• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

პაატა შამუგია და გავლენის უშიშარობა

×
მაკო ჯანჯიბუხაშვილი
ავტორის გვერდი მაკო ჯანჯიბუხაშვილი 08 მაისი, 2020 1911

საკითხი ასე უნდა დაისვას: ვისთვის წერს პოეტი,

მტირალა გოგოებისთვის, რომელსაც სატრფომ აწყენინა

და წყენას პოეტის სტრიქონები უამებს, თუ,-  

პოეტებისთვის, რომელთაც შენამდე თქვეს, დაგიტოვეს

საქმე და, რაკი ამქარში ჩაეწერე, ვალდებული ხარ, 

არ მოიპარო, არამედ მხოლოდ შემდეგი სართულის 

დაშენებაზე იფიქრო, და მომავალს დაუტოვო ღია 

ფიჭები თაფლის ჩასასხმელად. არ არის აუცილებელი,

თაფლი ტკბილი იყოს, უფრო პირიქით, არც უნდა იყოს 

ტკბილი, მხოლოდ უნდა აგონებდეს ყველა შემდგომს, 

რომ ის ნამდვილად თაფლია ანუ უხრწნელი საკვები,

რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს

 

"მკითხველს ვერ უშველის იმის მოთხოვნა, რომ მას სურს, სიტყვები იყვნენ ისეთნი, როგორნიც არიან და თითოეულს, უბრალოდ, ერთი მნიშვნელობა ჰქონდეს; რადგან, როგორც ხალხს, სიტყვებსაც არ შეუძლიათ ახლო ურთიერთობა ისე, ერთმანეთზე რომ არ იმოქმედონ და პოეტის ნიჭის ერთ-ერთი გამოცდა არის ისიც, თუ რამდენად იცის, რა მიზანი მიანიჭა თავის სტრიქონებს, თუ რა ძალა მიანიჭა რიტმის დინებამ სიტყვებს გასათავისუფლებლად".

მატისენი ელიოტზე



 

სამხატვრო აკადემიაში სტუდენტებს ასწავლიან ე.წ. აკადემიური ნახატის ხატვას, ეს ხატვის ანბანია. ვისაც ასეთი ნახატის შესრულება არ შეუძლია, მის პროფესიულ მხატვრობაზე ფიქრიც  ზედმეტია, რადგან აკადემიური ნახატი იგივეა, რაც, დაახლოებით, ასოების ცოდნა მწერლისთვის, თუმცა, პოეტობას არ აქვს ამგვარი კანონიკური ჩარჩო. ეს შეუძლებელია და არც არის საჭირო, ახალგაზრდა პოეტს მკვდარი კლასიკოსების გადამღერება მოვთხოვოთ. თუმცა, სავარჯიშოდ, შესაძლოა, ამაშიც სცადოს ბედი. ანდა, დავუშვათ, კაფიობაში ივარჯიშოს, მაგრამ არც ეს არის აუცილებელი და ყველა პოეტს არც  ემარჯვება. პოეზიის ნიმუშის ზუსტი ასლის შესრულებას ანუ გადაწერას პოეტობა არ სჭირდება, ამისთვის საკმარისია წერის ცოდნა. ნახატის ზუსტი ასლის გადაღება კი უკვე ნიშნავს მხატვრობის ჩანასახს ადამიანში.

სწორედ ამიტომ, გამოსახვის ხერხების თავისებურებათა გამო,ის მეთოდი, რაც ამართლებს მხატვრობაში, პოეზიაში არაფრისმომცემია. მაშ, რა გვრჩება პოეტის ელემენტარული დონის შესამოწმებლად, როგორ გავიგოთ, იცის თუ არა პოეტმა წერა.

სწორედ ამის გამოა პოეზია უფრო მოუხელთებელი, ვიდრე მხატვრობა, რაკიღა ერთი ვიზუალური ხელოვნების სფეროა, მეორე კი - ინტელექტუალურისა, რომლის იარაღია სიტყვა, ვერბალურობა, ვერბალურის ბოლომდე დაზუსტება კი შეუძლებელია, აქ ყოველთვის რჩება ნიუანსები, რომელსაც ჩარჩოში ვერ ჩასვამ - ვერც პირდაპირ და ვერც - ირიბად. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაკვირვებულმა თვალმა ვერ შენიშნოს, სად არის ნამდვილი პოეზია, ინდივიდუალური და ორიგინალური და სად - აკადემიური ნახატის ასლივით, სხვისი გადამღერება. როგორც ნახატის გადატანისას ხდება ყველაფრის ზუსტი გადახატვა, იქნება ეს ფერი, შუქი, ჩრდილი, სახე და ა.შ. პოეტური ნიმუშის შექმნისას მიმბაძველი იმეორებს სხვა პოეტის ესთეტიკას, მხოლოდ ზედაპირულად, ბაძავს მეტაფორაში, უფრო სწორად, ვითომ ბაძავს, მაგრამ სინამდვილეში, აფუჭებს მისაბაძი ობიექტის მეტაფორას, ბაძავს რიტმში, რითმაში. ორიგინალურ პოეტურ ნიმუშს ისეთივე საკუთარი ხმა აქვს, როგორიც მუსიკალურ ნაწარმოებს, ამიტომაც ამ ხმის მოპარვა ადვილად შესამჩნევია. რასაკვირველია, მხოლოდ მათთვის, ვისაც მისაბაძი პოეტი წაკითხული აქვს და ისიც იცის, რაში მდგომარეობს მისი პოეზიის ორიგინალობა. 

დავუშვათ, გალაკტიონის მისაბაძად მხოლოდ ლექსის საზომი არ არის საკმარისი, რადგან, შესაძლოა, პოეტმა ამავე საზომით დაწეროს ორიგინალური ლექსი, რომელიც გალაკტიონს სულაც არ ემგვანება. ამის საუკეთესო ნიმუშია ოთარ ჭილაძე, რომელმაც საზომად გამოიყენა, ძირითადად,ათმარცვლიანი ლექსი, ანუ იგივე საზომი, რომლითაც დაწერილია გალაკტიონის მერი, თუმცა, არსად ოთარ ჭილაძე გალაკტიონში არ აგერევა, რადგან მის პოეზიაში ამ საზომს დაემატა პოეტის საკუთარი პოეტური აღქმა, მხოლოდ მისთვის შინაგანი, მისი საკუთარი განცდათა წყობა, ეს კი იმდენად ინდივიდუალურია, რომ თუ მას შესაბამისი ესთეტიკაც მოსდევს, ანუ - სათანადო მხატვრული სახეები, შინაგანი რიტმი და სახეთა სისტემა, იქმნება ახალი, ორიგინალური პოეზია. 

 

თუ ამქვეყნად რომელიმე მოვლენაში შეიძლება მემკვიდრეობითობის პოვნა, გარდა ბიოლოგიური პროცესებისა, ერთ-ერთი, უთუოდ, არის ხელოვნება. პრინციპში, ყველა მოვლენას, რომელიც ოდესღაც წარმოიშვა და განვითარება ჰპოვა, თავისი ლოგიკური წინაპირობები და განვითარების გზები აქვს. ასეა მეცნიერებებშიც, აღმოჩენები ერთმანეთს ავითარებენ და ვღებულობთ პროგრესს, რომლითაც ყველანი ვსარგებლობთ. თუმცა, არსებობს ე.წ. რევოლუციური ნახტომებიც, რომელთა მიღმა ძნელია წინამორბედის დანახვა,მათ შედარებით უფრო ამოვარდნილი და თვითმყოფადი სახე აქვთ და, ერთი შეხედვით, არავის აგრძელებენ, თითქოს მარტონი მოვიდნენ ამქვეყანაზე. თუ სამყაროს განვითარების ლოგიკურ კანონზომიერებებს ვაღიარებთ, თვით რევოლუციურ მოვლენებსაც აქვთ თავიანთი წინაპირობები, მაგრამ იმდენად დიდი მუხტით ასწრებენ წინ მოვლენათა მწყობრ რიგს, რომ შესაძლოა, უეცრად, ერთეულ და უწინაპრო შემთხვევადაც კი მოგვეჩვენოს. ასეა თუ ისე,რევოლუციები ყოველთვის იმიტომ ხდებოდა, რომ დაგროვილ მუხტს თავისი გამოსავალი ერთბაშად ეპოვა. ასე იყო საზოგადოებრივი რევოლუციები და ასეა ე.წ. კულტურული რევოლუციები, უფრო სწორად, მეცნიერებასა და ხელოვნებაში მომხდარი რევოლუციები, ხოლო რევოლუციონერების როლი უფრო შთამბეჭდავია და სახელებიც უფრო ადვილად გვამახსოვრდება.

ეს შესავალი ერთ თანამედროვე პოეტზე სასაუბროდ დამჭირდა. აქვე ვიტყვი, რომ იმ ერთეულ ქართველ პოეტთა შორის მისი შემოქმედება გამორჩეულად თვითმყოფადია, რომელიც გადაურჩა გავლენის საშიშ ურჩხულს და შედარებით თავისუფლად მოიტანა თავისი "პოეტური პრეცედენტები". შემთხვევით არ ვიყენებ ამ სიტყვას, მიმაჩნია, რომ მისი შემოქმედება დაიწყო, სწორედაც, პრეცედენტით, ერთგვარი ეპატაჟური პრეცედენტით, თუმცა ეს ეპატაჟი იმდენად ინტელექტუალური და პოეტურად გამართული იყო, რომ დრომ კი არ გადააფასა, არამედ, დააფასა. მხედველობაში მაქვს "ანტიტყაოსანი", ტექსტი, რომელმაც აპელირება მოახდინა ერთ-ერთ ყველაზე უფრო დოგმატურ ტექსტზე, რომელზე მსჯელობაც, ფაქტობრივად, აღარ მიდიოდა უკანასკნელი საუკუნეების საქართველოში. მას შემდეგ, რაც ვეფხისტყაოსანს ქართველმა ხალხმა გამოუტანა "განაჩენი", რომ იგი გენიალური პოემაა, უნებურად სასიკვდილოდაც გაწირა - ამის შემდეგ, ისევე, როგორც ლათინები ამბობდნენ მიცვალებულებზე - ან კარგი უნდა გეთქვა, ან - არაფერი. ანუ უნდა გაგემეორებინა ათასჯერ ნათქვამი, პოეტის მოწოდებებში ეჭვი არ შეგეტანა და ა.შ. მხატვრული ტექსტის სიკვდილი კი იწყება იქ, როდესაც მას წმინდა წერილის ტოლფარდ ლიტერატურად მიიჩნევენ და ლამის, გააზრების უფლებას ართმევენ მკითხველს. პრინციპში, წმინდა წერილიც იქ კვდება, სადაც გონებას ჯებირებს უმართავენ. თუ რამეს უცოცხლებია სულიწმიდით ნაკარნახევი ტექსტები, ისევ, ლიტერატურას და ხელოვნებას. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანდა. "ანტიტყაოსნის" ავტორობა იოლი ტვირთი არ იყო ახალგაზრდა პოეტისთვის, მას უნდა აეტანა და მოეთმინა ლანძღვა, სიძულვილი, დაცინვა, ჩაქოლვაც კი, რადგან იგი ერის "წმიდათაწმიდას" შეეხო. ამით იგი საკუთარ თავს განაჩენსაც უმზადებდა - საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არასოდეს მიეღო იგი სერიოზულ მწერლად და ამით დაესაჯა, თუმცა, არა - თვითმიზნურად, არამედ იმ სტერეოტიპული აზროვნების წიაღიდან, რომელშიც ყოველთვის ვარდება საზოგადოება თავისი მიჯაჭვულობების გამო სტერეოტიპებისადმი. მოკლედ, ახალგაზრდა პოეტმა გაბედა - დაწერა და გამოაქვეყნა პოემა, რომლის სათაური უკვე ეპატაჟი იყო. თუმცა, ეპატაჟი, ძირითადად, სათაურიდან იწყება.

პოეტის განვლილ გზაზე წარმოდგენის შესაქმნელად ქრონოლოგიურად მივყვეთ მის კრებულებს. 

როდესაც რაიმე ძალზე არაკანონიკური ხდება, უეცრად ისეთი მუხტი იკვრება, შეუძლებელია, არ გასკდეს და არ მოეფინოს ირგვლივ ყველაფერს. ეს ენერგიის კანონია - კონცენტრირებული ენერგია, როგორც ატომი, სკდება და იღვრება. ასეა ნებისმიერი ისეთი ხელოვნების მანიფესტაციის დროს, რომელიც არღვევს მანამდელ სტერეოტიპებს,რომელიც არნახულ სახეს თუ ფორმას გვთავაზობს. უჩვეულო და უცხო შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე, მსმენელზე თუ მაყურებელზე და ძლიერი შოკის ეფექტი აქვს. რაც უფრო მეტს "ანგრევს" წარსულიდან, მით უფრო შორს იტყორცნება მომავალში. 

როგორც უკვე ვთქვით, პირველი ყველაზე ხმაურიანი და შოკური ტექსტი "ანტიტყაოსანი" იყო. ჯერ მარტო ის რად ღირდა, რომ ვიღაც ლაწირაკმა პოეტმა ვეფხისტყაოსანს გაუბედა და პრეფიქსად "ანტი" დაუსვა. არც შემცდარა - სათანადო რეაქციები წამოვიდა პურიტანი საზოგადოებისგან.თუმცა, საქართველოში პურიტანობაც ისეთივე პირობითია, როგორიც, თუნდაც, შოვინიზმი. ორივეს "აწვება" ქართველი, მაგრამ არცერთი არ გამოსდის, ბუნებითად არ მოსდგამს და - იმიტომ. ქართველი თავისი ბუნებით, უფრო უკეთესი იქნება, თუ ვიტყვით, ქართული კულტურა თავისი ბუნებით მოდერნისტია. ამ თვისებას უძველეს კულტურათაგან, რომელიც კი შემორჩენილა, მხოლოდ ჩვენ ვატარებთ, ეტრუსკები, ხეთები და შუმერები აღარ არიან, ბერძნებსა და ლათინებზე ვერ ვიტყვით - უძველესებიო, ისინი მეორეული კულტურები არიან, უკვე არსებულის შესანიშნავად ამთვისებელ-გამგრძელებელნი.

კვლავ "ანტიტყაოსანს" დავუბრუნდეთ. მაინც რა თქვა პოეტმა ისეთი, გარდა აღმაშფოთებელი სათაურისა, რამაც ასე ააღელვა მასწავლებელთა კასტა და მისთანანი. რასაკვირველია, ეს პოემა არც მასწავლებელთათვის დაიწერა და არც, თუნდაც, რიგითი მკითხველისთვის, ახალგაზრდა პოეტი კონცეფციას კარნახობდა ახალ თაობას - დაერღვია ყველა ტაბუ და კლიშე, პოეტურ გამბედაობას გაეწყვიტა ყველა არტახი, რათა დიდი პოეტის დამთრგუნველი ზეგავლენიდან საბოლოო გამოხსნა შესძლებოდათ:

"და ერთადერთი, რაც აქ მაკავებს,
აქ, ამ პოემის რითმიან ტბაში,
არის იმედი, რომ ვიღაც მოვა,
და ყველა ტაბუს ამაყად წაშლის".

მკითხველთა მთავარი აქცენტი კი, როგორც ხდება ხოლმე, სხვა ვექტორს ეხებოდა - ზნეობრივს, ეთიკურს და სხვა "ამაღლებულ" კატეგორიებს - პოეტი დიდ კლასიკოსს პოემას "უნგრევდა", - ტარიელისა და ასმათის უზადო მეგობრობა ეროტიკისა და სექსის სამყაროში გადაიტანა - იქ შეიტანა ეჭვი, სადაც "უფლება არ ჰქონდა"! საკრალურს შეეხო! რასაკვირველია, ეს იყო აღშფოთების და წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი. მაგრამ რეტროგრადობას, ძველი იდეალებისადმი გადაჭარბებულ პიეტეტს ყავლი ჰქონდა გასული, ენის რევოლუციური რეფორმაც დაწყებული იყო - დათო ბარბაქაძის და 90-იანელი როკ-ჯგუფების თუ სხვა გაერთიანებების მიერ უკვე ირღვეოდა გაქვავებული ენობრივი კლიშეები, ახლა იდეალების მსხვრევის ჟამი იდგა - თუმცა, რატომ არის იდეალის მსხვრევა, დავუშვათ, ქვაბის მკვიდრი ტარიელისა და ასმათის ფიზიკური ლტოლვა თუ კავშირი, რომ გეკითხათ, ძნელად გიპასუხებდნენ, რადგან წინა თაობები "უსექსოდ მრავლდებოდნენ". ხოდა, ამ უსექსობაში მენტალობაც სხვაგვარი ჰქონდათ, უფრო მორჩილნი და დამჯერნი იყვნენ. ახალგაზრდა პოეტი ე.წ. ზნეობრივ იდეალებს ამსხვრევდა და ხალხი ბობოქრობდა. არა მხოლოდ პოეტური ნიჭის წყალობით, ამ ეპატაჟითაც მიიქცია პაატა შამუგიამ ყურადღება და ჩარჩა რეტროგრადთა თუ მოდერნისტთა მეხსიერებაში. შემდგომი ლექსები და კრებულებიც ამ სულისკვეთებაში გაგრძელდა - არავითარი გაკვალული და გათელილი გზა, პოეტი ვალდებულია, სიახლე მოიტანოს, ახალი მოტივები და გამოხატვის ფორმები შესთავაზოს მკითხველს. კონვენციური ლექსი გადაღეჭილია, ვერლიბრი და თეთრი ლექსი საკმაოდ დამუშავებული და პოპულარულიც, თუმცა, - დიდ უმცირესობაში კონვენციურ ლექსთან შედარებით. რაღა რჩებოდა, სადაც ახალი დროის პოეზიას თავისი სიტყვა უნდა ეთქვა?! ალბათ, ნაცადი, თუმცა მაინც ახალი ხერხი იყო იერიშის მიტანა ტაბუდადებულ ღირებულებებზე. ამ ტალღაზე შემოვიდა პაატა შამუგია, რომელმაც ერთგვარად გააგრძელა 90-იანი წლების დასაწყისში წამოწყებული ეპატაჟი ენასა და "ზნეობრივ" კლიშეებზე.

 

ლექსი

 

a'priori - ლექსი, რომელსაც საიდუმლო არ გააჩნია, ლექსი არ არის, ხოლო რაც უფრო იდუმალია ლექსი, მით უფრო ლექსია.

ასეთი კატეგორიული განაცხადის შემდეგ უეცრად ამოტივტივებას დაიწყებენ საიდუმლოს არმქონე ლექსები, რომლებიც უხვად გვაქვს და აქვთ სხვა ენებსაც, მაგრამ ამჯერად ლტერატურის მაღალ შესაძლებლობებზე ვწერთ.

ამას წინათ რემბოს "მთვრალი ხომალდის" ამოხსნას რომ ვცდილობდი, ფრანგული ენის არცოდნის გამო მხოლოდ ქართულად ნათარგმნ რამდენიმე ვერსიის და რუსულად ნათარგნ მრავალი ვერსიის ერთმანეთთან შედარება დავიწყე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ იწყებს ახალ სიცოცხლეს ლექსი თითოეულ ახალ თარგმანში. არცერთი ვერსია მეორეს არ ემთხვევა და არ ემთხვევა სწორედ იქ, სადაც ყველაზე მეტი იდუმალება ჩადო ავტორმა. საბოლოოდ რაღაცა უფრო მეტი გავიგე, მაგრამ გაცილებით მეტი მეცოდინებოდა, ფრანგულად რომ შემძლებოდა მისი წაკითხვა და იმ უმთავრეს საიდუმლოსთან მიახლება, რაც პოეტმა მასში გააბნია. მაგრამ მხოლოდ ფრანგულის არცოდნაში ხომ არ არის საქმე, ამ პრინციპით, მხოლოდ იმ ლექსის გაგების უნარი გვრჩება, რომელი ლექსიც ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობ ენებზეა დაწერილი - მშობლიურზე და ერთი-ორ იმ ენაზე, რომელსაც ვწვდებით. პრინციპში, პოლიგლოტობაც არაფერს ნიშნავს, თუ ლექსის გაგების "მექანიზმი" არ მოუცია შენთვის ღმერთს. მსოფლიო შედევრი, ედგარ პოს ყორანი 17-ჯერ არის თარგმნილი ქართულად, ხოლო იმისათვის, რომ ელიოტის "უნაყოფო მიწის" თარგმანი ინგლისურის მცოდნეთ გადაემოწმებინათ, ზვიად რატიანმა წიგნი ბილინგვად გამოსცა - ამ ურთულეს ტექსტს უთუოდ სჭირდება, დროდადრო მაინც, ორიგინალს ჩახედოს ადამიანმა, რადგან კითხვისას გრძნობ, როგორ უჭირს ენას ყველაფრის გადმოტანა სხვა ენიდან, როდესაც საქმე რთულ ლექსს ეხება.

დიდი სიმდიდრეა ლიტერატურისთვის ამა თუ იმ ტექსტის მრავალი თარგმანი, ფაქტობრივად, საუნჯეების შეკრების მცდელობაა. და არა მხოლოდ ლექსი, ნებისმიერი დიდი ტექსტი რაც უფრო ბერჯერ შესრულდება ამა თუ იმ ენაზე, მეტი შანსი აქვს იმ ენაზე წამკთხველს, უფრო მიუახლოვდეს და ამოხსნას მწერლის სათქმელი. რამდენიმე წელია, მარსელ პრუსტის თარგმნას შეუდგნენ ქართველი მთარგმნელები და ვხედავთ, რაოდენ საჭიროა ამგვარი მიდგომა, მაგრამ ასეთი დიდი მოცულობის ეპოპეის თარგმნას სხვა დრო და ენერგია სჭირდება. ლექსს კი, რაც უნდა იდუმალი და რთული იყოს, მისი მცირე მოცულობის გამო, უფრო მეტი შესაძლებლობა რჩება. 

ასეთი ბედნიერება გვაქვს რილკეს პოეზიის თარგმანშიც, მისი ლექსები არაერთი მთარგმნელის მიერ შესრულდა ქართულ ენაზე, ზოგში უფრო მეტად იგრძნობა ორიგინალთან ბუკვალური სიახლოვე, ზოგ ვერსიას უფრო თავისუფალს ვუწოდებდით, რადგან მთარგმნელმა თავისი პოეტური ნიჭის წყალობით ამოხსნა პოეტის სათქმელი და, ერთი შეხედვით, დაშორდა ორიგინალს, მაგრამ უცხო ენაზე (ამჯერად, ქართულზე) იპოვა მისი პოეტური შესატყვისები. ამ უკანასკნელს ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანებში ვგრძნობთ. თუნდაც, მისი თარგმნილი, ასევე რთული პოეტური ენის და რემინისცენციების ავტორი, იოსიფ ბროდსკი გავიხსენოთ - გარეგნულად, თითქოს, ორიგინალთან დაშორებულია, მაგრამ პოეტური ძალისხმევით საოცარი სიახლოვე იგრძნობა. 

არ ვიცი, როგორ თარგმნიან უცხო ენებზე ისეთ რთულ ქართველ პოეტებს, როგორებიც არიან გალაკტიონი (რუსულად როგორ არის თარგმნილი, ეს უფრო ვიცით), ლია სტურუა, ზვიად რატიანი, პაატა შამუგია. განსაკუთრებით, ეს უკანასკნელი, რადგან მისი ტექსტები იმდენად რთული და დაშიფრულია ორიგინალის ენაზე, რომ თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია მისი თარგმნა, მაგრამ განსხვავებით დიდი ენებისა, რომელსაც მსოფლიო მკითხველთა უდიდესი უმრავლესობა ფლობს, ვინ იცის ჩვენი ენა, გარდა სპეციალისტებისა, ანდა საყველპუროდ "განსწავლული" უცხოელებისა, - არც არავინ, ამიტომაც მისი ლექსების ბილინგვური კრებული არც გამოიცემა და თუ გამოსცეს, ისევ ჩვენთვის, ქართველი მკითხველისთვის თუ იქნება საინტერესო, იმ მკითხველისთვის, რომელსაც ეცოდინება ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული, ესპანური, იტალიური, ჰა და ჰა, პოლონური, შვედური, ნორვეგიული, ისიც, თითზე ჩამოსათვლელებს. ასე რომ, სირთულის ისეთ ხარისხთან გვაქვს საქმე, იქნებ ადამიანი სასოწარკვეთაში ჩავარდეს, ვერ დაიჯეროს, რომ მისი თარგმნა შეძლეს და მას გაიგებს უცხოენოვანი მკითხველი. 

მანამდე კი ჩვენ ვცადოთ მისი წაკითხვა და იმ კოდების ამოღება, რითიც იმდენად არის გაჯერებული მისი ტექსტები, რომ ან ე.წ. ლიტმცოდნეები თუ გაიგებენ, ანდა, არაასეთები, მაგრამ პოეზიის გულით მცნობელნი, რომელნიც, ასევე, ძალზე იშვიათად მოიძევებიან ყველა დროში. 

აბა, როგორ უნდა გადაეტანათ უცხო ენაზე, არ აქვს მნიშვნელობა, - რომელზე, გალაკტიონის ისეთი პოეტური შტრიხი, როგორიც არის, თუნდაც, - ივლისისფერი ყინვის თასები, ანდა - რაღა დარჩებოდა იმ მარტივი რითმიდან, რომელიც უმარტივესი ორი სიტყვით შედგა, როგორც პოეტური აქტი - "გახედე, კახეთი"?! სავარაუდოდ, - არაფერი! 

პაატა შამუგიას რომ დავუბრუნდეთ. გაგვეცინება, და, ყველაზე იოლი სათარგმნი და, ამდენად, ყველაზე იოლი გასაგები, მისი პირველი ეპატაჟური ტექსტი იქნება - ანტიტყაოსანი. მაგრამ აქაც შეხვდებოდა მთარგმნელი სირთულეს, განსაკუთრებით, სათაურის თარგმნისას, რადგან ერთ სიტყვაში ვერცერთ ენაზე ვერ ითარგმნა ვეფხისტყაოსანი, ამიტომ ამ სათაურის თარგმნისას აუცილებლად გახებოდა საჭირო კაი მოზრდილი სქოლიო, ხოლო იქ, სადაც სქოლიო მუშაობს, ტექსტი კიდევ უფრო "იჩაგრება". ხოდა, ეს პოემა უფრო ადვილი სათარგმნია და, ამდენად, უფრო ადვილი გასაგებიც ქართულ ენაზე. შესაძლოა, მისი მთავარი იდეის ამოცნობა გაუჭირდეს არაკვალიფიციურ მკითხველს და კლიშეებით დაღდასმულს მხოლოდ ბრაზმა და რისხვამ გაჰკრას კბილი - "ჩვენს საუნჯეს შეეხო, ასმათი დაამცირა, პოემა გათელა, დაგვცინა, ბოლოს და ბოლოს!" და ასეც იყო, პოემის პოპულარობა მისმა ეპატაჟურობამაც გამოიწვია და სამუდამოდ ჩარჩა ქართველის მეხსიერებას ამ ახალგაზრდა პოეტის "თავხედური" განაცხადი. ამის მერე მკითხველთა "კასტაც" ორად გაიყო - ისინი, ვინს აღშფოთდნენ და ისინი, ვინც გაიხარეს, გაიხარეს იმის გამო, რომ გამოჩნდა პოეტი, რომელმაც კლიშეს ბოლო მოუღო, გაბედა და დაამსხვრია. ბოლოს და ბოლოს, ქართველთა არაცნობიერსაც შეეხო - კაკალ გულში ხომ ყველას უფიქრია ასმათისა და ტარიელის ქვაბში ყოფნისას ხომ არ ხდებოდა მათ შორის "რაღაც, ისეთი", მაგრამ ამ კითხვას სტერეოტიპებზე გაზრდილი მკითხველი წამსვე იშორებდა, თავის არაცნობიერში უძახებდა და საკლიტურებს ადებდა - რა უფლება გვაქვს, ასე ვიფიქროთ, თქვა შოთამ, მხოლოდ მონა და ერთგული იყოო?! თქვა და, მორჩა! აღარ გადაისინჯება! მაგრამ მოვიდა "მეფისტოფელური საუკუნის" მიწურულს და ახალი საუკუნის დასაწყისის პოეტი და საკლიტურები დაამსხვრია, ცეცხლოვანი ანგელოზის მახვილი მუხლზე გადაიმტვრია, მხოლოდ იმის გამო კი არა, რომ ტაბუირებულ პოემას შეეხო, მთელი მისი პოეზია ტაბუების მსხვრევის ფეიერვერკია - ენობრივი ტაბუსი, რელიგიური ტაბუსი, ლიტერატურული ტაბუსი, საზოგადოებრივი ტაბუსი... არაფერი წმინდა აქ არ არის და მაშასადამე, არაფერი - ტაბუირებული. პაატა შამუგიას პოეზია სწორედ ამით არის განსხვავებული და დაღდასმული. ახალი ადამიანის მიერ დანახული ძველი სამყაროს ყველა კლიტე დამსხვრეულია, დამთავრდა ტირილი და ცრემლთა ფრქვევები, აქ ახალი ადამიანი დგას ისეთი მტკივნეული გამოწვევების წინაშე, რომელსაც ვერავითარი ტაბუ და აკრძალვა წინ ვერ აღუდგება - ადამიანის, ყველაზე მაღალი მიწიერი ფასეულობის ფასი დაცემულია და რაღა დროს ენის მოჩლექვით ლაპარაკია! წავიდა რომანტიკული ცრემლთაფრქვევის და კეთილშობილ ქალთა დრო - ახალი დროება სისასტიკის ნიშნით ამოიმართა ჩვენს წინაშე და ვინ უნდა ამოხსნას მისი შინაარსი, თუ არა პოეტმა, ვისაც ყველაზე მძლავრი იარაღი აქვს მოვლენათა წვდომისა და ამოხსნისათვის. მაგრამ რომელ ენაზე, რომელი კანონიკით არის შესაძლებელი იმის ამოხსნა, რასაც თანმიმდევრულად და მწყობრად ვეღარც ჩამოვაყალიბებთ, რომელი ენის შაბლონურ კონსტრუქციებს ძალუძთ ისეთი არაადამიანური და "ღვთაებრივი სიბნელის" ამოხსნები, რომელსაც ჩვენი დროება გვთავაზობს? - არცერთ სიმწყობრეს, არცერთ წესიერებას, არცრთ კანონიერებას ეს არ შეუძლია, მაგრამ პოეტს წერა სურს, ის ვერ გაჩუმდება, ამიტომაც იღებს ენას, ამსხვრევს, ამტვრევს, ბუღს ადენს და იწყებს ახალქმნადობას - საგანთა შესაბამისობა ამოყირავებულია, ეპითეტები მიყრილ-მოყრილი, ზმნა-შემასმენლები დავლურს უვლიან, არსებითი სახელები ყველაზე უფრო მყარად დგანან, მაგრამ სინტაქსის მდინარებაში ჩართვისას ისინიც ისევე "ირყვნებიან" და "თავხედდებიან", რომ ყველგან და ყველაფერში შეიძლება მათ კუდებს ვკიდოთ თვალი. იშვიათად, ძალზე იშვიათად, ისინი უბრუნდებიან თავიანთ გაცვეთილ ადგილებს, მაგრამ აქ პოეტური გრძნობის გამჭვირვალობა მაინც ახერხებს სიტყვები ლექსად აქციოს, ასეთი ლექსები ძალიან იშვიათია და, სავარაუდოდ, მათი წყალობით ხდება, რომ მას კითხულობენ ჩვეულებრივი, არალიტერატურით დაღდასმული მკითხველებიც, ანუ ისინი, ვისთვისაც ლიტერატურის თეორიები და სკოლები უცნობია, ვინც არ იცის, რა უქნეს ენებს, თავის დროზე, ყველაზე დიდმა პოეტებმა.

თუმცა, ისეთ ლექსებსაც შევხვდებით, რომლის "მეტაფორათა აფეთქება" მაინც მოახდენს მკითხველზე ზეგავლენას, მიუხედავად მისი ცოდნისა და გამოცდილებისა, ასეთ ლექსებს უფრო იშვიათად შევხვდებით და ამ ლექსთა ღირსება მის მიღმა არსებულ ემოციათა სიუხვეა, ის ადამიანური განცდათა სიუხვე, რომლითაც, როგორც წესი, იწერება ლექსი და თავისას ცდილობს - ცდილობს, თავი მოაწონოს მკითხველს, თავი შეაყვაროს და მიისაკუთროს:

მაგალითად, ასეთი ლექსი:

"მე თანახმა ვარ, ბალახებმა გამოთქვან ჩემი

სხეული ქარში

გამოთქვან მწვანედ, ან ყავისფრად, 

წელიწადის დროთა შესაბამისად;

ამოთქვან ლექსივით, ეპოსივით,

პეპელასავით მსუბუქმა ალიტერაციებმა

იფარფატონ შედედებული სინტაქსის თავზე"

მართალია, ამ მეტაფორებს მკითხველთა დიდი უმრავლესობა ვერ ამოხსნის, თუკი, საერთოდ, ამოხსნის ვინმე, მაგრამ სიმსუბუქე და ჰაეროვნება აიძულებს მკითხველს, პოეტს უთანაგრძნოს და შეიყვაროს, შეიყვაროს იმისათვის, რომ მართალია არაფერი ადამიანური და გასაგები ამ მეტაფორებში თითქოს არ არის, მაგრამ როდესაც პოეტი თავის სხეულს "ათავსებს" ასეთ ლინგვისტურ აბრაკადაბრაში, იმის გაგება მაინც შეუძლია მკითხველს, რომ მის თავს რაღაც ფარსაგია და თანაგრძნობას ითხოვს.

 

პაატა შამუგიას ფილოსოფიური "ბეგრაუნდი"

 

პოეზია ოდითგანვე სხვადასხვაგვარი იყო და იმის მიხედვით განირჩეოდა, ვინ იდგა ლექსის თუ პოემის უკან - ოდენ მგრძნობიარე, ემოციური არსება თუ ამსოფლიურ საკითხავებზე ჩაფიქრებული ადამიანი, რომელსაც თავისი ზრახვების გადმოსაცემად ამგვარი ფორმა აურჩევია.  თვით სამიჯნურო პოეზიის მიღმა ხშირად ღრმად ჩაფიქრებული მიჯნური კვნესოდა, რომელსაც ამ გრძნობისთვის შესაბამისი "წარმომავლობა" და მიზეზები ჰქონდა ნაპოვნი თუ მოსაძიებელი. ისიც უნდა აღინიშნოს, რაც უფრო აქეთ, დროში გვიახლოვდებოდა პოეტი, მით უფრო ძალუმად იგრძნობოდა მისი ფილოსოფიური განწყობილებები. რომ აღარაფერი ვთქვათ საუკუნეებით დაშორებულ ჩვენს უდიდეს მწერალზე, შედარებით ახალი ეპოქის პოეტიც დიდი ინტერესით "იკვლევს" საგანთა და მოვლენათა მიღმა მათს ფილოსოფიურ შინაარსს, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, სოფლის რაობას და ადამიანის დანიშნულების თემას. რომანტიკოსისთვის ძე კაცისას მძიმე ხვედრი ერგო, მაგრამ ვალდებულება აიძულებს, სოფელზე იზრუნოს, რაკი კაცი ჰქვია, შვილი სოფლისა. სულ მალე ეს ვალდებულებები და მოვალეობები პოეტური ენით ჩაუკირა ქართველს მისმა ილიამ, პოეზიას თითქმის გამოაცალა სხვა სარჩული და პირი, თითქოს ამ "დავალებათა" მიღმა ის არც კი არსებულიყო, მოვიდნენ ცისფერყანწელები და საცინლად აიგდეს ქვეყნის ჭირ-ვარამზე მგმინავი პოეტი, მის პოეზიას დაბალი პოეზია უწოდეს და თავად სცადეს მისი ამაღლება ესთეტიკისა და განცდის სხვა დიაპაზონით. ვერ ვიტყვით, რომ - უშედეგოდ. თუ რამ შექმნილა ქართულ ენაზე პოეტური ფორმების თვალსაზრისით, ცისფერყანწელთა და, ზოგადად, მოდერნისტთა წვლილი ფასდაუდებელია, იქნება ეს ენის თუ პოეტური აზროვნების თვალსაზრისით. მათზე უფრო მასშტაბური და სერიოზული სახე მიიღო ახალმა ესთეტიკამ გალაკტიონთან, რომელმაც თავისი შედარებით ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე შეძლო და შექმნა იმდენი და ისეთი სალექსო ფორმა, რომლის ამოწურვას კარგა ხანი დასჭირდება შემდგომი თაობების პოეტებისთვის. ცისფერყანწელები ცისფერყანწელებად, გალაკტიონი - გალაკტიონად, მაგრამ ნებისმიერი ავტორი, ვისაც ლექსის წერის ჟინი აქვს და, ამასთან, არ სტოვებს აზრი, რომ მისი ლექსი ღირსია მკითხველის თვალების დაღლისა და მისი დროის დაკავებისა, ფიქრობს, რომ რაღაც უთხრას მკითხველს ისეთი, რაც და როგორც მანამდე არავის მიერ არ თქმულა. მწერლის ამოცანა მხოლოდ "ახალი ამბების" გადმოცემა და ახალი ლექსების თხზვა ხომ არ არის, ყოველი თავმოყვარე ხელოვანი თავის წინაპართაგან თავის დაძვრენას, მათი გავლენის შიშს გრძნობს და ცდილობს, მასში არ გაებას, რადგან არაფერია იმაზე იაფფასიანი და მოსაწყენი, როგორც უკვე ნამღერის და ნათქვამის გადამღერება. რასაკვირველია, არ არის იოლი, მოხვიდე ახალ დროებაში, იმ დროს, როდესაც მსოფლიო გაჯერებულია პოეტებით და მწერლებით, ათასი ფორმა და საშუალებაა მოძიებული და ათვისებული და შენ ბედავ, კიდევ დაწერო რამე და გქონდეს პრეტენზია, რომ შენი ნაწერი წაკითხვას იმსახურებს და, არა, უბრალოდ, რიგითი მკითხველისას, არამედ, გამოცდილი, ლიტერატურის ბნელ საქმეებში კარგად ჩახედულ-ჩაძიებული პროფესიონალებისა თუ კვალიფიციური მკითხველის მიერ. ასეთ დროს ხელოვანს აქვს იმედი, რომ არა მხოლოდ შეისწავლა, არამედ, დაძლია კიდეც ყველა ის გზა და ბილიკი, რომელზეც მისმა უშუალო თუ ირიბმა წინაპრებმა იარეს (ირიბში სხვაენოვან მწერლებს ვგულისხმობ). მან, უპირველესად, ეს შიში, ე.წ. "გავლენის შიში" უნდა დაძლიოს, რომელსაც ამერიკელმა ლიტ.თეორეტიკოსმა ჰაროლდ ბლუმმა საგანგებო ნაშრომი მიუძღვნა. უმოკლესად რომ გადმოვცეთ ამ ნაშრომის არსი, შემდეგი უნდა ითქვას: ხელოვნება არასოდეს იქმნება დამოუკიდებლად, ყველაფრისგან მოწყვეტით, რომელსაც არავითარი "ბენეფიტები" არ მიუღია წინაპართაგან, რომელიც დაჯდა ერთ დღეს და სრულიად ახალი ტექსტი დაწერა. რასაკვირველია, ამის დაჯერება შეუძლებელია და მტკიცებასაც აზრი არ აქვს, ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს მწერალი სრულ უწინაპრო ვაკუუმში - თუ მან არაფერი იცის თავის წინამორბედებზე და ახალ ველოსიპედს იგონებს. მათზე არც დროის დახარჯვა ღირს და არც - ფიქრის შეჩერება. მარტივ მცნებად მივიღოთ - ახალი ხელოვანი კარგად ან ზედმიწევნით კარგად იცნობს თავის წინამორბედთა ნამოღვაწარს, კარგად აქვს გასიგრძეგანებული მნიშვნელოვან ხელოვანთა მიგნებები და მათ აღარ იმეორებს, არამედ თავად ეძებს ახალს და წინაპართაგან უკვე ნათქვამს იყენებს, როგორც ქონებას, რომელიც ცხოვრებას უიოლებს. ეს გამოყენება დაახლოებით ისეთი გამოყენებაა, როგორც ნახევარფაბრიკატის დასრულებულ ნაწარმად ქცევა, ნედლეული საჭიროა, მაგრამ ტექნოლოგიების გარეშე ზოგჯერ სრულიად გამოუყენებელია. 

რა ხვდება ქართველ პოეტს თავის ენაზე არსებულ ქმნილებათა არსენალში, არსებობს იქ ისეთი "შეიარაღება", რომლითაც დიდი თუ მცირე ნადირის დახოცვას შეძლებს?! კითხვა რიტორიკულია და ნებისმიერ ერს, ვისაც კულტურა ჰქონია, ასეთ არსენალიც ექნება. ჩვენ ამჯერად ქართულ საცავზე შევჩერდეთ. რა გვქონდა და როდიდან? ჯერ ჰიმნოგრაფია, შემდეგ ვეფხისტყაოსანი, მერე გურამიშვილი, ბესიკი, ბარათაშვილი....  ... მე-20 საუკუნეში ოთარ ჭილაძე, ტარიელ ჭანტურია, ვახტანგ ჯავახაძე, ლია სტურუა, ბესიკ ხარანაული, 90-იანებში რეაქტიული პოეზია, დათო ბარბაქაძე, ახლებში - ზვიად რატიანი, მეტს აღარ გავაგრძელებ, უკვე წამოვეწიეთ პაატა შამუგიას თანამედროვეთ. რამდენადაც გრძელია პოეტების ნუსხა და დიდია დროითი პერიოდი, რაც ჩვენს ენაზე სერიოზული პოეზია იქმნება, იმდენად დამაჯერებელიც უნდა იყოს, რომ უძველეს ტრადიციას თავისი ღრმა და მნიშვნელოვანი მიღწევებიც აქვს. ჩვენს ენაზე დაწერილა როგორც წმინდად რელიგიური ანუ ქრისტიანული ხასიათის ჰიმნები, ისე - შუასაუკუნეების კლასიკური საგმირო პოემა, რომლის 1300-ზე მეტი სტროფი ე.წ. მაღალი და დაბალი შაირით არის გაწყობილი, მხოლოდ ერთადერთი მათგანია ე.წ. ჩახრუხაული უცხოთი გაწყობილი, ანუ 20-მარცვლიანი ტაეპით აგებული და, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, პოემის ავტორისაა თუ არა აღნიშნული სტროფი, თავისთავად ძალიან პოეტური და ჟღერადი ლექსია. 

რუსთველის შემდეგ, როგორც იტყვიან, დიდი ჩავარდნა გვქონდა ლიტერატურაში, ჩვენმა მძიმე პოლიტიკურმა მდგომარეობამ ხელოვნებას და, ზოგადად, კულტურასაც დაასვა დაღი, ამიტომაც, ფაქტობრივად, მე-17 საუკუნემდე არ არის შემორჩენილი მნიშვნელოვანი პოეტური თხზულებები. ამ საუკუნეში კი ორ მნიშვნელოვან პოეტს ვხედავთ საქართველოდან უცხოეთში გადახვეწილს, ერთი ლირიკოსია - ბესიკ გაბაშვილი, მეორე - ნოვატორი ეპიკოსი დავით გურამიშვილი, რომელიც თავს რუსთველის მოწაფედ და მის მოკრძალებულ თაყვანისმცემლად მოიხსენიებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალ დროებაში გურამიშვილის ღვაწლი, ლამის, ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორიც, თავის დროზე, რუსთაველისა. იმის თქმაც შეიძლება, რომ ნამდვილი ნოვატორია ქართული ლექსის განვითარების საქმეში, პოეტი, რომელმაც ე.წ. ხალხური პოეზია ლიტერატურულ ლექსამდე ასწია. ეს პროცესი სხვადასხვა სახით მიმდინარეობდა ევროპულ მწერლობაში - მითების, ლეგენდების და სახალხო გადმოცემების გალიტერატურება განსაკუთრებული სიმძაფრით დაიწყო კლასიცისტურ ევროპულ მწერლობაში. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გურამიშვილმა, რომელსაც, სრულიად დამსახურებულად, მიაჩნდა პოეტურ მეტრად რუსთაველი, ხოლო შედევრად - მისი პოემა, შეძლო გავლენის დაძლევა და სრულიად ახალი, განსხვავებული ჟღერადობის პოემის შექმნა. თუ ვინმეზე შეიძლება თქმა ქართველ მწერალთაგან - ლიტერატურული წინაპრის მიღწევები აითვისა და გავლენა დაძლიაო, ეს დავით გურამიშვილია. თვით ეს ფაქტიც ჩვენი ლიტერატურის ისტორიიდან არის პრეცედენტი, რომ უკიდურესი თაყვანისცემის მიუხედავად, თვთმყოფად ხელოვანში რჩება რესურსი, რომ თავისი, ორიგინალური ტილო შექმნას. რუსთველის პოემა დღემდე მოჰყვება და სამომავლოდაც მისცემს შთაგონებას ქართველ მწერლებს მრავალი მიზეზის გამო, რომელზეც აქ არ შევჩერდები, მაგრამ ასევე საგულისხმოდ გვექნება, რომ მთელი შემდგომი ლიტერატურა, ერთი მხრივ, გაიზიარებს და, მეორე მხრივ, შეეცდება რუსთველის გავლენისგან თავის დაღწევას. ეს, თითქმის, კერპად ქცეული ქართული პოემა ყველაზე დიდ წინაღობად იქცა პოეტური პარნასისკენ მიმავალი პოეტებისთვის - ვინც ამ ლოდს ვერ გადააგორებდა, ვერც პოეზიის აღდგომის ღირსი გახდებოდა. გურამიშვილის გარდა, ეს ლოდი წარმატებით გადააგორეს - ბარათაშვილმა, ვაჟამ, გალაკტიონმა, - ამ სამმა გენიოსმა, რომელთაც თავიანთ მხრებზე გადაატარეს ახალი და უახლესი ეპოქების პოეტური გამოწვევები. სამივესთან იგრძნობა და ითქმის კიდეც რუსთველის ქება, თუმცა, ვერცერთ მათგანზე ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მის გავლენას განიცდიდეს. რამდენად ჰქონდა თითოეულ მათგანს "გავლენის შიში", ძნელი სათქმელია, მაგრამ კლასიკოსის გავლენა რომ დაძლეულია, ეს აშკარაა.

ვინ ჰყავდა პოეტურ წინაპრად პაატა შამუგიას, ვინ უნდა დაეძლია, რომ საკუთარი ჟღერადობა, საკუთარი რიტმი და გამოხატვის უნარი ეპოვა? სავარაუდოდ, ისევ მისი პოეზიის თავისებურებიდან გამომდინარე, ესენი უნდა ყოფილიყვნენ როგორც კონვენციური ლექსის, ისე თავისუფალი და თეთრი ლექსის კორიფეები, ისეთები, როგორნიც არიან - ცოტა ადრე, გალაკტიონი, მოგვიანებით კი, - ოთარ ჭილაძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა. დათო ბარბაქაძე და ზვიად რატიანიც სერიოზულ წინაღობად უნდა წამომართულიყვნენ მის წინაშე, რადგან შემოქმედებითი ბიოგრაფიით თუ ვიმსჯელებთ, იმ დროს, როდესაც პაატა შამუგია გამოვიდა ლიტ.ასპარეზზე, ორივე მათგანს მიღებული ქონდა აღიარება და მათ ლექსებსაც თავისი ადგილი დაემკვიდრებინათ, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ არცერთი მათგანი არ არის და არც არასოდეს ყოფილა ე.წ. პოპულარული პოეტი, მათ კითხულობდნენ ლიტერატურის გურმანები და სპეციალისტთა ვიწრო წრეები, რომელნიც საერთო-სახალხოობით თავს ვერ მოიწონებენ. ამიტომ არის, რომ დათო ბარბაქაძის და ზვიად რატიანის სახელები უმეტესობისთვის არაფრისმთქმელია, ამ უკანასკნელით დაინტერესება კი მის მიმართ პოლიტიკური რეპრესიის შემდეგ დაიწყო. შეიძლება ითქვა, პაატა შამუგიას უფრო უკეთ იცნობენ, რაც სრულიად არ ნიშნავს მისი პოეზიის კარგ ცოდნას, თანამედროვეობის თავისებურებებიდან გამომდინარე, რაც ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული, გაიცნო უფრო ფართო აუდიტორიამ პ. შამუგია და, არა, მისი პოეზია, რადგან არც მისი ლექსია მარტივი და საერთო-სახალხო, უმალ, პირიქით, მასთან იმდენად ზემოთ არის აწეული თამასა, რომ წესით, პროფესიონალები და მკითხველთა მცირე ნაწილი თუ ჩასწვდება მის ლექსს, თანაც, განსხვავებით გალაკტიონისგან, რომელიც ასევე, არ გამოირჩევა ადვილი ლექსებით და მისი პოეტური სახეების აღქმა უაღრესად რთულია, მისი ლექსის კონვენციურობა, რითმა და რიტმიკა აიოლებს მკითხველში ასეთი პოეზიისადმი ემოციის გაჩენას. აქ კი არც რითმაა,არც ლამაზი და ჰაეროვანი პოეტური სახეები, ზოგიერთი ლექსის ალგორითმი იმდენად რთული და ჩახლართულია, რამდენიმეუცნობიანი განტოლების ამოხსნას ედარება და, განსხვავებით განტოლებისგან, ამ უცნობებს ბოლომდე ვერასოდეს ამოხსნი, რადგან პოეზია ზუსტი მეცნიერება არ არის და სიზუსტე ყველაზე არასათანადო სიტყვაა მის შესაცნობად. 

 

პირობითობების რღვევა თუ ნგრევა

 

რა იქნებოდა პოეტის ფასი, აქამდე კარგად დალაგებულ, კონვენციურ ენაზე რომ ელაპარაკა. ასე ხომ ყველა ლაპარაკობს, ინტელექტუალი, გლეხი თუ ქუჩის მაწანწალა. პოეტს ენასთან აქვს ანგარიში გასასწორებელი, ისე უნდა აურიოს მისი გამყარებულ-გაქვავებული პირობითი შეთანხმებები, რომ ახალი ენის სწავლა დაგჭირდეს, პოეტის ენის, რომელიც შესაძლოა ისეთ აბდაუბდადაც გადაიქცეს, რომ ვერაფერი გაიგო, მაგრამ პოეტმა იცის, რა, სად, როდის როგორ უნდა აურ-დაურიოს. რატომ უნდა აღნიშნავდეს ზმნა-შემასმენელი აყვავება მხოლოდ ყვავილების, ანდა ხეების და ბუჩქების აყვავებას, ანდა რატომ ხუჭავენ თვალებს მხოლოდ ადამიანები, ცხოველები, დიდი ფაუნა და არა, დავუშვათ, ცადაღმართული თუ მიწის პირას ძლივს ამოზიდული შენობები. რატომ არის დახუჭვა თვალის უფლება და არა - შენობების, რომელთაც თვალებად ფანჯრები გამოუსხამთ. მართალია, გამოსხმაც ხეების და ფლორის უნარებია, მაგრამ რატომ არის მათი პრივატიზებული, ვინ დაადგინა და ის მდგენელი ვინ იყო, ჭეშმარიტების მღაღადებელი? ის ხომ ვერ იქნებოდა, რომელმაც თქვა - მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე. როგორ იქნება ღმერთი გზა, ანდა ეს უბრალო ბგერათა კავშირი, როგორიც არის სიტყვა "ჭეშმარიტება", რაც უნდა არატრადიციული და სხვათაგან განსხვავებული ბგერების წესრიგით იყოს ჩამოყალიბებული. ანდა ყალიბი რატომ ებოძა რკინას, ლითონს, თუნდაც, გასტრონომიულ ფუფუნებას - შოკოლადის ფილას. მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც ვიღაც ნოვატორმა ასე მოინდომა და ეს ერთი პატარა სიტყვა მიუსადაგა? მერე, პოეტი რით ჩამორჩება ამ ოდინდელ ჩამომყალიბებელს, ამ სიტყვის მშობელს, ვინ მიანიჭა იმ პირველს უპირატესობა და მეორეს კი აღარაფერი დაუტოვა! იქნებ, არავინ, მხოლოდ გაკვალული გზებით მოარულმა პატარა ადამიანებმა, უამბიციოებმა, უთავმოყვარეოებმა,  არაფერზე მზრუნველებმა. და რაც უნდა ბევრნი იყვნენ ასეთები, გაკვალული გზებით მოარული მილიონები, ერთ პოეტს მაინც უფრო შეუძლია, ვიდრე ყველას ერთად, ერთად აღებულებს თუ ცალ-ცალკე დატოვებულებს. თუკი ხაზი პირობითად აღნიშნავს მაგიდის კიდეს, ანდა რკალს შეუძლია თვალის კონტურის მოხაზვა ქაღალდზე თუ გადაჭიმულ ტილოზე, რატომაც არ უნდა დაერღვიათ ეს რკალები და ხაზები ახალი ქმნადობის სიგიჟით აყვანილ ფერმწერთ, რომელთაც არა მხოლოდ ხაზებისა და წრეების კანონიკა დაარღვიეს, არამედ ნაკვთებსაც უცვალეს ადგილები და დაჩეხილი, გაწელილი, გადღაბნილი ფორმებით დაიწყეს პრეზენტაცია - გამყარებულ დროს გამლღვალი საათებით მოუღეს ბოლო, ცხვირი თავზე მოუქციეს ღვთის ხელით თუ ნება-სურვილით თუ გულის უწმინდესი კუნჭულით შემქნილ პატარა ორგანონებს. არაფერი წმინდა და ოდითგან დაკანონებული აღარ არსებობს, დრომ თან გადაიყოლა ყველა წესი და მოცემულობა, რადგან ადამიანი, ღვთის ხატად შექმნილი, ვერ იქნება ზუსტი, რადგან ის, ვინც ის თავის ხატად შექმნა, არ არის და არც არასოდეს ყოფილა ზუსტი. პოეტის მთავარი ვნებაც ამ უზუსტობების ერთი მორიგი მცდელობაა, ააყირავებს ყველა დადგენილ კანონს, კორპუსებს ფანჯებს მოუხუჭავს, მდინარეებს ტალღებს დააკაპიწებინებს, გულები ჯაჭვებს აიწყვეტენ, სიბნელეებს აანთებს და სინათლეებს ჩააქრობს და ამ დროს ინატრებს "მის" "იქ" ყოფნას; ქარს, რომელსაც ურიცხვი მნიშვნელობა აქვს და რომელსაც, როგორც ამბობენ, "მინდორში ვერ დაიჭერ", დასაკლავი ცხვარივით ქამარზე გამოიბამს, ასეთი მძლავრი ქვებსაც აიცდენს, მისკენ ნასროლი ლოდებისგან ტაძარს ააგებს, არ დაინგრევა, ღმერთებიც მას სთხოვენ ბედს და იმედებს, ისიც "შესაძლებელი გახდება" და მთვარის ზედაპირზეც კი დაერჭობა დროშასავით, იმ ზედაპირზე, სადაც გრავიტაციის კანონები მინიმუმამდეა დაყვანილი და ვერავითარი დროშა ვერ დაერჭობა, რადგან მიწა ვერ დაიმაგრებს, მაგრამ სწორედ "იქ" და "იმ დროს" უნდა "მისი" იქ ყოფნა, ყველაზე მნიშვნელოვნის, რომ იხილოს მისი უკიდურესი მნიშვნელოვნება, მისი შეუძლებლობის საზღვრები თუ უსაზღვროება. ეს არის მისი სანიშნე, ყველა ნიშნის მორღვევის ზღვარზე რომ შეიძინა. მისი ნიშანი, შემოქმედსა და ყველა აქამომდელი პირობითი ენის შემქნელის გაბიაბრუების ხარჯზე რომ მოიპოვა, როგორც საკუთრება. 

პოეტის უმაღლესი მიზანი პირობითი ენის რღვევაა. ენის კანონიკას ყველა დიდმა თავისი წილი მოსთხოვა, ვინ მეტი, ვინ - ნაკლები, მაგრამ ყველამ თავისებურად დაარღვია და დაღი დაასვა, ასე შეძლო განვითარება, თავისი წილი აგურის დადება დიდ მშენებლობაზე. 

 

გალაკტიონის ცნობილი იმპერატივი - "დრო, დრო აღნიშნე!" - არა მხოლოდ ახალი ლიტერატურისთვის, არამედ ნებისმიერი ეპოქისთვისაც გამოდგებოდა გზამკვლევად, რადგან ნებისმიერი ხელოვანი, უპირველესად, თავისი დროიდან, ეპოქიდან ამოდის, მას "აღნიშნავს", მაგრამ მოდერნისტულ მწერლობაში ამ მიდგომამ დროისადმი განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. შეიძლება ითქვას, რომ "დრო" აქ უაღრესად დიდი მნიშვნელობის ფაქტორად გამოცხადდა. მან უპირატესობა მოიპოვა სივრცეზე და არ დარჩენილა არცერთი დიდი მწერალი, ვისაც დროის აღნიშვნის მცდელობა არ ჰქონია თავის შემოქმედებაში. იგი ფილოსოფიის კატეგორიიდან მხატვრულ აღქმაში შემოიჭრა და გამოწვევა დაუსახა მწერლებს, ვინ როგორ, რა ხერხებით და მხატვრული საშუალებებით შეძლებდა მის "დაფიქსირებას". მე-20 ს-ის ისეთი მნიშვნელობის მწერლებმა, როგორებიც არიან ჯოისი, ფოლკნერი, პრუსტი, დროის სრულიად ორიგინალური, ახალი ხედვა შემოგვთავაზეს. იქ, სადაც ადრე უპირატესი მნიშვნელობა ეძლეოდა სივრცეს, მათ დრო ჩასვეს და სამივე მათგანმა თავისი ორიგინალური ესთეტიკური მსოფლხედვა წარმოადგინა. 

* * *

დაწერო პოეტზე, ნიშნავს, პოეზია გააცამტვერო, მაგრამ ვიდრე პოეტზე არ დაიწერება, მისი ლექსი მხოლოდ ლექსია, ხოლო მას შემდეგ, რაც მასზე დაწერ, იგი ხელახლა აყვავდება, ერთ პატარა ყლორტს გამოიბამს და ეს ყლორტი უფრო მეტს იტყვის მასზე, ვიდრე უვიცი მკითხველის იაფფასიანი აღფრთოვანება. პოეტის სიცოცხლე მასთან შეჩერებით იწყება, - ვიღაც, ვისაც მისი გამოცანების ამოხსნა განუზრახავს, რაღაცას იტყვის ისეთს, რაც სხვებმა ვერ გაიგეს თუ ვერ ამოიცნეს და ამ ამოცნობით კიდევ უფრო მეტად რწმუნდები მისი ლექსის საიდუმლოში, რომელსაც ამოხსნა და გაგება არ უწერია.

 

პაატა შამუგიას დედა ენა

 

ყოველ პოეტს თავისი დედა ენა აქვს და თუ არ აქვს, პოეტიც არ ყოფილა. რამდენი პოეტიც არის, იმდენი დედა ენა არსებობს, მაგრამ პოეტი რაც უფრო მეტად ისაკუთრებს თავის დედა ენას, მით მეტად  ლეგიტიმურია საკუთრების უფლება მასზე. პაატა შამუგიას ბოლო კრებული ამ სათაურით გამოვიდა და დედა ენა აქ იმდენად ხაზგასმულია, რამდენადაც შესძლებელია, სიტყვათა მნიშვნელობებმა ფერი იცვალონ, იმოძრაონ, კანონები ფეხებზე დაიკიდონ, ახალ სცენებსა და ახალ ასპარეზებზე იფიქრონ, გაჭრან არხები ადამიანთა გულებისკენ თუ გონებებისკენ, ფიქრებში შეეჭრან და აიძულონ, კონვენციური ფიქრები მეამბოხე ფიქრებით შეცვალონ. არაფერი ენანება პოეტს მათთვის, თავისი "მე"-ს ადგილსაც კი უთმობს, რადგან წაკითხვისთანავე იგი კვდება და სცენაზე გამოდის სხვა, "ანონიმური მკითხველი, პირველი პირის ნაცვალსახელის მხოლობითი რიცხვის ავატარი" (დედა ენა).

ამ ენაში გამოჩენისთანავე იმოსება პოეტი პაატა შამუგია თვითირონიის მოკრძალებული ხიბლით, რომლის ხარისხი ნელი-ნელ მაღლა იწევს და თითოეული მომდევნო კრებული ახალ-ახალ თაიგულებს გვთავაზობს - რაც უფრო იზრდება პოეტი, მით მეტია თვითირონია, როგორც სიმწიფის ჯილდო, მისი მონაპოვარი. რაც უფრო შორდება ნარცისულ საშიშროებებს, მით მეტად მომხიბლავი და ახლობელი ხდება, რადგან მკითხველის ადგილის მნიშვნელობაც უფრო და უფრო ფართოვდება - უახლესი ლიტერატურის ნოუჰაუ ფრთებს შლის და პოეტთან ერთად მნიჩვნელოვნდება. ზრდის პოტენცია ჩვენს თვალწინ დევს, ვიცით, რომ ახალ-ახალ სიმაღლეებზე ავა, პიკებს მიაღწევს, დამშვენდება და ძვლები გაუმაგრდება, ვინც არ დასცინა საკუთარ მეს, დღეს სასაცილოდ და საწყალობლად იმზირება გარდასული დროის დაგმანული დარაბებიდან. ხელთუქმნელი ძეგლების ჟამი კარგა ხნის დასამარებულია,

იცის პოეტმა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული