• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

მეოცნებენი

×
ავტორის გვერდი ცოტნე ცხვედიანი 07 მარტი, 2018 2469
ახალგაზრდობა არსებობს ბევრი,
გადასული დრო ფერს რომ უნახავს,
მაგრამ ჩვენსავით ოცნებამჭევრი
ახალგაზრდობა არვის უნახავს. - გალაკტიონი
 
 
***
 
ნინა დეიდას მაღვიძარას რვა  საათზე უნდა დაერეკა, მაგრამ ჯერ ექვსიც  არ იყო რომ გაეღვიძა. ძილის შებრუნება აღარ უფიქრია,მაგრამ ადგომას არ ჩქარობდა. სკამზე გადაკიდებულ კაბებს გადახედა. ფერადი კაბა აშკარად უფრო მსუქანს აჩენდა,შავთან შედარებით. სამაგიეროდ შავებში გამოწყობილს  ასაკი ეტყობოდა. 
 
ნინა დეიდამ იცის, რომ მოხუც დედაბერს თუ დაემგვანება სამსახურიდან მალე გამოუშვებენ. ხოდა, ფერადი კაბა ჩაიცვა. მერე სარკესთან მივიდა და ჩაცვენილ, უაზროდ გაშტერებულ თვალებში ჩახედა  საკუთარ თავს. ახალგაზრდობაში მაკიაჟს თითქმის არ იკეთებდა. ახლა იცის,რომ აუცილებელია. რაც შეიძლება ღია ფერებს არჩევს. თვალის ქვედა შიდა უპეზე თეთრ ფანქარს ისვამს, რადგან  თვალი ასე უფრო ფართო ჩანს. მთავარი და ბოლო შტრიხი თვალის შიდა კუთხეში  წითელი წერტილის დასმაა. არც ისე მარტივი საქმეა, ტუჩსაცხით და ფუნჯით ცოტა წვალება არ უნდა,სამაგიეროდ თვალებს ბრწყინავლეს ხდის.
 
ასე კოხტად გამოწყობილი,  ცხრა საათზე უკვე ‘’პატრიოტული მოძრაობის’’ მთავარ ოფისში იყო. ნინა დეიდა  უკვე თორმეტი  წელია ამ პარტიაშია. მანამდე ‘’ქართველ მოქალაქეთა ყრილობაში’’ იყო, იქამდე ‘’რაინდთა დასში’’. ეგ კი არა, კომუნისტურ პარტიაში შესვლაც მოასწრო, თავის დროზე,მაგრამ მისი გაწევრიანებიდან რამდენიმე დღეში სკკპ-მ არსებობდა შეწყვიტა. 
 
პატრიოტთა შტაბ-ბინაში დილიდან დიდი ფუსფუსი იყო. პარტიამ ბოლო არჩევნებში მარცხი განიცადა, ლიდერებმა გარდაუვალ რებრენდინგზე დაიწყეს საუბარი. ნინა დეიდამ   ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა,მაგრამ მალევე მიხვდა რაშიც იყო საქმე. მისი თაობის აქტივისტები ერთიანად ჩამოაცილეს მთავარ აქტივობებს.  ახლა ყველაფერს ახალგაზრდებს ავალებდნენ,  თუმცა,  ნინა დეიდა  და რამდენიმე მოხუცი, რომლებსაც პარტიის წინაშე დიდი დამსახურება ჰქონდათ,  არ გაუშვიათ. 
 
თორმეტ  საათზე პარტიის ოფისში პატრიოტთა ახალი ლიდერი   მივიდა. ყველანი დიდ წითელ დარბაზში შეიკრიბენ. იმ დღეს, საღამოს თოქ -შოუში დიდი დებატები უნდა გამართულიყო. ლიდერი მმართველი პარტიის წარმომადგენელ დათო მორალის    პირისპირ აღმოჩნდებოდა. დებატები გაიმართებოდა თემაზე: ‘’სამშობლო და რელიგია’’.  მონაწილეობას ასევე მიიღებდნენ  მხატვარი ნიკუშა შენგელაია და რამდენიმე თბილისელი კოლორიტი.
 
ლიდერი   ჩუმად იჯდა წითელ ოთახში. აქტივისტებს მისი მარჯვენა ხელი კობა  ესაუბრებოდა. 
 
სტუდიაში ჩვენი მხრიდან ოცდაათამდე კაცი იქნება.  ისინიც მოიყვანენ ხალხს,მაგრამ ხო იცით უნდა ვაჯობოთ! - თქვა კობამ და ერთ-ერთ აქტივისტს თვალი თვალში გაუყარა.მერე ისევ გააგრძელა:  ჩვენების გამოსვლის შემდეგ ძაან მაგარი ტაში უნდა იყოს. ბექუნა, შენი იმედი მაქვს. მოკლედ ყველაფერი იცით, სიტყვებზე: ''სამშობლო'', ''აფხაზეთი'', ''გავიმარჯვებთ'', ''ნათელი მომავალი'' ყველა ერთად ტაშს უკრავთ და ლიდერს აწყვეტინებთ.  იმათი  გამოსვლისას კიდევ, ხშირ- ხშირად ირონიულად გადახედეთ ერთმანეთს და თავი გადააქნიეთ, ოპერატორი ახლობელი ბიჭია და კარგ კადრებს დადებს. ლამაზად ჩაიცვით იცოდეთ, არ ვიცი, ნებისმიერი შეიძლება დამჭირდეთ კადრში.
 
ხმაურით დაიშალნენ.
 
ათის ნახევარზე ყველა სტუდიაში იყო. ნინა დეიდაც,ბექუნაც და სხვებიც. პატრიოტებებმა სტუდიის ორი რიგი დაიკავეს. მომდევნო ორ რიგში  მმართველი პარტიის აქტივისტები ისხდნენ. დებატები დაიწყო.  დათო მორალმა  თავიდანვე აქტიურად შეუტია ლიდერს. სტუდიაც ახმაურდა,მაგრამ ფაქტი იყო ,მმართველი პარტიის აქტივისტები გაცილებით მქუხარე ტაშს უკრავდნენ. კობამ  რამდენჯერმე ვერ მოითმინა და კულისებიდან თავი გამოყო. აქტიურად ანიშნებდა რაღაცას  თავის აქტივისტებს. მერე ბექუნას რამდენჯერმე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.  ბექუნას სახე აელეწა. ლიდერის მორიგი რეპლიკის შემდეგ ფეხზე წამოიჭრა და ისე დაუკრა ტაში. დააქუხა და დააქუხა. ხელები უკვე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ავტომატურად უკრავდნენ ტაშს. თითებში თითქოს მგრძნობელობა დაეკარგა. ბექუნას მონდომებამ ცუდად ჩაიარა. მოხუცები ვერ აყვნენ. 
 
ფაქტია, დარბაზი მმართველ პარტიას უფრო ძლიერი ჰყავდა. ამ  ფლანგზე ყველანი ახლგაზრდები იყვნენ. ძლიერად უკრავდნენ ტაშს. თავგანწირვით. დათო მორალს ათჯერ მაინც შეაწყვეტინეს სიტყვა. ამას ისიც დაუმატეს,რომ პატრიოტების გამოსვლისას ხმამაღლა იცინოდნენ.
 
ნინა დეიდა მიხვდა,რომ საქმე ცუდად იყო, გვერდზე მჯდომ ნუნუს გადახედა.   ფერი არ ედო. სამაგიეროდ ლიდერი   იყო ერთიანად აჭარხლებული. სასოწარკვეთილი უყურებდა თავის მხარდამჭერებს,მაგრამ ისინი უფრო ნირწამხდარნი ჩანდნენ. უაზროდ,დაბნეულები  იყურებოდნენ. სხვებზე უფრო ნათელი თვალები ნინა დეიდას შერჩენოდა. დებატები კი გრძელდებოდა. სიტყვა ნიკუშა შენგელაიას მისცეს და ლამის მთელი საათი ილაპარაკა. ყველა მშვიდად უსმენდა, არავის გაუცინია. 
 
ლიდერმა  უეცრად წამოიძახა: „...როცა აფხაზეთში ვიბრძოდი...“  პატრიოტებმა მქუხარე ტაში დააჭექეს, მაგრამ დათო მორალი  არ ჩამორჩა და მყისვე მიუგო, აფხაზეთში მეც ვიბრძოდიო. ტაში მაშინ უნდა გენახათ. მმართველი პარტიის აქტივმა თითქმის ერთწუთიანი აპლოდისმენტი  უძღვნა თავის გმირს.
 
ნინა დეიდა  ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა. დღეს,როგორც არასდროს, საშინელებად მოეჩვენა ეს ყველაფერი. სიყალბეა დაინახა ყველგან.  მიხვდა, რომ აქ არავის ედარდებოდა საქართველო და  მართლმადიდებლობა. მიხვდა და თან რაღაც ძალაც იგრძნო. სხვებს კიდევ ერთხელ გადახედა და ისიც იგრძნო , რომ ამ ახალგაზრდებთან შედარებით არცისე ბებერი იყო. არც არასოდეს დაბერდებოდა, სანამ  ამ სიყალბის წინააღმდეგ  ხმის ამოღებას გაბედავდა.  გულში ფიქრობდა,  ავდგები ამათ ყველას გამოვლანძღავ და სტუდიიდან გავიქცევიო...ვერ რისკავდა  წამოდგომას. თითქოს ეშინოდა გადამწყვეტ მომენტში ხმა არ ეყოფოდა სიტყვის სათქმელად. მერე თავისი ფერადი კაბა გაახსენდა. იქნებ ზედმეტად სასაცილოდ გამოიყურებოდა? იქნებ მაკიაჟიც გაუფუჭდა და თვალებიც ჩაუქრა? მერე გადაწყვიტა, ხმაამოუღებლად დავტოვებ დარბაზსო, მაგრამ ადგილიდან ისევ ვერ დაიძრა. სტუდიაში მყოფთა საუბარი უკვე გაბმულ ზუზუნად ესმოდა. სიტყვებს ვეღარ არჩევდა. იჯდა და ოცნებობდა ისევ ახალგაზრდა ყოფილიყო, მაგრამ ლიდერების დაყენებული ხმა და ყველაზე უფრო კი მქუხარე ტაში ოცნებას არ აცდიდა. ასე ნერვიულობაში,ვერც კი შეამჩნია, როგორ ჩაეძინა. მერე რა მოხდა აღარ იცოდა. 
გადაცემა ალბათ უკვე დამთავრებული იყო. სტუდიაში კობა  შემოვარდა და ბექუნას უყვირა: ეს დასირებული  ბებრები მომაშორე, ბლიად, ახალგაზრდობა  მჭირდება!
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული