• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ზამთრის დეპრესია

×
ავტორის გვერდი თაზო ნარიმანიძე 08 მარტი, 2018 4113
1
 
ჩემმა მეგობარმა, გარეწარმა იოანემ ახალგაზრდა მხატვრის გამოფენაზე წამიყვანა. გინდა თუ არა სახლიდან უნდა გამოხვიდე, სუფთა ჰაერი ჩაყლაპო და მზემ დაგინახოს, რომ არ დაობდეო. არადა, უბრალოდ მარტოს ეზარებოდა იქ წასვლა.
 
ნახატებს ვათვალიერებდი და ვერ ვხვდებოდი, რა კავშირი ჰქონდა ამ ყველაფერს მხატვრობასთან. აჰა, შავ-თეთრი კონტურებით შესრულებული მოხრილი კაცი, რომელსაც ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული და ვერ მიხვდებოდი კუჭი ჰქონდა აშლილი თუ ნძრევის დროს წაასწრეს. ნახატის ქვევით ეწერა - “ზამთრის დეპრესია” და იქვე ანოტაცია. ეს ნახატის შინაარსის გადმოცემა რაღა უბედურებაა. ჩავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ რაც იქ იყო აღწერილი ყველაფერი მე მჭირდა. მეგონა რომ გამაშიშვლეს, დამხატეს, ჩამომკიდეს და ახლა ვდგავარ და საკუთარ თავს ვუყურებ. ვუყურებ რა ვკითხულობ, ნახატი არაფრად ვარგა.
 
სახლში დაბრუნებულმა კომპიუტერი ჩავრთე. გავხსენი გუგლი და ჩავწერე ზამთრის დეპრესია. ეგრევე ყვითელი ჟურნალები გამოეფინენ, როგორც ჩანს ყველამ იცოდა რაც მჭირდა. სახლიდან გასვლა არ გინდა, უძილობა გჭირს, დაღლილი ხარ და სექსიც არ გაინტერესებს? ეს მზის ნაკლებობის ბრალია რაც ადამიანებს ხშირად ზამთარში ემართებათ და მას ამიტომაც ზამთრის დეპრესიას უწოდებენო. სტატიის დასასრულს რჩევაც ეწერა: თუ მოახერხებთ გადით ქალაქიდან, გარემო გამოიცვალეთ და მზის აბაზანებსაც თუ მიიღებთ საერთოდ კარგი იქნებაო.
 
ვიფიქრე თუ ეს დამეხმარება რატომაც არა-მეთქი და ქალაქგარეთ წასვლა გადავწყვიტე. წასვლამდე გამოსამშვიდობებელი საღამო მოვიწყე და იოანესთან ერთად მაგრად გამოვთვერი. უბრალოდ მარტო დალევა მეზარებოდა. 
 
სახლში მთვრალი დავბრუნდი. ჩემი ცოლი ანა უჟმური სახით დამხვდა და კარი ისე გამიღო, თითქოს სასამართლოს მიერ გამოგზავნილი სააღმსრულებლოს თანამშრომელი ვიყავი და სახლიდან ყველაფერი უნდა გამეზიდა. დავუყვავე, ვცადე მოვფერებოდი, მაგრამ ის ისეთ წინააღმდეგობას მიწევდა, როგორც საქართველოს ფეხბურთის ნაკრები პირველ ორ წუთს, შემდეგ ისევ საქართველოს ნაკრებივით მოიქცა, უჟმური სახით მომიშორა და დასაძინებლად წავიდა. 
      
მთვრალი ხარ, სასმლის სუნად ყარხარ, თან ხვალ დილით ხარ წასასვლელი ხარო.
 
გვერდით მივუწექი და ჩემდა გასაკვირად ამიდგა. ხელი მოვხვიე და ჩემსკენ მოვიზიდე. კვლავ წინააღმდეგობას მიწევდა, მაგრამ ვეფერებოდი. მემგონი სექსი არ გვქონია რადგან აზრზე არ ვარ რა მომენტში ჩამეძინა.
არაფერი დამსიზმრებია. ბოლო დროს არაფერი მესიზმრება. შეიძლება ესეც ზამთრის დეპრესიის ბრალია. 
 
მინდოდა ჩემთან ერთად წამოსულიყო. მაგრამ გინდა თუ არა აქ საქმები მაქვს, რომელსაც ვერ გადავდებ მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ნევროზული გამოხტომა დაიკმაყოფილოო. 
 
ავუხსენი, ქალაგარეთ წასვლა ჩემი ნევროზული გამოხტომა კი არა, რეცეპტი იყო, რომელიც ზამთრის დეპრესიის სამკურნალოდ მჭირდებოდა. მაგრამ არ დამიჯერა. მითხრა ნევროზი გაქვს და ეს ზამთრის დეპრესიაც თითიდან გამოწოვილი დეპრესიაა. ეს არის დეპრესია - დეპრესიისთვისო.  
 
ხანდახან ვფიქრობ ანა ცოლად რამ მომაყვანინა-მეთქი. ნეტა ანა თუ ფიქრობს “ამას ცოლად როგორ გავყევიო?”  დავაკვირდი. ზოგჯერ ისე მიყურებს, რომ დარწმუნებული ვარ ზუსტად მაგას ფიქრობს.  მემგონი სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ კრიზისი გვაქვს. გარეწარი იოანე მეუბნება, კრიზისი ერთგულების შედეგია და წლები არაფერ შუაშიაო. მე იოანეს და მისი ცოლის ბნელ სამზარეულოზე ვიწყებ ფიქრს, ასეა როცა შენი სექსუალური ცხოვრება უარესდება, მოხუცებისა არ იყოს, სხვისი სექსუალური ცხოვრებით ინტერესდები. 
 
მაგრამ ასეთ დღეში ხარ ადამიანი და საკუთარი ცოლი გეუბნება სამკურნალოდ არ წამოგყვებიო.  რა უნდა ელაპარაკო? თან ამ სიტუაციაში, რა უნდა ქნა? აჰა, ისევ ნერვები მომეშალა.  ბოლო დროს ყველაზე მეტ საერთოს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებთან ვპოულობ, ისეთვე უსიცოცხლო, არასტაბილური და უღიმღამო ვარ.
 
ნეტავ შვილი მაინც მყავდეს, მოვკიდებდი ხელს და წავიყვანდი, თავისი წინაპრების საცხოვრებელს დავათვალიერებინებდი. გავაცნობდი ოჯახურ ტრადიციებს და კულტურას. კოკაინის ნაცვლად ნაფტალინის სუნს ვაყნოსებდი. ასე იქცევა ყველა ნამდვილი მამა. 
 
არა, რა კაცმა სამი რამე უნდა გააკეთოს: სახლი ააშენოს, შვილი გააკეთოს და ხე დარგოსო. ბავშვობაში მახსოვს მეზობელმა მითხრა. არც სახლი ამიშენებია, არც ბავშვი მყავს. ერთადერთი ხე მაქვს დარგული და მეამაყება. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებო, შვილი ძალიან მინდა. იოანე მეუბნება, შვილის დაბადება სასწაულიაო. მაგაზე მაგარი ბედნიერება არ არსებობსო. მეც მინდა შვილი მყავდეს, მეც მინდა ბედნიერი ვიყო. ამას კიდე ის მიზეზი აქვს, რომ მარტო აღარ ვიქნები. ანა კი ჩემთან არის, მაგრამ მაინც მარტო ვარ. თან ის არის უცნაური, რომ ბავშები პროცენტულად უფრო ქალებს უნდათ და კაცები უარყოფენ. ჩემს შემთხვევაში კი პირიქით არის. რატო არ უნდა ანას ბავში? არ ვიცი.      
რა უნდა ვქნა? 
 
ის კაცი არ ვარ ცოლს ორსულობა ვაიძულო. ჯერ ისედაც მეუბნება ვერ ხარ კარგადო და ეხლა ეგ რომ დავაძალო ხო საერთოდ გადაირევა. შვილი ძალიან მინდა, მაგრამ ჩუმად ვარ. კატეგორიულად რომ მოვთხოვო შეიძლება დამშორდეს. რას გაიგებ. ჩვენი ურთიერთობა ისედაც არეულია. ესე რაღაც იმედი კიდევ მრჩება. ჩემთან მაინც არის და შეიძლება მალე თვითონ მითხრას მოდი შვილი ვიყოლიოთო.
 
სულ იმაზე მსაყვედურობს, ცუდ ხასიათზე რატო ხარ, მუდოსავით ხარ სახლში გამოკეტილი და სამსახურიდან დაბრუნებულს ერთს არ მიღიმიო. ვერც იმას ვერ ვეუბნები, რომ მეც მთელი დღე ვიმუშავე და დავიღალე, რადგან სამსახურიდან დიდი ხანია გამომიშვეს. დამლაგებლის გამო გამომიშვეს. ჰო, მგონი სამყაროში ერთადერთი ადამიანი ვარ ვინც დამლაგებლის გამო გამოუშვეს. 
 
პროექტს რომელსაც ვაკეთებდი თემა ამოეწურა და ვიფიქრე სანამ ხელმძღვანელობა ხარისხის გაფუჭების გამო პროექტს გააჩერებს, ჯობია ამის შესახებ ისევ მე დაველაპარაკო-მეთქი. დაველაპარაკე და გადაცემაც გავაჩერე. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ საკუთარი თავი საქმის გარეშე დავტოვე. ახალიც არაფერი დამაწყებინეს და ჰაერში დარჩენილი ოფისში უსაქმოდ დავდიოდი. წესი იყო ეგეთი, გქონდა არ გქონდა საქმე უნდა გევლო. 
 
მეც დავდიოდი და ყოველ დილით დამლაგებელს ვხვდებოდი, რომელიც ხან იქ არ გაიარო ახალი მოწმენდილია და ხან აქ არ დაჯდე სველიაო - გაიძახოდა.  შევამჩნიე, რომ მაინცდამაინც გულზე არ ვეხატებოდი. რამდენჯერმე ისიც კი მითხრა, რა არის სამსახურში გაუპარსავი რომ დადიხარო. 
 
 რა მაგის საქმე იყო გაუპარსავი ვივლიდი თუ შორტებით?
 
მე ხომ არ ვერეოდი მის საქმეში, ხომ არ ვეუბნებოდი ღინღლი, რომ გაქვს ზედა ტუჩზე წამოყრილი რატომ არ იპასავ-მეთქი? პრინციპში რატომაც არა? უნდა მეთქვა. ისიც უნდა მეთქვა, რომ ოფლის სუნად ყარდა და პირიდან საშინელი სუნი ამოსდიოდა, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ნაკრები რომ იქნები კაცი.
 
ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მის ახლად მოწმენდილ იატაკზე გავიარე, უფრო სწორად წავუცეკვე, რადგან დაღლილი ვიყავი მისი შენიშვნებით და თავი ვეღარ შევიკავე.  უზრდელი ხარო მომაძახა და მეც შესაბამისი პასუხი დავუბრუნე, უზრდელი თავი გაბია-მეთქი. გულში გინებაც მივაყოლე, რა დასამალია. და არ მაპატია. ტელევიზიის მფლობელთანაც ჩამიშვა. ეს უზრდელი თანამშრომელი ვინ გყავთ, გააგდეთო.
 
უცნაურია, ტელევიზიის დამლაგებელი, რო მფლობელთან ასეთ ურთიერთობაშია.
 
მერე ბიჭებმა მითხრეს, ბავშვობაში მაგის ძიძა იყოო.
 
ხო და ამ ფლობელმაც შეიმჩნია თავისი ყოფილი ძიძის ნათქვამი და სამსახურიდან გამომიშვა. თან ისე გამომიშვა, რომ არც გამაფრთხილა.
   
უბრალოდ კონტრაქტი აღარ გამიგრძელა და მორჩა. სულ ეგ იყო.
   
რა უნდა მექნა? ვიფიქრე სახლში დავჯდები, დავისვენებ. საკუთარ შემოქმედებას მივხედავ-მეთქი. შეიძლება გული მიგრძნობდა რომ სამსახურიდან გამომაგდებდნენ და რომანი იმიტომ დავიწყე. ანასთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ჩვეულებრივი, რიგითი სცენარისტი არ ვიყავი, რომელიც დამლაგებელმა გამოაგდო სამსახურიდან. თან მიდოდა რამე ღირებული რეალურად შემექმნა და ოდესმე ჩემს შვილს ჩემით ეამაყა, შვილს რომელიც არ მყავდა, მაგრამ ეგრე რომანიც არ მქონდა დაწერილი.
 
ეგრეც ვქენი, სახლში დავჯექი, მაგრამ საკუთარ რომანზე ფიქრის ნაცვლად  ისეთ უაზრო რაღაცებზე დავიწყე ფიქრი, რომ….   ზამთრის დეპრესიას რო მოუტყან დედის ტრაკი! 
 
ერთ-ერთი დღის ბოლოს ანა სამსახურიდან რომ დაბრუნდა, მე საწერ მაგიდასთან ვიჯექი და ვფიქრობდი. თვითონ ისეთი დაღლილი იყო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არც გაუხდია ისე წამოწვა დივანზე. ვიფიქრე ან ეხლა მომესალმება, ან ეხლა-მეთქი, მაგრამ ხმა რომ არ ამოიღო გავბრაზდი და ცივად ვუთხარი, ფეხები ჩამოიღე ან ეგ ჯადოები გაიხადე, თორე ქუსლებით ტყავს გააფჭუებ-მეთქი. 
 
ფეხები რათქმაუნდა არ ჩამოიღო, ფეხსაცმელიც არ გაიხადა. სიგარეტს მოუკიდა და მომიტრიალდა, მითხარი დღე როგორ გაატარეო. ამ თბილ კითხვაზე ცოტა არ იყოს დავიბენი, რაღაც დონეზე ბრაზმა გადამიარა, ვიფიქრე მკერდი ისე საყვარლად უჩანს, ჩემი სიმკაცრე ზედმეტი იქნება-მეთქი. მეც მოვლბი და ვუთხარი, არც კარგად არც ცუდად, ჩვეულებრივად დილიდან ვკითხულობდი და რომ დავიღალე ფიქრი დავიწყე-მეთქი. არ ვიცი ჩემს პასუხში რა არ მოეწონა. უცბად წამოდგა, თვალი თვალში გამიყარა და მონოტონური, ცივი ხმით მითხრა, სანამ შენი საქმიანობა მხოლოდ კითხვით და ფიქრით შემოიფარგლება, არ გაქვს იმის უფლება, სამსახურიდან დაბრუნებულს მიმითითო ჩემი ფულით ნაყიდ დივანზე როგორ დავჯდეო. 
 
ამ პასუხზე წამით ისიც კი გავიფიქრე ანასაც “ზამთრის დეპრესია” ხომ არ დაემართა-მეთქი, მაგრამ მაშინვე უარვყვე ეს აზრი და გავჩუმდი. რამე რომ მეთქვა,  დარწმუნებული ვარ სახლიდან წავიდოდა. უფრო სწორად მე გამაგდებდა, სადაც დივანზე მომაძახა ჩემი ნაყიდიაო, არ მგონია თავი სახლზე შეეკავებინა. 
 
გავჩუმდი.
 
 
2
 
ავტო სადგურში ლიმონათი ვიყიდე. ძალიან მხცელოდა და ცივი ლიმონათი გამაგრილებს-მეთქი. ბავშვობის მერე თითქოს ლიმონათი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. მაღაზიაშიც კი არ შემიმჩნევია. და ახლა რომ დავინახე, დაცვარულ მინის ბოთლში, ტარხუნის, არაამქვეყნიურად მწვანე ლიმონათი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა -- რესტორნის ეზოში მშობელი სათამაშოდ რომ გაგიშვებს თავისი მეგობრის შვილებთან ერთად და შენც კიტრით და ლიმონათის ბოთლით ბედნიერი უაზროდ რომ დარბიხარ.
 
თავი მარშუტკის ფანჯარას მივადე, ყურსასმენი გავიკეთე და თვალები დავხუჭე. გამგზავრება ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რომელიც ზამთრის დეპრესიის სამკურნალოდ გადავდგი. თითქოს ჩადენილ ცოდვებს ვინანიებდი. ჩემი განწყობის შეგრძნება აშკარად დადებითად იყო შეცვლილი და საერთოდ განსხვავდებოდა იმ რუტინისგან, იმ სინანულისგან, რომელიც პახმელიაზე გვჩვევია.
 
ბავშვობაში ქალაქში ცხოვრებაზე ვოცნებობდი. ვოცნებობდი ხალხთან ურთიერთობაზე, ჩემსავით რომ იფიქრებდა ისეთ ხალხთან. საკუთარ სახლზე ვოცნებობდი, რადგან ნათესავთან არ დავრჩენილლიყავი და ნათესავთან იმიტომ არ დავრჩენილიყავი, რომ თუნდაც ღამის თორმეტ საათზე სამზარეულოში თავისუფლად შევსულიყავი და საზამთრო მეჭამა. მოვტყან ჩემი პერსპექტიული ოცნებები თუ ოცნებების პერსპექტივები.
 
ფანჯარაზე სახის დარტყმამ გამაღვიძა. თვალის გახელიდან ორი წამი, აზრზე მოსასვლელად დამჭირდა. ჯერ კიდევ გზაში ვიყავით და ჩემი ზურგჩანთა მეზობელ სკამზე მჯდომი მძინარე გოგოს მუხლებზე ეგდო. მარშუტკის მძღოლს ხალხი ნელა სიარულისკენ მოუწოდება. მინდოდა თავის დარტყმის გამო მეც შევერთებოდი მოთხოვნას, მაგრამ ჯერ ჩემი ზურგჩანთის მუხლებზე დაბრუნება ვცადე. ვცადეს იმიტომ ვამბობ, რომ ეტყობა მარშუტკის ჯაყ-ჯაყში ჩანთის საზურგეები გოგოს ხელჩანთას გამოედო და გამოქაჩვისას ჩანთა საკმარისად არ გამომყვა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ეს ხელ-ჩანთა ამ გოგოს ხელებით ეჭირა.
 
 
ვიფიქრე ნელი მოძრაობით გავაშვებინებ ხელს და ძილსაც ტკბილად გააგრძელებს-მეთქი. ხელი ხელზე მოვკიდე, მახსოვს რაღაცნაირად გრილი ხელი ჰქონდა. თითებთან თითები ნელი მოძრაობით, ისე შევუცურე რომ მტევნები ერთმანეთს ჩაეხუტნენ და თითებმაც ავტომატურად ერთმანეთში მორგება დაიწყეს. მის ხელსა და ჩანთას შორის უკვე ჩემი ხელი იყო შუაში და ყველაფრის თავიც და ბოლოც. ჩანთის გამოწევა დავაპირე თუ არა, მარშუტკის მძღოლმა “რესკად” დაატორმუზა. მე და ჩემს გვერდით მჯდომი მძინარე გოგო, წინა სავარძლებს ინერციით შეგვახეთქა. ეგ რა არის და უკანა სავარძელზე მჯდომი ბაბულიკა ტიპი სკამებს შორის გამავალ ბილიკზე გამოისროლა და სახით ჩასავლელ კართან დააგდო.
   
 
ჩემს მეზობელს პანიკით გაეღვიძა. ეგონა ავარიაში მოვყევით და კვდებოდა. ჯერ მე შემომხედა, მერე მარშუტკას მოავლო თვალი და ბევრი ჯამრთელსუნიანი ადამიანი, რომ დაინახა ეტყობა დაწყნარდა. მაგრამ ყველაზე უცნაურად კი მაინც ჩემი და მისი ხელჩაკიდებულობა მოეჩვენა. დარტყმისგან კუნთები თავისით იკუმშებაო გამიგია და ეტყობა ჩვენს თავსაც ეგ მოხდა, ისე არც ბევრი არ აკლდა ჩვენს ხელებს ჩაკიდებისგან, მაგრამ ინსტიქტმაც იმოქმედა და მე და ჩემი “მეზობელი” გაგვაერთიანა.
 
როდესაც მისი ხელი სიმშვიდეში ვიგრძენი, მერეღა გავაანალიზე სიტუაცია და დაბნეულობისგან უაზრო შფოთნარევი ღიმილით კაი პაუზა მოვარტყი. თვითონ ხელი გამაშვებინდა და ჩემი რუგზაკი გაბრაზებით ჩემს მუხლებზე გადმოაგდო, რომელსაც თავისი ხელჩანთა გამოყვა. ხელჩანთის ჩამკეტი სროლისგან გაიხსნა და შიგთავს ნივთებთან ერთად ზედ დამეცა. მისი სახე კარგს არაფერს გამოხატავდა, ამიტომ დამშვიდება დავუწყე და ნივთების შეგროვებას შევუდექი. 
 
ამ ყველაფერში უცნაური თითქოს არაფერი ყოფილა. ყოველშემთხვევაში მაშინ ასე ვფიქრობდი, მაგრამ დღეს უკვე სხვანაირად აღვიქვამ ჩემსა და ჩემს „მეზობელ“ გოგოს შორის მომხდარ ცოტა ბუნდოვან, მაგრამ სასიამოვნო გრძნობას. იმ სასიამოვნო გრძნობას, რომელიც ლამაზი გოგოგს გაცნობისას გეუფლება.
 
მერე ვიხსენებდი ანასთან პირველ ურთიერთობას და საერთოდ გაცნობას. უნდა ვაღიარო, რომ კარგი არაფერი გამხსენებია. არ ვიცი ეს რისი ბრალია. იქნებ ჩემი ზედაპირულობის ამბავიც არის. ან იქნებ ანას არ აქვს ის ნიჭი, რომელმაც კაცი ერთი ნახვით უნდა მოხიბლოს. შეყვარებულობის დროს და საერთოდ, მერეც, ანასთან უცნაური ურთერთობა მქონდა. ჩვენს თავს ყველაფერი რომანტიკის გარეშე ხდებოდა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ურთიერთობა გრძნობით კი არა, გონებით იმართებოდა. ეს ყველაფერიც მერე გავაანალიზე და როდესაც ეს მხოდა, მომეჩვენა რომ ურთიერთობის შეცვლა უკვე გვიანი იყო. ისიც უნდა ვაღიარო, რომ ამ თემაზე ცოლთან არასდროს მილაპარაკია და ისიც კი არ ვიცი თვითონ ანა რას ფიქრობდა ჩვენს ამბავზე.
 
მარშუტკიდან მე და ჩემი მეზობელი გოგო ერთად ჩამოვედით. პრინციპში დანარჩენი მგზავრებიც ჩვენთან ერთად ჩამოვიდნენ. ჩემს მეზობელ გოგოს სესილი ქვია.  ეს მაშინ გავარკვიე, როდესაც ბარგის წაღებაში ვეხმარებოდი. ვუთხარი შემთხვევით თაყაიშვილი ხომ არ ხარ გვარად-მეთქი. რა ხუმრობა ეს არის, მაგრამ ურთიერთობა ხომ რაღაცით უნდა დაიწყო. ხო და მეც ავდექი და უხეიროდ ვიხუმრე. ზოგადად იუმორის გრძნობა განვითარებული მაინცდამაინც არასდროს მქონია. მითუმეტეს ქალებთან ურთიერთობას თუ გავიხსენებ ხო საერთოდ ვერ ვხუმრობ. ერთხელ ანას სექსის წინ მისი მარჯვენა და მარცხენა მკერიდს განსხვავებულობაზე ვეხუმრე. ეს იმიტომ მახსოვს, რომ ჩემი ნათქვამის შემდეგ გაბრაზდა და ორი კვირა ჩემთან აღარ წვებოდა.
 
სესილი სახლამდე მივაცილე. ალბათ იმ მიზეზით დამთანხმდა გაცილებაზე, რომ ბარგის წაღება გაუჭირდა. სანამ სახლში შევიდოდა, მადლობა გადამიხადა და ჩემი გაცნობის სიამოვნებაც აღნიშნა. დავემშვიდობე და იმ იმედით დავშორდი რომ კიდევ შევხდებოდით.
  
 
3
 
სახლში ამოვედი. ეზოს ეტყობოდა, რომ დიდი დრო იყო გასული, რაც აქ ადამიანს ფეხი არ დაედგა. აბალახებულ ბაღს გვერდი ავუარე და ოთახში შევედი. ძველი, ბავშვობის დროინდელი სუნი და ნესტის გემო ვიგრძენი. ავეჯი ისევ ისე იდგა, როგორც ჩემს გონებაში მქონდა წარმოდგენილი. პრინციპში ვის უნდა შეეცვალა?! ჩემს გარდა აქ მაინც არავინ ამოდის. იმიტომ არა რომ არ უყვართ აქაურობა. უბრალოდ ისე გამოვიდა, რომ ყველამ თავისი გზა და საცხოვრებელი ნახა. მემკვიდრეობით მიღებულ სახლს კი შენს გარდა არავინ მიხედავს, იმიტომ რომ შენს გარეშეც არავინ ამოვა დასასვენებლად და დასვენებაზეც თუ მიდგა საქმე, რა დასამალია და ეს სახლი მაგისთვის არ გამოდგება. ელემენტარული პირობების არ ქონის და სიძველის გამო, ბავშვებს ვერ ამოიყვანენ ჩემები და ამის გარემონტებაზე ფიქრიც კი ყველას ზედმეტი ჰგონია, რადგან ზედმეტი ფული არავის არ აქვს.
 
სახლის დალაგებას შევუდექი. შემდეგ დაღლილმა ვივახშმე და გარეთ გამოვედი. მაღაზიამდე გავისეირნებ, სუფთა ჰაერს და ლუდს ჩავყლაპავ-მეთქი.
 
ანასთან არ დამირეკავს. წინა ღამის გამო გბრაზებული ვიყავი. ამიტომ გადავწყვიტე სანამ თვითინ არ შემეხმიანებოდა მე დუმილით დავმტკბარიყავი. ქუჩაში მოვსეირნობდი და ლუდს ვსვამდი. ლიმონათისგან განსხვავებით ლუდის არსებობა მახსოვდა და დიდ სიამოვნებასაც მგვრიდა. უბრალოდ არ მახსოვდა, ბოლოს როდის ვისეირნე. შევეცადე გამეხსენებინა, მაგრამ უშედეგოდ. რატომ არ ვსეირნობდი აქამდე? რას გაიგებ. მხოლოდ ის გავიგე, რომ ბევრი დავკარგე და შევეცადე დანაკლისი ამენაზღაურებინა და სახლში წამოსვლის ნაცვლად გზა გავაგრძელე.
 
ჯერ დაბნელებული არ იყო, როდესაც ბულვარში შევედი. იქვე სკმაზე ჩამოვჯექი, ყურსასმენი გავიკეთე და მუსიკა ჩავრთე. თავს შედარებით კარგად ვგრძნობდი. იმის წარმოდგენა, რომ აქ ყოფნა ჩემს მდგომარეობაზე დადებითად აისახებოდა მახარებდა, მაგრამ ეს ყველაფერი როგორ და რა გზით უნდა მომხდარიყო არ ვიცოდი.    ბულვარი მოუვლელი იყო, როგორც ეს ქალაქი, თუ სოფელს? ესეც გასარკვევი მაქვს. ამ ბოლო დროს რაღაც ბევრი გაურკვევლობა დამიგროვდა. 
 
ქალაქია. ძროხები დინჯად მოაბიჯებენ ტროტუარებზე ადამიანების გვერდით, კაცების გვერდით. მოსიარულე გოგო მხოლოდ სესილი ვნახე. ხალხს მანქანებიც ჰყავთ, მაგრამ არ დადიან, ისინი უბრალოდ ქალაქის ცენტრში დგანან და ელიან. უსაზღვროა მათი მოლოდინი.
 
ბულვარში ჩემს გარდა არავინ იყო.  თავიდან გამიკვირდა, მაგრამ საკუთარ მაგალითზე დავასკვენი, რომ როგორც მე არ მისეირნია გაურკვეველი მიზეზის გამო, ისე ეს ხალხი არ სეირნობს-მეთქი. როგორც მე ველოდებოდი „ზამთრის დეპრესიას“ რომ ცხოვრება და ზოგადად გარემო შემეცვალა, ეს ხალხიც ალბათ რამეს ელოდება, რომ თუნდაც სეირნობა დაიწყოს. ალბათ  რამეს ელოდება არა, მოსიარულე და მოსეირნე გოგოებს ელოდებიან. სხვა მიზეზი ჩემთვის უცნობია. მარტო მოსეირნე ბიჭები საკმარისად გამოვიარეთ ოთხმოცდაათიანებში, ქუჩაში გაივლიდი და ვიღაც ძველი ბიჭი დაგხვდებოდა თავის ბანდასთან ერთად. “ჯიბეები ამოიტრიალე ბიჭო.” “აბა, ახტი ხურდა თუ ბგჩხრიალებს”, “შენი კურტკა ჩემს ბოტასებს უხდება და დაგეხა” “ზარი გამაშვებინე” ადა ა.შ. შენც მისცემდი ალალად ტელეფონს და მისი გაქცევა და ტელეფონის დაკარგვა ერთი იყო. კარგი შედეგი ამ ყველაფერს არ მოუტანია არც ამ ბიჭებისთვის და არც დანარჩენი საზოგადოებისთვის.
 
ლუდი ისე მოვიყუდე, რომ ბოთლისთვის არც შემიხედავს. ბოლო ყლუპიღა იყო დარჩენილი და ისე მოვსვი, რომ სული და გული ჩავაყოლე. თან წინა ღამის ბახუსი მქონდა გამოყოლილი და ალკოჰოლმა ნაბახუსევზე მეორე სუნთქვა გამიხსნა. მაღაზიაში დაბრუნებულს სესილი შემხვდა. სიმართლეს ვიტყვი და გულის სიღრმეში გამიხარდა. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ  ამ ქალაქში მარტო მე ვხედავდი მოსიარულე გოგოს. და საერთოდ მემგონი ერთადერთი გოგო იყო ვისაც ვხედავდი, რადგან მაღაზიის გამყიდველებიც კი კაცები იყვნენ. არ ვიცი იქ რას ყიდულობდა, უფრო სწორად უკვე დაემთავრებინა საქმე და გამოსვლას აპირებდა როდესაც გასასვლელ კარში შევხვდი. ღიმილით მომესალმა. აშკარა იყო მასაც უხაროდა ჩემი ნახვა. ვუთხარი რომ გამიხარდებოდა თუ ლუდზე დავპატიჟებდი. კვლავ გამიღიმა და მადლობა გადამიხადა. მისი საქციელი თანხმობის ნიშნად მივიღე და სასწრაფოდ შევედი მაღაზიაში.
 
იცი პირველად გხედავ ამ ქალაქში, უფრო სწორად პირველად დღეს გნახე. -  ვუთხარი და ლუდი მოვსვი.
ხო? რა გასაკვირია. მეც პირველად დღეს გნახე.
აქაური ხარ? - ჩავეძიე.
ხო, აბა სხვა ქალაქიდან სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანი აქ არ ამოვა. - მითხრა ღიმილით.
მაშინ რატომ არ მეცნობი, მე ფაქტიურად აქ გავიზარდე.
მეც, მაგრამ დღემდე ეგრეა, რომ სახლიდან იშვიათად გამოვდივარ.
ბავშვობაშიც არ გამოდიოდი? აი მე მაგალითად დილიდან გარეთ ვეგდე და სანამ არ დაბნელდებოდა მანამდე სახლში არ მივდიოდი.
არა, ბავშვობაში მხოლოდ სახლის წინ, ისიც მხოლოდ საღამოს და მაქსიმუმ ერთი საათით.
რატო, გიშლიდნენ? - გავუღიმე და ჩემი აზრით ხუმრობისთვის მოვამზადე.
არა, რატო უნდა დაეშალათ?! უბრალოდ სადაც ჩემი სახლია ბავშვები თითქმის არ იყვნენ და შორს წასვლის კი მეშინოდა.
უცნაურია. აი ეხლაც მოვდივართ და ქუჩაში მხოლოდ კაცები არიან. მაღაზიაშიც. გოგო დღეს მხოლოდ შენ გნახე... - გულწრფელად ვუთხარი, თან მაინტერესებდა თვითონ რას ფიქრობდა ამ უცნაურობაზე.
მართლა? არ ვიცი არ დავკვირვებივარ. - თვითონაც ეტყობოდა რომ გულწრფელი იყო.
 
სეირნობით ბულვარამდე მივედით და იქვე სკმამზე დავსხედით.
   
რაღაცნაირი სილამაზე ჰქონდა. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ მთლიანობაში საოცრად მიზიდავდა. ღია ფერის თმა და მუქი კანი ერთმანეთს უხდებოდა. თავიდან მეგონა გარუჯული იყო, მაგრამ მერე დავრწმუნდი, რომ ეს მისი ბუნებრივი ფერები იყო. ყველაზე მეტად კი მისი ტუჩები, ღიმილი და ხმა მომეწონა. ეს სამი რამ საოცრად უხდებოდნენ ერთმანეთს და სამივე ერთად თვითონ - სესილის.
   
ისევ ბულვარში ვისხედით ანამ რომ დამირეკა. ჩვენი საუბარი უშინარსო იყო და მხოლოდ ყოველდღიური, ბანალური კითხვებით შემოიფარგლა.
   
როდესაც ტელეფონი გავთიშე სესილიმ მითხრა, რომ მისი წასვლის დრო იყო. სახლამდე მივაცილე და ნომრებიც გავცვალეთ.
   
დამშიდობებისას ერთმანეთს ლოყაზე ვაკოცეთ. ჩვენი პირველი შეხებისგან ეს შეხება განსხვავდებოდა და ორივე ხვდებოდით ამ განსხვავებას.
   
ანასთვის არასდროს მიღალატია. უბრალოდ სურვილიც არ გამჩენია და ფიქრითაც კი არასდროს მიფიქრია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როდესაც სესილის ვემშვიდობებოდი, ზუსტად მაშინ არ მინდოდა მისგან წამოსვლა. ღალატზე ფიქრიც მას შემდეგ დავიწყე და მაგ ფიქრებში აღმოვაჩინე რომ ერთგული ქმარი ვიყავი, რომ მანამდე გოგოსთვის არასდროს შემიხედავს ისე, როგორც სესილის ვუყურებდი. იმასაც მივხვდი, რომ ანასთვისაც არ შემიხედავს ისე, როგორც სესილის შევხედე და პირველად სწორედ მაშინ გამიჩნდა დანაშაულის გრძნობა ანას წინაშე.
 
სესილის გაცნობით ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ანაზე მეფიქრებოდა. დანაშაულის გრძნობით მეფიქრებოდა და არ ვიცოდი თავისთვის რა მომეხერხებინა. რაც „ზამთრის დეპრესიაში“ ვარ თავი პირველად ვიგრძენი ბედნიერად-მეთქი ვფიქრობდი და ნერვები მეშლებოდა, რომ ჩემს დანაშაულის გრძნობას შეეძლო ამ ბედნიერებისთვის ხელი შეეშალა.
 
 სახლში დაბრუნებულმა, გვიან ღამემდე ვერ დავიძინე. 
 
რა უნდა მექნა?!  საწოლში უაზროდ ვწრიალებდი და უშედეგოდ ვცდილობდი დაძინებას. ტელევიზორი კი იყო, მაგრამ არაფერს აჩვენებდა. არა და ფილმს ვნახავდი და ყურებაში ტკბილადაც ჩამეძინებოდაიძინებდა-მეთქი.
   
ბოლოს როგორც იქნა გადავწყვიტე და სესილის მივწერე…
 
 
 
4
 
სანამ სახლიდან გავიდოდი, მარანში შევედი, რომელიც ძველმანების სათავსოდ იყო გადაკეთებული. იმდენი ნივთი დამხვდა და რომ მათი გადახარისხების თავი ნამდვილად არ მქონდა. არა და ვფიქრობდი ცოტას მივალაგებ და იქნებ ძველი ფუნქციაც დავუბრუნო-მეთქი. გამოსვლის დროს, იქვე კართან ვიდო კასეტებით სავსე ყუთი ვიპოვე. გამოვიტანე და თვალიერება დავიწყე. ფილმის სათაური თითქმის ყველას გადაშლილი ჰქონდა. ძირამდე რომ ჩავედი ვიდეო მაგნიტაფონიც  აღმოვაჩინე. ცუდად არ გამოიყურებოდა, უბრალოდ მტვრიანი იყო და კასეტა შიგნით ჰქონდა ჩაჭედილი. 
   
ტელევიზორთან დავდგი და შევაერთე. ჩართვით არ ჩამირთავს. რომ დავბრუნდები მერე მივხედავ-მეთქი.
   
სახლიდან საღამოს გავეიდი. სანამ სესილის შევხვდებოდი გასეირნება გადავწყვიტე. სუფთა ჰაერზე ყოფნა ძალიან მსიამოვნებდა. ჰაერში ბუნების სუნი იდგა და მზეც სასიამვნოდ ჩადიოდა.
   
გზად ჩემს სკოლას ჩავუარე.
  
რა დასამალია და სკოლა არასდროს მომნატრებია. არც იმ მომენტში გამხსენებია რამე სასიამოვნო, როდესაც მის ეზოში შევედი და ერთადერთი ტირიფის წინ ვიდეგი. რას ვაკეთებდი იმ ტირიფთან არ ვიცი. გაუთვითცნობიერებლად აღმოვჩნდი და სანამ ამ ტირიფივით ტირილს დავიწყებდი, ლუდის ბოლო ყლუპი მოვსვი და ისევ გზაზე გამოვედი.
   
ტირილი ალბათ იმიტომ მომინდა, რომ იქაურობა უსიცოცხლო იყო. ჩემი არ იყოს და სკოლოსაც მემგონი დეპრესია ჭირდა. დარაჯი, რომ დარაჯია მისთვისაც არ მომიკრავს თვალი და წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ ვინც ამ სკოლაში მუშაობდა ან სწავლობდა ყველა ერთიანად განადგურდა.
   
ვიგრძენი, რომ “ზამთრის დეპრესიამ” კვლავ აღმომაჩინა. მაღაზიაში ჩქარი ნაბიჯით მივედი და კვლავ ლუდი ვიყიდე. სესილისთან შეხვედრა რომ არა ალბათ რამე სპირტიანს ვიყიდდი და ერთი კარგადაც გამოვთვრებოდი.
 
დანიშნულ ადგილას დროზე მივედი, მაგრამ სესილი არსად ჩანდა. არც სხვა გოგოები ჩანდნენ. ამ ქალაქში გოგოები რატომ არ დადიან მაინც ვერ გავიგე. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ ვერ გავიგე. უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი ეს ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივ ხდება რამდენად რეალური იყო.
 
როგორც იქნა სესილი მოვიდა და თავშიც ყველაფერი დამილაგდა. დავინახე თუ არა ყველაფერი გადამავიწყდა რაც ცუდ ხასიათზე და გაბწყობაზე მაყენებდა.
   
ის ისეთი ლამაზი იყო კაცს ტირილი მოგინდებოდა.
   
ამ დეპრესიამ ყველაფერთან ერთად სენტიმენტალურიც გამხადა. მაგრამ უცნაურად მეჩვენებოდა სენტიმენტის გამომწვევი მიზეზები. სილამაზეზე კაცმა რატო უნდა იტიროს არ ვიცი. არც ის ვიცი ბედნიერებისგან რატომ ტირიან. ალბათ არასდროს არ ვყოფილვარ ბედნიერი და მაგიტომაც არ ვიცი. მერე იმაზე დავფიქრდი რომ სესილის სილამაზეზე ორი წამის წინ ტირილი მინდოდა. ესე იგი მისი სილამაზით ვიყავი ბედნიერი და ტირილიც ბედნიერებისგან მინდოდა და არა სილამაზისგან. აი თავში თიქთქოს ყველაფერი დავალაგე და ჯობია ფიქრს შევეშვა და სესილის მივესალმო-მეთქი.
 
ქალაქში სადაც გოგოები არ არიან, არც კინოთეატრია, არც თეატრი. არც კაფეებია და არც ბარები. ერთადერთი რაც ამ ქალაქშია საქელეხო დარბაზი და სეფას “სტოლ-სკამია” შემონახული. ხო და კიდევ ჰაერია გემრიელი.
   
სად უნდა წავსულიყავით? ვერსადაც ვერ წავიდოდით, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უბრალოდ გვესეირნა და ამ სეირნობაში შეძლებისდაგვარად დრო სასიამოვნოდ გავეტარებინა.
      
სკოლასთან გავიარეთ. ვკითხე შენც აქ ხომ არ სწავლობდი-მეთქი. არა, მე პირველში ვსწავლობდიო. ალბათ მაგიტომაც არ მეცნობი, ვერ ვიტანდი მაგ სკოლას, ყოველთვის ქედმაღალი ტიპები სწავლობდნენ-მეთქი. რა გინდა მაგით თქვა, რომ მე ქედმაღალი ვარო? მერეღა მივხვდი რომ კარგად ვერ გამომივიდა. არა, შენ რა შუაში ხარ, უბრალოდ ზოგადი დამოკიდებულება გამოვხატე, იმ მასაზე რომელშიც შენ, არ მგონია შედიოდე-მეთქი. ესე იგი დარწმუნებითაც არ უარყოფ ჩემს ქედმაღლობასო. არა, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მაშინ შეიძლება ბავშვურად იყავი ქედმაღალი-მეთქი. შენსაც მაინც არ იშლიო, გამიღიმა და კმაყოფილმა შეხედა ჩემს სკოლას. მე კიდე ამ სკოლას ვერ ვიტანდი, რადგან “სოფლელები” სწავლობდნენო. ვერაფერი ვუპასუხე, რადგან მართლა სოფლელები სწავლობდნენ, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით. ჩემი რამდენიმე კლასელი მეზობელი სოფლიდან ფეხით ხუთ კილომეტრსაც კი გადიოდნენ სკოლაში მოსასვლელად.
  
მერე ვიფიქრე გავეხუმრები მაინც-მეთქი და ვუპასუხე აი მართლა ქედმაღალი ყოფილხარ-მეთქი. გაეცინა და მეც ძალიან გამიხარდა, რომ ძლივს ჩემს ხუმრობაზე ვინმეს გაეცინა. უფრო სწორად სესილის რომ გაეცინა. მერე ისიც ვიფიქრე, რომ არ მოვწონებოდი ესეთ იდიოტურ საუბარსა და ხუმრობაზე არ გაიცინებოდა-მეთქი.
   
სახლთან რომ მივაცილე, დამშვიდობების წინ მკითხა, აქ კიდე რამდენ ხანს იქნებიო. რამდენ ხანსაც შენ იქნები-მეთქი ვუპასუხე და გავუღიმე.  სახლში გახარებული დავბრუნდი. თავს კარგად ვგრძნობდი. 
 
ვივახშმე და ჩემს ვიდეოს მივუბრუნდი. მუშაობდა, მხოლოდ ის იყო, რომ კასეტას ვერ ვცვლიდი. ვიდეოში “მოჩვენება” იყო ჩარჩენილი, როგორც  პატრიკ სუეიზის გმირის სული ამ სამყაროში.
   
ფილმმა ჩამითრია. ისე აღმოჩნდა, რომ იუმორი, რომელიც თითქმის არ მაქვს, საბოლოოდ დამავიწყდა და ფილმში თავიდან ბოლომდე ჩავერთე. ბოლოს კი საკუთარი თავი ტირილში გამოვიჭირე და ემოციებისგან დაცლილმა და შერცხვენილმა ეგრევე დავიძინე.
 
“ზამთრის დეპრესიას” დავაბრალო ეს სენტიმენტი თუ ჰოლივუდს? დიდი იმედი მაქვს ზამთრის დეპრესიის ბრალია ამ უაზრო ჰოლივუდურ მელოდრამაზე რომ ავქვითინდი ამხელა კაცი.
 
 
5
 
ერთი კვირის თავზე ანას მესიჯი დამხვდა. გოგოებთან ერთად ზღვაზე მივდივარო. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ მერე გავბრაზდი. ჩემთან ერთად იმიტომ არ წამოვიდა რომ არ მცალიაო და ეხლა თავის დაქალებთან ერთად ზღვაზე მიდის-მეთქი. თან იმაზე უფრო მომეშალა ნერვები, რომ ეს ყველაფერი მესიჯად მომწერა. დაერეკა მაინც, მაგრამ ეტყობა მიხვდა, რომ თბილი საუბარი არ გვექნებოდა და მაგიტომ მოიქცა ასე.
 
ისიც დაამატა, არ მინდა ხელი შეგიშალო, როგორც ჩანს ბედნიერი ხარ და შენს დეპრესიასაც უმკლავდებიო. ერთმანეთისგან დასვენება ორივეს მოგვიხდება, თან დიდი ხანია გოგოები მეპატიჟებიან, ხვალ დილით მივდივარ და ჩავალ თუ არა დაგირეკავო. ხო და კოცნის სმაილები იყო კიდე.
   
მასთან დარეკვა ვცადე, მაგრამ გათიშული იყო ტელეფონი. ეტყობა სამსახურშია-მეთქი რადგან ანას სამსახური სადღაც მიწის ქვეშ არის. ჩემი სამსახურიც მიწის ქვეშ იყო, მთლად მიწის ქვეშ არა, მაგრამ ნახევარი შენობა მიწის ქვეშ იყო. ფანჯრები არ იღებოდა და კონდიციონერი სულს გვიხუთავდა.
   
ბაღის მოთიბვა და გაწმენდა ორ-სამ დღეში დავამთავრე. იმ დღეს საქმე თითქმის არაფერიარი არ მქონდა ხილის გასხვლას თუ არ ჩავთვლით. სეტყვისგან ჩამომტეხილი ტოტები უშნოდ ჰქონდათ ხეებს შეხორცებული და ბუჩქებს ჰგავდნენ.
მიწასთან და საერთოდ ბაღში მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. თან სადღაც ამოვიკითხე, რომ მიწაზე ფიზიკური შრომა ერთ-ერთი თერაპიის ნაწილია, რომლის დახმარებით ადამიანს სიცოცხლის ხალისი უბრუნდება და კრიზისის დაძლევაში ეხმარება.
   
მეც თვი არ დავზოგე და რაც კი რამე ცუდ მცენარედ მომეჩვენა, ყველას სახე ავახიე.
ფიზიკური დაღლილობისგან ალბათ ბავშვობის მერე არ გავოფლიანებულვარ, ბაღში კი ბოლომდე ვიცლებოდი.
   
საღამოს მე და სესილი ჩემს გაბმულ ჰამაკში ვისხედით. მითხრა, რომ ჩემები დღეს წავიდნენ, მაგრამ არ გავყევიო. ვუთხარი, კარგი გიქნია-მეთქი. მერე ერთმანეთს შევხედეთ და რამდენიმე წამის მერე თავის შეკავება ვეღარ მოვახერხე. ვაკოცე, მაგრამ მისკენ ისეთი ინერციით წავედი, რომ ბოლოს ვეღარ მოვზომე და დაჯახებისგან ტუჩები კბილებით მოვიკვნიტე. მას უბრალოდ ცხვირი ეტკინა. ერთმანეთს კვლავ შევხედეთ და მოუხერხებლობისგან და უხერხულობისგან ორივეს სიცილი აგვიტყდა.
   
მერე ერთმანეთს კვლავ ვაკოცეთ და მიღებული შედეგით კმაყოფილები დაღამებამდე ჩახუტებულები ვისხედით. ჰამაკი ხან ქანაობდა ხან - არა. სესილი კი არ გაჩერებულა იმდენს ლაპარაკობდა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ბავშვები ძალიან უყვარდა და მათთან ურთიერთობით ძალიან ბევრს სწავლობდა. ისიც გავარკვიე, რომ აქტიურ ადამიანებთან კომპლექსდებოდა და ურთიერთობაში შესვლა უჭირდა. ისიც გავიგე, რომ ნახევრად მთვარეული იყო და ოთხ წლამდე ვერ ლაპარაკობდა. ძილის წინაც ბევრი რამე გავარკვიე ის, რომ ეღუტუნებოდა, წვერზე ალერგია არ ჰქონდა, ა.შ.
   
დილით კი მან გაარკვია, რომ ვერ ვიტან გაღვიძებას, რაც არ უნდა ყავა მომართვა საძინებელში.
   
როგორც უკვე ვთქვი ვერ ვიტან გაღვიძებას და როდესაც სესილიმ გამაღვიძა, ეს ფაქტი გავატარე როგორც გულკეთილმა ადამიანმა იმ იმედით, რომ შემდეგში ასე აღარ მოიქცეოდა. გატარების მიუხედავად ხასიათი მაინც გამიფუჭდა და ის ფაქტი საერთოდ აღარ მაწუხებდა რომ სესილიმ ანას შესახებ არაფერი იცოდა.
   
სესილის დილით აღარ გავუღვიძებივარ.
 
რამდენიმე დღის შემდეგ სესილიმ წასვლა გადაწყვიტა. ჩემები ზღვაზე მიდიან და უნდა გავყვეო. მინდოდა მისთვის გადამეფიქრებინა და ჩემთან დარჩენა მეთხოვა, მაგრამ მისთვის არაფერი მითქვამს. არ შეიძლება ცოლიანმა კაცმა საყვარელს თავისთან დარჩენა მოსთხოვოს, როდესაც ამ საყვარელმა მისი ცოლის შესახებ არაფერი იცის-მეთქი. სინდისის და მორალის ამბავი იყო ალბათ, რომელმაც შემაწუხა და ჩემი ახალი გოგო, ცოლის არ იყოს ზღვაზე უყოყმანოდ გამაშვებინა.
 
ზამთრის დეპრესია აღარ მაწუხებდა და ცხოვრებით დატკბობას ვცდილობდი. უბრალოდ ყველაფერი უცნაურად და დაუჯერებლად კარგად მიდიოდა. მაგაზაეც ვფიქრობდი, არ შეიძლება ესე ერთი ხელის მოსმით ადამიანის რუტინული ცხოვრება, რომელსაც დეპრესია აქვს მკვეთრად გაუმჯობესდეს. იპოვოს ისეთი ადამიანი, რომელსაც თურმე მთელი ცხოვრება ეძებდა. გაუაროს დეპრესიამ. დამშვიდდეს და ამ სიმშვიდით ბედნიერი იყოს-მეთქი. ისიც აღმოვაჩინე, რომ თურმე ანაში სესილის ვეძებდი. ვითხოვდი მისნაირად მოქცევას, მისნაირად აზროვნებას, მისნაირად მოფერებას. ალბათ ამიტომაც აგვერია ურთიერთობა და ეს “ზამთრის დეპრესიაც” შეიძლება არაფერ შუაში იყოს-მეთქი.  ამ ყველაფერს, კარგად რომ ჩავუღრმავდი იმასაც მივხვდი რომ ზაფხულში არ შეიძლება ადამიანს “ზამთრის დეპრესია” ჭირდეს. 
 
ცივი გონებით გადავწყვიტე, რომ ანასთან სერიოზულად მესაუბრა ჩვენს ურთიერთობაზე, მომავალში ჩვენს ერთად ცხოვრებაზე და საერთოდ იმ ყველაფერზე რაც ჩვენს თავს და გარშემო ხდებოდა. როდესაც დაველაპარაკებოდი, ჩემს სათქმელს პირდაპირ ვეტყოდი, რომ ერთმანეთისგან დაგვესვენა და თუ ამ პერიოდში მონატრება შეგვაწუხებდა მაშინ ალბათ ეღირებოდა ურთიერთობის გაგრძელება.  სესილიზეც მოვუყვებოდი ყველაფერს და იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ქალაგარეთ ყოფნის დროს ბედნიერი ვიყავი. სესილისთანაც ტყუილი არღა გამომივიდოდა და თამამად შემეძლებოდა მისთვის მეთქვა, რომ ცოლთან გაშორებული ვიყავი. სინდისიც დამიწყნარდებოდა და მორალური ამბავიც თავისით გააგრძელებდა ჩემში ცხოვრებას.
 
როდესაც ყველაფერი კარგად გავიაზრე გადავწყვიტე ზღვაზე მეც წავსულიყავი. ანას დაველაპარაკებოდი და როდესაც ყველაფერს გავარკვევდი სესილიც იქვე მეყოლებოდა და გავაგრძელებდი ისევ ბედნიერად ცხოვრებას.
 
 
6
 
უცნაურად ბედნიერი იყო. როდესაც დამინახა, გამოიქცა ხელებ გაშლილი და ჩამეხუტა. რუჯი ძალიან უხდებოდა. სუნამოც სხვა ესხა. თითქოს სხვა გოგოს ვხედავდი. როგორ გამახარე შენ არ იცი, ეხლა აქ რო ხარო. ვუთხარი სალაპარაკო მაქვს შენთან და სადმე დავსხდეთ-მეთქი. კარგიო. შენთვის მეც მაქვს რაღაც სათქმელიო. ვიფიქრე ყველაფერს მიხვდა, იცის რატომაც ჩავედი და ალბათ ეს თბილი ჩახუტებაც მაგის ბრალია. თვითონაც იგივეს გრძნობს და განვლილი დროის ხათრით ბოლოჯერ ჩამეხუტა-მეთქი. ვიფიქრე კარგი იქნება თუ პირველი თვითონ მეტყვის სათქმელს რადგან მეც უფრო შემიმსუბუქდება ის ნერვიულობა და უხერხულობა, რომელსაც ცოლთან დასაშორებელი სიტყვების თქმა იწვევეს-მეთქი. 
როგორც ჯენლტმენი გითმობ, საუბარი შენ დაიწყე და მერე მე გეტყვი ჩემსას-მეთქი. კარგიო. მოემზადე, ვიცი რომ გაგიხარდებაო. ნერვიულობა გამიძლერდა. ხელები მიკანკალებდა და გულიც შესაბამისად მიცემდა. გელოდები მითხარი. ყველაფრისთვის მზად ვარ-მეთქი. კარგიო. მერე ხელი მუცელთან მიიტანა და ორჯერ მიირტყა. გამომცდელად შემომხედა, აინტერესებდა ნამიოკს მივხვდებოდი თუ ვერ. მე გაკვირვებული ვუყურებდი და ველოდებოდი სათქმელს როდის მეტყოდა. გაღიმებულმა, კიდევ მიირტყა ხელი. მე კვლავ ვუყურებდი და ვფიქრობდი ღიმილი სესილის უფრო საყვარელი აქვს-მეთქი. ვერ ხვდებიო მკითხა ბოლოს. არ ვიცი რას უნდა მივხვდე-მეთქი. ჩემი პასუხის მერე ამოიხვნეშა და დაამატა: ორსულად ვარ და მალე მამა გახდებიო.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული