ბავშვების საშობაო წერილები სატანას





პროზა

ბავშვების საშობაო წერილები სატანას




თარგმანი: პაატა შამუგია, ეკა ჭითანავა

ყოველ წელს ასობით ბავშვის წერილები (ძირითადად, უმნიშვნელო ორთოგრაფიული შეცდომებისა და ცუდი კალიგრაფიის წყალობით) ეგზავნება არა სანტას, არამედ სატანას - ბნელი მიწისქვეშეთის მბრძანებელს. უმანკოთა სულების ბაზარში დაკავებული სატანა ყოველთვის პოულობს დროს, რომ პასუხებიც გასცეს.

 

1.

ძვირფასო სატანა,

წელს რაც ყველაზე მეტად მინდა, ეს ბარბის ოცნების სახლია. ის ლამაზია და ვარდისფერია და ჩემს ოთახში ჩემი საწოლის გვერდზე დავდგამ.

შობას გილოცავ.

ელისონი, 6 წლის

 

*

ელისონ,

ეს ამდენი სალაპარაკო არ უნდა გამხდარიყო, მაგრამ მაინც არ გამოგიგზავნი ამ ე.წ. ოცნების სახლს. იმიტომ, რომ, ცხადია, არ მინდა გამოგზავნა. თუმცა ერთ რამეს შემოგთავაზებ: ადექი და შენ თვითონ იყიდე! მარტივია, აიღე შენი დედის ან მამის საფულიდან ორი ან სამი დოლარი ყოველდღიურად (დიდებმა დაზუსტებით არასოდეს იციან, რა თანხა აქვთ) და მერე საკმარისად დააგროვებ მაგ შენი უსარგებლო და სულელური მინიატურული სახლისთვის. (თუმცა, საბოლოოდ, ბარბის სხეულის მოპოვებაზე უნდა იმუშავო).

რატომ ხდება ასე, რომ შენ და ბევრი სხვაც თავს ვალდებულებად თვლით, მითხრათ თქვენი ასაკი - აი, ეს საგონებელში მაგდებს.

წარმატებები

სატანა, მარადიული

 

 

2.

 

საყვარელო სატანა,

მე ვარ დენიელი და მე შენ მიყვარხარ. საშობაოდ მე მინდა იქსბოქსი.

დენიელი, 9 წლის

 

*

ძვირფასო დენიელ (სწორად წარმოვთქვამ შენს სახელს? შენ ის ორჯერ ახსენე 9-სიტყვიან წერილში),

ისევ ასაკზე უნდა ვთქვა. რატომ უნდა ვიცოდე, რომ მაინც და მაინც 9 წლის ხარ?! რა სარგებელი უნდა მომიტანოს ამ ინფორმაციამ? ახლა, თან საქმე.

ჩავუჯექი და ჩემი ცხოვრების ხუთი წუთი დავკარგე ამ "იქსბოქსის" დაგუგლვაში. და მგონი, ერთადერთი კითხვა გამიჩნდა: რატომ?! ეს თამაში "მანქანის მაგარი ქურდი" მართლაც კარგა სახალისო რამე ჩანს, მაგრამ რატომ უნდა დაკარგო დრო ტელევიზორის ეკრანს მიშტერებულმა, როცა გარეთ მზე ანათებს და სხვათა შორის, გარშემო ბევრი რეალური მანქანაა, რომლის მართლა მოპარვაც შეიძლება. თუ მანქანის მოპარვა იარაღის მუქარით გინდა, ვინმე უდანაშაულო გამვლელს დაესხი თავს, მერე შიგნით ვინმე მეძავი ჩააგდე, ყველა შემთხვევაში ახალგაზრდა და მოხიე იქიდან. მე აქ ყველა გაზეთს ვერ ვიღებ (რეალურად, მარტო "ნიუ იორკ პოსტს" ვკითხულობ), მაგრამ ვერ ვიხსენებ მანქანების, იარაღის და ბოზების ნაკლებობას. ჯანდაბა, დენიელ, გადი, რა და იცხოვრე!

შენი მეგობარი

სატანა, უფრო ასაკოვანი, ვიდრე მარადისობა

 

 

3.

ძვირფასო სატანა,

მე მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი დედიკო და მამიკო ერთად იყვნენ.

სტივენი, 11 წლის

 

*

სტივენ,

შენ უკვე ათზე მეტის ხარ. შეწყვიტე ამ შენი ასაკის ძახილი. რა ბავშვობაა ეს!

რაც შეეხება შენს მამიკოს და დედიკოს, შენს წერილში ფარულ აგრესიას ვგრძნობ. შეიძლება, ეს ჩემი პირადი აღქმა იყოს, მაგრამ ისე ჩანს, თითქოს მე მდებდე ბრალს, ეგენი რომ ერთად არ არიან. მე კი ნამდვილად გავაგზავნე ვიკი მამაშენის საცდუნებლად, მაგრამ ჩემი ბრალი არაა, მამაშენი დედას ასე არადამაჯერებლად რომ ატყუებდა, "გვიანობამდე ვმუშაობო". მე შეიძლება ევას გველის ტრიუკს ვიყენებ, მაგრამ მანდაც ბლომად არიან სხვა გველები, მე რომ ვერ ვაკონტროლებ, ისეთები.

მაგრამ მაინც მოვიწყინე. მოკლედ, გამოგიგზავნი რაღაცას, იქსბოქსი ჰქვია.

საუკეთესო სურვილებით,

სატანა

 

4 .

 

ძვირფასო სატანა,

მე მინდა კომპიუტერი, რომ სკოლაში უკეთესად ვისწავლო და კაი სამსახური მივიღო და ვაკეთო და ვაკეთო ფული.

დევიდისგან

 

*

 

ძვირფასო დევიდ,

პირველ რიგში, ყოჩაღ, ასაკი რომ არ მითხარი. შენ არ იცი, რამდენი ადამიანი ტენის თავის წერილს ამგვარი უსარგებლო ინფორმაციით. დაახლოებით ასე: "საუკეთესო სურვილებით,სატანა, ფეხსაცმლის ზომა 9 ½ ან ასე: "კეთილი სურვილებით, სატანა, 185 კილოგრამი (190 დღესასწაულის დროს).

მაგრამ შენს წერილს დავუბრუნდეთ. ვინაიდან განსხეულებული ბოროტება ვარ, ამიტომ კომპიუტერს არ მოგცემ! მე მარკ ცუკერბერგი არა ვარ (იქნებ ვარ? ვხუმრობ, არა ვარ). მაგრამ შენ თუ ნამდვილად გინდა სამსახური, რომელიც მოგცემს საშუალებას, ბლომად ფული აკეთო სწრაფად და ამორალური გზებით (რაც უფრო შთამბეჭდავია, ჩემი აზრით), შენ შეგიძლია ადგე და გამომიგზავნო შენი რეზიუმე. მე მყავს რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი კომპანია Goldman Sachs-ში.

საუკეთესო სურვილებით,

სატანა, 5' 10 (LOL)

 

 

5.

 

ძვირფასო სატანა,

საშობაოდ ყველაზე მეტად მშვიდობა მინდა მთელ მსოფლიოში.

მოლი, 4 წლის

 

*

ძვირფასო მოლი,

ნწ!


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.