• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

კლიმატკონტროლი - მხოლობითში

×
ავტორის გვერდი ილია დობაძიშვილი 01 იანვარი, 2013 2069

ლოკაციის ადგილი უცვლელია.

 

ბენის მანქანაში ვზივართ, რომელიც ერთადერთია რაც მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით ხვდა წილად, დიდი არაფერია 2003 წლის მოდელია, უფრო კონკრეტულად კი თეთრი ფერის თვალშისაცემად ნაავარიევი TOYOTA Tacoma. თუმცა საათზე მეტია აქ ვსხედვართ, ბენი ეს წამია სავარძლებს გათბობისკენ მოუწოდებს, არ ვიცი ამ დროს ყველაზე გულწრფელად რომელი დეტალი ფუნქციონირებს: გაფართოების სარქველი, თუ კომპრესორი, თუ ამაორთქლებელი, თუ გამაშრობელი, თუ კონდენსერი, თუ ვენტილატორი, თუ ყველა ერთად ან ერთმანეთის წინააღმდეგ; მე მხოლოდ მსმენია ამის შესახებ; აი დანამდვილებით კი ერთი ის ვიცი მხოლოდ რომ, ბენის მიერ მითითებულ ტემპერატურას, ტყავის სავარძლები არ აყოვნებენ.

 

ასეთ ამინდში, უამისობა ნამდვილად არ იქნებოდა.

 

– საერთოდ, საფუძველიც საფუძვლიანად უნდა ჩაყარო. – ამბობს ბენი.

 

– კი – ვამბობ მე.

 

შიგადაშიგ, ფონური ხმები გასდევს ჩვენ ასეთ უხმო ჯდომას. წინ გაშლილია რომელიღაც მტკიცე, ყრუ და დაუმარცხებელი არქიტექტურა; რომელიც ჯერ კიდევ წინა ცხოვრებიდან მახსოვს, როდესაც კენგურუ ვიყავი; და რომელსაც ჩვენი საქარე მინის გამწმენდები, გულწრფელად ასუფთვებენ ჩვენ თვალთახედვაში.

 

– ახლავე მოვალ – ამბობს ბენი, საწვიმარი ლაბადას ყელთან ისწორებს და თავის უკვდავ, წითელ კეპს სკაფანდრივით იმაგრებს თავზე და კონიაკის საყიდლად გადადის მანქანიდან, კუთხის მარკეტში.

 

– კარგი – ვეუბნები მე და სიგარეტს ვუკიდებ.

 

ასეთ დროს როცა მანქანაში მარტო ვრჩები, ჩემი მაჯის საათის გულისწამღები მექანიზმის, კონკრეტული და გამოკვეთილი ხმა, ყველა მოგონებაზე მეტად მაღიზიანებს. რასაც ვერ ვიტყვი უკანა ხედვის სარკეზე, მით უფრო თუ მასში თავგუდმოგლეჯილ ბენის ვხედავ, რომელიც თავსხმა წვიმაში ორი შვიდას მილიგრამიანი კონიაკის გამჭირვალე ბოთლით ხელში მორბის და თავდაუზოგავად ებრძვის წვიმის წვეთებს, წამოსულს შვეული მდგომარეობით, და წყალსადინარი მილებიდან მომწყდარ მინიატურულ და თავისდაუნებურად მონოტონურ, თუმცა მოძრაობაში მაინც ხელის შემშლელ წყლის ნაკადს, და რამოდენიმე სამომხმარებლო სესხს და ცოლს ორი შვილით და მისი მოუგვარებელი პრობლემების მათემატიკურად მტკიცე კონსტრუქციებს.

 

ბენი ჩემთვის ყოველთვის დირიჟორის პულტთან დგას.

 

– რაღაც ახალი დასახელებით მიუღიათ, გავსინჯოთ. – ამბობს ბენი.

 

– ძველი რატომ არ იყიდე? – ვეკითხები მე.

 

– ძველს ისედაც ყოველთვის გავსინჯავთ, – მპასუხობს ბენი.

 

აღარაფერს ვამბობ.

 

– მანდ ჭიქები უნდა იყოს, გადმოიღე. – ამბობს ბენი.

 

შემნახველი ყუთიდან ორ კრისტალურად სუფთა ჭიქას ვიღებ, ორივე ხელში მიჭირავს და ვუცდი ორივეს გავსებას. მოულოდნელად მინაზე ვიღაც განწირულად აკაკუნებს და ლამის იყო ჭიქები გამივარდა.

 

რუდი.

 

ერთი წაქცეული ლიტერატორია, რომელმაც ყველაფერზე ყველაფერი იცის, მოსიარულე ვიკიპედია.

 

– მარტო ხარ? – ეკითხება ბენი

 

– კი მარტო ვარ – ამბობს რუდი და მთლიანად გალუპული წვება უკანა სავარძლებზე.

 

– გამოიღე მესამეც – მეუბნება ბენი. მეც მესამე ასევე კრისტალურად სუფთა ჭიქას ვაძრობ, ასევე შემნახველი ყუთიდან.

 

– რას სვამთ? – კითხულობს რუდი და თავს ბაკნიდან ყოფსო გეგონება, ცხვირი საყნოსავად აქვს შემართული, თვალის მარჯვენა ჭრილს კი სნაიპერივით აწვრილებს და ჩვენით უპასუხოდ დარჩენილი თავადვე ასკვნის – კონიაკი. რომელსაც ჩვენ შემთხვევაში არმანიაკი ეწოდება, და რომლის დასახელებაც მომდინარეობს ნავების ერთ-ერთი სადგურიდან რომელიც მდინარე შარანტის აუზში მდებარეობდა, გამოირჩეოდა ვენახების ხარისხითა და სიძველით, დიახ, მას ერქვა კონიაკი.

 

– კარგი გაჩერდი, ნუ დაიწყე შენებურები, სვამ დალიე. – ამბობს ბენი, რომელსაც მაინცა და მაინც გულში არა ყავს რუდი.

 

– ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ როცა რუდი ამბობს დაუშვათ ლუდოვიკო მეთოთხმეტეს, ციფრების ნაცვლად ის რომალური ყლეობები წარმომიდგება ხოლმე. – ვამბობ მე. – რუდი ასეც არ შეიძლება. წიგნები, მოსაწევი, წიგნები მოსაწევი, აღარ ამთავრებ?

 

– არა, წიგნებსაც შევეშვი და მოსაწევსაც. სამსახურში მიყვანენ მგონი. – ამბობს რუდი.

 

– რა სამსახურში? – არ აყოვნებს ბენი.

 

– რომელიღაც იურიდიული კანტორაა.

 

– კანტორა – აკოპირებს ბენი.

 

– ხო კანტორა. ერთი ეგაა ვერ ვიტან იურიდიულ ტერმინებს "განზრახ მკვლელობის მცდელობა" – ამბობს გამოკვეთით. – ან ერთია ან მეორე ან მესამე. სხვაგვარად არ შეიძლება. მკვლელობა არის მკვლელობა. მცდელობა არის მცდელობა. განზრახვა არის განზრახვა. თან ასე მითხრეს სამედიცინო შემოწმება გაიარეო

 

– მერე რა გიშლი ხელს? – ეკითხება ბენი.

 

– ჩემ ორგანიზმში იმაზე მეტი მეტამფეტამინია, ვიდრე ამის საერთოდ ვარაუდი ქონია ვინმეს. და კიდევ ის რომ შენი წონა მარიხუანა მაქვს მოწეული მხოლოდ გასულ თვეს.

 

– ხო, მაგრამ მაგაზე ხო არ გამოწმებენ?

 

– რა იცი ვის რა წამოუვლის თავში? – ცოტა ცხარდება რუდი, ერთ მოყუდებაში ცლის "არმანიაკის" ყოფილ, კრისტალურად სუფთა ჭიქას და არ მიყურებს ისე მაწვდის. – ყლე ქვეყანაა.

 

– გათბობას ცოტა რომ დაუწიოთ ვერა? – ამბობს რუდი.

 

– რატო ვერასდროს ვერ ისვენებ? – ეკითხება ბენი, მცირე სარკაზმით – ხომ ხედავ ორ კაცს ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, რის მიზეზსაც ამინდი გვაძლევს.

 

– ძალიან ცხელა. – ამბობს რუდი.

 

– მეტამფეტამინი რა შუაში იყო მაინც ვერ გავიგე – ამბობს ბენი.

 

– ხაზი გაუსვა, არმანიკივით – ვამბობ მე.

 

ბენი იცინის, მეც ვყვები და რუდის მესამედ მაწვდის ჭიქას.

 

პაუზა.

 

-ბენი, რა არის შენი აზრით ადამიანისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია? – ამბობს რუდი.

 

– გამორიცხულია, დღეს მე და შენი საუბარი არ შედგება – ამბობს ბენი – ახლა ერთადერთი და მთავარი მიზეზი, შენი აქ შემთხვევით, თუ დამთხვევით ყოფნის და შენი როგორც სტრატეგიული ობიექტის ყურება, ის მიზეზია რომ, მე მხოლოდ დალევა მინდა. შენ კი ამ უკანასკნელის რაოდენობაზე უარს, არასდროს ამბობ. – ყოველი მხრიდან უჭრის ბენი.

 

– გათბობას არ დაუწევთ? ერთი მთლიანი ბოთლი თითქმის მორჩა, სუნთქვა აღარ შემიძლია.

 

– შეგიძლია გადახვიდე ისუნთქო, დაიგუბო და უკან დაბრუნდე. – ამბობს ბენი. – მე კი ჩემი მხრივ, არ მესმის როგორ ატარებს რუდი ასეთ მიმართვებს, და თუ ატარებს ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, როგორ რჩება და აგრძელებს დალევას. ალბათ უფრო იმიტომ რომ შემცვლელი ჭირდება, არაფხიზელი მდგომარებაში არყოფნის.

 

– გადავალ და დავიგუბებ. – ამბობს რუდი.

 

რუდი გადადის, ბუნკერთან დგება, ჯიბეებს წვრილმანი ნაგვისგან ითავისუფლებს და უკან მალევე ბრუნდება.

 

-წუხელ ერთ ფილმს ვუყურე, იმ ფილმში დაახლოებით ასეთი სიტუაციაა, – ამბობს რუდი და ცარიელ ჭიქას მაწვდის – არ ვიცი, ვის როგორ მოეჩვენებოდა, რამდენადმე ამბიციური ტიპი, გადაწყვეტს რომ ნიუ – იორკის ნატურალური ზომების ანალოგი აღმართოს პიესისთვის.

 

რუდის თვის ჭიქას ვუბრუნებ, არაცარიელს.

 

– ამით რისი თქმა გინდა? – ამბობს ბენი.

 

– წარმოიდგინე, ამ სამყაროში ნამდვილად რომ შეიძლებოდეს მსგავსი რამის გაკეთება. რამდენი რამ შეიცვლებოდა? – რუდის ყველა ძარღვი ერთად ემჩნევა ყელზე, როცა ბაკნიდან ყოფს თავს და ბენისთვის თვალის თვალში გასწორებას ცდილობს.

 

– მაინც? – ეკითხება ბენი

 

– თუნდაც ის რომ გარკვეულ პირებს, დარწმუნებული ვარ ნამდვილად აღარ ექნებოდათ დრო იმის, რომ რომელიღაც დედამოტყნულ ლაბორატორიებში, გამოწყობილიყვნენ იდენტურ კომბინიზონებში და ერთი დიდი თანხის ნაცვლად, რომელიღაც ყლე-ყლე ქიმიური ელემენტების კომბინაციებით, ხელოვნურად შეექმნათ სხვა და სხვა ეპიდემიის ფორმულა, დანარჩენი კაცობრიობისთვის. – რუდი სიგარეტს უკიდებს, თავს სავარძლის საზურგეზე მოწყვეტით თუ მოწყენით აგდებს და წამშივე ელვის სისწრაფით წევს უკან და ყვირის, მე ამას გარკვევით ვხედავ უკანა ხედვის სარკეში – უსიერ ტევრში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული. ენა ვერ იტყვის, თუ რამდენად იყო ტყე იგი.

 

– გადავალ, არმანიაკს ვიყიდი – ხაზგასმით ამბობს ბენი და მანქანიდან გადადის.

 

ახლა რომ ვუფიქრდები, რომელიღაც ეტაპზე ბენის ეს მანქანა და ჩვენი აქ მყოფთა მდგომარეობა, და ურთიერთდამოკიდებულება გავს სახელმწიფოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ერთ ჭკვიან კაცს რომ დავესესხოთ: ,,სახელმწიფო არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია გარკვეულ ტერიტორიაზე ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება" ასე რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია; ზემო ხსენებული ,,სახელმწიფოც'' ,,გარკვეული ტერიტორიაც'' და ,,ლეგიტიმური უფლებაც''.. ამ დასკვნამდე მისვლისას კი ყველა ძარღვში სისხლი მეყინება, და საქარე მინის გამწმენდები, ისევ გულწრფელად ასუფთავებენ პერიმეტრს, ჩვენი მოკრძალებული თვალთახედვისთვის.

 

დასაბამიდან;

 

დაუშვათ, ბიბლიის მიხედვით, როცა მიწა იყო უსახო და უდაბური. ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ; მას მერე ყველაფერი წარმოდგენის ნიადაგზე იქმნება; მას ეყრდნობა და პროგრესირდება, თავად დასაბამიც კი.

 

ამ კონკრეტულ სიტუაციაში კი მე დაახლოებით ასეთი რამ წარმომიდგენია:

 

წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც გამუდმებით ზედიზედ და ზეწოლით გავყავარ თავის ილუზორულ, მეტაფიზიკურ განზომილებებში,

 

საუბარია კაფკაზე.

 

რაღა თმა უნდა ერთ კონკრეტულ სცენაზე დაყრდნობით.

 

მაშ ასე:

 

უკანა კარი იღება, ჯდება კაფკა სველი და მხრებზე დამძიმებული მანტოთი, ცილინდირდან კი ჯერაც წვეთებად მოდის გამოვლილ გამზირებზე ნაგროვები წვიმა.

 

კაფკა ამბობს:

 

– მგონი სახლში მოჩვენება მყავს – რაზეც რუდი შეუცხადებლად პასუხობს

 

– ამას ისე ამბობ თითქოს წვნიანში თმა ჩაგვარდნოდეს – კაფკა არაფერს პასუხობს,

 

– არ უნდა გწამდეს მოჩვენებების – ამბობს რუდი, დამრიგებლური ტონით

 

– არც მე მწამს, მაგრამ ეს რა შეღავათია? – ამბობს კაფკა, როგორც იტყვიან წმინდა კაფკასეულად და მანქანიდან გადადის, მის ადგილას კი მჟავე ლუდის სუნი რჩება.

 

საქარე მინის საწმენდები ისევ თავდაუზოგავად მუშაობენ.

 

და ისე არ წვიმს როგორც ქუხს.

 

ეჭვი მაქვს, ჩვენ წინ აღმართული ბენზინგასამართ სადგურის, სოკოებზე მიჭედებული, რომელიმე სამეთვალყურეო კამერიდან დიდი ძმა გვიყურებდეს.

 

და თუ ეს ასე არ არის. მაშ, არც ეს არის ისე.

 

მოვრჩეთ ხაზგასმებს.

 

კიდევ რამდენ სისულელეზე შეიძლება ეფიქრა კაცს, რომელიც ერთ თანამებრძოლთან ერთად, უცდის მათ მესამე თანამებრძოლს, როგორც ზემოთ ვთქვით TOYOTA Tacoma-ს მორყეულ სალონში,

 

სადაც ეს ორნი, რომელიღაც პოზიციას ამაგრებენ და ნახევარ საათზე მეტია კოლექტიურ სიმყუდროვეს არ არღვევენ თუ დარაჯობენ თუ თვალთმაქცობენ თუ ეძებენ ხელჩასაჭიდს?

 

შესაძლოა ეფიქრა თოვლის გადამამუშავებელ ფაბრიკებზე, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

 

ეფიქრა. ფსიქოთერაპიულ კურსებზე, სადაც ადამიანთა ძირითადი ნაწილი გარკვეული რელაქსაციის მისაღებად მიდის. არადა რა მარტივია, გამოიკეტო საძინებლის ან სააბაზანოს ან სულაც სამზარეულოს კარი, იმ მიზნით რომ იქ მარტო იქნები, და თუ ამის შესაძლებლობა არ არის, ავტობუსების გაჩერებები და საერთოდაც დანარჩენი კედლები, ხომ მოჭედილია წარწერით ,,ბინები დღიურად'' აღარაფერს ვამბობ იაფასიან სასტუმროებზე. მიხვიდე იქ, დაუშვა ყველა ფარდა თუ ჟალუზი, გათიშო ყველანაირი კომუნიკაციის წყარო, და პირველყოვლის გამოთიშო შენში ყველანაირი კომუნიკაციის მიმღები ანტენა. გაიშალო ზურგით საწოლზე, ან მეტლახზე ან მისაღები ოთახის, თხელ, მინის მაგიდაზე, სულაც ნებისმიერ იატაკზე, მთავარია შუბლით ჭერის მიმართულებით, უბრალოდ იყო ჩუმად, და მშვიდად მიჰყვე შენ რომელიმე თავზეხელაღებულ, თუ მოკრძალებულ ილუზიას, კარგად ყოფნაზე.

 

მაგრამ არა, აქ ფსიქოთერაპევტის დანიშნულება სულ სხვა რამეშია.

 

ყოველ ადამიანს, ამ ზემო ხსენებული პროცესის დროს, სხვა მიზანი ამოძრავებს.

 

მას უნდა რომ ესაუბროს ამ სიჩუმეზე მეორეს

 

სწორედ ამიტომაც არსებობენ ფსიქოთერაპევტები.

 

სწორედ ამიტომ არსებობს მოწყენილობა

 

და ამიტომ არსებობს, ეს ყალბი მართული მედიტაცია.

 

თოვლის გადამამუშავებელ ფაბრიკაზე კი ერთხელ ბენიმ მესაუბრა. როდესაც ის ხორვატ გოგონაზე იყო დანიშნული, სწორედ იმ გოგონას მშობლებს ჰქონდათ ეს თოვლის გადამამუშავებელი საწარმო; ბენის თქმით დანადგარები გარკვეულ ტემპერატურაზე მუშაობდნენ, ისე რომ უკვე ყინულში გადასულ თოვლის სქელ ნაჭრებს ანაწევრებდნენ, მილიმეტრებამდე დაჰყავდათ, და ამის შემდეგ, უკვე წყლად ქცეულს, სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის რეცეპტებისათვის იყენებდნენ. დეტალებზე, უფრო სწორად კი შემცველ ელემენტებზე თუ ქიმიურ ფორმულებზეც მესაუბრა, თუმცა ახლა რაც არ უნდა ვეცადო, სიტყვასაც ვერ გავიხსენებ. ჩემთვის უბრალოდ იდეა, და პირველყოვლის პროცესის წარმოდგენა იყო შთამბეჭდავი. ბენი და ხორვატი გოგონა, მალევე განცალკევდნენ და დაშორდნენ ერთმანეთს. ბენი ამის გამომწვევ მთავარ მიზეზზე, არასდროს ან თითქმის არასდროს საუბრობს. თუმცა, ამაზე მე ჩემი მოსაზრება მაქვს; სიყვარული და მისი ძირითადი ნაწილი, როგორც ასეთი, რიგ შემთხვევაში მხოლოდ ოთახის ტემპერატურაზე ხარობს, როგორც მცენარე, ანდა დანარჩენი უმნიშვნელოებანი, ამას იმიტომ ვამბობ რომ მაშინ როდესაც ამ უკანასკნელი წყვილის ურთიერთობა კრახით დასრულდა, ბენი ერთ – ერთ ავტოსადგომზე დარაჯათ მუშაობდა, და ღამეებსაც იქ ათევდა. დიახ, ყველაფრის მიზეზი, სიყვარულის, ამ ლოკალური მონსტრის თავისებური გრამატიკის გარღვევა იყო.

 

ბენი მანქანაში ბრუნდება.

 

– ბენი! - მშიერივით ეწაფება რუდი - იცი ამ ხალხს რა უნდა? ერთი დიდი დანადგარი, კონკრეტულად კი სარეცხი მანქანა, რომელიც მხოლოდ მათ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და ქუდებს კი არ გარეცხავს, არამედ ტვინებს, შეხედულებებს და ასე შემდეგ, თან მასიურად, წარმოიდგინე მილიონობით დაბოღმილი და აგრესიული ადამიანი ქუჩებში მიმოდის, მერე ერთ მოძრაობად ერთ კონკრეტულ გვირაბში, თუ დერეფანში შედის, რომელსაც თაღზე ექნება წარწერა ლათინური ასოებით, Washing machine საიდანაც ისინი სწორედ ამ სარეცხ მანქანაში ხვდებიან და ირეცხებიან, ყოველნაირად.

 

-დაასრულე?-ამბობს ბენი, ყველაზე გაწონასწორებული ხმით. რაზეც რუდი თავს თანხმობით აქნევს.-მაინც არ მასვენებ და ამიტომ გეტყვი. ყველა ცხოველი ხომ გავს ადამიანს? ან პირიქით, ყველა ადამიანი ცხოველს? აი მაგალითად, ჩვენი იანი გავს თევზს, რომელიც ყოველთვის თავის იძულებით, თუ თანახმა სივრცეში დაცურავს, გვაკვირდება და არაფერს არ ამბობს, ყველაფერი თავის თავის, სხვადასხვა გარემოებების, თუ ჩვენ შესახებ მხოლოდ თავისთვის იცის. აი შენ კი გავხარ ძაღლს, რომელიც თუ ჯერ კიდევ ლეკვობიდან შეეჩვია იმას რომ ღამით, რამოდენიმეჯერ შემაწუხებელი დაკნავლების თუ არ ვიცი სწორად რა ქვია იმ ხმას, მაგ ხმის ფონზე თუ შეიცოდა ვინმემ და საწოლში ჩაიწვინა, ეს აზრი თუ გაიმყარა თავში, და ინსტიქტად ექცა, მთელი ცხოვრება, მაშინაც კი თუ საკვების მიღება მეტისმეტი მოუვა, იგივე ხმას გამოსცემს.

 

ამდენი ხნის სიჩუმის შემდეგ, რუდის ვითომ არც არაფერი გაუგია და ჩვეული ტონით ამბობს:

 

– გათბობას არ დაუწევ?

 

– ელაპარაკე ამას - ამბობს ბენი.

 

– გადავალ ყავას ვიყიდი, დალევა აღარ მინდა-ვთქვი მე და სამი კონკრეტული ჭიქის საყიდლად ყავის ავტომატისკენ ისე კონკრეტულად ავიღე მიმართულება, არც მიკითხავს რომელიმე უარზე ხომ არ იყო.

 

ყავის ავტომატთან ბენზინგასამართ სადგურის გავლით მივედი, გზაში ცოტა ხანს შევჩერდი და სოკოებზე მიმაგრებული, სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით დიდ ძმას თვალი თვალში გაუსწორე.

 

პასუხი არ იყო.

 

ყავის რიგში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, ამიტომ მალევე შევავსე სამი ქაღალდის ჭიქა და გამოვედი. გამოსვლისას ბენის TOYOTA-სთან, ხალხი იყო თავმოყრილი. მანქანა წრეში იყო. ბენის წითელი კეპი არ ჩანდა. თუმცა ჩანდა სასწრაფო დახმარების ერთი, მიკრო ავტობუსი და საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი, და თან გარკვევით. გარკვევით ჩანს ისიც რომ პოლიციის თანამშრომლები მანქანის კარებებს ამოფარებულები და იარაღ მომარჯვებულნი, მოთხოვნით მიმართავენ, ჩემთვის გაუგებარ რამეს. ახლოს მივიწიე, შედარებით მშვიდი ნაბიჯებით, ვიდრე უყურებდი ამ ყველაფერს. შუახნის ქალს მივუახლოვდი და ვეკითხები

 

– რა მოხდა ქალბატონო ხომ არ იცით? - ქალი სინანულით ტრიალდება და ასევე სინანულით მპასუხობს.

 

-ორი ნასვამი ახალგაზრდა იჯდა შიგნით, და ერთ-ერთმა მეორეს სასიკვდილო რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ყოველ შემთხვევაში ექსპერტიზის პასუხამდე ასე ამბობს პოლიცია. მკვლელი კი მანქანიდან არ გადმოდის.

 

– მკვლელი რომელია?

 

– მძღოლი.

 

– და ვინები იყვნენ, მხოლოდ ორნი? ეს არ იციან, ან მიზეზი?-ვეკითხები, ასევე სინანულით

 

-არა-ამბობს შუახნის ქალბატონი-მხოლოდ ეს და კიდევ ის რომ, მოკლულია, როგორც ზედაპირული დათვალიერებიდან დაასკვნეს ჩაქუჩით.

 

– ეს ვარაუდი საიდან?

 

– მძღოლის მხარეს, ძირს გდია, აგერ.-და მიმითითებს.

 

მე მხოლოდ ახლა ვხვდები რომ ხელში სამი ჭიქა მიჭირავს, ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ, ისეთივე მშვიდი ნაბიჯებით ვბრუნდები უკან და დიდ ძმას კიდევ ერთხელ ვუსწორებ თვალს თვალში, იმ იმედით, რომ ჩემი მიმართულებით არ ჰქონდა, ის კონკრეტული და საბედისწერო მზერა მომართული.

 

თუ საერთოდ შედგა სასამართლო პროცესი, წარმოდგენა არ მაქვს რამდენი ადამიანი დაესწრება მას. ან როგორი ნიკაპი ექნება მოსამართლეს. რას იტყვიან მოწმეები. დარწმუნებული ვარ იმაში რომ არც ის გიგანტური სარეცხი მანქანა იარსებებს, და მით უფრო რუდის თავში და მით უფრო ლათინური წარწერით Washing machine, დარწმუნებული ვარ იმაშიც რომ ახლა რუდისათვის სულ ერთია მანქანის ტემპერატურა.

 

ყველაზე მეტად კი იმის დაჯერება მინდა რომ ეს, დიდი ძმის ლოკალური თვალები, ხანდახან მაინც არ გვხედავენ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული