• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

კარგი პოეტი ვალდებულია, იყოს პროჭი

×
ავტორის გვერდი გიორგი გაგოშიძე 03 იანვარი, 2012 2958

 „მიმიფურთხებია ტომ ვეითზე სიმპათიური

პოეტის ლექსებისთვის“

 - ფეისბუქ სიბრძნე

 

პოეტი, სტერეოტიპის მიხედვით, ეს არის ინდივიდი საზოგადოების დაბალი იერარქიიდან, ადამიანი ჩამოხეული პიჯაკით, ჭუჭყიანი შარვლით, იაფფასიანი პროთეზით, გონჯი გარეგნობით, მას არც ფულის თხოვნა ერიდება და საკუთარი სუნითაც მოურიდებლად გაწუხებთ. ამიტომ საზოგადოების წარმოსადეგ ნაწილს პოეტები სძულს და ხშირად მთავრობები მათ თავიდან მოსაშორებლად ასამართლებენ. ასე მოუვიდა მაგალითად იოსიფ ბროდსკის, რომელიც საბჭოთა კავშირის ავტორიტეტებმა სოციალურ პარაზიტიზმში დაადანაშაულეს და სასჯელთან ერთად „ველვეტის შარვლიანი ვაი-პოეტის" ტიტულიც მიანიჭეს. მაგრამ მე ჯერ მინდა ვისაუბრო პოეზიაზე, როგორც პროდუქტზე, ამიტომ  ინდმეწარმეებს დროებით გვერდზე გავწევ.

  ძველად პოეზია იყო ზეპირი მეთოდი ისტორიის, გენეალოგიის და კანონების შესანახად, თუმცა დამწერლობის შექმნამ პოეზიის, როგორც ვერბალური ფენომენის მნიშვნელობა დაკარგა და ფუნქციადაკარგული არქაიზმის ბიზნესგეგმად ქცევა უკვე ჰომეროსმა გადაწყვიტა. ცდა წარუმატებელი გამოდგა, თუმცა პავლოვის ძაღლის ექსპერიმენტისა არ იყოს, შედეგებს ფუჭად არ ჩაუვლია. თუ პოეზიამ მატერიალური მოგება არ დატოვა, სამაგიეროდ, ადამიანების შინაგან სამყაროზე ღვინოზე უფრო მძლავრი გავლენა მოახდინა. ასე იქცა პოეზია აპოლონური საწყისიდან დიონისურ კულტად. თუმცა მე მაინც მგონია, რომ პოეზიით გალეშვა უბრალოდ არაფხიზელი მდგომარეობაა და არა რაიმე მეტაფიზიკური კავშირი სხვა სამყაროსთან. პოეტები, რომლებსაც ჩვენ განვადიდებთ, არაფრით არ დგანან ჩვენზე მაღლა, ისინი უბრალო ხალხია,  ვისაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ხელი მოეცარათ  უნიჭობის, სიზარმაცის ან აუტიზმის გამოისობით. ისინი ვერ გახდნენ სოციუმის ჩვეულებრივი ნაწილი, ამიტომ ამ კომპლექსის დასაფარად ლექსების წერა დაიწყეს. ისინი არ არიან საზოგადოების სრულყოფილი წევრები. მშობლები არასდროს ამაყობენ მათით. აი, თუნდაც ალენ გინსბერგის ლექსი:

„მე რომ სული მქონოდა

ლამაზ სიტყვებზე გავცვლიდი,

მე რომ სხეული მქონოდა,

გამოვიყენებდი ჩემი არსებობის გასაკეთილშობილებლად.

ალენ გინსბერგი გაფრთხილებთ,

ნუ გაყვებით ჩემს გზას, რომელსაც გადაშენებისკენ მივყავარ.“

  პოეტი თავად ამბობს, რომ მისი არჩეული გზა არასწორია. პოეზიაში არაფერია ღირებული, მეტიც - ის ყველა დანარჩენ პროფესიაზე დაბლა დგას. თუ თქვენ აქაური არ ხართ და თქვენს ქვეყანაში პოეზია ფასობს, ამით ნუ აღფრთოვანდებით, თქვენ უბრალოდ კარგი მარკეტოლოგები და პიარმენეჯერები გყავთ.

 

  ლექსის წერა არ არის რაღაც განსაკუთრებული ფენომენი, ეს ისეთივე მოვლენაა, როგორიც ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარება, ხის დარგვა ან ნახირის საძოვრად გარეკვა. შესაბამისად, პოეტები ჩვეულებრივი ადამიანებივით მიწიერნი და უბრალონი (საბრალონი) არიან, მათი შემოქმედება კი ფარსია. მეოცე საუკუნეში პოეზია გახდა  შეუხედავი ინდივიდების იარაღი ლამაზი ქმნილებების შესაბმელად, დღესაც, ნაღდი პოეტი ნამუსგარეცხილი ავანტიურისტია. ის ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ კი სასურველ მიზანს მიაღწიოს და თავისი იაფფასიანი გრძნობა ძვირად მოგყიდოთ. მაშასადამე, კარგ პოეტს თავის გასატანად უხდება პროჭობა.

მიუხედავად ამისა, რამდენად ბინძურად და პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, ყველას უნდა, იყოს პოეტი, რადგან ადამიანის ქვეცნობიერი წადილი ემყარება არა მატერეალურ კეთილდღეობას, არამედ ეგოს სურვილების დაკმაყოფილებას, მის კომფორტს, მის დაპურებას, და განა რა გააძღებს, რა ეამება მას ტკბილ სიტყვაზე მეტად?! რა ჩააწვენს მის ზანტ პატივმოყვარეობას  თბილი უსაქმურობის, უდარდელობის და სიზარმაცის აბანოში იმაზე ფაქიზად, ვიდრე პოეზია?! ადამიანი ბუნებით საშინლად ზარმაცი და კომფორტის მოყვარული ქმნილებებაა, ეს განმარტება კი ძალიან ახლოსაა პოეტთან.  ორგანიზმი სიამოვნების მოტრფიალე ჭურჭელია, სიამოვნება კი თითქმის ყოველთვის ირაციონალურ საქციელს, გრძნობების აყოლას და ვნებების მორჩილებას ნიშნავს.

  სწორედ ამიტომ, პოეზია დღესაც ისეთივე შუშხუნა და სასურველია, როგორც კოკა-კოლას ყლუპი ცხელ ზაფხულში, ან - როგორც თითზე ჩამომდნარი გელატოს ალოკვა. უფრო მეტიც, პოეზია ვნებაა პოეტს და მკითხველს შორის.  კარგ პოეტს უნდა, რომ მკითხველი გაჟიმოს! როგორც უოლტ უიტმენი ამბობდა პოეზიის წერის დროს - „მე ვხდები შენი ენა, შენს პირში, რადგან ჩემში ჩარჩენილი ეს ენა არაფრის მაქნისი არაა“.  თვით უოლტ უიტმენიც კი, ეს დარბაისელი, ჭარმაგი მოხუცი, ჩალიჩობს თქვენს გასაჟიმად! საზიზღრობაა პოეზია, ვნებებს აყოლილი ხალხის თავშესაქცევი.

  რამდენიმე ხნის წინ ვუყურე  ჩანგ დონგ ლის ფილმს „პოეზია“, რომლის პროტაგონისტი ხანშიშესული ქალია. ის პოეზიის შესასწავლ კურსზე ეწერება, მის ტვინში ჩნდება ძიების მოთხოვნილება, ის იწყებს გარემოს დაკვირვებას და ამით კარგავს დროს, რომელიც წესით მიბარებული შვილიშვილის მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვაში უნდა დახარჯოს. უფრო მეტიც - ის ხდება ავანტიურისტი და ცდილობს, ფული ადვილად იშოვოს ბინძური შანტაჟის მეშვეობით. ამ ყველაფერში კი დამნაშავე პოეზიაა. ყველაფერი თავდაყირა დგება იმის გამო, რომ ფილმის ბოლოს პერსონაჟმა თავისი პირველი ლექსი დაწეროს.

  სანამ ამ ბოლო პარაგრაფის წერას დავიწყებდი, ზემოთ ნაწერს თვალი გადავავლე და ჩემივე თავის მიმართ წინააღმდეგობის გრძნობა გამიჩნდა. თუ თქვენც არ ეთანხმებით ამ ესეს აზრებს, ისევე, როგორც მე, სწორი ბრძანდებით - ეს ყველაფერი არასწორი და  სისულელეა, იმდენად, რამდენადაც თქვენი სიცოცხლე არის არასწორი და სულელური. ერთი კი დაიმახსოვრეთ: თუ ლექსის დაწერას დააპირებთ, გაითვალისწინეთ ჩანგ დონგ ლის ფილმის პროტაგონისტი ქალის მაგალითი - კარგი პოეტი ვალდებულია, იყოს პროჭი!

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული