• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ერთჯერადი აღსარება

×
ავტორის გვერდი აკა გორგიაშვილი 07 მარტი, 2018 2695

 

ღმერთო, მომეცი სიგარეტი,
მომეცი სანთებელა და საფერფლე
ღმერთო, მომეცი მყარი ნერვული სისტემა,
დამიბრუნე დაკარგული ტერიტორიები,
ღმერთო მომეცი საყრდენი ძალა და ჰონორარი
ღმერთო მომეცი შენი მობილურის ნომერი, რათა დაგიტოვო მდუმარე ავტომოპასუხე წარსულის ბასრ მოგონებებზე
ღმერთო მომეცი უფლება, რომ მიყვარდეს გოგო, რომელიც ყოველ დილით ხედავს უკანონო გამოსახულებებს
ღმერთო მომეცი დრო, რომ ვცადო შენი ხელახლა შეყვარება, თუმცა ორივემ ვიცით, რომ ეს დაუშვებელია
ღმერთო მომეცი მეტი სექსი და უფრო მეტი სექსი,
ღმერთო მომეცი მცირე ტელეკომპანია და წამყვანის ნიჭი, რათა ყველამ იცოდეს ჩემს ნაზ სიზმრებსა და ჩემს ღამეულ ერექციებზე,
ღმერთო მომეცი ნამდვილი მეგობარი ლამაზი ტანსაცმლით, 
ქერა თმითა და სელებრითული იმიჯით, რათა ჩემს ცხოვრებას მიეცეს აზრი და გავხდე საამაყო და მისაბაძი
ღმერთო მომეცი ლამაზი შეყვარებული და ნობელის პრემია
ღმერთო მომეცი გერმანული მანქანის გამძლეობა და ამერიკული რაკეტის სისწრაფე, რათა ვიყო ყველგან და ყოველთვის ხელმისაწვდომი, რათა ვკვეთდე ფინიშის ხაზს პირველი და არ მაბრკოლებდეს დედაჩემის რუხი თვალები,
ღმერთო, მომეცი უფლება, რომ არ გემსახურო.
ღმერთო მომეცი ოქროს თევზი, რათა ვთხოვო, რომ არ იარსებო,
და იმასაც გთხოვ, რომ არ მომცე ავტომანქანა, 
რადგან არანაირი საფრთხე არ არსებობდეს ჩემი დაღუპვის.
ღმერთო მომეცი დაბალი ინტელექტი, რათა თავად ავიმაღლო და ავმაღლდე
მომეცი წმინდანის სიმშვიდე 
და შურდული, რათა მოვიგერიო ყველა გოლიათი,
და მომეცი მწირი ფანტაზია, რათა აღარასდროს დაგიწერო ლექსი.
და მომეცი მწირი ფანტაზია, რათა აღარასდროს დაგიწერო ლექსი
და არასდროს დავარღვიო შენი სიმწრით მოპოვებული მყუდროება, 
თუ საერთოდ შევძელი ეს.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული