ თუ აღარავის სჯერა ღმერთის, ყველას უფრო და უფრო მეტად სჯერა ადამიანის.

 

ხოლო სწორედ ადამიანია, ვისი დაკოდვაც უნდა გადაწყდეს ახლა.

 

— ეგ როგორ?

                         ეგ როგორ?

რა კუთხითაც არ უნდა მოგიდგეთ, თქვენ გიჟი ხართ, დასაბმელი გიჟი.

 

— როგორ და კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად უკანასკნელად, უნდა მოვათავსოთ ის გვამის გასაკვეთ მაგიდაზე, რათა გადავაკეთოთ მისი ანატომია.

ვამბობ, რათა გადავაკეთოთ მისი ანატომია.

ადამიანი სნეულია, რადგან ცუდადაა აგებული.

უნდა გადაწყდეს მისი გაშიშვლება, რათა გავხეხოთ იმ პატარა ცხოველისგან, რომელიც სიკვდილამდე აქავილებს,

                            ღმერთისგან,

                            და ღმერთთან ერთად

                            ორგანოებისგან.

 

რადგან დამაბით თუ გნებავთ,

მაგრამ არაფერია მეტად გამოუსადეგარი, ვიდრე ორგანო.

 

როდესაც მისცემთ მას სხეულს ორგანოების გარეშე,

მაშინ დაიხსნით მას ყოველგვარი ავტომატიზმებისგან და მიანიჭებთ თავის ჭეშმარიტ თავისუფლებას.

 

მაშინ თქვენ მას ხელახლა ასწავლით ცეკვას უკუღმა

როგორც საცეკვაო დარბაზების დელირიებისას

და ეს უკუღმა იქნება მისი ჭეშმარიტი წაღმა.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული