• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ჩხრეკა

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 02 იანვარი, 2018 2217
შვილი. კარზე აკაკუნებდნენ. ბალიში დავიფარე თავზე. გადავიფარე საბანი. მუხლები მკერდზე მივიბჯინე, მაგრამ მერე ვიფიქრე, ვინმე რომ შემოვიდეს და დამინახოს ამხელა კაცი ასე მოკუტული. ჯერ ეს ერთი რომელი საათია. ამ დროს საწოლში ვინ არის? გავიშალე ისევ. გავსწორდი. ფეხები მივაბჯინე საწოლის კიდეს. 
 
დედა. ნეტავ ვინ უნდა იყოს ამ დროს? 
 
შვილი. მეზობელი იქნება ვინმე. შეიძლება წყალი ჩასდით. ყოველთვის უარესს წარმოვიდგენ ხოლმე. მეზობელზე უარესი ვინ უნდა იყოს. იქნებ ჩემი შეყვარებულია, ფალოიმიტატორის დასაბრუნებლად მოვიდა. დარჩა, ვიფიქრე, რომ დასჭირდებოდა. აწვდის დედაჩემს. 
 
დედა. კარში ორი ახალგაზრდა ბიჭი დგას. გული ცუდს მიგრძნობს, მაგრამ თავაზიანად ვესალმები. რა გნებავთ?  მაცვია ბორდოსფერი ხალათი. ზუსტად 27 წლის არის ეს ხალათი. რაც უფრო ხუნდება, კიდევ უფრო მომწონს. მთავარია არ გაიხეს. სახლშია? ვინ ვეკითხები. ვინ არის სახლში? ჩემს შვილს გულისხმობენ. საბუთს მაჩვენებენ. სახლი უნდა გავჩხრიკოთო. ახლავე მანახეთ ორდენი.  ნეტავი დაიჭერენ? წაიყვანენ? რომ ვეღარ ვნახო. რომ ვეღარ ვნახო?
 
შვილი. ერთი ფოთოლი გაცილებით მეტს გვიყვება სამყაროს შესახებ, ვიდრე წიგნის ტომეულები. ხე კვირტს გამოიტანს, როგოც თავაზიანი მასპინძელი გადანახულ ლიქიორს. მერე ვჭკნებით და ქარი გვათრებს ქუჩა-ქუჩა. სანამ თოვლი არ დაგვფარას და ნეშომპალად არ გვაქცევს.
 
დედა. უჯრებს აღებენ. ამ უჯრებში ჩემი ტრუსები აწყვია. პოლიციელი ჩემს ტრუსებში იქექება. უცნაური განცდაა. ჩემი ტრუსები ჩემი ქმრის მეტს არავის უნახავს. სარეცხსაც ისე ვფენ, რომ ტრუსებს მეზობლები ვერ ხედავდნენ. 
 
შვილი. ნეტავ ვინ არის. ავდგე არ ავდგე?
 
დედა. სანამ ერთი უჯრებში იქექება. მეორე შეკითხვას იმეორებს. სახლშია შენი შვილი? ძინავს. ჩემს შვილს ძინავს. ასეთ დროს? დაიღალა. რამ დაღალა? მეკითხება. რამ დაღალა. მუშაობს. ალბათ ძალიან ბევრს მუშაობს. როგორც შეუძლია ისე მუშაობს. თქვენ იცნობთ მას? ნუთუ უთვალთვალებდნენ. არ გამოვრიცხავ. ძალიან კარგად იციან ყველაფერი. ბევრს მუშაობს. ბავშვობიდან ძალიან სუსტი იყო. თან ასთმა აქვს. ასთმა? ასთმა ჩე გევარასაც ჰქონდა. იცოდი ჩე გევარასაც ჰქონია ასთმა? ჩვენს უფროსსაც ასთმა აქვს. აღარ გვაწევინებენ ოთახში. ადრე გაბუღული იყო ოთახი. სახლში რომ მივდიოდით ტანსაცმელი ყარდა. თქვენი შვილიც ხომ ეწევა?
 
შვილი. მოწევა მინდა, მაგრამ ადგომა მეზარება. ძალიან დიდ დროს ვატარებ ლოგინში. ჩემი ნება რომ იყოს კიდევ უფრო დიდ ხანს დავრჩებოდი. ჩემი სახლი რომ მექნება აუცილებლად მოვაწყობ წოლის კვირეულებს. მოვიმარაგებ საჭმელს და არ გამოვალ სახლიდან. არც კარს გავუღებ არავის. ორ კარს დავაყენებ, რომ ვერ გავიგო კაკუნი. ნუთუ ადამიანებს სჭირდებათ იმის შეხსენება, რომ აუცილებლად დადგება დრო და 3,2,1 და მორჩა აქ აღარ ხარ. მხოლოდ შენი ჯერ კიდევ თბილი გვამი დევს შენი ოჯახის წევრების წინ ან თუ არ გყავს ოჯახი პოლიციელების წინ.
 
დედა. ტელევიზორში ერთ ძველ ფილმს უჩვენებდნენ. დეტექტივის პირბადიანი ქალი ვიღაცის მოძებნას სთხოვდა. ვიღაც ფულიანის ცოლი იყო. დეტექტივი სიგარეტს უკიდებდა და ქალს გამომცდელი თვალით უყურებდა. ყავა შევთავაზე. ჯობდა ცეცხლი და ნავთი შემეთავაზებინა? რა ჯანდაბა უნდათ? ჩემს შვილზე დიდი კრიმინალი ვერ ნახეს? ერთ-ერთმა მითხრა, რომ ყავაზე უარს არ იტყოდა. ერთმანეთს ჰგავდნენ. ვერც კი დავიმახსოვრე რომელმა მითხრა თანხმობა. ყავის ადუღება დავიწყე. რძეც დავადგი.ნეტავ თუ გაეღვიძა?
 
შვილი. რა ხმაურია? რას აბრახუნებენ?
 
დედა. ყავა ჩამდის. ნეტავ რაზე ვფიქრობდი. ჩაგივიდათ? ნიშნისმოგებით მეკითხება პოლიციელი. ჰო, ჩამოვიდა. ჩაგივიდათ? არც კი ვიცი რაზე ვფიქრობდი. სანამ მე ვწმედი. ერთი პოლიციელის ხმა ისმის. მოდი აქ. ბატონო? მე მეუბნებით? ახლავე მოვალ. ეს არ გინახავთ? რა თქმა უნდა, მინახავს. ახლა მაინც მოგიწევთ მისი გაღვიძება. ჩემია! - ვეუბნები მათ. ეს ჩემია. რანაირად არის თქვენი, ქალბატონო?
 
შვილი. კარს ვაღებ და დგას დაბნეული დედაჩემი და ორი უცნობი ბიჭი. ყველაფერს ვხვდები.
 
დედა. ეს ჩემია. ჩემი. სამკურნალოდ მჭირდება. ჩემი შვილი კარში დგას და მიყურებს. პერანგს იცვამს. გასაუთოვებელია შვილო ეგ პერანგი. გაიუთოვებ მაგ პერანგს. 
 
შვილი. ციხეში ძალიან ბევრ წიგნს წავიკითხავ და ვისწავლი უცხო ენას. ყოველთვის მინდოდა იტალიურის სწავლა. ჰოდა, ვისწავლი. პოლიციიელები ფოტოს უღებენ ქოთანს. სპიშკა. გადაღაებულია. სპიშკა. გადაღებულია. 
 
დედა. ჩემი შვილი ფეხსაცმელს იცვამს. რას აკეთებ?  
 
შვილი. დედა იღებს უჯრიდან ფურცლებს და უწვდის პოლიციელებს. ისინიც ათვალიერებენ. აი, აქ. აი, აქ. გატყუებთ? თუ რა? პოლიციელები დაბნეულები არიან. მინდა მეც ვნახო ფურცლები. მაგრამ პოლიციელები ამბობენ, რომ დააჯარიმებენ დედაჩემს. ჩემს წაყვანას მაინც აპირებენ. ოპერატიულ ინფორმაციას ახსენებენ.  ქოთანს პარკში დალუქავენ. რაღაც ფორმას ავსებს ერთი. დრო იწელება. ფანჯარასთან ვდგავარ და ვიყურები გარეთ. რა ფურცლები ანახა ნეტავ?
 
დედა. დაანებეთ თავი. დაღლილია. არ ეძინა მთელი ღამე. მუშაობს. თქვენსავით უცხო ადამიანების სახლში არ იქექება.
 
შვილი. თავს მანებებენ. ქოთანი მიაქვთ და მიდიან. არ მესმის რას ამბობენ. სანამ კარს ვხურავ. ფურცლების შრიალი მესმის და ვხვდები, დედა იმ ფურცლებს მალავს. გული ცუდს მიგრძნობს. დედა როცა იტყუება სახეზე აუცილებლად აწერია ეს. ახლა კი ისე დამაჯერებლად ამბობდა. რა ჭირს? ნეტავ მართლა რამე ჭირს?
 
დედა. ვინ იცოდა რომ ეს გქონდა?
 
შვილი. არ ვიცი. რამდენიმე მეგობარმა.
 
დედა. ჰოდა, ეტყოდნენ ვინმეს. 
 
შვილი. არა, ვის ეტყოდნენ?
 
დედა. აბა, ამათ დაესიზმრათ? 
 
შვილი. საიდანღაც გაიგეს. 
 
დედა. ჰო, საიდან გაიგებდნენ. ვინმე იტყოდა და აჰა. 
 
შვილი. რატომ დაიბრალე?
 
დედა. დაგიჭერდნენ.
 
შვილი. არ დამიჭერდნენ. დამაჯარიმებდნენ. 
 
დედა. რომ დაეჭირეთ? 
 
შვილი. რა ანახე იმათ?
 
დედა. რა ვანახე იმათ? 
 
შვილი. რაღაც მჭირსო.
 
დედა. მოვატყუე.
 
შვილი. რა მოატყუე?
 
დედა. ვითომ… ვითომ ტკივილები მაქვს.
 
შვილი. არ გაქვს?
 
დედა. არა.
 
შვილი. და ის ფურცლები რა იყო?
 
დედა. არაფერი, რაღაც ანალიზები რომ გავიკეთე.
 
შვილი. რა ანალიზები გაიკეთე?
 
დედა. არ არის შენი საქმე. რაღაც ქალურია.
 
შვილი. მანახე.
 
დედა. არა.
 
შვილი. მანახე რაც ანახე პოლიციელებს.
 
დედა. შევინახე უვკე..
 
შვილი. რა გჭირს დედა?
 
დედა. არაფერი, შვილო, რა უნდა მჭირდეს? 
 
შვილი. გამოირე ფურცლები-თქო. ძებნა დავიწყე. ვიქექებოდი.
 
დედა. რას აკეთებ? დაანებე. ვერ იპოვნი.
 
შვილი. მე კიდევ ვეძებდი. ვიცოდი, რომ მატყუებდა. ვიცოდი. მე ეს ვიცოდი. კარგა ხანია ვეჭვობდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. შეიცვალა. სხვანაირად იქცეოდა. დასევდიანდა. თითქოს უფრო ხმადაბლა ლაპარაკობდა ვიდრე სხვა დროს. პოლიციელების არეულ-დარეული სახლი კიდევ უფრო ავურიე. დამპლები! 
 
დედა. აი, ეს არის. დაანებე თავი. არ არის მანდ. აჰა. აიღე. რა გინდა? 
 
შვილი. ქაღალდებს ვუყურებდი. ქაღალდებს ვუყურებდი, თავიდან ვერაფერი გავიგე რა ეწერა. რიცხვები ეწერა და დიაგნოზს ვეძებდი მე. კიბო მაქვს. მითხრა და მერე ვეღარაფერს ვხედავდი. ვუყურებდი ქაღალდს და ვერაფერს ვხედავდი. ის რიცხვები გაქრა. წარმოვიდგინე  რიცხვები საფლავის ქვაზე. 
 
შვილი. მკურნალობ?
 
დედა. არა. ჯერ არა.
 
შვილი. რატომ? ფული არ გაქვს? ვერ მითხარი?
 
დედა. შენ გაქვს ფული?
 
შვილი. არ მაქვს, მაგრამ ვიშოვნიდი.
 
დედა. საიდან? ისევ სესხს აიღებ? ჯერ იქნებ ის გადაიხადო, რაც ისესხე?
 
შვილი. გადავიხდი.
 
დედა. აზრი არა აქვს.
 
შვილი. რას არა აქვს აზრი?
 
დედა. აზრის არა აქვს. ვუყურებდი და იდგა ამ თავის დაჭმუჭნულ პერანგში. გაიხადე, გაგიუთოვებ.
 
შვილი. რას გამიუთოვებ? სხვა ექიმი ვნახოთ. არა?  
 
დედა. კარზე დარეკეს. პოლიციელი იყო. ხელში ის ქოთანი ეჭირა. დადგა და გავიდა. რას აკეთებ?  ვიცი ეგ რას ნიშნავს. იცით დედაჩემიც. მორიგეობას რომ ვამთავრებდი, სახლში ვბრუნდებოდი. ვუშვებდი ჩემს დას და ვიჯექი. ვუყუებდი და... ვიტყვით, რომ ვერაფერი ვიპოვნეთ. ყავა რომ არ დაულევია? როგორ დამავიწყდა. შოკოლადიც მაქვს. დაგვემშვიდობა. გავიდა. რაღაც რომ მეთქვა, ალბათ თავს მკერდზე დამადებდა და აქვითინდებოდა.
 
შვილი. ბოლოსდაბოლოს სახლს გავყიდით.
 
დედა. მერე შენ სად იცხოვრებ?
 
შვილი. ახლა მნიშვნელოვანია რომ იმკურნალო.
 
დედა. ბოლო სტადიაა. 
 
შვილი. თავიდან შეემოწმე.
 
დედა. აზრი?
 
შვილი. მამამ იცის? 
 
დედა. არა. 
 
შვილი. როდის აპირებდი თქმას? 
 
დედა. გეტყოდით.
 
შვილი. იმის ღირსადაც არ მთვლი რომ ესეთი ამბავი მითხრა?
 
დედა. არ გრცხვენია?
 
შვილი. რისი უნდა მრცხვენოდეს. რისი? რატომ არ მითხარი?
 
დედა. რას იზამდი რომ მეთქვა. ჩუმდება. ჯდება. მეც მის გვერდით ვჯდები.
 
შვილი. მართლა გაქვს ტკივილები?
 
დედა. არა.
 
შვილი. გექნება?
 
დედა. ალბათ. 
 
შვილი. არაფრის გაკეთება არ შეიძლება? 
 
დედა. კი, როგორ არ შეიძლება. ბევრს ვისეირნებ. სადმე წავიდეთ ერთად. მე, შენ და მამაშენი. ტყეში ვისეირნოთ. მინდორში მინდა დავჯდე და ვიღიღინო. რამდენი ხანია არ მიმღერია. გახსოვს ჩემი სიმღერა?
 
შვილი მოსაწევს ახვევს.
 
დედა. გაზის ქურა მაქვს გასაწმენდი. ჯანდაბამდეც ჰქონია გზა გაზის ქურას. 
 
შვილი. დედაჩემის გვერდით ვჯდები. ვეწევით. ერთად პირველად ვეწევით. ჩუმად ვართ. ვფიქრობ ფოთოლზე. დედა,  ერთი ფოთოლი გაცილებით მეტს გვიყვება სამყაროს შესახებ, ვიდრე ტომეულები. მეტის ცოდნა არც გვჭირდება. ჯერ ხე კვირტს გამოიტანს, როგოც თავაზიანი მასპინძელი გადანახულ ლიქიორს. მერე ვიზრდებით. ყვავილებს შორის. მერე ვჭკნებით და ვცვივით. ქარი გვათრებს ქუჩა-ქუჩა. სანამ თოვლი არ დაგვფარას და ნეშომპალად არ გვაქცევს.
 
(სინათლე ქრება. დედა მღერის. ფოთლები ცვივა)
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული