• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ზოოპარკი, ანუ ჩემი ქორწინების ისტორია

×
ავტორის გვერდი გიორგი მაისურაძე 06 იანვარი, 2016 2626

ჩვენ უნდა გვექორწინა, მაგრამ ჩემს საცოლეს დათვმა უკბინა და ქორწილიც გადაიდო. მას შემდეგ ის ლოგინში კი აღარ ხვნეშოდა, არამედ იღრინებოდა. ჩემი საცოლე ზოოპარკში მუშაობდა, სადაც მას ცხოველების დაბანა ევალებოდა. ის ჩლიქებიანი ცხოველების დაბანას იყო მიჩვეული და იმ დღეს პირველად მიუშვეს დათვთან. დათვს შამპუნის ქაფი თვალში ჩაუვიდა და ეშვით სცადა იმ ხელის მოგერიება, რომელიც მას თავს უქაფებდა. ჩემს საცოლეს დათვის ეშვზე ხელი გაეჭრა და სისხლის დანახვაზე ცრემლები წამოუვიდა, მაგრამ ზოოვეტერინარმა ჭრილობა შეუხვია და დაამშვიდა, ნაკერების დადება არ დაგჭირდებაო. ჩემი საცოლეც დამშვიდდა და მადლობის ნიშნად ვეტერინარს აკოცა გაუპარსავ ლოყაზე. ვეტერინარს ესიამოვნა და სიამოვნებისგან შეწითლებული ლოყით მოუშიშვლა ზურგი შრატის გასაკეთებლად ზოოპარკის სამედიცინო პუნქტში.

ჩვენც ერთმანეთი ზოოპარკში გავიცანით. მე ვეფხვების ბუნაგში ვიყავი, ნაყინს ვჭამდი და შთაგონებული ვაკვირდებოდი, როგორ აწოვებდა ძუძუს დედა-ვეფხვი პატარა ბოკვერს. უცებ ნაყინი შარვალზე ჩამომეღვენთა. ჯიბეში ქაღალდის ხელსახოცის ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერ ვიპოვე.

- გინდა, მოგწმინდო? – საიდანღაც ხმა მომესმა და ისე შემეშინდა, რომ ნაყინის ნარჩენიც ხელიდან გამივარდა. არადა მეგონა, რომ მარტო ვიყავი ცარიელ ზოოპარკში. ამასობაში ისიც მომიახლოვდა, ყვითელი რეზინის ხელთათმანები მოიძრო და ჩაიმუხლა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მე მხოლოდ მისი ცივი თითების ჩემი შარვლის უბეში შეყოფის შემდეგღა მივხვდი, რომ ის ზოოპარკის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო და წარმოვიდგინე როგორ ტენიდნენ მისი ეს ცივი თითები ხახაში ხორცის მსხვილ-მსხვილ ნაჭრებს ვეფხვებს და ლომებს და სიამაყის გრძნობით ავივსე, როდესაც ჩემი მომავალი საცოლე მშიერი ვეფხვივით შეიჭრა ჩემ შარვალში, მაგრამ სწორედ ამ დროს სკოლის მოსწავლეები შემოვიდნენ და ჩვენს დანახვაზე შუახნის ასაკს გადაცილებული მასწავლებლის კივილის ხმამ რკინის გისოსებს მიღმა დედა-შვილი ვეფხვი დააფრთხო და ჩვენც გამოვიქეცით დარცხვენილები და თავჩაქინდრულები და ასე გავიცანით ერთმანეთი.

- მე ბაბი მქვია, - მითხრა და გამიღიმა. ბაბი თვითონ დაირქვა. ადრე ბაბეტად ეცნობოდა შუახნის მამაკაცებს და ისინიც ამ სახელით კითხულობდნენ სასტუმროს ბარ-რესტორანში. სინამდვილეში ბაბულია ერქვა, მამამისმა თავისი დედის სახელი დაარქვა, შვილიც დედასავით რომ ჰყვარებოდა. როდესაც ბაბის დედამ დაბადების მოწმობაში ჩაიხედა, ცრემლები წამოუვიდა და ერთი წვეთი მელნით დაწერილ სახელს დაეწვეთა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ახალშობილ ბავშვს გადახედა და თქვა: ბაბო. ამ სახელით მას ოჯახის წევრები და ნათესავები იცნობდნენ. მაგრამ როცა მოინათლა, მღვდელმა ბარბარე დაარქვა და უთხრა, „ესე არს ხორცი ჩემიო“, როდესაც ბაბიმ მღვდელს შარვალი ჩაუხსნა. მღვდელმა პირჯვარი გადაწერა და ლოცვა-კურთხევა მისცა. ბაბისაც ტკბილად დაამახსოვრდა ნათლობა და როდესაც პიცა-სერვისის დისპეჩერად დაიწყო მუშაობა, ტელეფონზე ისეთი ხმით წარმოსთქვამდა ნათლობის სახელს - „ბარბარე გისმენთ“, თითქოს ამ დროს ისევ პირველად ეზიარებოდა მაცხოვრის ხორცს.

ბაბის მონათლვა მამამისის იდეა იყო, უფრო სწორედ, მან აიძულა მონათლულიყო. მამამისი ერთი ხურჯინი ვაშლით ჩამოვიდა ქალაქში და ისე კარგად წაუვიდა საქმეები, რომ მალე უკვე თავისი სოფლის ვაშლს საზღვარგარეთ ყიდდა და ფულს ცოლ-შვილს უგზავნიდა, სანამ ვაშლი არ შეიძულა, მას შემდეგ, რაც ბაბიმ მეექვსე ჭიქა არყიან ვაშლის წვენში ვიაგრა ჩაუყარა, როდესაც ვაშლის მოსავლის საყიდლად სოფელში ჩასული მამა-შვილი მარტო დარჩნენ მამამისის მშობლიურ სახლში.

ბაბი მამამისში იყო შეყვარებული. ამას ის მაშინ მიხვდა, როდესაც ერთხელ მამამისის საცვლების ხელით რეცხვა მოინდომა და ერთი ხელი ისე გაექცა საკუთარ საცვლებში, რომ უცებ თვალთ ჩამოუბნელდა და სველი, სარეცხისფხვნილიანი თითების ხახუნით პირველი ორგაზმი განიცადა. ჰოდა, სწორედ მაშინ შეამჩნია, რომ მეორე ხელით მამამისის საცვლები ერთიანად დაეგრიხა და მთელი ძალით თითებს უჭერდა. ბაბი ოდნავაც არ შეუშინებია საკუთარ საქციელს. პირიქით, გადაწყვიტა შური ეძია მამამისზე, იმის გამო, რომ იგი მამამისი იყო და არა მისი ქმარი. თუმცა დედაზე არ უეჭვიანია, ამის საბაბს მამაც დიდად არ აძლევდა. ბაბიმ იცოდა, რომ მამა დედასთან არ ღალატობდა და ძალიან უნდოდა, რომ დედას ეღალატა მამისათვის, მაგრამ დედა არ ღალატობდა და მარტო იჯდა სახლში ტელევიზორის წინ, როდესაც მამა საზღვარგარეთ იყო ვაშლების გასაყიდად. ამიტომაც ბაბიმ იცოდა, რომ მარტო უნდა ეძია შური მამაზე, როცა არყიან ვაშლის წვენში უკვე მთვრალ მამას დაფხვნილი ვიაგრა ჩაუყარა და ოთახში შუქი ჩაუქრო.

თავატკიებულ მამამისს დილით რომ გამოეღვიძა, ბაბის ჯერ ისევ მის მკერდზე ედო თავი და ეძინა. მამამისმა საბანი გადაწია და ზეწარზე სისხლის ჯერ ისევ სველი ლაქები დაინახა. ის შეძრწუნებული წამოხტა და გაიქცა. ისე გარბოდა, ისე ცდილობდა სადღაც შორს გაქცევას და დამალვას, თითქოს ზემოდან ღმერთი გადმოჰყურებდა, როგორც ადამს, რომელსაც უცებ საკუთარი სიშიშვლის შერცხვა და ევასთან ერთად ბუჩქებიდან ვეღარ გამოსულიყო. სწორედ ამ დროს დაფიქრდა ბაბის მამა, რომ ადამის ნეკნისგან შექმნილი ევაც ალბათ ადამს შვილად ერგებოდა და ამიტომაც დაისაჯნენ ისინი, და გაახსენდა, რომ ბაბიმ წუხელ ვაშლის წვენი დაალევინა. ის მიხვდა, რომ ვაშლით ღმერთი უკვე დიდი ხანი იყო აფრთხილებდა მას და მან ვერ შეიცნო მისი ნიშანი და ამიტომაც აღთქმა მისცა ღმერთს, რომ ვაშლებს აღარასდროს მიეკარებოდა. ვაშლებით ნაშოვნი ფულით კი ეკლესიის მშენებლობა გადაწყვიტა და ცოლ-შვილი უფულოდ დატოვა.

ბაბის მამასთან ასრულებულმა სურვილმა ახალი სურვილების ასრულების სურვილები გაუჩინა. მამამისი ისე გაიქცა სახლიდან, რომ ქალაქში დასაბრუნებელი ფულიც არ დაუტოვებია თავისი დაქალებული ასულისათვის. ბაბი არ დაიბნა: ის დისკოტეკაზე მოლარედ მუშაობდა და თან ჩუმად „ექსტაზისაც“ ყიდდა. კლუბს არაერთხელ დადგომია პოლიცია, მაგრამ ბაბიზე ეჭვი არავის მიჰქონდა, მხოლოდ „მეორედ აქ არ დაგინახოთ“-ს მიძახებით უშვებდნენ ხოლმე სახლში. ზუსტად წინა ღამეს, სანამ ბაბის მამამისი სოფელში წაიყოლიებდა ვაშლის შესაძენად, კლუბში პოლიცია შეიჭრა. ბაბის ამ დროს მოლარეობა დაემთავრებინა და ფულის დათვლას აპირებდა. ფულის ჩაბარების შემდეგ, ჩვეულებისამებრ, ერთ ხაზ კოკაინს იღებდა კლუბის მეპატრონისგან. იმ საღამოს კი წინასწარ მიიღო და ის-ის იყო ტუალეტში განმარტოებულმა შეიყნოსა, როცა უცებ პოლიციის ხმა მოესმა. ბაბის ცხვირის ნესტო ჯერ ისევ თეთრი ფხვნილით ჰქონდა მოთხვრილი, თან ჩანთაში მთელი მუჭა „ექსტაზი“ ედო და იფიქრა, რომ ახლა კი თვალების უმანკოდ ფახუნი ვეღარ უშველიდა და ფულიან-ექსტაზიანად ტუალეტის სარკმლიდან გაიპარა. დილით ის უკვე მამამისის მანქანაში იჯდა და ეძინა.

შუადღე ახლოვდებოდა, როდესაც ბაბიმ გაიღვიძა. მამამისის ძებნა არც დაუწყია, მშვიდად მოიმზადა საუზმე და მთელ საათზე მეტ ხანს იჯდა მზეზე და ნელა წრუპავდა რძიან ყავას. მერე შეხედა დასისხლიანებულ ზეწარს და რაღაც აქამდე უცნობი გრძნობა დაეუფლა. ბაბიმ სასწრაფოდ სარკეში ჩაიხედა და მობილურით საკუთარ გამოსახულებას სურათი გადაუღო. მას უნდოდა ფოტოზე ის გრძნობა დაეფიქსირებინა, რომელსაც მისი სახე გამოცემდა. მერე თითქმის მთელი წუთი ფოტოს აკვირდებოდა და უცებ გაიფიქრა: ასე გამოიყურებიან გამარჯვებულები!

ბაბიმ ტაქსი გამოიძახა და ქალაქისაკენ გაემგზავრა. სახლში აღარ გაუვლია და პირდაპირ აეროპორტისაკენ გაეშურა. გზაში მას მხოლოდ ერთი საფიქრალი ჰქონდა: რომელ ქვეყანაში შეეძლო უვიზოდ შესვლა? არჩევანი დიდი არ იყო – მაინც არსად მეგობარი ან ნაცნობი არ ჰყავდა და ის ქალაქი აირჩია, საითკენაც გასაფრენად ყველაზე ნაკლები ლოდინი მოუწევდა. გვიან საღამოს ის უკვე სასტუმროს აბაზანაში იჯდა და ღამის გეგმებს აწყობდა, თუმცა ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა: ბაბიმ ერთი ექსტაზი გადაყლაპა და სასტუმროს ბარში ჩავიდა და როდესაც გამთენიისას ბარში გაცნობილ მამამისის ასაკის კაცს ტუალეტში შარვალი ჩაუხსნა, მის ხახაში იმხელა მოცულობის მკვრივი ხორცის მასა აღმოჩნდა, რომ ბაბიმ მხოლოდ სასაზე უსიამო შეხებაღა იგრძნო, რომელსაც მისი პირიდან ტეკილას და დაღეჭილი ლიმონის ქერქების ამოფრქვევა მოჰყვა.

ბაბი ქუთუთოზე უსიამო ხახუნმა გამოაღვიძა და ცალი თვალი ნახევრად რომ გაახილა, მას გრძელთმიანი მამაკაცის შავ-თეთრი პორტრეტი უყურებდა. ბაბიმ ბალიშიდან თავი წამოსწია და ტკიცინა ასდოლარიანს დააკვირდა. სასწაულების არასდროს სჯეროდა, ბავშობაში საახალწლო საჩუქრების სიას ნაძვის ხესთან მდგარ თოვლის ბაბუას კი არ უტოვებდა, არამედ ახალ წლამდე ერთი თვით ადრე პირდაპირ მამამისს საწოლზე უდებდა. ბაბი არც ახლა დაფიქრებულა და არ უცდია წინა ღამის დეტალების აღდგენა, როდესაც აბაზანიდან ამოსულმა დაორთქლილ სარკეს შეხედა, მან უკვე ზუსტად იცოდა, რომ ამ უცხო ქალაქში დასაქმებაზე არ უნდა ეზრუნა. ბაბიმ ასდოლარიანი ჩანთაში ჩაიდო, პირში კი სიგარეტი და ასე გამოვიდა პირველ დღეს სასტუმროდან. მეორე დღეს სიგარეტი ვერ იპოვა ჩანთაში, სამაგიეროდ იქ უკვე სამი ახალი ასდოლარიანი ედო. იმავე ღამეს ბაბის ახლადგაცნობილმა მამაკაცმა დახვეული ასდოლარიანი მიაწოდა კოკაინის შესაყნოსად. ბაბიმ შეიყნოსა და დახვეული ასდოლარიანისგან გაკეთებული პატარა მილი ჯიბეში ჩაიდო. როდესაც მან მეათე დახვეული ასდოლარიანი ჯიბეში ჩაიტენა, მამაკაცს პირიდან დუჟი გადმოუვიდა და ძლივს წაილუღლუღა: Bაბეტტე... მესამე დღეს, როდესაც ბაბიმ ათი ასდოლარიანი კოკაინის ნარჩენებისგან გაასუფთავა და ჩანთაში ჩადო, ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ წინა ღამის მთავარ შენაძენი მისი ახალი სახელი - ბაბეტა იყო, რომელიც სულ მალე სასტუმროს ღირშესანიშნაობად გადაიქცეოდა შუა ხნის ასაკის ფულიან მამაკაცებში. 

ბაბეტა, ჩემო თვალის სინათლევ, ჩემი მუხლების სიმარდევ! ჩემო ცოდვავ და ვნებავ. ბა-ბე-ტა: ის იყო ბა, უბრალოდ ბა, როცა დილაობით აბაზანიდან ამოსული დაორთქლილ სარკეს უყურებდა და უხაროდა, რომ საკუთარ დაღლილ და ფერმკრთალ სახეს ვერ ხედავდა. ის იყო ბაბო გრძელი სპორტული შარვლით რომ დაბაჯბაჯებდა სახლში და მივლინებიდან დაბრუნებულ მამის საჩუქრებს ელოდა; ბაბი – პირდაპირ სკოლის გასახდელში რომ გაეცნო ფიზკულტურის მასწავლებელს, რომელიც პირსახოცით იზელდა დაკუნთულ მუცელს და ბაბულია, პირადობის მოწმობას რომ აჩვენებდა კლუბის შესასვლელში კარისკაცს და მისი დაკრეჭილი კბილების დანახვაზე ენის წვერის ქიცინით რომ პასუხობდა. მაგრამ შუა ხნის ასაკის ფულიან მამაკაცებთან ის ყოველთვის ბაბეტა იყო.

ბა.ბე.ტა. ბაბი ჩემს კალთაში იჯდა, სახით ჩემკენ და თავისი ბაბეტობის ამბავს მიყვებოდა და მეც ჩემდაუნებურად წამომცდა: „ბა...“ ბაბიმ არ მათქმევინა და მაკოცა. მე პირი გავაღე და გავაგრძელე სახელის დამარცვლა: „ბე“, ბაბიმ ისევ გამაწყვეტინა და მის ტუჩებთან შეხებისთანავე უცებ პირდაპირ დიაფრაგმიდან აღმომხდა: „ტაჰ“ და ბაბიმ მუცელზე თბილი და წებოვანი სითხის შესხურება იგრძნო და მთელ ხმაზე გადაიხარხარა. არადა, მეგონა, რომ ეწყინებოდა, შემეშინდა კიდევაც და როცა მან სიცილით მიპასუხა, მე ისე გამიხარდა, ისე ბედნიერად ვიგრძენი თავი, რომ მაშინვე ცოლობა ვთხოვე. ისიც დაუფიქრებლად დამთანხმდა და მას შემდეგ თავს ჩემ საცოლედ მოიხსენიებდა. უფრო მეტიც, მე და ბაბი აღარ ვიყავით ცალ-ცალკე მე და ბაბი, ჩვენ გავხდით „ჩვენ“ და მაშინაც კი, როდესაც ბაბის ვინმე რამეს მხოლოდ ჩემზე ან მასზე ეკითხებოდა, ვალდებული იყო ეთქვა: „თქვენ“ და ბაბიც პასუხობდა: „ჩვენ“. 

ბაბის ეამაყებოდა ბაბეტობის გახსენება, რადგანაც ეს მისი ცხოვრების ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო, რომელიც სრულიად მოულოდნელად დასრულდა, როდესაც მისი ოთახის კარი გაიღო და კლიენტად საკუთარი მამა მოევლინა და აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი საკუთარი შვილის დანახვაზე მან ჯერ მარჯვენა ხელი გულზე დაიდო, მერე მუხლებზე დაეცა და თავი ბაბის კალთაში ჩაუვარდა. პირველი, რაც ბაბიმ გაიფიქრა იყო ის, რომ მამამ და შვილმა როლები შეცვალეს: ახლა მამამისს ედო თავი მის კალთაში და მთლიანად ბაბიზე იყო დამოკიდებული, როგორც ერთ დროს ბაბი უდებდა თავს კალთაში მამამისს და სურვილების ასრულებას თხოვდა. ახლა ბაბი იყო მამა და თავისი ახალშობილი მამადყოფილის სურვილების შემსრულებელი. ბაბის ეს როლი მიმზიდველი ეჩვენა და რეანიმაციიდან საავადმყოფოს პალატაში გადაყვანილ მამამისს ყველა სურვილის შესრულებაზე დათანხმდა. მამამისს მხოლოდ ორი თხოვნა ჰქონდა: ბაბი უნდა მონათლულიყო და ნათლობის შემდეგ ერთი თვე მონასტერში გაეტარებინა. ბაბის ნათლობაზე მეტად მონასტრის იდეა მოეწონა და პირველი ზიარებით შთაგონებული თავის წარმოსახვაში ის უკვე საკურთხეველზე იწვა სამოსელგანძარცული და საკუთარი სისხლით და ხორცით აზიარებდა ღვთისმოსავ ბერებს, როდესაც მამამისმა ზურგჩანთამოკიდებულს გაუმხილა, რომ დედათა მონასტერში მიემგზავრებოდნენ. ერთადერთი, რაც ბაბის მოიფიქრდა, ვიბრატორი იყო. არა, არც უფიქრია – ხელი თავისით გაექცა სიტყვა „დედის“ გაგონებაზე, ჩაებღაუჭა, როგორც საშველად გამოშვერილ ხელს, რომელსაც ვარდნისგან უნდა ეხსნა.

იმავე ღამეს ბაბი დედათა მონასტრის პატარა და ცივ ოთახში იწვა რკინის საწოლზე და ყურდაცქვეტილი ელოდა ჩაძინებული დედების ხვრინვას, რათა თვალებდახუჭული ვიბრატორის დახმარებით მაინც მისცემოდა წარმოსახვებს და იქნებ ისეთი ვინმე წარმოედგინა, ვინც მის მოწყენილობას ასატანს მაინც გახდიდა.

მაგრამ ხვრინვაზე გამახვილებულ ბაბის ყურს რაღაც ნაცნობი ზუზუნი მოესმა. მერე თითქოს ზუზუნი გაორმაგდა, გასამმაგდა, ხმაშეუწყობელ მუსიკად იქცა...

გაივლის დრო და გაუგებრობის ძალით თანამედროვე კლასიკური მუსიკის კონცერტზე მოხვედრილ ბაბის დედათა მონასტერში გატარებულ პირველ ღამეს სხვადასხვა სიშორიდან მომავალი კაუჩუკის ელექტროვიბრატორების ზუზუნები გაახსენდება, როდესაც სკამის საზურგეზე თავჩამოდებულს, საამური მოგონებებისგან დაწვრილებული თვალების ფოკუსში უნებლიედ ერთი შუა ხნის ასაკის მამაკაცი, უფრო სწორედ, მის მარჯვენა მაჯაზე მომაჯადოვებელი სილამაზის საათი მოექცა. ბაბის სამკაული არ უყვარდა, მაგრამ საათს სამი-ოთხი მეტრის დაშორებიდანაც კი ეტყობოდა მასში გადახდილი ფასის სიმძიმე.

მაგრამ ახლა ბაბი შორს იყო თანამედროვე კლასიკური მუსიკის კონცერტისგან და ყურებდაცქვეტილი ელექტრობატარეებზე მომუშავე ვიბრატორების მრავალხმიანობას ითვლიდა, როდესაც ხის იატაკის ჭრიალმა მისი ოთახის კარის მიდამოებიდან დისონანსად გაიჟღერა. ბაბის ბებიამისი ბაბულია გაახსენდა, რომელსაც ჩვევად ჰქონდა მოსახელე შვილიშვილის ოთახის კართან მიყურადება და გასაღების ღრიჭოდან თვალთვალი. ბაბი განსაკუთრებით ღიზიანდებოდა, როდესაც ბებიამისი მასტურბაციის დროს გაიფაჩუნებდა მისი ოთახის კართან. ერთხელ ბაბი მამამისის ტანსაცმლის კარადაში იჯდა და მასტურბირებდა. ის ჯერ მამის შარვლებს ათვალიერებდა. მერე ერთ შარვალს უბე ჩაუხსნა და ამ ქმედებამ ისე აღაგზნო, რომ საკუთარ ოთახში გადანაცვლებაზე აღარც უფიქრია, - კარადის კარი შიგნიდან მოიხურა და ორივე ხელის სამ-სამი თითი საკუთარ უბეში ჩაიყო. ბაბის იდაყვები კარადის კელდებს ეხეთქებოდა და ტამტამების ხმად უბრუნდებოდა და ქოშინების რიტმულ გამოძახილებთან ჰარმონიას ქმნიდა, როდესაც კარადის კარები გაიხსნა და გაცოცხლებული ქვის ქანდაკების მჭმუნვარე სახით ბებიამისი გამოეცხადა. ბაბის ფიქრის დრო არ ჰქონია, დიაფრაგმის სპაზმიდან წამოსული ძალით დაიღრიალა და კბილებით ბარძაყში ჩააფრინდა მოხუც ქალს, რომელსაც კბენით გამოწვეულ ტკივილამდე შვილიშვილის ქმედებამ შოკში ჩააგდო და გონება დააკარგვინა და მისი მოსულიერება ვეღარც სასწრაფომ შეძლო. ბებიის დაკრძალვის ღამეს ბაბიმ პირველად იხახუნა ისე თითები, რომ ყურების დაცქვეტა აღარ დასჭირვებია. და ახლა, როდესაც დედათა მონასტერში ვიბრატორების ზუზუნის ელექტორნულ ხმებში ხის იატაკის ჭრიალი გამოარჩია, ბაბის საკუთარი ბებია გაახსენდა და შეცბუნებული საწოლიდან წამოხტა და შიშნარევი მრისხანებით კარი გამოაღო და მის უკან აყუდებული ოც წელს არმიღწეული ბიჭი ისე შეაშინა, რომ საბრალო თითქმის მთელი ერთი წუთი ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა და მთელი ტანით ცახცახებდა. ბაბის მრისხანებისგან შეჭმუხნული შუბლის ნაოჭები ნელ-ნელა გაუსწორდა და ისე შემოათრია ოთახში ენაჩავარდნილი ბიჭი, რომ ბაბიმ მხოლოდ შუა ოთახშიღა შეამჩნია, რომ ბიჭის მოცახცახე ტუჩებს მიშტერებოდა და გაოცებისგან თავადაც ენა ჩაუვარდა, როცა მიხვდა, რომ საშუალო ასაკის მამაკაცებთან დაქალებულს პირველად თავისზე საგრძნობლად უმცროსი ბიჭის ტუჩების დანახვამ თვალები გაუელამა, რაც ბაბის მხოლოდ მაშინ ემართებოდა, როდესაც ნადავლის მოსაპოვებლად გამკვრივებული ტუჩებით მიისწრაფოდა. თავის ასეთ მდგომარეობას ბაბიმ შავი ლეოპარდის პოზა დაარქვა მას შემდეგ, რაც ერთხელ ტელევიზორში მტაცებელ ცხოველებზე დოკუმენტური ფილმის ყურებისას აღმოაჩინა, რომ შავი ლეოპარდის მიერ დიდი და სევდიანთვალებიანი ბოჩოლასათვის კბილებით ყელის გამოღადრვამ ისე აღაგზნო, რომ საკუთარ თავში ამოიცნო შავი ლეოპარდი და თვალების გაელმებით იმ სამიზნე ადგილს მონიშნავდა მასთან გამარტოებული მამაკაცის შიშველ ტანზე, სადაც თავისი გამკვრივებული ტუჩებით უნდა ჩაჭიდებოდა და მერე კბილებიც ჩაესო. ახლა აცახცახებული ბიჭის სევდიანმა თვალებმა ის ბოჩოლა გაახსენა, რომელსაც შავმა ლეოპარდმა ყელი გამოღადრა მტაცებელ ცხოველებზე ტელეგადაცემაში და ბაბიმ კი აღარ წარმოიდგინა, არამედ იგრძნო, რომ ის ახლა თავად გადაქცეულიყო შავ ლეოპარდად და მის წინაშე სამსხვერპლოდ განწირული ბოჩოლა იდგა, რომელსაც ჯერ არც რქები ამოსვლოდა, არც ჩლიქები გამაგრებოდა და საბრალო სახით მოცქირალი ამბობდა: „პატარა ვარ, ობოლი, ბედმა დამიბრიყვა“, მაგრამ ბაბის თვალების ფოკუსის გასწორებასთან ერთად, ბოჩოლისთვალება ბიჭმა წამწამები დააფახუნა და ისეთი გულისგანმგმირავი ხმით თქვა, „მაპატიე“, რომ ბაბის ჯერ სიცილი აუტყადა, მერე ბიჭს მკლავი შემოხვია, თავისკენ მოქაჩა და ლოყაზე აკოცა.

კიდევ გაივლის დრო და იძულებით მუშაობამისჯილს, როდესაც ზოოპარკის ადმინისტრატორი შარვლის შეკვრისას მოსავლელ ცხოველთა სახეობის ამორჩევას შესთავაზებს, ბაბის ბოჩოლისთვალება ბიჭი გაახსენდება და ჩლიქოსან ცხოველთა დაბანას აირჩევს გამოსასწორებელ საქმიანობად, რათა თავის ფიქრებში ისევ დედათა მონასტრის იმ ნესტიან ოთახში აღმოჩნდეს, სადაც პირველსავე ღამეს მამრობითი სქესის არსების ცრემლი შეუვიდა გამკვრივებულ ტუჩებში, როდესაც ისინი ბაბიმ ბიჭის ლოყას მიუცაცუნა. ბიჭისთვის ბოჩოლასავით თვალებიდან წამოსული ცრემლი რომ მოეწმინდა, ბაბიმ მას ხელით თავი საკუთარი მკერდის მიმართულებით ჩამოაწევინა და უცებ მამასთან სასტუმროს ოთახში უცაბედი შეხვედრა გაახსენდა და ეს მოგონება აღგზნებაში გადაუვიდა, როდესაც ბიჭის ნიკაპი მის ძუძუებს შორის აღმოჩნდა. ბაბის ყველაზე მეტად ის ეუცნაურა, რომ ბოჩოლისთვალება ბიჭმა მის კალთაში აღმოჩენილი ინფარქტისგან დაუძლურებული მამის თავი კი გაახსენა, მაგრამ მისი აღგზნება შვილ-მამური სითბოთი არ იყო შემთბარი, არამედ ბაბისთვის აქამდე უცნობი დედაშვილური ალერსის სურვილით აუჩქარდა სისხლი: ბიჭი, თვალებით ბოჩოლას რომ აგონებდა, ბაბიმ საკუთარ ვაჟიშვილად წარმოიდგინა, რომლის ლოყის სიწითლე ალმურად მოსდებოდა ბაბის გულ-მკერდს და აქამდე ჯერ არგანცდილსა და ჯერ არგაგონილ ვნებას განაცდევინებდა. ბაბი პირველად დაფიქრდა იმაზე, რომ დედის სიყვარული საკუთარი ვაჟისადმი კიდევ უფრო ვნებიანი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ასულის დაუოკებელი ლტოლვა მამის კალთისაკენ. ბოჩოლისთვალებიან ბიჭს ალბათ დედა არ ჰყავდა, ის პატარა იყო და ობოლი, ბედისგან დაბრიყვებული, მაგრამ ბედმა ბაბის შეახვედრა, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უფიქრია დედობაზე, ახლა ზრდასრულ ასაკს მიღწეული ვაჟიშვილის თავი ედო საკუთარ მკრდზე მიბჯენილი და დედაშვილური ალერსი შეიძლება დაუოკებელ ვნებაშიც გადასულიყო, რომ არა ისევ ბოჩოლისთვალება ბიჭის ხმა, რომელმაც მისდამი დედობრივ გრძნობებაშლილ ბაბის გაუმხილა, რომ ის უკვე მეორედ იმყოფებოდა მონასტერში გამოსწორების მიზნით, მხოლოდ ამჟამად დედათაში გამწესებული, რადგანაც პირველად მამათა გარემოცვაში ყოფნამ ის არა მხოლოდ ვერ გამოასწორა, არამედ ზოგი სულმოკლე მამაც გაიყოლია სიმრუდისაკენ და ახლა დედათა სათნოებას უნდა ეხსნა მისი სული წარწყმედისგან.

ამის გაგონებაზე ბაბი შეცბა და იფიქრა, რომ მისი ნატვრა არასწორად იქნა შესმენილი და მისი დედობრივი გრძნობებიც ზედმეტი სწორხაზოვნებით აღქმული. არადა ბაბის სურვილი იყო, წარმოედგინა, უფრო სწორედ, გამოეცადა, მამამისი რომ შეყვარებული ყოფილიყო მასში, რა გრძნობით დაეუფლებოდა ის მის სხეულს. ამიტომაც გადაწყვიტა დედობა, რათა დედობრივი ვნებით დაუფლებოდა ის თავის ვაჟს, რომელიც ბაბიმ ბოჩოლისთვალება ბიჭში ამოიცნო. მაგრამ ბიჭს მამა უყვარდა და არა დედა, - ისე, როგორც ერთ დროს ბაბის მამამისი, - და, რადგანაც ბაბისგან განსხვავებით მას საკუთარი მამა არ ჰყავდა, ის მამამისის ასაკის მამაკაცების მკლავებში ეძებდა შვებას და ეს რომ დედამ გაუგო, დედათა მონასტერს მიანდო ვაჟის სულის გასპეტაკება. ბაბი მიხვდა, რომ დედა-შვილობის ხანმოკლე ოცნება დროულად უნდა დაესრულებინდა და მამად გარდასახულიყო ბიჭისათვის, რომ მისი ჩლიქებგაუმაგრებელი ხორცი ეგემა. ბაბიმ არა მხოლოდ იცოდა, რა განასხვავებდა მამობას დედობისგან, არამედ ის განმასხვავებელ საგანსაც ფლობდა სათუთად გადამალულს საბნის ქვეშ, რომელსაც ასამოქმედებლად განწყობა და სისხლით გამკვრივება კი არ სჭირდებოდა, არამედ ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეეძლო ბოჩოლისთვალება ბიჭი დაერწმუნებინა, რომ ბაბი მამამისი იყო.

სამი კვირის მანძილზე ასე არწმუნებდა ვიბრატორმომარჯვებული ბაბი ბოჩოლისთვალება ბიჭს, რომ ის მამამისი იყო ქალის ტანში განსხეულებული. თუმცა ბაბის მიზანი არა მამობა, არამედ დედობრიობით მიღებული ალმური იყო საკუთარი ძისგან და თავი იოკასტედ ეგრძნო საკუთარი ძის სასიყვარულო სარეცელში რომლის მიღწევისთვისაც ის მამად უნდა გარდასახულიყო და ვიბრატორით შეეღწია ბიჭის შიგნეულობაში, რომ მას ტოტად გამოზრდოდა წელს ქვემოთ ჩამოკიდული ფაქიზი ყლორტი, ვარდის კოკორივით დაბოლოებული, რომლის გამკვრივებასაც ამაოდ ცდილობდა ბაბი სულის ჩაბერვით და მხოლოდ ვიბრატორის ვიბრაციები თუ წამოაყენებდა მძინარეს.

მაგრამ ერთ ღამეს ვიბრატორის ვიბრაციებმა ისეთი გულის შემძვრელი გმინვა ამოადინეს ბიჭის ყელის იოგებს, რომ მონასტრის დედებიც წამოდგნენ ლოგინიდან და დასასრული დაუჩქარეს ბაბის სამკვირიან დედ-მამობრივ სიამტკბილობას. ახალგათენებულზე ერთდროულად გაჩერდა ბაბის მამის და ბოჩოლისთვალება ბიჭის დედის მანქანები. ბაბის მამას ბედს შეგუებულის სევდიანი და ცოტა მოდებილო სახე ჰქონდა და ხმას არ იღებდა: აუჩქარებელი ნაბიჯებით გამოიტანა ბაბის ჩანთა და საბარგულში ჩადო, როდესაც ბაბიმ მზის სათვალე გაიკეთა და მანქანაში ჩაჯდა. ბოჩოლისთვალება ბიჭის დედა, რომელსაც აუწყეს, რომ მის პირმშოს ცდუნებად მიუვლინა ეშმაკმა ქალი და ვაჟმაც შესცოდა, სიხარულს ვერ მალავდა და რწმენაში გაძლიერებული მადლობას უხდიდა უფალს და ადიდებდა მის სახელს და ძალას სასწაულის მადლით გზასაცდენილი ვაჟის დავაჟებისა და მართალ გზაზე დაყენებისათვის.

მას შემდეგ ბაბის ბოჩოლისთვალება ბიჭი აღარ უნახავს და სახლში მარტო მოწყენილი ფანჯარაში როცა იყურებოდა და ბიჭის გაბუტულ-გამობუშტული ტუჩები ახსენდებოდა, თვითონაც გამობერავდა ტუჩებს და მერე ბოჩოლასავით დაიზმუვლებდა. დღეები გადიოდა და ბაბის ცხოვრებაში მოწყენილობა ქრონიკულ სახეს იღებდა. ბოჩოლისთვალება ბიჭის სიყვარულმა ბაბის ხორცი შეაძულა და ვეგეტარიანლად აქცია. მაგრამ არც ვეგეტარიანელობამ უშველა და ვერ შეუნელა უმი, არა ჭამისათვის განკუთვნილი ხორცის სიყვარული.

ეს უბრალოდ სევდა აღარ იყო, - ეს უკვე სასოწარკვეთა იყო, - რამაც ბაბი თანამედროვე კლასიკური მუსიკის კონცერტზე მიიყვანა. კონცერტის დაწყებისთანავე ბაბი უცებ დაფიქრდა და ვერ გაიხსენა, საიდან და რა გზით აღმოჩნდა კონცრტზე და სანამ რამეს მოიფიქრებდა, უცებ რაღაც ნაცნობმა ზუზუნის ხმამ გამოაფხიზლა და ბაბის კაუჩუკის ელექტროვიბრატორების მრავალხმიანობა გაახსენდა, დედათა მონასტერში გატარებულ პირველ ღამეს რომ უსმენდა, სანამ თავისი ოთახის კართან იატაკის ჭრიალის ხმას გაიგონებდა და განრისხებული სახით კარის გაღებით შეშინებულ ბოჩოლისთვალება ბიჭს გადაეყრებოდა. მაგრამ სანამ ბაბის ეს მოგონება დაანაღვლიანებდა, მისი თვალების ფოკუსში ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული მაჯის საათი მოექცა, რომლის ფასის სიმძიმეს მაჯა მოეხარა და საათი გამოსაჩენად გამოებზიკა. ბაბიმ მაჯას თვალი ააყოლა და შუა ხანს მიახლოებული ასაკის მამაკაცი დააფიქსირა, რომლის დანახვამაც უმალვე სევდა გაუფანტა და ძველი, ლამის დავიწყებული ვნება გაუცოცხლა, როდესაც შესვენებაზე საკონცერტო დარბაზის ბარში ერთი ჭიქა შამპანური შეუკვეთა და მის გვერდზე ბართან მდგარ ოქროსსაათიან უცნობ მამაკაცს დაპატიჟებისთვის მადლობა გადაუხადა. შუა ხნის ასაკს ახლადმიღწეულმა მამაკაცმა თავიდან გაკვირვებული სახით შეხედა უცნობ და მასზე საკმაოდ უმცროს ქალს, მაგრამ როდესაც თვალები ჯერ გასაღიმებლად გაწელილი ტუჩებიდან კიდევ უფრო მეტად გადაშლილი მკერდის გავლით ერთმანეთზე გადადებულ მუხლებამდე ჩამოაყოლა, გაკვირვება და დაბნეულობა უკვალოდ გაუქრა და აღელვებული სახითა და ხელის აჩქარებული მოძრაობით ბარმენს მთელი ბოთლი შამპანური შეუკვეთა. ამით ბაბისთვის თანამედროვე კლასიკური მუსიკის კონცერტი დამთავრდა და მისი ცხოვრების ახალი დიდი კონცერტი დაიწყო, რომელმაც ის ზოოპარკამდე მიიყვანა, სადაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და ბაბი ჩემი საცოლე გახდა. 

ოქროსსაათიანმა ოქროს საათის მაჯიდან მოხსნა დააპირა, მაგრამ ბაბიმ საათის მოსახსნელად გაშვერილი მარჯვენა ხელი გამოსატაცა და მარჯვენა ძუძუზე დაიდო, მარცხენა ხელი კი თავისი ნებით მიებჯინა მარცხენა ძუძუს და ბაბის აჩქარებულ გულის ფეთქვას კონტრაპუნქტად შეეხამა ოქროს საათის წიკწიკი. მას შემდეგ ოქროსსაათიან მამაკაცს აღარასდროს მოუხსნია მაჯიდან ოქროს საათი, როდესაც ის ბაბისთან მარტოვდებოდა და ბაბის თვალებიც კმაყოფილებით იწყებდნენ ციმციმს, როცა ოქროს საათი მათ ფოკუსში იჯდა.

ბაბის ეს იდილია ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორ მოულოდნელადაც დაიწყო: როცა ბაბის პირი დაკავებული ჰქონდა ოქროსსაათიანი მამაკაცის სხეულის ცენტრში მდებარე გამკვრივებადი ორგანოთი, ამ დროს გამკივანი ხმით და ბაბის კახპად მოხსენიებით ოთახში მამაკაცის თავზეპირსახოცშემოხვეული დედა შემოიჭრა. მოულოდნელობისგან გამოწვეულ შიშის პირველ ტალღას შეურაცხყოფითა და სიამოვნების მომნიჭებელი ქმედების იძულებითი შეწყვეტით გამოწვეული ბაბის მრისხანება მოჰყვა და ინსტინქტურად სიმწრისაგან კბილები დაკრიჭა. ბაბიმ მამაკაცის გულის განმგმირავი ხმა მაშინღა გაიგონა, როდესაც ენის ქვეშ სისხლის გემო იგრძნო. რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები მოვიდნენ: სასწრაფომ ოქროსსაათიანი კაცი, პოლიციამ კი ბაბი წაიყვანეს.

ფსიქოლოგმა, სასამართლოსთვის ბაბის ფსიქიკური მდგომარეობის დახასიათება რომ დაევალა, ბრალდებულზე საუბრისას „პენისის შური“ ახსენა, რამაც ბაბიზე იმხელა შთაბეჭდილება დატოვა, რომ ის მთელი სერიოზულობით დაფიქრდა, პენისის შური ხომ არ ამოძრავებდა და ისევ ბოჩოლისთვალება ბიჭი გაახსენდა, ვიბრატორმომარჯვებული რომ ცდილობდა მისთვის მამობა გაეწია. იქნებ ყველაფერი სხვაგვარად წასულიყო და ჩვენ ახლაც ერთად ვყოფილიყავით მამა-შვილურ ალერსშიო, - ფიქრობდა ბაბი, როცა მოსამართლემ ორი თვით გამოსასწორებელი მუშაობა მიუსაჯა და ზოოპარკში განაწესა, სადაც ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და ქორწინება გადავწყვიტეთ და დათვს რომ არ ეკბინა ბაბისთვის, ჩვენ უკვე დიდი ხნის დაქორწინებულები ვიქნებოდით და სიოც იქროლებდა სასიხარულოდ. მაგრამ სანამ შრატების კურსი დაუმთავრდებოდა, ზოოპარკის ექიმმა რომ დაუნიშნა, ექიმის კაბინეტისკენ გეზაღებულ ბაბის გზად ანაფორიანი კაცი შეეჩეხა, რომელშიც მან უმალვე იცნო თავისი ბოჩოლისთვალება ბიჭი, რომელმაც ბაბის აუწყა, რომ მან დაუტევა ცდუნება და სულიერი სიმშვიდე ჰპოვა ბერის ანაფორაში. ბაბის ექიმის კაბინეტამდე აღარ მიუღწევია, თავი ჩაქინდრა და ხანგრძლივი ისტერიული სიცილით სახლისკენ გამობრუნდა. სახლში რომ მოვიდა, გაახსენდა, რომ თავისი სხეულის შემალულ ნაწილთან დღეს ჯერ თითებით არ ეთამაშა და გაუხარდა, რომ რამდენიმეწუთიანი სიამოვნება კიდევ ჰქონდა, სანამ დაიძინებდა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული