• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ლამპიონები

×
ავტორის გვერდი დარქ დი 14 მარტი, 2018 1986
სოფელში ჩასვლის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო,რომ იქ ბაბუა მელოდებოდა.ჩვენი წამოსვლის შემდეგ გვეგონა გაუჭირდებოდა დამოუკიდებლად ცხოვრება,თუმცა მარტოობას მშვენივრად გაართვა თავი, საკუთარ პენსიონერულ ასაკთან ერთად. სამუშაოც კი დაიწყო.
 
მაშინ ახალი მთავრობა გვყავდა და რამდენიმე ქუჩაზე ლამპიონები დაამონტაჟეს, ბაბუას მხოლოდ ჩართვა და გამორთვა ევალებოდა. დილით ადრე იღვიძებდა,სანამ მზე სიმხურვალეს მოიკიდებდა, მანამდე გამორთული ჰქონდა ლამპიონები. საღამოსაც ეგრე, მაშინ ჩართავდა, როცა დასუსტებულად ვარდისფერი წვრილი სხივები ეხებოდნენ ჩამწკრივებული სახლების გაფითრებულ კედლებს.
 
ბებია ადრეულ შემოდგომას მოკვდა. თითქოს მომწიფებული ყურძნის მტევნების და სიმშვიდით გაჯერებული ჰაერის სუნი სიკვდილს მალავდა. თითქოს ამინდსაც არ უნდოდა აღიარება, რომ ბებო წავიდა და მიგვატოვა. ღრუბლების თხელი ფთილებით სავსე ცა მტვრიან იატაკის ზედაპირს ჰგავდა. მზის სხივები ცოცხის პირივით ესმებოდა და საკუთარ ნაკვალევს ტოვებდა. ცა ახლოს იყო სახლის სახურავთან, ეზოში მდგომი ჭირისუფლების და ბაბუას სიგარეტის კვამლი თითქოს ღრუბლებს უერთდებოდა. რომ არა მათი ჩახველების და ჩუმი დიალოგების ექო, არავინ იფიქრებდა რომ ამ სახლში მკვდარი ესვენა.
 
მახსოვს იმ დღეს სულ სხვანაირი იყო ბაბუას სახე. სარკის წინ იჯდა, შავებში გამოწყობილი. დედამ ახალი პერანგი უყიდა, მაგრამ ბუზღუნებდა, არ უყვარდა ახალი ნივთები. ტანსაცმელზე ამბობდა, რომელიც მაცვია და ჩემი სუნი არ აქვს, მგონია მე არ მეკუთვნისო. აწეული სახელურებიდან მოყვითალო მკლავები მოუჩანდა. ხის ტაბურეტზე რკინის საპარსი, სტაფილოსფერი ჯამი და ასაქაფებელი ედო, წვერს იპარსავდა. რომ მივედი, საათს დახედა და მითხრა „არავინ გნახოს! ჩაკი თავის სახლში ჩაკეტე, ისე იქცევა, რომ მალე ჯაჭვს აიწყვეტს...“
 
მე არ მიჯერებდა,მაგრამ თითქოს იგრძნო, რომ ბაბუას ნებას ვასრულებდი, ცრემლიანი თვალებით ამომხედა, ფუმფულა კუდი გააქნია და მშვიდად შეიყუჟა ხის გაღრღნილ ბუნაგში.
 
ბაბუას ჯერ კიდევ ზაფხულში უსაყვედურეს და მოსთხოვეს, მოკალიო. თითქმის ყველას კბენდა, ღამე ქუჩაში გადადიოდა და საქონელსაც კი ერჩოდა.ამ ძაღლმა ვის რა უნდა უქნას, თვალებში მაინც ჩახედეთ, როგორ იყურებაო. მანამდე არ დაიჯერა, სანამ ერთ-ერთი მეზობელი არ მოვიდა და დასისხლული ფეხი არ აჩვენა. ბოლოს შერცხვა საკუთარი თავის, შერცხვა ჩაკის ნაცვლადაც. ძაღლი ალბათ გრძნობდა, რაც ხდებოდა მის თავს, რადგან იმ წუთებში მართლაც ისეთი თვალები ჰქონდა, როგორსაც ბაბუა გულისხმობდა, ნაგაზისთვის და საერთოდ ცხოველისთვის შუფერებელი. ნელა უსვამდა თავს ბაბუას მარჯვენა ხელს.
 
მე ჭიშკართან ვიდექი,ბაბუა როგორც კი დაიძრა მორჩილად გაჰყვა თან. დაელოდა მის შესვლას სახლში, უკან მოიხედა, პატარა თვალებში ცრემლი ედგა, კუდი ჩამოუშვა და თხილნარის გაღებულ კარებში ნელა შევიდა. ბაბუას ზურგზე თოფი ჰქონდა გადაკიდებული. რამდენიმე წუთში ორი ყრუ ხმა ექოდ მოედო ქუჩას და თანდათან მიწყნარდა. რა თქმა უნდა არ მოუკლავს, ჰაერში გაისროლა. მას შემდეგ ბაბუს და ჩემ გარდა ძაღლი არავის უნახავს. ბებოს ადგომა არ შეეძლო, ხმაც არ ესმოდა იმიტომ, რომ ჩაკი შეგნებულად იმ დღის მერე არავის და არაფერს უყეფდა, თუმცა იცოდა, რომ ცოცხალი იყო, როცა ბაბუა ღამე მის ასაშვებად გადიოდა ეუბნებოდა ხოლმე. ბებო ბოლო სამი თვე ვერ საუბრობდა, მხოლოდ იწვა და თვალებით გვანიშნებდა, რომ წყუროდა ან ტუალეტში უნდოდა გასვლა. ბაბუასთვის უსიტყვობა საკმარისი აღმოჩნდა, რადგან თვითონაც თითქმის არაფერს ეუბნებოდა, როცა საწოლთან ეჯდა და ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩაწყობილი. ბებიას ბოლო სიტყვაც თვალებში ჩარჩენილი ბედნიერი წლების ნარჩენი იყო.
 
ჩაკი როცა მოკვდა ვერ ჩავედი. სახლის უკან დაუმარხავს. ის დღეც არასდროს დამავიწყდება, როცა მის საფლავთან ვიდექი და ვკითხე, ჩაკი ჩაკ ნორისის გამო დაარქვი-მეთქი? თავი გააქნია - არა, პალანიკის გამოო. მერე მივხვდი, სად დაკარგულა ჩემი „მებრძოლთა კლუბი.“
 
მოყინული თოვლი იდო ყველგან,მხოლოდ საფლავიდან მოჩანდა შავი მიწის მოსუფთავებული ზედაპირი. მგონი ჩვენი ძაღლი რვა წლის იყო, როცა მოკვდა, ბაბუა - სამოცდათერთმეტის. ივნისის საღამოს დახუთული ატმოსფერო მამას ტელეფონის ზარმა გაარღვია, დედამ ტელევიზორს ხმა ჩაუწია. მამა ყურმილის აღებიდან რამდენიმე წამის მერე წვიმაში მდგარ ქანდაკებას ჰგავდა. დედა მიხვდა,რაც ხდებოდა. ყველაფერი დუმდა, მხოლოდ ტელეფონიდან გადმოსული ხმა ისმოდა „...კარი უნდა შევამტვრიო, ვწუხვარ,მაგრამ აშკარად მკვდარია, ეზოშიც კი საშინელი სუნი დგას. თანაც სამი დღე და ღამეა ლამპიონები ანთია...“
 
ლამპიონების გასაღები მხოლოდ ბაბუას ჰქონდა.ის ტახტზე წამოწოლილი იპოვეს, თვალებდახუჭული, სუფთადწვერგაპარსული და მკერდზე ბებოს ჩარჩოში ჩასმული ფოტომიხუტებული, რომლის მინაც დაორთქლილი იყო. ტახტის წინ სარკის ნატეხი და საპარსები ეწყო. ყველას უკვირდა, დღისით რატომ ენთო ლამპიონები.მეოთხე დღეს გამორთეს,ჩვენს ჩასვლამდე. ახლა მატარებელში ვარ,რამდენი ხანი გავიდა რაც იქ არ ვყოფილვარ.ვერც ჩავალ,რადგან მამაჩემმა გაყიდა ის სახლი.ეს ყველაფერი იმიტომ გამახსენდა,რომ მატარებელი გაჩერებულია და რამდენიმე წუთია,რაც ანთებულ ლამპიონების მწკრივს გავყურებ მინაზე შუბლმიბჯენილი. ვაგონში სიჩუმეა,ან მე მეჩვენება ასე, რადგან ყურსასმენები მაქვს გაკეთებული და ირაკლი ჩარკვიანის სიმღერას ვუსმენ, რომელიც რატომღაც ბაბუას მაგონებს „მე წავალ ჩემ შემდეგ სინათლეს დავტოვებ.“
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული