• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

თუ ლექსებს წერთ გამოდის, რომ პოეტი ხართ (ინტერვიუ)

×
ავტორის გვერდი რონ პეჯეტი 05 მარტი, 2018 3483

Bleecker Street - ის ჟურნალისტი  პიტერ ბოუენი  ესაუბრა პოეტ რონ პეჯეტს.

ამერიკელი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და რედაქტორი რონ პეჯეტი  1942 წელს ამერიკაში დაიბადა. ის მრავალი პოეტური და პროზაული კრებულის ავტორია. მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის ფულბრაიტის პრემია, გუნინჰემის პრემია, უილიამ კარლოს უილიამსის პრემია, პულიცერის პრიზი.

 

 

 

განსხვავებული განწყობა  სჭირდება ფილმისთვის ლექსის დაწერას?

რ.პ. ორიოდე წლის წინ, ჯიმმა დამირეკა და ისე, სხვათაშორის მკითხა, ხომ არ გავუწევდი კონსულტაციას მომავალ ფილმში, რომელშიც პოეზია იქნებოდა ჩართული. მგონი, ნიუ-ჯერსიც ახსენა. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. რა თქმა უნდა, რაც დაგჭირდება, ყველაფერში დაგეხმარები-მეთქი, ვუთხარი. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ისევ დამირეკა და მკითხა, კვლავ მაინტერესებდა თუ არა ფილმი. „ფილმი იქნება ავტობუსის მძღოლის შესახებ,  რომელიც პატერსონში ცხოვრობს.  ბევრი რამ იქნება პოეზიასთან დაკავშირებული, და მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ სწორი გზით მივდივართ.“ მერე დაამატა: „შეიძლება შენი ლექსებიც კი გამოვიყენოთ.“ მე ვუპასუხე: „მშვენიერია, გამოიყენე, რომელიც გინდა.“ მერე ისევ დამირეკა: „რამდენიმე ლექსი ავარჩიე და ფილმში გამოყენება მინდა.“ მე ვუთხარი: „ჯიმ, აიღე, რომელიც მოგწონს.“  ცოტა ხანში მეუბნება: „თუ ახალ ლექსებს დაწერ, იქნებ ისინიც მოგვცე, ან, სულაც სპეციალურად დაწერო.“ ამაზე ვუპასუხე: „იცი, ჯიმ, შეკვეთით ლექსის წერა მაინცდამაინც კარგად არ გამომდის, მაგრამ გავითვალისწინებ, რომ ფილმისთვის ახალი ლექსები გჭირდება.“  

ეს საუბარი ასე დავასრულეთ და მე  დავიწყე ფიქრი ახალ ფილმზე. ორი დღის შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ საკუთარი თავი ავტობუსის მძღოლად წარმომედგინა.  პატერსონში, უილიამ კარლოს უილიამსის მშობლიურ ქალაქში, ბოლოს დიდი ხნის წინ, როგორც წმინდა ადგილას, ისე  ვიყავი. იქ ჩანჩქერი მოვინახულე,  მერე მის სახლშიც მივედი და მისმა მეუღლემ სახლში შემიპატიჟა. ასე რომ პატერსონი ჩემთვის უცხო ადგილი არ იყო. მაგრამ მანამდე არასოდეს დამიწერია ლექსი, როგორც ავტობუსის მძღოლს. ოთხი თუ ხუთი კვირის შემდეგ კი უკვე ოთხი ლექსი მქონდა დაწერილი. აქედან ერთი საშინელი იყო, მეც კი ასე მივიჩნიე, ამიტომ ჯიმისთვის არ შემითავაზებია და მხოლოდ სამი ლექსი გავუგზავნე („სხვა“, „გაქცევა“ და „სტრიქონი“). მას ლექსები მოეწონა, მითხრა, რომ სამივე არაჩვეულებრივი იყო. მე ვუთხარი: „გამოიყენებ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მე სიამოვნებით დავწერე.“ საბოლოოდ, მან უკვე არჩეული ლექსებიც გამოიყენა და სპეციალურად დაწერილებიც.

მანამდე დაწერილი ლექსებიდან რომელი აარჩია?

რ.პ. ოთხი ლექსი - „სიყვარული“, „ციალი“, „გოგრა“ და „ლექსი“. ჩემი „რჩეული ლექსების“ კრებული ახალი გამოსული იყო და ჯიმიმ იქიდან აარჩია. ერთ-ერთი მათგანია „სიყვარული“ ანუ Ohio Blue Tips Poem, რომელიც 1979-ში ჩემი ცოლისთვის დავწერე.   

მე ისიც პოეტურად მეჩვენება, რომ თქვენმა კრებულმა 2014 წლის უილიამ კარლოს უილიამსის პრიზი მიიღო. როდესაც თქვენ ფილმისთვის ლექსებს წერდით, პატერსონის სტილზე თუ ფიქრობდით?

რ.პ. როცა ვწერ, არა აქვს მნიშვნელობა, მე, როგორც მე ვწერ, თუ როგორც ავტობუსის მძღოლი. ერთ ფაქტორს  კი ვითვალისწინებდი - ვცდილობდი, ხასიათიდან არ გადამეხვია. ძალიან უცნაური იქნებოდა, რომ პატერსონს წერა ასანთიდან დაეწყო და მერე უცებ ტვინის ოპერაციის სირთულეზე დაეწერა. ავტობუსის მძღოლი და ყოფილი მეზღვაური, ბუნებრივია, ამით დაინტერესებული არ იქნება. მაშინ, როდესაც „მე“ შემიძლია ყველაფრის შესახებ დავწერო,  ამ საკითხში საკუთარ თავს არ ვზღუდავ.

პატერსონი თავისუფალ დროს  კითხულობს პოეზიას. თქვენ ურჩიეთ ჯარმუშს, რომელი პოეტების წიგნები მოეთავსებინა თაროზე?

არა. ეს ჯიმიმ თავად გადაწყვიტა. ჯიმი საკმაოდ განათლებულია. განსაკუთრებით კარგად ერკვევა მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის პოეზიაში. მას ხშირად უთქვამს, რომ მისი საყვარელი პოეტები მეოცე საუკუნის ნიუ-იორკის სკოლის ისეთი წარმომადგენლები არიან, როგორც ფრენკ ო’ჰარა, ჯონ ეშბერი, ჯეიმს შაილერი და კენეტ კოხი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში მისი ლექტორი იყო.

თქვენ ჯიმ ჯარმუშს დიდი ხანია იცნობთ. ერთმანეთი როგორ გაიცანით?

რ.პ. ჯიმის სახელი ჩემი  ვაჟისგან გავიგე. დიდი ხნის წინ მან მირჩია, მისი ფილმი, Stranger than Paradise  მენახა. ჩემს ვაჟს საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს და მეც დავუჯერე, ფილმი ვნახე. ამის შემდეგ ჯიმის ფილმებით დავინტერესდი. ერთხელ ვიღაცამ მითხრა, რომ ჯარმუში კოლუმბიის უნივერსიტეტში  ინგლისური ლიტერატურისა და თანამედროვე პოეზიის პროფესორ კენეტ კოხთან სწავლობდა ჩემსავით. განსხვავება ისაა, რომ მე სწავლა 64-ში დავამთავრე, ხოლო ჯიმიმ 75-ში. 

რამდენიმე წლის შემდეგ, პოლ ოსტერმა სადილზე მიმიწვია და მითხრა, რომ ჯიმ ჯარმუშისა და სარა დრაივერის მიწვევასაც გეგმავდა. მკითხა, ხომ არაფერი მქონდა საწინააღმდეგო. „არაჩვეულებრივია! მე ყოველთვის მომწონდა მისი ფილმები.“ ვუთხარი სიხარულით.

მე და ჯიმიმ მაშინვე გავუგეთ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი დაიმორცხვა, როცა ვუთხარი, რომ ცნობილ რეჟისორად ვთვლიდი.  სადილზე ვცდილობდი, საქებარი სიტყვები არ მეთქვა, რადგან ეს უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. სადილის შემდეგ, ჯიმიმ, უკან, მანჰეტენზე ერთი მანქანით წასვლა შემომთავაზა. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ახლოს ვცხოვრობდით ერთმანეთთან.  როცა ბრუკლინის ხიდი გადავიარეთ, მივუბრუნდი და ვუთხარი: „მართალია, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ არაფერს ვიტყოდი, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ - მიმაჩნია, რომ დიდებულ ფილმებს იღებთ და თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ.“ ამაზე ჯარმუშმა მიპასუხა: „ღმერთო ჩემო! მთელი საღამო შემთხვევას ველოდი, რომ მეთქვა, რომ ათეული წლებია, თქვენი პოეზიის დიდი ფანი ვარ. რატომღაც, მერიდებოდა  თქვენს წინაშე ამის აღიარება.“ აი, ამის შემდეგ დავმეგობრდით.

პატერსონი ლექსებს კი წერს, მაგრამ საკუთარ თავს პოეტს მაინც არ უწოდებს. თქვენ როგორ გახდით პოეტი?

უნდა ავღნიშნო, რომ მე საკუთარ თავს პროფესიონალ პოეტად და საერთოდ,  თუნდაც სხვა რაიმე საქმის პროფესიონალად არ ვთვლი. დიდი ხნის განმავლობაში რედაქტორი ვიყავი და ხელფასსაც ამაში მიხდიდნენ. წერა 12 თუ 14 წლისამ დავიწყე. 16 წლის ასაკში უკვე ერთადერთი სურვილი მქონდა - ლექსები მეწერა. თუმცა პროფესიული ინტერესი არ მქონია.  ვცდილობდი, იქით წამეყვანა ჩემი ცხოვრება, სადაც ლექსების წერის საშულება მექნებოდა და მატერიალური სამყარო არ გამქელავდა. წლების განმავლობაში გავიცანი პოეტები, ლექსებს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში ვაქვეყნებდი, წიგნებს ვუშვებდი, წიგნებისა და ჟურნალების რედაქტორად ვმუშაობდი, ვატარებდი პოეზიის საღამოებს და ვუძღვებოდი პოეზიის პროგრამებს. ჩემს წიგნებს კითხულობდნენ, აშუქებდნენ და ხალხმა  პოეტად გამიცნო.   ძალიან ადრე, როცა წვეულებაზე ვინმეს გამოველაპარაკებოდი და ის ჩემი საქმიანობის შესახებ მკითხავდა, მე ვპასუხობდი, რომ მწერალი ვიყავი. არ მინდოდა, პოეტი მეხსენებინა. რადგან, როცა სიტყვა პოეტს ახსენებ,საუბარი დასრულებულია. ის აუცილებლად გიპასუხებთ „ოჰ, ღმერთო, ჩემი ცოლი ლექსებზე გიჟდება.“ ან „მგონი, ლექსები სკოლაში წაკითხული მაქვს“. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი პოეტად მიცნობდა, მე მაინც არ ვამბობდი, რომ პოეტი ვიყავი. თუმცა, რა თქმა უნდა, პოეტი ვიყავი. როცა ვორქშოფებს ვატარებდი სხვადასხვა ქვეყნებში, ზოგჯერ ვიღაც მორცხვად მეტყოდა: „იცით, ლექსებს ვწერ, მაგრამ პოეტი არ ვარ.“ მე მათ მაშინაც ასე ვპასუხობდი და ახლაც ასე ვპასუხობ: „თუ ლექსებს წერთ, გამოდის, რომ პოეტი ხართ.“ პატერსონს არ სურს გამოტყდეს, რომ პოეტია, მას მხოლოდ წერა სურს. ის ძალიან მორცხვი და თავმდაბალია.

ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაცით ჰგავხართ პატერსონს?

როგორც ფილმიდან ჩანს, პატერსონი საშუალო კლასს მიეკუთვნება, რაც ჩემ შემთხვევაშიც ასეა. ჩემმა მშობლებმა ძალიან დაბალი ფენიდან დაიწყეს და თავისი შრომით საშუალო კლასს მიაღწიეს. ეს ნამდვილად საერთო გვაქვს. მეც და პატერსონიც  დიდ ყურადღებას ვანიჭებთ იმას, რასაც ვხედავთ. ყველაზე უმნიშვნელო საგანიც კი, როგორიცაა ასანთი, შეიძლება ლექსის ინსპირაციად იქცეს.

ავტობუსის ტარება ხომ არ გიცდიათ, რომ პატერსონის ხასიათი გეგრძნოთ?

არა, ავტობუსი არასოდეს მიტარებია. ერთხელ სატვირთო მანქანით სამხრეთ კაროლინადან ვერმონტში ჩამოვედი. ასე რომ ვიცი, როგორია დიდი მანქანის საჭესთან ჯდომა, თუმცა, მგზავრები არ მყავდა, ამხელა გამოცდილება ნამდვილად არ მაქვს.

ადამ დრაივერი კარგად გაიცანით?

მითხრეს, რომ ფილმის გადაღების პროცესში აქტიურად არ უნდა ჩავრეულიყავი, ამიტომ განზე ვიდექი, და თუ ჯიმს ან ადამს შეკითხვა გაუჩნდებოდათ, დიდი სიამოვნებით ვპასუხობდი.   გადაღების პირველ დღეს დავესწარი და გადამღებმა ჯგუფმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.  განსაკუთრებით, მათმა ჰარმონიულმა მუშაობამ. თავი ისე ვიგრძენი, როგორც ბავშვმა ტკბილეულობის მაღაზიაში.

როცა ჯიმი ადამისთვის ლექსების გაცნობას აპირებდა, უთხრა: „თუ გინდა, რონის სხვა ლექსებიც წაიკითხე, წიგნს მოგცემ“. რაზეც ადამმა უპასუხა: „არ არის საჭირო, მე უკვე წავიკითხე მისი ლექსები.“ აი, ასეთია ადამ დრაივერი. იცით, მან მანამდე ისწავლა ავტობუსის ტარება, ვიდრე ვინმე სთხოვდა.

მე არც კი მიფიქრია, მისთვის მერჩია, როგორ წაეკითხა ლექსები, რადგან, მიმაჩნია, რომ ამ ფილმში ლექსები მას ეკუთვნის.

 

და მისი ხმა ლექსებს ძალიან მოუხდა.

დიახ, ასეა. თუმცა, ვიდრე მოვისმენდი, გარკვეული შიში მქონდა, რაც ჩემი წარსული გამოცდილებიდან  მოდის. საქმე ისაა, რომ დიდი ხნის წინ ვყიდულობდი ჩანაწერებს, სადაც მსახიობები ლექსებს კითხულობენ, და სამწუხაროდ, ისინი ზედმეტი ემოციით და გამოთქმით კითხულობდნენ, რითიც, ჩემი აზრით, მთლიანად ანადგურებდნენ ლექსებს. მაგრამ სიხარულით უნდა ავღნიშნო, რომ  როგორც კი   ადამის წაკითხული ლექსი გავიგონე, მაშინვე დავმშვიდდი და ჩემთვის ვთქვი: „კარგია, ამ ბიჭმა კარგად იმუშავა.“  

რით განსხვავდებით პატერსონისგან?

მე ნიუ-იორკში ჩამოვედი, რომ სკოლაში მევლო და სკოლის მერე იქ დიდი ხნით დავრჩი. მე მასავით იზოლირებული არ ვიყავი. არასოდეს მქონია სამსახური, რომელიც 9 საათზე იწყებოდა და 5-ზე მთავრდებოდა. პატერსონს თვითრწმენა აკლია, მე კი მის ასაკში თავდაჯერებული ვიყავი. არ მიმაჩნდა, რომ რასაც ვწერდი, დიდებული იყო, მაგრამ იმაში ეჭვი არ მეპარებოდა, რომ წერა ჩემი საქმე იყო, არც იმაში, რომ წერას თავს არასოდეს დავანებებდი და ვერც ვერაფერი შემაჩერებდა. 

ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად უნდა გკითხოთ: თქვენი ლექსებს  საიმედოდ ინახავთ?

გააჩნია, სად ვწერ. ზოგჯერ კომპიუტერში ვწერ, ზოგჯერ ბლოკნოტში, მაგრამ ვცდილობ, ასლები გადავიღო და სხვადასხვა ადგილას შევინახო. ან ჩემს ვაჟს მივცე, იმ შემთხვევისთვის, თუ ჩემს ბინაში  ხანძარი მოხდება და ყველაფერი განადგურდება.  ჩემთვის ჩემი ლექსები მნიშვნელოვანია, თუმცა, დანარჩენი სამყაროსთვის არ ვიცი. მაგრამ რა თქმა უნდა, Fort Knox*-ში სეიფი არ მაქვს დაქირავებული.

 

*ბანკი ამერიკაში

ინგლისურიდან თარგმნა დალილა გოგიამ

დაიბეჭდა ჟურნალში "ახალი საუნჯე"

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული