• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

უბრალოების აზრი

×
ავტორის გვერდი იანის რიცოსი 01 იანვარი, 2015 2248

პოეტი იანის რიცოსი როცა,  პოლიტიკური იდეების გამო, ციხეში ჩასვეს, იქაც ლექსებს წერდა. ოღონდ ფურცლებს არ აძლევდნენ და სიგარეტის კოლოფის ნაგლეჯებზე უწევდა წერა. მერე ამ ნაგლეჯებს პიჯაკის სარჩულში ტენიდა მალულად. როცა გაათავისუფლეს, მას თავისი ლექსები ეცვა.

მისი წიგნები 13 წლის განმავლობაში აკრძალული იყო საბერძნეთში. 1967 წელს კი აკრძალვა მოიხსნა და... სამ წელიწადში ისევ აკრძალეს. შემდეგ ისევ მოიხსნა.

უმნიშვნელოვანესი პოეტი და საბერძნეთის მემარცხენე მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა 1990 წელს გარდაიცვალა.

მთარგმნელისგან

 

თარგმანი: პაატა შამუგია

 

უბრალოების აზრი


მე ვმალავ საკუთარ თავს უბრალო საგნებს მიღმა
ისე, რომ შენ შეძლო ჩემი მოგნება.
და თუ მე ვერ მომაგნებ, მიაგნებ და შეეხები იმ საგნებს,
მე რომ შევეხე
და ჩვენი ხელების ანაბეჭდები ერთმანეთს შეერევა.

მთვარე ანათებს, როგორც ოქროსფერი სამოვარი
(ჩემი სათქმელიც ასეა),
ანათებს ცარიელ მაგიდას
და სიჩუმე იჩოქებს ოთახში.
სიჩუმე ყოველთვის იჩოქებს ოთახში.

ყოველი სიტყვა არის გაქცევა
არაერთხელ გადადებულ შეხვედრაზე.
და მხოლოდ ის სიტყვაა მართალი,
რომელიც გაიძულებს,
წახვიდე.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული