• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

მეტაპედესტალი, ანუ პრეზიდენტმა რა ჰქმნა

×
ავტორის გვერდი დათო კოროშინაძე 00 , 0000 3638

1995 წელს ვენაში, ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე სლავოი ჟიჟეკი მოხსენების კითხვისას ამბობს: „დღეს, მაგალითად, ცინიზმის ეპოქაში იდეოლოგიას შეუძლია თავს უფლება მისცეს და გამოააშკარაოს თავისი ფუნქიონირების საიდუმლოებანი და ამის შემდეგაც კი გააგრძელოს სრულფასოვანი ფუნქციონირება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იდეოლოგიის საიდუმლო მექანიზმისათვის ფარდის ახდა არავითარ შემთხვევაში აღარ ახდენს გავლენას მის ეფექტურობაზე...“

20 თებერვალს, პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ინიციატივით და “ArtArea”-ს ორგანიზირებით გაიხსნა გამოფენა „ხელოვნება მართავს“. გამოფენის ძირითადი მიმართულება არტისტულ-უტოპისტური ხილვების წარმოჩენა გახლდათ. სანამ საუბარს გავაგრძელებდე, უადგილი არ იქნება, გამოფენისწინამდელი პრესკონფერენციის მიმოხილვა, რომელშიც მონაწილეობას შალვა რამიშვილი და არტ-არეას თანამშრომლები იღებდნენ. პირველი კითხვა, რაც ამ კონფერენციის ნახვისთანავე ჩნდება გამოფენის სათაურშია, „ხელოვნება მართავს“:  რას ნიშნავს „ხელოვნება მართავს“ ? ან კითხვა უკეთ რომ დავსვათ, რას მართავს ? ერთადერთი რის მართვაზეც შესაძლებელია ხელოვნებას პრეტენზია გაუჩნდეს, ეს ისევ და ისევ საკუთარი სახელოვნებო სხეულია. იმისათვის, რომ გამოფენის სათაურის იდეოლოგიური ინტერპრეტაცია გავაკეთოთ მათემატიკის საწყისებიც საკმარისი იქნება. თუ ავიღებთ მოცემულობას, რომ „ხელოვნება მართავს“ და დავუმატებთ მეორე მოცემულობას „პრეზიდენტის ექს-სასახლეს“ (თუ ექს-პრეზიდენტის სასახლეს), მივიღებთ მარტივ ტოლობას, რომელშიც ხელოვნება მართავს პოლიტიკურს, ან ხელოვნება მართავს ექს-პოლიტიკურს. ნებისმიერ შემთხვევაში ხელოვნება აცხადებს პრეტენზიას პოლიტიკური ნარატივის ფლობის შესახებ. ის ფაქტი, რომ პოლიტიკა და ხელოვნება უკვე მეოცე საუკუნის დასაწყისში აქტიურ ურთიერთკვეთაში მოდიან,  უცხო არ არის. აქვე საუბრის გასაგრძელებლად მინდა მოვიშველიო ბულგარელი ლენდ-არტისტის კრისტო იავაჩეფის მიერ 1995 წელს შეფუთული რაიხსტაგის შენობა. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს არქიტექტურულ სემიოტიკასთან, რომელიც პოლიტ. სიმბოლიზმის ინტერპრეტაციას და რეინტერპრეტაციას უკავშირდება. კრისტოს პროექტი ფაქტობრივად ანულებს რაიხსტაგის მანამდელ მნიშვნელობას, ეს არის კლასიკური შემთხვევა იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელოვნებო თვალსაზრისით პოლიტიკური მნიშვნელობების გადაფარვა და თუნდაც პოლიტიკური წარსულის მქონე შენობისგან ახალი რაციონალურად გააზრებული არტ-ობიექტის შექმნა. რაიხსტაგი შეფუთულია, მისი სიმბოლური მნიშვნელობა განეიტრალებული, მიღებულია ახალი ფართო-მასშტაბური ობიექტი, რომელიც ჩემი აზრით მეოცე საუკუნის მიწურულის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარიცაა. ახლა კი, რა ხდება ჩვენთან. ჩვენს წინაშეა პრეზიდენტის სასახლე, რომელსაც რამდენიმე თვის წინ სტატუსი შეუჩერდა, თუმცაღა მოქმედი სტატუსის შეჩერება არ შეიძლება გაგებულ იქნას როგორც დესიმბოლიზაცია, ან დემორალიზაცია, გნებავთ დესაკრალიზაცია. ამ აქტით კონკრეტული შენობა უბრალოდ ინაცვლებს და ამასთან მნიშვნელობას ამყარებს ისტორიულ ნარატივში. ერთადერთი გზა, რომლითაც ისტორიული შენობა-ნაგებობის მნიშვნელობის სრული განულება და მისი უარყოფაა შესაძლებელი - დემონტაჟია. ამ შემთხვევაში შენობა სრულიად უნდა გაქრეს მის მიერ დაკავებული არეალიდან. ყველა სხვა შემთხვევაში, საქმე გვაქვს ან ინტერპრეტაციასთან, ან რეპრეზენტაციასთან. გამოფენამდე მოწყობილ პრესკონფერენციაში ნათქვამია, რომ გამოფენა არის ნონკონფორმისტული, ამასთან ის არ ატარებს პოლიტიკურ დატვირთვას და მთლიანად არტისტების უტოპისტურ მოსაზრებებს, თუ ხილვებს ემყარება. აქ ჩნდება ორი კითხვა, პირველი: თუკი გამოფენა არ ეხება შენობის პოლიტიკურ მნიშვნელობებს და ახდენს მხოლოდ და მხოლოდ იქ არსებული სივრცის რეპრეზენტაციას, რატომ არ შეიძლება ის იქნას მოაზრებული შენობის კონცეფციის ისტორიულ არტეფაქტად ? და მეორე:  ხომ არ არის ეს თანამედროვე ხელოვნების „კასტრაციის“ მცდელობა პოლიტიკურ ასპექტებში ? ამ პრესკონფერენციიდან გამომდინარე უამრავი სხვა კითხვის დასმაც შეიძლება, მაგალითად, გაუგებარია ის ფაქტი, რომ „ხელოვნება აღარ ქმნის ახალ სხეულს და მიმდინარეობებს“ ასევე კონცეპტუალური ხელოვნების სრული რედეფინიცია და საზოგადოებისთვის მისი დეზინფორმაციული სახის მიწოდება. აღარაფერს ვამბობ შალვა რამიშვილზე, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე ნაკლებად კომპეტენტური პირია თნამედროვე ხელოვნებაზე კომენტირებისთვის, ასევე სამთავრობო კვეთასთან დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ, ლოკალურ ბანკთან. ამ შეხვედრის დროს ასევე, ნახსენები იყო, რომ ორგანიზატორების სურვილია, რაც შეიძლება მალე მოხდეს საბჭოთა წარსულისგან გამიჯვნა. ამის მოსმენა ვფიქრობ საკმაოდ უხერხულია, რადგან ჩვენთვის საჭირო კითხვებიც და პასუხებიც სწორედ ამ პერიოდში იმალება, ამის გასაგებად 20-იანი წლების ავანგარდის მოხმობაც კმარა, როდესაც რეჟიმი აქტიურად უახლოვდება არტისტებს, ელიტური და ინტელექტუალური წვდომისა და მანიპულაციის მიზნით, მათ შორის მალევიჩს, ტატლინს, კანდინკის და სხვებს. მოგვიანებით კი, უკვე სტალინიფიკაციის პერიოდში მათ დევნას იწყებს და მათ ნამუშევრებს ანადგურებს. მაგალითისთვის, საინტერესოა პროპაგანდის გერმანული მოდელიც. ცნობილი ფაქტია, რომ ჰიტლერი ზოგჯერ არასასურველ პირებს ხელოვნებასა და ადამიანს შორის არჩევნის საკითხის დასმით იშორებდა. რასის თეორია გარკვეულწილად ემყარებოდა კიდეც ზეხელოვნების არსებობის პრინციპებს. ამგვარად იგივე სიტუაციას ვხვდებით გერმანიაშიც, როდესაც რეჟიმი ჯერ უახლოვდება იმ პერიოდში მოღვაწე ფუტურისტებს, ხოლო შემდეგ ყველას თავიდან იშორებს. რაღა თქმა უნდა, ამ მაგალითების მოხმობით პარალელის გავლება არ ხდება თანამედროვეობაში არსებულ იდოლოგიასთან, თუმცა ისევ და ისევ ამ მაგალითების საშუალებით, თვალნათლივ ჩანს, თუ როგორ ახდენს იდეოლოგია ხელოვნებით მანიპულაციას სხვადასხვა დროსა და ვითარებაში.

დავუბრუნდეთ სტატიის თავში მოყვანილ ჟიჟეკის ფრაზას. ჩვენ გვაძლევენ სათამაშო მოედანს (პრეზიდენტის სასახლის სახით), ასევე გვიხსნიან, რომ თანამედროვე ქართული ხელოვნება ვერ ჰპოვებს განხორციელებას რეალობაში მატერეალური რესურსის და სივრცის უქონლობის გამო (რატომ არ შეიძლება ამ შემთხვევაში შეირჩეს ნეიტრალური საგამოფენო სივრცე, რომელიმე მიტოვებული შენობა ან ქარხანა, რომლებითაც სავსეა დღესდღეობით ქალაქი ? მითუმეტეს ამგვარი კონსტრუქცია თანამედროვე ხელოვნებას და ნონკოფორმისტულ მიდგომას ზუსტად შეეფერება) . უმოკლეს ვადებში და მყარი, ადეკვატური კონცეფციის არ არსებობის პირობებში, ხდება ორმოცდაათამდე არტისტის შერჩევა, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის შენობა უნდა დაიკავონ და ხალხს დაანახონ ხელოვნების ლეგიტიმური ძალაუფლება, რომლის მიხედვითაც მას აქვს უნარი ყოველგვარი სიტუაცია მართოს, იმ შემთხვევაშიც თუ კი ის ირაციონალური და უტოპისტურია. მე მიჩნდება კითხვა, ხომ არ გვაქვს საქმე მმართველი პარტიის მიერ გათამაშებულ ჰეროიკულ სპექტაკლთან, რომლის მიღმაც ტრაგი-კომედია იმალება და რომლის საშუალებითაც ისინი განაცხადებენ, რომ უფრო მაღლა დგანან ვიდრე წინა მთავრობა ? რომ მათ შეუძლიათ არათუ მატერიალურად, არამედ იმატერიალურად და დემონსტრაციულად, პედესტალზე შედგომით, ხელოვნების საშუალებითაც კი ამაღლდნენ ხალხის თვალში ექს-პოლიტიკურ მოვლენებზე ? ამ შემთხვევაში პრეზიდენტის სასახლეში თავმოყრილი არტისტების ნამუშევრები საერთოდ მნიშვნელობას კარგავენ, მთავარია მათ არ გააჩნდეთ კონტრ-საგამოფენო ან კონტრ-პოლიტიკური კონოტაციები, სხვა შემთხვევაში ყველაფერი დაშვებულია. ასე რომ, ამ ფაქტის ანალიზის კეთებისას მათი მნიშვნელობა მთლიანად განულებულია, მთავარია რაოდენობა და პრეცენდენტი, რომ „პრეზიდენტის მიერ მოწყობილ გამოფენაზე ორმოცდაათმა მნიშვნელოვანმა და უნიჭიერსმა ქართველმა არტისტმა მოიყარა თავი და ეს ყველაფერი იმ შენობაში, სადაც „ოდესღაც“ ექს-პრეზიდენტი მოღვაწეობდა.“

სტატიის ბოლოს, მინდა გავიხსენო გერმანელი კონცეპტუალისტის, თეორიტიკოსის და სკულპტორის იოზეფ ბოისის პროვოკაციული განცხადება ბერლინის კედლის ხუთი სანტიმეტრით გაზრდის შესახებ. იქნებ გაგვეზიარებინა ბოისის ეს დაკვირვება და ელიტური სნობიზმისა და იდეოლოგიური მანიპულაციების უწყვეტ ჯაჭვში ოკუპაციის საზღვარი ერთი მეტრით უკან გადმოგვეწია ?

პ.ს. რაღა თქმა უნდა, ეს სტატია არ ემსახურება, უკვე არსებული პოლიტიკურ-დომინანტური ძალების მიმოხილვას, მათ რეპრეზენტაციას ან მათ შესახებ პოზიტიურ კომენტირებას. სტატიის ავტორის ძირითადი მიზანია იმ სავარაუდო მანიპულაციების და ქმედებების ანალიტიკა, რომელთაც იდეალოგიები ხშირად იყენებენ ხელოვნებასთან მიმართებაში.

დათო კოროშინაძე
21 თებერვალი. 2014 წელი



Christo Javacheff - Wrapped Reichstag - 1995
 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული