• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ვინ შეჭამა ვენახი?

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 08 მარტი, 2018 2363
მ. პ: 
ლადო, 55 წლის.
დალი, 53 წლის.
თომა, 35 წლის.
ლელა, 37 წლის. 
 
მაგიდის გარშემო ექვსი სკამიდან მხოლოდ ერთია ფეხზე. სკამზე ზის დალი. მაგიდას ეყრდნობა. თვალები გაშტერებია. თომა სკამებს ფეხზე აყენებს და მაგიდის ირგვლივ აწყობს. მიდის დალისთან და შუბლზე კოცნის.
 
თომა: დავურეკე და გზაში ვარო. მალე მოვალ და ყველაფერს მოგიყვებითო.
 
ტელეფონი რეკავს. თომა ტელეფონის ხაზს გამოაერთებს.
 
დალი: რას აკეთებ? ვინემ რომ დაგვირეკოს? 
 
თომა: ვის ელოდები?
 
დალი: მამაშენმა რომ დარეკოს?
 
თომა: არ დარეკავს.
 
დალი: რატომ? ხომ აქვთ ზარის უფლება?
 
თომა: ზარის უფლება აქვს კი. მაგრამ ელაპარაკა ლელა და მოვა მოგვიყვება ყველაფერს.
 
დალი: ჩართე მაინც.
 
თომა: არ ჩერდება. დავიღალე. 
 
დალი: ჩართე.
 
თომა: ჩავრთავ ცოტა ხანში.
 
დალი: არა, ახლავე ჩართე. 
 
ტელეფონი ჩართვისთანავე რეკავს. 
 
თომა: მე არ ვუპასუხებ.
 
დალი დგება და კოჭლობით მიდის ტელეფონთან.
 
დალი: ალო. ვინ გნებავთ? კი, მე ვარ. არ ვიცი. არა, არ იყო. ზარს ველოდები. ვერ დავაკავებ. ნახვამდის. 
 
ყურმილს აგდებს.
 
დალი: ახლა შეწუხდნენ და ანერვიულდნენ. წლები ისე გავა ერთს არ მოგიკითხავენ.
 
თომა: ვინ იყო?
 
დალი: მამაშენის ბიძაშვილი.
 
ტელეფონი ისევ რეკავს. 
 
თომა: გითხარი რა. ხომ გითხარი. თუ ვინმეს რამე დასჭირდება დამირეკავს მობილურზე.
 
ტელეფონის ხაზს გამოგლეჯს. სიჩუმეში დალი ტირილს იწყებს.
 
თომა: რა გატირებს, დედა? რა? 
 
თომა მხარზე მოხვევს ხელს და სკამთან მიჰყავს. 
 
თომა: დამშვიდდი. გამოუშვებენ.
 
დალი: ოთხიო. ოთხიო.
 
თომა: კარგი ნუ იმეორებ.
 
დალი: ბავშვებიო.
 
თომა: ჯერ არ ვიცით არაფერი. 
 
დალი: ტელევიზორში თქვეს.
 
თომა: ტელევიზორში ათას ყლეობას ამბობენ ეგრე. 
 
შემოდის ლელა. 
 
ლელა: კარი ღია იყო.
 
თომა: ჰო, მე დავტოვე.
 
ლელა: რატომ?
 
თომა: მოვდივარო და.
 
ლელა: ვინმე რომ შემოსულიყო?
 
თომა: ვინ უნდა შემოსულიყო? სად ხარ აქამდე?
 
ლელა: საცობი იყო. 
 
თომა: რაო? რა ხდება? 
 
ლელა: ცუდად არის საქმე.
 
თომა: ანუ? ნახე?
 
ლელა: კი, აბა, რისთვის ვიყავი მისული.
 
თომა: რა გითხრა?
 
ლელა: შენ რატომ შეგაწუხესო? 
 
თომა: მერე?
 
ლელა: მერე კადრები ვნახე. 
 
თომა: რა კადრები?
 
ლელა: სათვალთვალო კამერის.
 
თომა: და?
 
ლელა: ცუდად გავხდი. კინაღამ გული შემიწუხდა. ნუ მომაყოლებ.
 
თომა: მაინც?
 
ლელა: ეს საწყალი ბავშვები. ერთს თავი გაუპო. მეორეს გაქცევა უნდოდა, მაგრამ ფეხი წამოსდო რაღაცას, წაიქცა და ხელებს იფარებდა... 
 
თომა: კარგად ჩანს?
 
ლელა: ძალიან.
 
თომა: და ნამდვილად მამაჩემია?
 
ლელა: ჩემი თვალით ვნახე. განყოფილებიდან რომ გამოვედი ხალხი იყო შეკრებილი. 
 
თომა: რას ითხოვნდნენ? 
 
ლელა: გაშმაგებული ბრბო. შევადნას აპირებდნენ.
 
თომა: იმიტომ მითხარი რომ არ გამოვსულიყავი?
 
ლელა: ჰო.
 
დალი ტირილს იწყებს.
 
დალი: რა დაგიშავე, ღმერთო?
 
თომა: დამშვიდდი. შეცდომაა. ლელა დაიცავს და გამოუშვებენ. აი, ნახავ თუ არა. დამიჯერე.
 
ლელა: მე ვერ დავიცავ.
 
თომა: რას ნიშნავს ვერ დაიცავ?
 
ლელა: კლიენტებს დავკარგავ, რომ დავიცვა.
 
თომა: რას ნიშნავს კლიენტებს დაკარგავ? შენი საქმე არ არის ეგ? თან მამაჩემია.
 
ლელა: ჰოდა, მითუმეტეს. 
 
თომა: რა მითუმეტეს. 
 
ლელა: ბავშვები დახოცა. 
 
თომა: არ ვიცით დახოცა თუ არა. რატომ უნდა დაეხოცა?
 
ლელა: მე რა ვიცი. რატომ ხოცავენ მანიაკები.
 
თომა: მამაჩემი მანიაკი არ არის. არ იცნობდე მაინც. 
 
ლელა: როგორც ჩანს არ ვიცნობდი.
 
თომა: ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს. 
 
ლელა: ვეტყვი ვინმე ჩემს ნაცნობ ადვოკატს.
 
თომა: ფული?
 
ლელა: იაფად. შევუთანხმდები მე. 
 
თომა: შენ თვითონ რატომ არა? რატომ ვერ ვხვდები?
 
ლელა: ვერ დავიცავ.
 
თომა: გმადლობ.
 
ლელა: რა გმადლობ?
 
დალი: კარგით ახლა. კარგით. ნუ დაიწყეთ. 
 
ლელა: ეგ კი არა, გზაში ვფიქრობდი.
 
თომა: რას ფიქრობდი?
 
ლელა: არაფერს. 
 
თომა: არა, თქვი. 
 
ლელა: რომ მამაშენმა თუ ესეთი რაღაც გააკეთა.
 
თომა: ჯერ არ არის დამტკიცებული. 
 
ლელა: თუ მამაშენი აღმოჩნდა ასეთი მანიაკი, რა გარანტია მაქვს რომ შენც არ გააკეთებ იგივეს?
 
თომა: ბატონო? 
 
ლელა: ჰო, რა ვიცი. გენები, აღზრდა.
 
თომა: რას გავაკეთებ? რას? ბაშვებს დავხოცავ? გააფრინე?
 
ლელა: რატომ?
 
თომა: აბა, რა გენები, გოგო? რა გენები? რას ბოდავ? 
 
დალი: შენგენაცვალე, დედა, გაჩერდი. 
 
ლელა: არ გინახავს შენ ის ვიდეო.
 
თომა: არ მინახავს, მაგრამ არ მჯერა მამაჩემის მოკლული ბავშვების. არა.
 
ლელა: არ მინდა რომ ჩემს შვილებს ვინმე დაემუქროს.
 
თომა: ვინ ემუქრება ჩვენს შვილებს?
 
ლელა: არავინ, მაგრამ რომ გაიგებენ რა ქნა ბაბუამისმა? სკოლაში რომ მივიყვანთ.
 
თომა: საიდან უნდა გაიგონ?
 
ლელა: იჭორავებენ, წერენ უკვე.
 
თომა: და რა ვქნა?
 
ლელა: არ ვიცი.
 
თომა: ეს მამაჩემი საბაბია ხომ ახლა?
 
ლელა: რა საბაბია? 
 
თომა: დიდი ხანია გინდა ისედაც რომ დამშორდე. 
 
ლელა: საიდან მოიტანე?
 
თომა: ვხვდები მე ამას.
 
ლელა: გეშლება.
 
თომა: არაფერიც არ მეშლება.
 
დალი: არ არის ლადო თომას მამა.
 
თომა: კარგი რა დედა. დიდი ხანია უნდა ამას გაშორება. მოიცა, რა?
 
დალი: ლადო არ არის შენი ბიოლოგიური მამა.
 
თომა:  აბა, ვინ არის მამაჩემი?
 
დალი: არ ვიცი.
 
თომა: როგორ თუ არ იცი?
 
დალი: არ ვიცი და ეგრე.
 
თომა: მოიცა. ახლა ნუ ამწევ ჭკუიდან.
 
დალი: გამაუპატიურეს.
 
თომა: როდის?
 
დალი: რა როდის? სანამ გავყვებოდი მამაშენს ცოლად. 
 
თომა: აბა, მამაშენი არ არისო? 
 
დალი: ბიოლოგიური მამა არ არის. მაგრამ ეგ რას  ცვლის?
 
თომა: და არ იცი ვინ გაგაუპატიურა?
 
დალი: არა. 
 
თომა: ვერ იპოვნეს?
 
დალი: ვის უნდა ეპოვნა?
 
თომა: პოლიციას. 
 
დალი: არ განმიცხადებია.
 
თომა: რატომ?
 
დალი: არ ვიცი. არ შეიძლებაო. ლელა, არ არის ეს იმის შვილი და ნუ გეშინია გენების.
 
ლელა: არა, არ მეშინია.
 
თომა: ვერ მითხარი?
 
დალი: რა?
 
თომა: რომ მამაჩემი არ არის?
 
დალი: როგორ უნდა მეთქვა? ან რომ მეთქვა რას იზამდი? 
 
თომა: არ ვიცი, რა უნდა მექნა, მაგრამ…
 
კარი იღება და შემოდის ლადო. სამივე მას უყურებს. 
 
თომა: გამოგიშვეს?
 
ლადო: არა, გამოვიქეცი. 
 
თომა: საიდან გამოიქეცი?
 
ლადო: ვინმემ თუ მიკითხა აქ არ ვარ. 
 
(პაუზა)
 
ლადო: ვხუმრობ. გამომიშვეს.
 
თომა: აბა, კადრები ვნახეო?
 
ლელა: ვნახე…
 
ლადო: დაიჭირეს ნამდვილი დამნაშავე. ჰოდა, ბოდიში, მიგამსგავსეთო.
 
ლელა: სად დაიჭირეს?
 
ლადო: მე რა ვიცი. 
 
დალი ლადოს ეხვევა. 
 
ლადო: ნელა. ნელა.
 
დალი: რა იყო? რა?
 
ლადო: მტკივა. 
 
დალი: რატომ გტიკივა?
 
ლადო: მცემეს.
 
დალი: ვინ გცემა? რამდენი ხანია არ ჩამხუტებიხარ? მაინცდამაინც უნდა დამიჭირონ რომ ჩამეხუტო?
 
დალი: რატომ გცემეს?
 
ლადო: მკვლელი ვეგონეთ და კი არ მიჯერებდნენ. მაგრამ დილით მარტო მე ვიყავი. პარკის შესასვლელში ლურჯი ბუშტი ვიპოვნე. ბუშტი ნაგავი ხომ არ არის. ურიკაზე მივაბი. დალაგება დავიწყე და ქვემოთ, სულ ქვემოთ, აი, მდინარისკენ რომ მიდიხარ... იქ იყვნენ. მე დავრეკე. დავრეკავდი მკვლელი რომ ვყოფილიყავი? ვერ გავაგებინე. სისხლიანი ხარო და სისხლიანი ვიქნებოდი, აბა, ხელში ავიყვანე და ვეხმარებოდი სასწრაფოს. არ დავხმარებოდი? მომეცხო სისხლი.
 
ლადო მეეზოვის ნარინჯისფერ, სისხლით მოსვრილ ჟილეტს გაშლის.
 
ლადო: მისი სისხლი მქონდა. არ დამიჯერეს. არ დამიჯერეს, რომ სასწრაფოში შევსვი. მირტყეს. ისე. თქვიო. ღრიალებდნენ. ჩუმად. შე, მანიაკოო. გავგიჟდი კაცი. მერე კამერა რომელიც გაფუჭებული ეგონათ, აღმოჩნდა რომ მუშაობდა და ჩანაწერი ნახეს. ჩანაწერზე გინდა თუ არა შენ ხარო. ვერ ვიქნები, მე ვერაფრით, კარგად ნახეთ, დააკვირდით, მაგრამ მირტყამდნენ. მარტო ერთი არ მირტყამდა. კარგი ბიჭი იყო ის. კეთილი რაღაცნაირი. არ არის ეგეთების ადგილი პოლიციაში. ხელებს დავიბან. გამოვიცვლი და ვჭამოთ. 
 
ლადო გადის. დალი მაგიდას შლის.
 
ლელა: მაპატიე.
 
თომა: სახლში ვილაპარაკოთ.
 
შემოდის ლადო. მაგიდას მიუჯდება. ჭამენ უხმოდ. რამდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ კოვზის თეფშზე მოხვედრის ხმა ისმის. მოულოდნელად ლადო ტირილს იწყებს. დალიც ტირის. ტირილს იწყებს თომაც. თომას ლელაც აყვება. ერთხმად ტირიან. ლადოს ტირილი სიცილში გადასდის. სხვებიც აჰყვებიან. იციანიან დიდხანს. 
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული