• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

კაქტუსები

×
ავტორის გვერდი სანდრო კობახიძე 03 იანვარი, 2018 2305
მოყოლილი ამბავი
 
ქალაქში მხოლოდ 
მე და შენ არ გვძინავს
დღეს ის დღეა და ჩემ გარდა არავის ახსოვს.
შორიდან მესმის 
- ყველა სინათლე ამ შავ კვადრატში ანათებს
იასამნისფრად - 
ის რაც არაფერი აღმოჩნდა
დამახსოვრებული მელოდია ყოფილა
ყველა წერტილი, შავი პატარა რგოლი, ღიაა
და ისრუტავს დიდი რგოლისკენ სიბნელეს
ბევრ წყალს დალევ და
მაინც არ დგება მკვლელი ქარები
ამ რგოლს გვერდებს აუვლის
არასოდეს მთავრდება თუ არ იცი რომ არსებობდა.
                                               
 
 
 
 
კაქტუსები         
 
შენი ფანჯრიდან რომ გამოიხედო
მე დამინახავ 
ყველაფერი რაც შენია გგონია 
                                       -შენი არ არის.
/ მერამდენე ვარ აქ / ამერავარდენექ / მერავარდენე აქ /
იყიდი სიგარეტს დადებ მაგიდაზე და ყველა იღებს
შენ, ცარიელი კოლოფი, ყველასთვის გაქვს რაღაც გასაზიარებელი
უნდა გავიხსენო და დავითვალო
/ მერამდენე ვარ აქ / ამერავარდენექ / მერავარდენე აქ /
ვცდილობ - დავითვალო ფიქრები
ვერასოდეს მხედავ 
შენი ფანჯრიდან რომ გამოიხედო
მე იქ არც ვიქნები 
მაგრამ ალბათ შენ ვერ დამინახავ
 
 
 
 
                                                               
 
სანდრო რომ გოგო ყოფილიყო
 
 
მატყუარა ხარ არასოდეს არაფერი გადარდებს
არაფერი მინდა მესმოდეს არაფერს მინდა ვხედავდე
როგორ ვთქვა რომ შენ მოსვლამდე ყველაფერი კარგად იყო
ეს კაბა მაშინ უფრო მომწონს როცა შენ მხდი 
შენ თმებს მიშლიდი და
როგორ მინდა იგივე, რადგან მეჩვენება, ახლა, უფრო ლამაზია.
შენ მე დამდევ და ყოველთვის მიდიხარ
ამბობდი არ არის ეს ცხოვრება და რატომ მეჩვენებოდა,
მარტო მაშინ ვცხოვრობდი.
ნუ მიღიმი ასე, რადგან არ მაქვს უფლება მიყვარდე
შენ როდის თქვი?
მაშინ ნუ იძინებ ასე, შენი თბილი კოცნა
და ლექსები შენი
რომელიც სხვისია
რადგან მე ლამის ჩამეძინა შენ მუხლებზე
რამდენჯერ უნდა ვნახო ერთი და იგივე რომ დავიჯერო
სულ მოგცემდი ყველაფერს.
არ მიპასუხებ გულისფიქრებზე 
და მესმის.
ვნერვიულობდი ყოველთვის და ვწერდი ყოველთვის
1 2 3 
და ამოისუნთქებ
მეუბნებიან ცუდია
დამეკიდეროგორ უნდა მოიშორო საკუთარი ნაწილი
მესმოდა არასდროს
შენ უნდა წასულიყავი ყოველთვის პირველი, მაშინ
გასაგებია
 
 
 
 
მონატრების სიმღერა
 
ვისურვებდი ის ტკბილი სიტყვები არ წამეშალა
რადგან არაფერი დამრჩა
მხოლოდ ერთი ძველი ფოტო.
 
 
 
 
 
ხშირად დასმული შეკითხვა
 
შენ გარეშე ვერ ვწერ და არ მინდა შენზე ვწერდე
მალე გავიდეს დრო, მაგრამ არსადაც გეჩქარება
სახლში მოვდიოდი და სინამდვილეში არ წავსულვარ
მინდა გამეგო სადვიყავით და არ ვიცოდი
Are We There ? 
(თუ არ ჩაიწერ მალე დაგავიწყდება)
სად იყავი? 
(ვიცი მერამდენე ვარ რიგში)
გაიხსენე, ვამბობდი ადამიანებს ყველაფერი გვაქვს ორი
და მაინც იმაზე ვფიქრობ გარეთ არ შეგცივდეს
(ყურადღება მიაქციეთ ლექსის სათაურს)
და ეს არის ამბავი გასულ ღამეზე.
 
 
 
 
***როცა ჭკვიანი ვიყავი
 
ყველაფერი სველი იყო და ვერსად ჩამოვჯექი
ნეტა ყველაფერი სხვანაირად მომხდარიყო
შენ ასე არ გინდოდა
უკეთესი ლექსი მოიფიქრე გზაში
მაგრამ ყველაფერი სველი იყო და ვერსად ჩამოჯექი
ყველგან ჩემი სპერმის სუნია
ძალიან ციოდა და როგორ მინდოდა პირველივე გამვლელისთვის 
მიმეცა. მე ასოწარკვეთილი ვიყავი და მაღაზიაში
დაცვას ეძინა. იმ დილას
ბავშვიც არ მყავდა რომ სკოლაში წამეყვანა. 
 
                                     
 
კატები ლექსების წინააღმდეგ
 
 
ყველაფერი ლურჯია
ჩემი სიგარეტი, შენი თმის ფერი
(მე დავივიწყე ჩემი თავი)
ლურჯია კატა
ლურჯია პასტა
გაცვია ლურჯი კაბა
მე ვიყავი იქ და
შენზე ფიქრები, სილურჯე, 
ჩემ გარშემო
 
                                                     
 
უსარგებლო კაცის აღსარება
 
ყველა საწოლი შევამოწმე ხომ არ ჭრიალებს
ღმერთო! არ ვარსებობდე. 
შენც გესმის? 
რატომ ვერასოდეს ხვდები როდის მიჭირს
როგორ იტყუებიან ასე თვალები
ღმერთო! სხვა ქალებს ასე ტყნავ? 
ადრე რატომ არ ვიცოდი
აქ ვარ!!! აქ ვარ!!!
ასე ენერგიები არ უნდა იკარგებოდეს
მოვიტყუე რომ ტუალეტი ჩავრეცხე, განა ვინმემ გაიგო,
ჩემთვის ჩავიწერე.
ასეთი არამნიშვნელოვანი რამეები იწერება? კიკი, იფიქრე
რომ არ ვარსებობ, იქნებ საერთოდ გავქრე, ეგ 
არ გინდოდა? არ ახსენო ჩემი სახელი, აღარ ახსენო, გინდა
აქედან დაწერე გინდა იქიდან.
სულერთია. ღმერთო, აღარ ახსენო
რა გინდოდა? 
მოწიე მთვარე ახლოს
ღმერთო! არ ხარ შენ ეგოისტი.
შენ მოკრძალებული ხარ
შენ ბუნებრივი ხარ
როგორ მინდოდა დავმსგავსებოდი. ცოტათი მაინც
მსგავსება, გავს, გავსება.
ღმერთო! პირით მიჭირავს შენი ბედნიერება
ვიცი ახლა სხვა რამეებს უსმენ
უკნიდან მომეპარე და ჩამეხუტე
ღმერთო! ჩემი სიყვარული
მოსაბეზრებელია.
ყველა ჩუმადაა საკუთარი პრობლემები აქვს.
ღმერთო! გარეთ სუფთა ჰაერია,
მე ვირთხის სუნი ამდის. 
,,შენი სირცხვილი ვარ
და საჭიროება’’
გარეთ უნდა გავიდე და გიცვამ,
ნელ-ნელა, სათითაოდ, გირგებ ყველა თითზე.
ღმერთო! თან და თან უნდა მივეჩვიოთ 
უხმოდ ჩურჩულს.
 
 
 
Un Nouveau Soleil
 
 
ვუყურებ რომელიღაც ნაწილს
წმინდა ნაწილს
ნაწნავს დაწნილს
ორივე ერგება მშვენივრად
ცის მეორე მხარეს, მეჩვენება 
დავინახე მთვარე
ვერ ვიქნები რებუსის ნაწილი
თუ ყოველ ჯერზე რომელიღაც მხარეს დავკარგავ
 
    
                                                                 
 
გრძნობებს, ჩემ გონებაში
 
ჩემი გონების შუაში
შენ ხარ!
,,სად არის გაზაფხულის ხმები? ჰო, სად არიან ისინი?’’
წადი დაივიწყე
არასდროს გაიგონო
სულ იმღერე
სევდით არა,
ტკბილად გაიღიმე.
იცოდე, არასოდეს მომიკლავს
ყოველთვის იქ იყო
ჩემ სულელურად მომღიმარ სახეზე
უნდა დაგენახა მაშინ
ძვირფასო, მე არ ვამბობდი არაფერს
იქ იყო, ყველგან
შენ
 
                                                                       
 
Temporal Lobe
 
 
როცა აქ ხარ
თითქოს ძილში დავდივარ
და შენ მესიზმრები
მზე ამოვიდა და წასვლის დროა
ნამდვილად, მე ყველაფერი ვიგრძენი. 
წყნარია დილა
როდესაც ერთად მივსეირნობთ
ნელა იარე
არ იჩქარო
არ მინდა მალე დასრულდეს
როდის არის, როცა გნახავ?
არც დაგემშვიდობები
დავიცდი,
შემდეგში შეგხვდები 
სხვა დროსა და ადგილას
 
        
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული