ქვის ბუმბული





პროზა

ქვის ბუმბული




“ალოდინეს და...მეთხუთმეტე კაცად შევიდა”
 
 
ის დგას ცარიელ ოთახში. იხსენებს იმას რამაც შეიძლება იხსნას დაღუპვისაგან, მაგრამ არაფერი ახსენდება. მითუმეტეს არ ახსენდება არავინ. თვალს არ აშორებს ბუმბულის პატარა ქანდაკებას. ნეტავ ასე გაქვავებოდა გულიც, მაგრამ არა, მისი გული ჩირს დაემსგავსა - დაძველდა და დაუშნოვდა. ეს ქვის ბუმბული - მისი ჯილდოა, საუკეთესო რომანისთვის გადასცა ბანკმა. ქანდაკებას ფულადი პრემიაც მოჰყვა, მაგრამ მას ამავე ბანკში გაპრობლემებული სესხი ჰქონდა, ამიტომ პრემია ჩარიცხვისთანავე ჩამოეჭრა. ხანდახან იმასაც ეჭვობს, რომ პატივცემულმა ჟიურიმ კი არ განსაზღვრა მისი ეს ჯილდო, არამედ პრობლემური სესხის განყოფილების თანამშრომლებმა, საკრედიტო ოფიცრებმა, საკრედიტო პოლკოვნიკებმა და გენერლებმა.
 
შერჩა მხოლოდ ეს ქანდაკება, რომელსაც ვერ გაყიდის, ვერც გემოს გაუსინჯავს, ვერც დაამტვრევს მრისხანების ჟამს. მყარია ეს ოხერი. დროს უძლებს. დროზე ფიქრისას ყოველთვის გული უჩუყდება. ჰგონია, რომ თვითონ მატყლია გაშლილი, რომელსაც დროის წკეპლა დაუნდობლად წეწავს. მარტოა ცარიელ ოთახში. მის წინ დამტვრეული მობილური გდია. ავეჯის როლს მხოლოდ ერთი საღებავებაცლილი ფანჯრის რაფა ასრულებს, რომელზეც ხან შემოჯდება და ფეხებს აიკეცავს, ხან მოიხრება, ხელებს დააწყობს და ტრაკს გაბზეკს. ავეჯი თანდათან გაყიდა: გაყიდა საყვარელი დივანი, რომელზეც ამაყად იჯდა მამამისი და დინამოს ჩემპიონობას ზეიმობდა. გაყიდა წიგნები და საყვარელი თაროები, რომელსაც დედამისი დღეში ორჯერ აპრიალებდა. გაყიდა მაგიდა, რომელზეც ყავის ჭიქის ნაკვალევებს ოლიმპიური სიმბოლო გამოესახათ და რომელზეც თვითონ წერდა თავიდან საშინაო დავალებებს, შემდეგ კი რომანებს. გაყიდა საწოლი, სადაც იწვა მარტო და ხანდახან ცოლთან ერთად. მხოლოდ ყვითელი, დალაქავებული მატრასი გდია იატაკზე. ჯილდოს ოთახის ხან ერთ კუთხეში დებს და ხან მეორეში. გადაგდებაც ენანება, ვერც ვერსად ინახავს, რომ აღარ დაინახოს. სულ თვალში ეჩხირება და ახსენებს იმას, რომ მას როგორც მწერალს აფასებენ, მაგრამ არ აფასებენ როგორც ადამიანს.
 
გზის ფულიც არ ჰქონდა, არ ჰქონდა სიგარეტის ფული, ერთჯერადი საპარსის ფულიც კი არ ჰქონდა. წასვლაც არ უნდოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა. საჭმელს მაინც შეჭამდა. როგორც ახსოვდა წინა ცერემონიალზე საკმაოდ გემრიელად გაუმასპინძლდნენ. ხის ჩხირებზე წამოცმული ქათმის მწვადები, ხაჩაპურიტოები და ჭადზე დასკუპებული ფხლის ბურთულები, ჩურჩხელები და ნუში, პაწაწინა ხიზილალიანი კვერებიც კი იდო, რომელიც ისე სწრაფად გაქრა, როგორც სეფისკვერები ზიარებისას. მიიკვლევდა გზას რიგში და შემდეგ თეფშზე აწყობდა იმას, რაც ხელში მოხვდებოდა. კუთხეში, მაღალ მაგიდასთან მდგარი შეექცეოდა და არ შორდებოდა აზრი, რომ ეს პური ბანკის ხორცი იყო, ღვინო კი ბანკის სისხლი და რომ ის ეზიარებოდა. იქნებ ამ პრემიის ნაცვლად ბანკმა აპატიოს სესხი ან იქნებ შეუმცირონ პროცენტები და ჯარიმები, რომლებმაც ტვინი აურიეს.
 
მუსიკოსები ზრუნავდნენ ამაღლებულ განწყობაზე და ამ განწყობიდან მერე ცვიოდნენ ჯილდოს გარეშე დარჩენილი მწერლები. ისინი ცვიოდნენ პირდაპირ იაფასიან ღვინოში, ბანკის სისხლში ბანაობდნენ და ეზიარებოდნენ. ხარბად უმზერდნენ კამერები განათებულ და ყვავილებით მორთულ სცენას. ამ სცენაზე ყოველი ფეხის შედგმა იყო დიდი მოვლენა, ყოველი სიტყვა წარმოთქმული იყო მარგალიტი წყობილი. ტაში კი შემზარავი და დამაყრუებელი, როგორც ვეფხვის გრგვინვა. მწერალს ახსენდებოდა, რომ მას კბილები არ ჰქონდა და გაღიმებას ერიდებოდა. რა საშინელებაა, ათასში ერთხელ გაგეღიმოს და ისიც ვერ გაიღიმო იმის გამო, რომ კბილები არ გაქვს.
 
აი, მისი სახელი გამოაცხადდა. ის ნელი ნაბიჯით გაემართება სცენისკენ, აირბენს კიბეს და მხნედ გავა სცენაზე. დგას და ბუტბუტებს. მადლობას იხდის. მიკროფონი მის ბუტბუტს აძლიერებს. ელავს და ბრწყინავს გარშემო ყველაფერი: საღამოს კაბების მოსართავები, სამკაულები და შამპანურის ფუჟერები, ბანკის ლოგოები და კამერის ლინზები. მწერალი იღებს ჯილდოს და ფიქრობს გულის სიღრმეში, იქნებ სესხი გამინახევრონ, იქნებ ჩამომაჭრან საერთოდ, იქნებ პროცენტები შემიმცირონ, რა ამბავია 15%. შეიძლება ამ პრემიის ისე გამოზოგვა, რომ შვილებს რამდენიმე თვე რიგიანი საჭმელი აჭამოს. შეიძლება ერთი ძველი მაგიდაც მოუვიდეს, რომელზეც დაწერს ახალ რომანს, რომელშიც ახალ ჯილდოს აიღებს. დაწერს მაგრამ რაზე უნდა დაწეროს, როცა თითქმის უკვე ყველაფერზე დაწერა. იქნებ ბანკზე დაწეროს. დიდი რომანი დიად ბანკზე. იქნებ შეუკვეთონ ბანკის მმართველის ბიოგრაფია, როგორ მიაღწია მან ამ თავბრუდამხვევ წარმატებას, როგორ ააშენა ძლევამოსილი იმპერია, როგორ აქცია რეგიონში მოწინავე და საუკეთესო ბანკად, როგორ იყიდა და შეიერთა სხვა ბანკები. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აცნობეს. მესიჯი მიუვიდა. ულოცავდნენ, რომ ბანკი რომელშიც მას სესხი ჰქონდა, ყველაზე დიდი ბანკი გახდა. ულოცავდნენ და მასაც გაუხარდა, ავტომატურად გაუხარდა. როცა რაღაცას გილოცავენ, რაც არ უნდა იყოს ეს, სულ რომ ახლობელი ადამიანის სიკვდილი მოგილოცონ თავიდან გიხარია. ქვასავით მყარია ეს სიტყვებიც.
 
სცენაზე დგას და თვალებს ვერ ახელს. სინათლე აბრმავებს. ხელს ართმევენ და ულოცავენ. მუსიკა უკრავს, ქვის ბუმბულს აჩეჩებენ ხელში. სცენიდან ჩამოსულს ეხვევიან. კისერში კოცნიან. ჩქმეტენ. ეს რა რომანი დაწერეო ეუბნებიან. გადაირიე და გადაგვრიეო. რა რომანი? რაზეა რომანი? წაკითხული თუ აქვს რომელიმეს? ალბათ კიო, იჯერებს და წამიერად თავს აძლევს უფლებას იყოს ბედნიერი, დაივიწყოს ვალი, დაივიწყოს ჯანმრთელობის პრობლემები და პრობლემები პირად ურთიერთობებში. მეორე დღეს გაღვიძებისას თავი უსკდება. გაჭირვებით დგება მატრასიდან, მიდის მაცივართან. მაცივარი ძალიან ძველი იყო და არავინ იყიდა. მხოლოდ ერთხელ იქირავეს გადაღებისთვის და დაუბრუნეს წითლად შეღებილი. აღებს მაცივარს და წყალს დაწვდება. სვამს წყალს და თვალს ჰკიდებს ქვის ბუმბულს, რომლითაც თავისუფლად შეეძლო რასკოლნიკოვს თავი გაეჩეხა ალიონა ივანოვნასთვის, ბებერი მევახშისთვის. ახსენდება დოსტოევსკის ღარიბი პერსონაჟები და ოდნავ მშვიდდება. ახსენდება სელინის უბედური პერსონაჟები და კიდევ უფრო მშვიდდება. ფანჯრის რაფაზე ანათებს და ზუის მისი არქაული მობილური და თავგანწირულად მიიწევს რაფის კიდისკენ. მესიჯია: თქვენ ჩაგერიცხათ ოთხი ათასი ლარი! მწერალი ბედნიერია. მას არავინ უყურებს და იღიმის! შემდეგ შერბის აბაზანაში ბანაობს. ღიღინებს კიდეც, საუკუნეა აღარ უღიღინია. თავში ახალი რომანის იდეა უტრიალებს. ეს იქნება მისი საუკეთესო რომანი, რომელშიც შესაძლოა პულიცერსაც კი გამოკრას ხელი. სარკეში იყურება და საკუთარი თავი მოსწონს კიდეც. ჯანდაბამდე გზა ჰქონია კბილებს, სულ რომ ორი კბილი დარჩეს, ის ისეთივე მომხიბვლელი იქნება როგორც ჩვილი და საშიში როგორც გველი. პირსახოცშემოხვეული გამოდის აბაზანიდან. მობილური იატაკზე გადმოვარდნილა. ეტყობა მისალოცად ურეკავდნენ. აწყობს მობილურს. რთავს და ხვდება ახალი მესიჯი. ხსნის და კითხულობს: თქვენ ჩამოგეჭრათ 4000 ლარი. გადასახდელი დაგრჩათ 15904 ლარი.
 
მობილურს კედელს ესვრის და უყურებს ქვის “პეროს”. გინდა პერო, უნდა წერო. ერთი კუთხიდან მეორეში გადაადგილებს. შემდეგ თავსზემოთ სწევს გამარჯვებულის იერით. აღებს კარს და გარბის გარეთ. შიშველი გარბის ცივ ქუჩაში. ტროტუარებზე მანქანები დგანან და ის მანქანების სავალ ნაწილზე ჩადის. გატენილი ავტობუსები ოდნავ გვერდზე გადახრილან. ყველა მას უყურებს. გადარბის შუქნიშანზე, ისე რომ არ ელოდება მწვანე კაცუნას გამოჩენას. მას ცნობენ. უი, ეს ის მწერალია, საუკეთესო რომანის ავტორი. რატოა შიშველი? სად გარბის? ეს რა ჩაუბღუჯავს ხელში ოლიმპიური ცეცხლივით? მძიმეა ბუმბული. უფრო მძიმეა მწერლის ხვედრი და კიდევ უფრო მძიმეა სესხი. მირბის ბანკთან. შიშველი სხეული გაწითლებული აქვს. ღრიალებს ხმის ჩახლეჩვამდე. შემდეგ კი ხავის, ის საუკეთესო რომანის ავტორია: მაღალი, უხვი, მდაბალი. მან შეჭამა ბანკის ხორცი და დალევს ბანკის სისხლს. შერბის ბანკში, როგორც მესი მეტოქის საჯარიმოზე. მეტალის დეტექტორები წრიპინებენ. ქვის ბუმბულს მეტალის ფირფიტა აქვს მიკრული. დაცვის ბიჭები უყვირიან, მაგრამ ვერ ეკარებიან. ის მათ შორის დგას და ქვის ბუმბულს გარშემო იქნევს. თანამშრომლები იცინიან, ბოლოს იღლება და ნებდება. ხელში იყვანენ და გარეთ გამოჰყავთ. სვამენ ტროტუარზე მანქანებს შორის. გამვლელი ხურდას აგდებს მის წინ. ხურდა ბზრიალებს. მწერალი უყურებს ხურდას და იღიმის. ის ჩვილივით მიმზიდველი. გველივით საშიშია. ბანკისკენ მიხოხავს. მის წინ ჩერდება ბანკის მმართველის გემივით დიდი მანქანა და ჩნდება მრავალჯერ განმეორებადი კადრი ფილმიდან ანუ ფეხი ძვირიანი შავი ფეხსაცმლით. მწერალი წამოიწევა და საკბენად ემზადება.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.