• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ქებათა ქება საკუთარ თავს

×
ავტორის გვერდი ირაკლი გოგოხია 01 იანვარი, 2015 2428

ქებათა ქება საკუთარ თავს

 

მე ყოვლად წმინდა ვდგავარ სარკის წინ და შიშველ სხეულს ვათვალიერებ, ღმერთის სხეული ელავს კოჭებში,
სარკე მამხელს და ფარავს იარებს,
დიდება ჩემდა.
მე ვიხრები ქვევით, ფეხის წვერებს ვეხები ნაზად,
ფეხის გულები ქვიშაში ჩაკვდა,
ამოვანათე მარადიული სიმყუდროვიდან
და სიბნელეში გავავლე სხივი.
დიდება ჩემდა.
სველ სხეულზე სამყარო მეკვრის, სიჩუმეს მახვევს,
მე ვდგავარ თვალცრემლიანი, ხელებს ვიფარებ,
რომ ჭიანჭველა ჩამოვარდნილი ბალახიდან ცრემლზე დაეცა.
ვერ შემაშინა დედის კივილმა და მეც ვიკივლე,
დიდება ჩემდა.
მე ყოვლად წმინდა, ყოველ სიწმინდეს გულში ვიხუტებ
და ვმღერი ჩუმად ღმერთის სიმღერებს, რომ ჩაგეძინოთ.
მე ისევ აქ ვარ, 
შენს ქუთუთოზე ვირწევი ნაზად,
თვალი დახუჭე, დაგესიზმრები.
მე აღმაფრენამ ქვევით დამცა და ვიფორთხიალე.
დიდება ჩემდა.
წყალში ჩავვარდი, ღრმად ჩავყვინთე, დავაორსულე
და ლიფსიტები ჩემი არსების თევზად ვაქციე,
მე ახლა აქ ვარ და ვითვლი კუთხეს ჩემი სხეულის,
ვერ დავითვალე და მოვიწყინე.
მე უსასრულოდ გრძელი და მართალ აზრთა სიმტკიცის
ბადე ვისროლე ამღვრეულ ზღვაში და გავიყინე.
დიდება ჩემდა.
მაშინებს ძრწოლა, სანთელს ვანთებ და ვლოცულობ ჩუმად,
რომ საკუთარ თავს მივუახლოვდე,
მე გავხდი დიდი, ვიშლები ქარში,
ვდგავარ შიშველი, ვეხები ხეებს და ვსუნთქავ მათთან.
დიდება ჩემდა.
მე მაღალი ვარ., თვალუწვდენელი და ცა ვარ ალბათ,
თუ ჩემთან მოხვალ ჩაიძირები, ცაზე გაჩნდები,
და სხვა გზა არ მაქვს,
ღრუბელს გთავაზობ, რომ გაიგუდო.
დიდება ჩემდა.
ჩემი ტუჩები ეხება ყვავილს,
ჩემი სხეული ხდება უზადო,
პირთამდე სავსე ვარ ნელსურნელებით,
და შფოთი ისევ, ქარიშხალი ვარ, მომაქვს სიმართლე,
პირი გააღე და დაიყვირე ჩემი სახელი,
რომ კვლავ გადარჩე, რომ კვლავ იცოცხლო.
დიდება ჩემდა.
კვლავ წამოვწექი გამხმარ ფოთლებზე,
სიკვდილის სუნი ჩამოვიბანე,
ჩემო გოგონავ, მე ისევ აქ ვარ,
მეძიე, მეძიე, მეძიე შენში
და გწამდეს მარად, რომ მე ვარ ღმერთი.
დიდება ჩემდა.

 

 

 

სად არის ლილი?

 

იყო და არა იყო რა,
არ მინახავს, მაგრამ ღვთის უკეთესი არც იქნებოდა,
იყო წაბლისფერი გოგონა,
თმებიც წაბლისფერი ჰქონდა
და მისი ჭორფლები მზის სხივზე ლამაზად ანათებდნენ,
ყველას უყვარდა ლილი,
პატარა, გულუბრყვილო,
მოხდენილი თეძოებითა და საშუალო ძუძუებით 
ლილი ახერხებდა ყველას შეყვარებოდა.
მის ტოლ გოგონებს ეზიზღებოდათ ლილი,
ეზიზღებოდათ მისი სიცილი,
მისი მოკლე კაბები,
პომადები, მანიკურები, სახის საცხები,
მისი ყვითელი, თეთრ კოპლებიანი საცვლები.
და მისი უდანაშაულო,დიდრონი თვალებიც ეზიზღებოდათ,
რომელიც უკანასკნელი მზის სხივის გაელვებას ჰგავდა,
აღმოსავლეთის ცაზე, რომ რჩება ხოლმე.
არავინ იცის ყველაფერი როგორ დაიწყო,
მაგრამ ლილის მუტელი გაიზარდა,
ისეთი დიდი გახდა, 
რომ ყველას შეეძლო ხელით შეხებოდა.
დღითი დღე იზრდებოდა და იზრდებოდა
ლილის წაბლისფერი მუტელი,
ისე გაიზარდა, რომ ვარდისფერი გულ-მკერდიც გამოუჩნდა.
უკვე აზრი აღარ ჰქონდა მის კლიტორს,
უგრძნობი, ძველი, დაღლილი გახდა.
ლილი იჯდა მამიკოს ბიჭების მანქანაში
და პირში იღებდა აკრძალულ სათამაშოებს,
რომლის გამოც მამამისი ყოველდღე,
გაცრეცილი, ყავისფერი ქამრით შოლტავდა მას.
ლილი ტიროდა და ყვიროდა:
"შენ არ გესმის, შენ ვერ გაიგებ, შენ არაფერი არ გესმის" 
მამამისი, მთელ სახეზე ღრმა შრამი, რომ ჰქონდა
ვერ იტანდა ამ სიტყვებს, კონტროლს კარგავდა
და მაღალყელიან, შავ, ქუსლიან ფეხსაცმელს ცხვირ-პირში უმოწყალოდ 
ურტყამდა (მსგავსი ფეხსაცმელი კოვბოებს აცვიათ)
ლილის სანამ სახეზე ლურჯი ლაქები არ გაუვლიდა,
მანამ სახლიდან არ გადიოდა და იმ პლასტმასის ბანანით
ცდილობდა სიამოვნება მიეღო,
რომელიც მისაღებ ოთახში, შუა მაგიდაზე, ლანგარში იდო
პლასტმასის ატმებსა და მსხლებს შორის.
"მას არაფერი გამოასწორებს, ხომ ხედავ? ის თავისას მაინც გაიტანს, ნუ სცემ მას" საყვედურობდა დედამისი მამამისს, მამა თავჩაღუნული ტალახიან ფეხსაცმელს
აკვირდებოდა და ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა,
რადგან მას მერე, რაც ლილიმ ყლეს გემო გაუსინჯა
და გადაწყვიტა ყველა ყლე მისი ყოფილიყო,
მამა გამელოტდა, დედა კი ქათმის ფილეს მარილს ისევ აკლევდა. ლილის სახის ჭრილობები მოურჩებოდა თუ არა
კლუბებსა და ბარებში დაეხეტებოდა,
გიჟდებოდა ნარკოტიკებზე, სასმელზე, ცეკვაზე, ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიაზე, ხატვაზე, ერთი სიტყვით იმაზე,
რაც ასეა თუ ისე მომხიბლელია ყველასათვის.
მაგრამ რა მოუვიდა მას? სად გაუჩინარდა?
მთელი ქალაქი მასზე ჭორაობდა,
ივნისი დადგა და გაუჩინარდა,
ზურგზე სევდა მოიგდო და წავიდა.
არა, არავინ იცის ლილი, წაბლისფერი გოგონა
როგორ წავიდა, მაგრამ ყველამ იცის
რომ აღმოსავლეთით, ივნისის თვეში,
სადაც მზე სხეულს ჩაძირავს
და შეფაკლულ ცაზე, სხივები ცეკვას დაიწყებენ
ყველა ხედავს მის სევდიან პირი-სახეს,
თაყვანისმცემლები სარეცხივით გადმოეკიდებიან აივანსზე
და უყურებენ ლილის, რომელიც დროულად გაუჩინარდა.
ის ცაზე იღიმის, ცეკვავს და მღერის,
და მისი დიდი მუტელი, ქართან ერთად, ზღვასთან ახლოს,
ჭორფლებთან ერთად ისევ ციმციმებს.

 

 

 

 

მაშინ მინდა

 

როცა შენი მუხლები ჩემი დანახვისას აცახცახდებიან
და აღმართიდან ჩვენი ფიქრები დაგორდებიან ჩვენამდე,
მაშინ მინდა ხელი ჩამჭიდო.
როცა ჩვენი სიყვარულით დამძიმებული ქალაქი უხმოდ ამოიოხრებს და კორპუსებს ჭრუანტელი მკაცრად დაუვლით
და აივნებზე გაფენილი სარეცხები გაფრინდებიან,
მაშინ მინდა ხელი ჩამჭიდო.
როცა ყველა მარტოდ დარჩენილ ხეებთან მივალთ
და მათ ფესვებზე ჩამოვჯდებით, რომ მოვყვეთ ძველი ამბები და ტოტებზეც ჩიტებივით დავეტევით,
როგორც ხალხური ანდაზები და მათი სველი ფოთლები, 
თუ ჩვენს სხეულს დაგვინამავენ,
მაშინ მინდა ხელი ჩამჭიდო.
როცა ჩვენი კედლები ერთმანეთს დაანგრევენ
და ერთადერთი ნათურის შუქზე შენი ცივი ხელები გათბებიან და სიბერე იქნება ისე ახლოს,
როგორც მანძილი შენი ნიკაპიდან ჩემს ტუჩებამდე,
მაშინ მინდა ხელი ჩამჭიდო.
როცა ჩვენს ჩრდილებს ქარი შეარხევს
და ჩვენი მზერიდან ყალბი იმედები გაქრებიან
და ზაფხულის პირველ დღეს საქანელაზე სულებს ავწონით,
მაშინ მინდა ხელი ჩამჭიდო.
როცა ყანაში ჩვენს მოსავალს ყვავები აიღებენ,
და ჩვენ ხეებზე დაკიდებულ ძაფებზე ვიწვებით,
და ჩვენი თვალები ერთმანეთში აითქვებიან,
და დაგორებული ფიქრები შეეცდებიან შუა დაღმართზე გაიყინონ, მაშინ მინდა ხელი ჩამჭიდო
და არ გამიშვა, სანამ არ გეტყვი!!!

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული