• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

გივიკო

×
ავტორის გვერდი სანდრო ნავერიანი 07 მარტი, 2012 2409
გივიკოს დედა გარდაეცვალა. გივიკო ქუთაისში ცხოვრობს და ბათუმში - სწავლობს. გივიკო ბათუმში იყო როცა დედის გარდაცვალების ამბავი მამამ შეატყობინა. გივიკო ჩაჯდა ავტობუსში და წავიდა ქუთაისში სადაც გარდაცვლილ დედასთან ერთად ელოდა ცოცხალი მამა და მოგონებები, რომელსაც გივიკო ქუთაისიდან ბათუმში გაექცა. 
 
ორშაბათი იყო, ავტობუსში სადღაც შუა რიგში იჯდა. ფანჯარაზე შუბლი მიედო და ცდილობდა ჟანრის კლასიკის თანახმად სადღაც შორს გაეხედა, მაგრამ გზის პარალელურად, ბოძებზე გაბმულ კაბელებს თვალი ვერაფრით მოაშორა. ცოტა მოეწონა კიდეც - რაღაც რიტმი დაიჭირა და ამ რიტმმა სტაბილურობა აგრძნობინა. გივიკომ იცოდა, რომ დიდი ტრაგედია, - და დედის გარდაცვალების ასეთად კვალიფიცირება  აუცილებელიც არის - ეს იყო ახალი, მნიშვნელოვანი, დიდი გამოცდილება, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა რა დიდი გამოცდილება მიიღო დედის გარდაცვალებით.
 
ტელეფონმა დარეკა. ავტობუსის დაძვრის შემდეგ გივიკომ პირველდ მოწყვიტა თვალი კაბელებს და დახედა ტელეფონს, რომელზეც ეწერა ბატონი ავთო. ბატონი ავთო გივიკოს ლექტორი იყო, რომელსაც იმ დღეს გივიკოსთან შეხვედრა ჰქონდა ჩანიშნული საზღვაო აკადემიის საფირმო ლურჯ ბლოკნოტში. შეხვედრაზე ბატონ ავთოს გივიკოსთვის ბევრი კარგი რამ უნდა ეთქვა, მაგალითად ის, რომ ბატონი ავთო დაეხმარებოდა გივიკოს მეზღვაურის კარიერის გაკეთებაში. ამაში არაფერი უხერხული არ იყო - ბატონი ავთო გულწრფელად ფიქრობდა, რომ გივიკოსგან ოდესღაც დიდი მეზღვაური დადგებოდა. თუმცა, გივიკომ არაფერი იცოდა ბატონი ავთოს გეგმების შესახებ. 
 
- გისმენთ, ბატონო ავთო! - უპასუხა ტელეფონს გივიკომ და ისევ კაბელებს გახედა.
 
ბატონმა ავთომ გივიკოს შეხვედრა შეახსენა, მაგრამ გივიკომ დედის გარდაცვალების შესახებ უთხრა და მოუბოდიშა, რომ შეხვედრაზე ვერ მივიდოდა. ბატონი ავთო გაგებით მოეკიდა გივიკოს პრობლემას და მწუხარების გამოთქმის შემდეგ დაემშვიდობა. გივიკომ ტელეფონი გათიშა და ის იყო ისევ იგივე რიტმი უნდა დაეჭირა, მიხვდა, რომ მისმა მეგობრებმა არ იცოდნენ, რომ მას დედა გარდაეცვალა. გივიკომ დახედა ტელეფონს, გახსნა კონტაქტები და პირველივე ნომერზე დარეკვა დააპირა, მაგრამ გაიქფიქრა, ყველას სათითაოდ ხომ არ დავურეკავ, აჯობებს ესემესს დავწერ და ყველასთან გავგზავნი. მაგრამ იცოდა, რომ ანგარიშზე საკმარისი თანხა არ ჰქონდა და ყველასთან ვერ მივიდოდა ესემესი, ამიტომაც ის ცოტა თანხა რაც დეეპოზიტზე ჰქონდა, ფეისბუქზე შესასვლელად გამოიყენა, სულ რამდენიმე მეგაბაიტი ჭირდებოდა. დიდება უფალს, რამდენიმე კი არა, მთელი ორი ათეული მეგაბაიტები მოუვიდოდა არსებული თანხით. გივიკო მშვიდად შევიდა ფეისბუქზე და შვიდად დაწერა საჯარო პოსტი: ‘დედა აღარ მყავს!’ დეტალების დაწერა, თუ როდის არის პანაშვიდი და გასვენება, საჭიროდ აღარ ჩათვალა. ისიც კი ეუხერხულა ასეთი მძიმე ამბის თანაზიარი რომ გახადა მთელი მისი სამეგობრო. მშვიდად გამორთო ტელეფონი, შუბლი ისევ ფანჯარას მიადო და კაბელებს გახედა.
 
ორ საათში გივიკოს უკვე გაჩერებულ ავტობუსში ფანჯარაზე შუბლმიდებულს გაეღვიძა. რა თქმა უნდა, ხმაურმა გააღვიძა. ატობუსი უკვე ქუთაისის ავტოსადგურში იდგა. გივიკოს დედა გარდაეცვალა და თვალების მოსასრესად არ ეცალა, სწრაფადვე ადგა და ავტობუსიდან ჩავიდა. გრილი ჰაერი ესიამოვნა. გრილი კი არა, ზოგადად ჰაერი ესიამოვნა, მაგრამ ახსოვდა, რომ სიამოვნება არ უნდა ეგრძნო. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და დახედა, დრო აინტერესებდა, მაგრამ ტლეფონი დამჯდარიყო. ერთხელ დააწვა ღილაკს და გაიფიქრა - იქნებ ჩაირთოს ეს მამაძაღლი. მაგრამ, დილიდან ისე წავიდა ყველაფერი, ტელეფონი რომ ჩართულიყო ნამდვილი, გამოცხადებული სასწაულისთვის უნდა მიეწერა, გივიკოს ცხოვრებაში კი ერთი სასწაულიც არ მომხდარა თუ არ ჩავთვლით იმ ამბავს, როცა საზღვაო აკადემიამ მას სისხლის ანალიზის აღება მოთხოვა. ეს ჩვეულებრივი, ყოველწლიური პროფილაქტიკური ანალიზი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ალბათ, ღვთის წყალობით, ლაბორატორიაში სადღაც რაღაც შეეშალათ და გივიკოს შიდსზე აუღეს ანალიზი, რომლის პასუხიც დადებითი აღმოჩნდა. ეგ იყო და ეგ. არავინ იცის სხვა რას იფიქრებდა, მაგრამ გივიკოსთვის ეს ნამდვილი სასწაული იყო. რომ არა ის შემთხვევა, ვინ იცის როდის შეიტყობდა გივიკო რომ ინფიცირებულია.
 
გივიკომ ტაქსი გააჩერა, მისამართი უთხრა და თვითონ კი საზურგეს ისე მიეყუდა, სტანის ბარათეონი ვერ მოახერხებდა, ერთხელაც რომ ღირსებოდა რკინის ტახტში ჩაჯდომა.
 
გზად, რაც უფრო უახლოვდებოდა სახლს, გივიკო მით უფრო მშვიდდებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ ხდებოდა ასე და ეს არც მე ვიცი. მანქანა მალე მივიდა გივიკოს სახლთან, სადაც დახვდა უფრო მეტი პოლიციელი ვიდრე ახლობელი და ნათესავი. პოლიციის ერთერთ მანქანაში კი იჯდა გივიკოს ძველი მეგობარი ალეკო, ხელებზე კი, რა თქმა უნდა ხელბორკილები ედო. მოხდა კიდევ ერთი ტრაგიკული ამბავი - გივიკოს, მამა მოკვდა.  
 
ამბავი იყო შემდეგი და მოხდა მაშინ, როცა გივიკოს ფანჯარაზე შუბლმიდებულს ჩაეძინა. გივიკოს ფეისბუქ პოსტზე, სადაც ის იუწყებოდა, რომ დედა აღარ ყავს, მისმა გონებამახვილმა მეგობრებმა, რომლებთან ერთადაც გივიკომ წინა ღამით სხვა დღეებისგან გასნხვავებით გამორჩეულად ბევრი დალია, იუმორნარევი კომენტარები დაწერეს. რა თქმა უნდა, გივიკოს რომელიმე მეგობარს მაინც რომ მოსვლოდა თავში, იქნებ გივიკოს მართლაც აღარ ყავს დედა? ასეთ კომენტარებს არავითარ შემთხვევაში არ დაწერდნენ, მაგრამ რადგან ერთმა, დედის არ ყოლა მეტაფორად აღიქვა და მიუწერა - ‘მე საერთოდ აღარავინ მყავს!’ - დანარჩენებიც აყვნენ და აყვნენ არამარტო თავიანთი იმჟამინდელი მდგომარეობის აღწერაში, არამედ ამ მდგომარეობის გამოხატვის ფორმაშიც. ზოგს, გივიკოს მსგავსად დედა აღარ ყავდა, ზოგს - პატრონი, რამდენიმე თვითონ აღარ იყო, ზოგს ღვიძლი კედელზე ქონდა აყუდებული, ზოგის თავში ტვინის მაგივრად თივა ეყარა და ასე უსასრულოდ - კლიშეებით სავსე არავისთვის სასაცილო კომენტარები. 
 
ამ დროს, როცა მძინარე გივიკო, სადღაც ოზურგეთსა და სამტრედიას შორის იყო, გაიღვიძა ალეკომ. როგორც უკვე ვთქვი, გივიკოს ძველმა მეგობარმა, თანაქალაქელმა და უბრალოდ უცნაური იუმორის მქონე ბიჭმა. ვერ ვიტყვი, რომ წინა ღამით ალეკომ გივიკოზე მეტი დალია, მაგრამ ალეკო, რომ იტყვიან, მალალიტრაშკაო, იმ კატეგორიას მიაკუთცვნებდა თავს, ამიტომ, სამი კათხა ლუდი და ორასი გრამი არაყიც კი საკმარისი იყო მისთვის, რამე ისეთი გაეკეთებინა,  რომ მეორე დღეს თუ ეხსომებოდა, განსხვავებულად ეგრძნო თავი. წინა ღამით კი ალეკომ, მთელი ნახევარი ლიტრი არაყი და ოთხი კათხა ლუდი მიირთვა. მართალია, ამის შემდეგ მან ვერაფერი განსაკუთრებული ვერ გააკეთა, რადგან მეგობრებმა, ილიამ და ილიამ სახლამდე ხელით აიყვანეს და მამამისს ისე გადასცეს, თითქოს მეზობელმა გასაშლელი კიბე დაუბრუნა, მაგრამ პახმელია კი ქონდა ნამდვილად განსხვავებული. სწორად ამ პახმელიის ბრალი იყო, რომ ალეკო საწოლიდან არც ამდგარა, ჩართო ტელეფონი, ჩასქროლა, ჩასქროლა და წაიკითხა გივიკოს პოსტი. მერე კომენტარებიც წაიკითხა. ერთ კომენტარზე იფიქრა ჩავიცინებო, მაგრამ არა. ხელი, რომელშიც ტელეფონი ეჭირა გვერდზე გადადო, ჭერს ახედა და დაფიქრდა. ფიქრობდა თუ რა დაეწერა ისეთი, რაზეც თვითონაც გაეცინებოდა. ალბათ სამი-ოთხი წუთი იფიქრა. უფრო სამი. და შემდეგი მოიფიქრა: ‘თუ გამოჩნდა, უთხარი, ამოვიდეს და ნაბეღლავი წამომიღოს, მაგის გარეშე ვერ ვდგები.’ ალეკოს გაეღიმა. ტელეფონს დახედა, ხმამაღლა გაიმეორა - ‘თუ გამოჩნდა, უთხარი, ამოვიდეს და ნაბეღლავი წამომიღოს, მაგის გარეშე ვერ ვდგები’ და კომენტარის ველში ჩაწერა: ‘თუ გამოჩნდა, უთხარი, ამოვიდეს და ნაბეღლავი წამომიღოს, მაგის გარეშე ვერ ვდგები.’ კიდევ უნდოდა გასცინებოდა, მაგრამ გულისრევის შეგრძნება ქონდა. როგორც შეეძლო ისე სწრაფად წამოდგა და შევიდა ტუალეტში. არწყია და ისევ ჩაწვა. 
 
რა თქმა უნდა, ალეკომ არ იცოდა, რომ გივიკოს, დედა მართლაც აღარ ყავდა და ეს არ იცოდა იმის მიუხედავად, რომ გივიკო მასზე ერთი სართულით მაღლა ცხოვრობს, ანუ მესამეზე. რომ სცოდნოდა, ალეკო ადგებოდა, არწყევდა, მოწესრიგდებოდა, ერთი სართულით ზევით ავიდოდა და დახმარებას შესთავაზებდა გივიკოს მამას და დაეხმარებოდა კიდეც, მაგრამ წინა ღამით ალეკომ ზომაზე ბევრი დალია და სწორად ეს არ იცოდა გივიკოს კიდევ ერთმა მეგობარმა, შვეიკამ. შვეიკაც, ალეკოს მსგავსად გივიკოს ძველი მეგობარია, თანაქალაქელი და ალეკოსგან განსხვავებით, მას საერთოდ არ აქვს იუმორი. შვეიკას რამდენიმე წუთის ნანახი ჰქონდა გივიკოს პოსტი, რომლის ქვეშაც გივიკოს კურსელები სუსტად ხუმრობდნენ და შვეიკა ვერ ხვდებოდა თუ რამ გადააჯიშა ასე ქართველები, დედა, მამა, ტკივილი, მეგობარი და აღარაფერი წმინდა რომ აღარ სწამთ. შვეიკა დადიოდა მესამე სართულის ბაქანზე წინ და უკან და ბოლთას კი არ სცემდა, ძალიან ორიგინალურად იგინებოდა. გივიკოს მამამ რამდენჯერმე არ მიაქცია ყურადღება, მაგრამ ბოლოს, ისიც ადამიანია, შენიშვნა მისცა. შვეიკამ შენიშვნა ისე მიიღო, როგორც ამას მიიღებდა ძმაკაცის მამისგან, რომელმაც არ იცის, რომ მის გამო იგინები. შვეიკაც ადამიანია, გულმა ვეღარ გაუძლო, ამოიღო ტელეფონი, გახსნა ფეისბუქი, ჩასქროლა და გივიკოს მამას აჩვენა გივიკოს პოსტი, რომლის ქვეშაც უკვე ალეკოს კომენტარიც ჩანდა. შვეიკამ და გივიკოს მამამ რამდენიმე წამს უყურეს ტელეფონს და უცებ შვეიკამ იღრიალა, დაეშვა ერთი სართულით ქვევით და ალეკოს კარზე დააბრახუნა. გივიკოს მამა შვეიკას გაყვა. შვეიკამ ჯიბიდან ნავახა ამოიღო, მაგრამ ჯერ არ გახსნა. ბრახუნი რომ გაიგო, ალეკო სწრაფად წამოდგა ფეხზე, მიუხედავად იმისა რომ გული ერეოდა, თავს ძალა დაატანა, სპორტული ამოიცვა, სპორტული შემოიცვა, ფლოსტებში შეყარა ფეხები და ფრატუნით კარამდე მივიდა. კართან სპაზმი იგრძნო - გული ერეოდა. შვეიკა არ წყვეტდა ბრახუნს. მარჯვენას კარს უბრახუნებდა, მარცხენაში ნავახა ეჭირა. შვეიკა ცაცია იყო. გივიკოს მამა შვეიკას ეხვეწებოდა გაჩერებულიყო და მხარზე ექაჩებოდა, მაგრამ ამ დროს ალეკომ კარი გააღო. შვეიკამ ნავახა გახსნა და ალეკოს სახესთან მიუტანა, თან რამდენიმე საშიში სიტყვაც თქვა. ალეკო, ამ გაგანია პახმელიაზე, სპაზმს ვეღარ მოერია და შვეიკას პირდაპირ სახეში შეარწყია იმ მომენტში, როცა გივიკოს მამას შვეიკას ნავახიანი ხელი უკვე გაკავებული ჰქონდა. ალეკოს კიდევ ერთხელ აერია გული, როცა შვეიკას ნარწყევში ამოვლებული სახე დაინახა. მაგრამ ამჯერად, კუჭიდან ამოღებული მასა გივიკოს მამასაც შეესხა. გივიკოს მამამ სასწრაფოდ გაითავისუფლა ხელი, რომლითაც შვეიკას ნავახიან ხელს აკავებდა და სახე მოიწმინდა. და ზუსტად ამ დროს, დაიღრიალა შვეიკამ, აქამდე ალეკოს შესაშინებლად და ძმაკაცის მამასთან პლიუსების დასაწერად ამოღებული და გაშლილი ნავახა მართლა მოუქნია ალეკოს, მაგრამ ალეკომ ყველა ხერხი იხმარა, რაც კი ოდესმე უნახავს, გაუგონია ან გამოუყენებია და შვეიკას ნავახიანი ხელი, ხელისგულებსშორის მოიქცია, მიმართულება შეუცვალა და ნავახა პირდაპირ გივიკოს მამის მუცელში შესრიალდა. შვეიკამ ნავახა ხელიდან არ გაუშვა, ალეკომ კი - შვეიკას ხელი. რამდენიმე წამი იჭიდავეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა გივიკოს მამის გამოსაშიგნად. კაცი იქვე წაიქცა. ეს რომ დაინახა, შვეიკამ ხელი გაუშვა ნავახას და კიბეებზე ჩაირბინა. სადარბაზოდან გავარდა და ისე გაიქცა, ერთიც არ გაუხედავს უკან, იქნებ არავინაც არ მისდევდა.
 
გივიკო ვერ იჯერებდა, რომ ყველაფერი ეს, მის თავს ხდებოდა. ოღონდ ‘გივიკო ვერ იჯერებდა’ ნიშნავს, რომ გივიკო მართლა ვერ იჯერებდა და ისევე როგორც მის პოსტში, რომელიც ჯობდა საერთოდ არ დაეწერა, აქაც არაფერ შუაში იყო მეტაფორა. ის მართლა ვერ იჯერებდა თავს გადახდენილ ამბავს. 
 
გივიკო მარტო იჯდა ოთახში გარდაცვლილი დედის წინ. დედამისი კუბოშიც არ იწვა. ჯერ ერთი კუბოც არ ჰქონდათ მოტანილი, ალბათ ესეც ღვთის ნებაა, ახლა მეორეც მოსატანი გაუხდათ. რაღაც, დაბალი მაგიდის მსგავს ტახტზე იწვა გივიკოს დედა და შალის პლედი ჰქონდა გადაფარებული. გივიკომ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ჩართვა სცადა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ტელეფონი არ ჩაირთო. ტელეფონი რომ ჩართულიყო, გივიკო ვერასდროს მიხვდებოდა რატომ მოხდა ასე, მაგრამ ტელეფონი არ ჩაირთო. გივიკომ მეორე ჯიბიდან ტელეფონის დამტენი ამოიღო. მიიხედა, მოიხედა, თითქოს არ ახსოვდა სად იყო შტეფსელი. წამოდგა და ტელეფონი დასატენად შეაერთა. მერე ისევ იქ დაჯდა და მაშინდელივით, კიდევ სცადა სადღაც შორს გახედვა, მაგრამ კედელი ძალიან ახლოს იყო, თანაც კედლის ის ნაწილი იყო მის წინ, რომელთანაც დედა აყენებდა ხოლმე, თავს ზემოთ ფანქარს გაუსვამდა და ხაზის თავზე გივიკოს ასაკს აწერდა. გივიკო პირველად დაფიქრდა საკუთარი ზრდის ტემპზე. მართალია თარიღებთან ერთად ზომა არ ეწერა, მაგრამ თვალით გაზომა - ბოლო მონიშნულზე მიწერილი იყო: 13 ნოებერი 2002. გივიკომ სწრაფად გადათვალა - ბოლოს რომ გაზომეს თორმეტი წლის იყო. გივიკო წამოდგა და მივიდა კედელთან. შეტრიალდა და კედელს ზურგით მიეყრდნო. ერთი ხელი თავთან მიადო კედელს, მეორე - ბოლო ნიშნულთან. უხერხულად დატრიალდა, ისე, რომ ხელები კედელს არ მოაცილა, მაქსიმალურად გამოიწია უკან რომ სხვაობა დაენახა. გივიკომ იცოდა, რომ ზრდა 171 სანტიმეტრის სიმაღლეში შეწყვიტა. ამას გამოაკლო ბოლო ნიშნულამდე მანძილი და ის იყო ჯამი უნდა მიეღო ოთახში გივიკოსთვის უცნობი ორი მამაკაცი შევიდა, რომლებსაც ზუსტად ისეთი ტახტი ეჭირათ, როგორზეც გივიკოს დედა იწვა. უცნობებმა მოუხერხებლად ატრიალეს ეს ტახტი წინ და უკან, მაგრამ ვერაფრით დაატიეს გივიკოს დედის გვერდით. ოთახში კიდევ ერთი კაცი შევიდა, რომელიც მანამდე დერეფნიდან ადევნებდა თვალს უცნობების მოუქნელ მოძრაობებს. კაცმა გივიკოს ანიშნა დახმარებოდა და ტახტს, რომელზეც გივიკოს დედა იწვა, თავთან ჩაავლო ხელები. გივიკომ იგივე გააკეთა, ოღონდ ფეხებთან. ოდნავ გვერდზე ჩააჩოჩეს გივიკოს დედა და მეორე ტახტიც დაეტია. ამ მესამე კაცმა გივიკოს ძალა მოუწონა თუ მონდომება არ ვიცი, მაგრამ ზეაღმართული ცერი კი აჩვენა დემონსტრაციულად. 
 
გივიკო ისევ მარტო დარჩა ოთახში. თავისუფალ ტახტზე ჩამოჯდა დედის გვერდით. ტელეფონის ვიბრაციის ხმა გაისმა. გივიკო წამოდგა და ტელეფონს დახედა. აიღო და ჩასქროლა ნოტიფიკაციები. გახსნა თავისი ფეისბუქ პროფილი და კონკრეტულად ის პოსტი, სადაც დედა აღარ ყავდა. იქ უკვე თითქმის ყველას გაეგო გივიკოს დედის ამბავი. ალეკოს კომენტარის გარდა ყველა წაშლილი იყო. ახალ კომენტარებში კი ყველა მწუხარებას გამოთქვამდა და ბოდიშს იხდიდა. გივიკომ ალეკოს კომენტარი მშვიდად წაშალა და ახალი სტატუსი დაწერა: ‘მამაც აღარ მყავს!’ ტელეფონი დადო და ისევ დედას მიუჯდა გვერდით. გივიკო ისევ იმაზე ფიქრობდა, რაზეც ავტობუსში - მიიღო თუ არა რამე გამოცდილება, ასწავლა თუ არა რამე ამ ტრაგედიამ? თან ახლა უკვე მამაც აღარ ყავდა. პრინციპში, ბევრი არ უფიქრია. სწრაფად წამოდგა, ტელეფონი აიღო, გახსნა ფეისბუქი და სტატუსს დაამატა: ‘პანაშვიდები 16, 17 მარტი. დაკრძალვა 18 მარტს, 3 საათზე.’
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული