• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჩვენ მუშათა კლასმა გამოგვზარდა

×
ავტორის გვერდი თაკო შუკაკიძე 12 მარტი, 2018 3453
***
 
მე მუშათა კლასის ოჯახში დავიბადე,
რაც თავი მახსოვს დედაჩემი სულ მუშაობს,
ამუშავებს მიწას, უვლის შინაურ ცხოველებს და ადამიანებს.
დადის ტყეში შინდისა და მაყვლის მოსაგროვებლად,
ის მსგავსად ყველა ომგამოვლილი ქალისა
ეროვნული გმირია,
რომელსაც სახელმწიფო თვეში  45 ლარს უხდის,
გაწეული გმირობისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის.
 
დედაჩემი ყველაზე ოპტიმისტი ადამიანია,
ის ხშირად მღერის ძველ სევდიან სიმღერებს
დაკარგულ სიყვარულსა და სამშობლოზე.
ჩემი დარდი მასთან შედარებით არაფერია,
სასაცილოდაც კი მეჩვენება.
 
 
ჩვენ მუშათა კლასი ვართ,
არავინ გვეკითხება რას ვგრძნობთ
ან რა გვაწუხებს.
პოლიტიკოსები და სასულიერო პირები განგვიხილავენ
როგორც ერთ–ერთ პრობლემას,
რომელსაც რაც მალე მოაგვარებენ მით უკეთესი მათთვის.
 
ჩვენი ოცნებები მიწის ქვეშ კარტოფილებივით მარხია
და ფრთებს ვეღარასოდეს შეისხამენ.
 
დედაჩემი ეროვნული გმირია,
ჩვენ მუშათა კლასმა გამოგვზარდა  
და რაც თავი მახსოვს სულ ვშრომობთ.
 
 
 
 
 
***
 
ხანდახან ჩემს მეგობარ პოეტებს დავცინი,
ღმერთო რა სულელები და ჩვეულებრივები არიან ისინი,
არაფერი რაინდული და მომხიბვლელი არ გააჩნიათ,
უსაშველოდ იხრებიან წელში,
დილით მთვლემარე სახით მიაბიჯებენ სამსახურში და საღამოს უკან,
გამონაკლის შემთხვევებში, ღვინოს სვამენ იაფფასიანს.
 
ვწვებით.
არა როგორც ქალი და კაცი,
არამედ  ორი იმედგაცრუებული ადამიანი,
რომლესაც მარტოსულობისაგან თვალები და ხელები ჩამოწელვიათ
და ჭირდებათ ვინმე, ვინც კიდევ უფრო გაუსაძლის გახდის მათ ყოფას.
 
 
როდის ჩამოწვა ჩვენს ფანჯრებთან ნისლი?
 
 
როდის გაფრინდნენ საყვარელი კაცები და ქალები ჩვენგან?
 
 
როდის დაემსგავსა ცხოვრება საყვარელ პიესებში ამოკითხული პერსონაჟების ყოფას?
 
“დაძინება რომ შემეძლოს, სიყვარულსაც შევძლებდი”
ადექი გავიქცეთ ვეუბნები მას,
ის კი მპასუხობს, - კარგიო,  და უძრავად დგას.
 
 
რატომ არაფერს ვცვლი,
რატომ ვუყურებ ჩემს გაწელილ დაკრძალვას,
რატომ არ ვაჩენ შვილებს,
რატომ გავრბივარ ყველა შესაძლო ბედნიერებისგან,
ვინ ჩაინიშნავს ჩვენს კითხვებს, რომ მერე პასუხების გაცემა არ დაავიწყდეს?????
 
 
ხანდახან ჩემს მეგობარ პოეტებს დავცინი (გულიანად)
როგორი უბრალოები და ხელშესახებები არიან,
უსაშველოდ იხრებიან წელში და მოთმინებით მიაგორებენ აღმართზე სევდას.
 
 
 
 
 
***
 
 
 
ჩემი ქალი ძალიან ლამაზია.
როცა ვუყურებ, ვხვდები,
როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქალი.
ვხვდები, თუ რა შორს ვარ ქალურობისგან.
ის ყოველთვის ნატურალურია,
მისი კანის ფერი,
თმა,
მანერები,
ყველაფერი ჰარმონიაშია!
ჩემი ქალი ყოველთვის სასურველია;
კაცები აღგზნებული მზერით უყურებენ, -
ერთი სული აქვთ მის სხეულს შეეხონ,
შეისრუტონ მისი სურნელი.
ჩემი ქალი ჩემი ერთგულია,
თვალებში მთელი ძალით ჩამყურებს,
მტვრიან გუგებს ამომისუფთავებს და
მეუბნება, რომ ის ძალიან ბედნიერია,
როცა მარტო ვართ...
ჩემი ქალი ყველაფერს ხვდება,
ხვდება, რომ  მე იგი არ მიყვარს,
რომ როცა მასთან ვარ, სხვაზე ვფიქრობ,
თუმცა არასოდეს უსაყვედურია.
 
ჩემი კაცი იდიოტია,
ჩემი კაცი მოღალატეა,
მას  არაფერი გაეგება
სიყვარულის და ეგეთი რამეების,
ჩემი კაცი მეზიზღება.
რატომ არ შემიძლია, აღარ მიყვარდეს?!
რატომ არ შემიძლია,
ჩავუსაფრთდე და შუბლში ტყვია დავახალო?!
რატომ არშემიძლია,
მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრო ჩემ სქალთან?!
ის ხომ ისე მომხიბვლელია,
ისე ნაზი,
ისე მომთმენი...
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული