• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სკა

×
ავტორის გვერდი სოფიო კომახიძე 06 მარტი, 2018 1943
***
როცა იკეტები გარეთ დარჩენილებს წრეში იქცევ 
და მათ გარშემო სიარულს ნელა სწავლობ
ისინი შენი თვალებიდან გამოჩრილ გზებზე
გელოდებიან 
ან ერთმანეთის ნაბიჯებით მიაქვთ მომდევნო დღეები
მათი სახეები მიტოვებული და მოშლილია
ხანდახან
როცა მუსიკა გრჩება მოშვებული
და თვალებში მისამართები გიქრება
ჩვენ გამოვდივართ ერთმანეთის მდგომარეობიდან
სხვა გზებით და თვალებიდან.
 
 
 
***
მე ვისმენდი მონოლოგებს 
ცივი ქუჩების ხმაში
ქალაქმა გადაწყვიტა მაკავშირებელი ხაზები
და ხალხი მოედო ასფალტს
ვერ აიტანეს ერთმანეთი მზემდე
დაიშალნენ და დაავადმყოფბდნენ
ბავშვებმა თვალებიდან ხმა ამოიღეს
გაიზარდნენ და გაგიჟდნენ
ქალაქი იკვებება ნაფეხურებით
ქუჩები ნერვიულად იღიმებიან
არსად უშვებენ ნაბიჯებს
ჩვენ გადავწყვიტეთ მაკავშირებელი ხაზები
გათავისუფლებული ნაბიჯებით მოვედეთ ტრასებს.
 
 
***
მაწანწალა სისხლის ოთახში მძინავს
მოაჯირგადახსნილ აივანზე დილის გუბე დგას
მესიზმრა მთვარე
რომელსაც ტროტუარის ხორცშესხმულ ლანდებში 
გაცოცხლებულ ბავშვებთან ერთად გავურბოდი
ხიდის ჩატეხვას გაწყვეტილი სხეულის ერთმანეთზე გადაბმით ზეიმობდნენ
მათი თვალები იყო ასფალტის და სხვების
ეს იყო მრწამსი
მაწანწალა როგორც სისხლი
ცაზე კლაუსტროფობია დაცოცავდა
წვიმა მოდიოდა შიშინით და შიშით
და ჩვენ არ გვჭირდებოდა ერთმანეთი.
 
ვაგონები ჩერდებიან ჩემს ძარღვებზე
ვმძიმდები
გონება ითხოვს მხედველობას
ვსვამ ძახილის ნიშანს და ვთვრები.
 
 
 
***
მე ვუყურებდი თანამგზავრებს პარიზის მეტროს ვაგონებში
და ყველა მათგანისთვის სიყვარულს ვპოულობდი,
გამხდარ, 
დასვრილ თითებს,
და თხევად თვალებს,
ან სახეებს, რომლებიც მღეროდნენ არავისთვის, 
არ ჩერდებოდნენ.
გზები წარმატებული ნაბიჯების ქვეშ იმალებიან.
ალბათ მეორე დილა შიშის გარეშე ცარიელია,
სიტყვებს არა აქვთ ხმა
და სხივები ტანსაცმელს ხვრეტენ,
ზურგს ამაგრებენ.
მე ვარ მარტო და მეშინია, რომ დამიძახებენ.
ღამით მკვდარ მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ბრიჯს და ყველა მათგანის წილს ლუდს ვსვამ.
ასე ჯობია.
 
 
 
***
ის ისმენს წასვლის ხმებს 
როცა მის ქვემოთ ყველა ადგილი მიტოვებულია
ერთმანეთის სურვილებზე ცოცვით
სხვებად გარდავიქმნებით
ვინ ხარ შენ
რომელსაც ყელში ამოსული მცენარეები გახრჩობენ
როცა დღეს თვალებით აღებ
კითხულობ ძველ წიგნებს და ფურცლებიდან ასოებს კოკაინივით იყნოსავ
სიტყვების რწყევით არღვევ ხმებს
ყველა ექოსთან შესახვედრად.
მან გამოაღო ოთახის კარი
სიცარიელე გამოუშვა
და ახალი წასვლის ხმა გამოსცა.
 
 
 
***
ფაქტს არა აქვს მნიშვნელობა
მთავარია შეგრძნება, რასაც ის ტოვებს
ჩვენ ყველანი ეგოისტები ვართ
და დამბლასავით გვეცემა სხივი.
ფოთლებდახოცილ ხეებს არაფერი არ დარჩათ
იმ წერილების გარდა,
რომლებიც ბავშვებმა მათ ფუტუროებში დამალეს.
მიწისგან დაკბენილო
მერქნით ამოყორილო ბებერო ხეებო
არ არსებობენ თქვენზე უფრო საყვარელი ეკლესიები.
მე ამოვითხარე თვალებიდან ბოლო სხივი და გავხდი უჩემო.
მზე უფრო ახლოა
ვიდრე ის სითბო,
კედლებში თაგვებს რაც დააქვთ.
ნათურებში იკრუნჩხება ღამე.
სად გავქრით ყველანი?
 
 
 
***
თავისუფლება შეჭმულია
ახალ ქალაქში სურვილებს ვერ ვითავისუფლებ.
მინდა ვიცხოვრო ქალთან ერთად
რომელსაც არ ექნება ხმა
და ექნება იმდენად სავსე თვალები 
არ დავჭირდები
მე დავინახავ მის ნაბიჯებს ცარიელ ნაბიჯებით
მის გადაადგილებას სივრცეში და ავედევნები
ეს იქნება გაწელილი პროცესია თანმხლები განცდების გარეშე.
მე მჯეროდა ჩემი მეგობრის
ვისთან ერთადაც თვალებს მინდვრებს ვახლიდი
რომელმაც მომიტანა ბევრი ლუდი და მარიხუანა
და რომელსაც პირიდან ფერადი სიტყვები ცვიოდა
ჩვენ ერთად გვეგონა
რომ ყველა ხმა ჩვენკენ იყო მომართული
შემდეგ მან შეწყვიტა ყურება და ლაპარაკი დაიწყო
და ურთიერთობიდან შიშმა დაიწყო წვეთა 
და თვალებმა მწვანე სითხე გადმოიფურთხეს
რადგან მას უნახავს 
როგორ მიძვრებოდნენ ხმაში ქვეწარმავლები
და ყველა სიტყვას ქარს ატანდნენ. 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული