• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ასეც ქვია - კაენის მოსავალი ანუ ლოგიკის სიკვდილი

×
ავტორის გვერდი რატი ამაღლობელი 05 იანვარი, 2012 2211

თითქოს რაღაც გარდაიცვალა ჩემში, რაღაც მოკვდა -

ბებერი, ხანდაზმული როგორც ისტორია.

რასაც აქამდე ერთ მთლიან ტელოსურ

სხეულად ვძერწავდი,

დაიმსხვრა, დაიშალა ათიათას ნაწილად და ელემენტად,

მსგავსად ადამიანის გვამისა, რომელმაც

სიკვდილის შემდგომ დაუბრუნა დედამიწას ის,

რასაც ადამიანი მთელი თავისი ფიზიკური

ცხოვრების მანძილზე მისგან იერთებდა და

ასე ავსებდა თავის უხილავ ფანტომს:

მინერალებით, ნახშირწყლებით, მცენარეულ თუ

ცხოველურ ცხიმებით და ცილებით და

ხილულსა და ხელშესახებს ხდიდა მას,

ხელშესახებს ხდიდა მას, რადგან დედამიწას ჭამდა,

როდესაც ჭამდა: პამიდორს და ხახვს და

ნიორს და კარტოფილს, ძველსა და ახალს და

ცერეცოს და კამას და სალათის ფოთლებს და პეტრუშკას,

რაც ნიშნავს ოხრახუშს.

და ასევე ნიახური და პიტნა და ქინძი და

ტარხუნა და რეჰანი და პრასი და ფერადოვანი

ფხალეულობა და

ათასობით მწვანილეულობა და წიწაკეულობა და

სუნელეულობა და ბოსტნეულობა და სტაფილო და

კომბოსტო და ჭარხალი და ბოლოკი და

კიტრი და ბადრიჯანი და სიმინდი,

რომელიც შეიძლება მოხარშო,

ან კიდეც დაფქვა და მჭადი გააკეთო მისგან _

ასეც ჭამო და ისეც.

ათასი სახის კენკროვანი ნაყოფი და

ნაირგვარი ხილეულობა: ქლიავი და ვაშლი და

მსხალი და უნაბი და კორკიმელი და

კურკანტელი და კარალიოკი,

რაც ნიშნავს ხურმას.

და ბროწეული და საზამთრო და ნესვი და

მარწყვი და ალუჩა და ალუჩისბუში,

_ ო, რა უხვია ბუნება!

და ლეღვი და ყურძენი,

რომლის დაწურვის შემდგომ ვიღებთ

სითხოვან წარმონაქმნს,

ამ სითხოვანი წარმონაქმნისაგან შეგვიძლია

გავაკეთოთ უმცროსებისათვის:

ფელამუში და თათარა და

ნიგოზსა და თხილსაც თუ არ დავიშურებთ,

ჩურჩხელაც გვექნება და ისეც გვაქვს უფლება

მივიღოთ ეს სითხოვანი წარმონაქმნი თუ თხევადი მასა,

როგორც სითხე ან ყურძნის წვენი ან მაჭარი, ან

რაც გინდათ ის დაარქვით, და

თუ ცოტასაც ვაცლით, უფროსებისთვის

ღვინოსაც მოგვცემს.

და ჭანჭური და ჭერამი და ღოღნაშო და

ტყემალი და ატამი და გარგარი და ბალი და

ალუბალი, არათუ უმად, არამედ მურაბებად,

ჯემებად, რაც ნიშნავს ხილფაფას და

კომპოტებადაც შეგვიძლია მათი მიღება და

კიდევ ვინ მოსთვალოს რამდენი რამ,

რასაც ჩვენ ბუნებისგან ვიღებთ და

ვიერთებთ ჩვენს ფიზიკურ ორგანიზაციაში,

ხილულსა და ხელშესახებს ხდის ჩვენ უხილავ ფანტომს,

რომელიც ფიზიკური სიკვდილის შემდგომ,

ყველაფერ ამას, მთელი ცხოვრების მანძილზე

მიღებულს და გადამუშავებულს,

ისევ დედამიწას უბრუნებს და კვლავინდებურად

უხილავი ხდება

მსგავსად იმ ტელოსური სხეულისა,

რომელსაც მუდამ ერთ მთლიანობად ვძერწავდი და

რომელიც დაიმსხვრა და დაიშალა ათიათას

ნაწილად და ელემენტად,

რადგან თითქოს რაღაც გარდაიცვალა ჩემში,

რაღაც მოკვდა -

ბებერი, ხანდაზმული როგორც ისტორია.   

 

1997წ.

 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული