• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მისი ღიმილი გადაიქცა ოქროს კარიბჭედ

×
ავტორის გვერდი თეონა კომახიძე 03 აპრილი, 2018 2834
***
ამბობენ გვტანჯავს ძლიერი დაბრმავება 
ნისლში მცურავი ეთეროვანი სულები
მოითხოვენ ჩვენთან შეუღლებას
მსურს ის ვეძებო ვინც ცეცხლზე სახელი ამოკაწრა
ჩემი სიტყვები როგორც სპორები გაბნეულია
სინათლის ქვირითთან
იქნებ აღარსად არ ვარ
ან ფსიქიკურ კარავში ვზივარ 
თმის ტუნდრით თავზე 
რომელიც უშედეგოდ
გეგმავს გაშეშებულ ყინულზე ცოცვას
მოლოდინის ზედაპირზე დაბლაგვებულ ქართან ერთად
დაე ოცნებები ციცაბოდ დარჩნენ.
 
 
 
***
მისი ღიმილი გადაიქცა ოქროს კარიბჭედ
ის უკვე მზადაა 
ღმერთის გაშლილ ხელებზე დასახტომად
 უკვე გამოძვრა ხმაურის გრძელი გვირაბიდან
მისი სახიდან სიზმრები მორბიან
შესაძლოა მას ებრალება
ყველაფერი რაც ეგონა და რაც არ არის
შესაძლოა ის გავიდა ქუჩაში ანთებული ნათურით
ხელში
რომელშიც ელაგა ნაირფერი ვარსკვლავების
მთელი აღლუმი
ან  ჰქონდა მიზანი 
რომელმაც ხანგრძლივი ჰიბერნაციის შემდეგ
ყინულში ფესვი გაიდგა
და სწორედ ამან შექმნა მისი პიროვნება
 
 
 
***
იქ გაიშალნენ ვარსკვლავები 
როგორც კარვები
სუნამოს შიგნეულობა
გადმოღვრილი
აპოკალიფსურ ქანდაკებებს შორის
მოსეირნე
პრეფიგურატიული აღმავლობა
ან მუნდირები 
მათ თვალ/წარბს ვცრი და ქვანახშირი 
გამომყავს
მე ვდევნი მათ
და საკუთარ სიზმარში შევდივარ
 
 
 
***
ფარდებით დასახლებულ სამყაროში
უჯრედების მაცივარი
განადგურების მადა
სისხლის ცოცვა ან თუნდაც ბნელი წიაღი
ციცაბო ქარის  
შეიყვარე ის
 ვინც გაიშვერს ხელს შენს მოსაკრეფად
გზას გაიკვალავს
დააზიანე
ეს ქუჩა ეს უღიმღამო მოძრაობის
მთელი აღლუმი
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული