• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

მოლოტოვის კოქტეილი

×
ავტორის გვერდი ცოტნე ცხვედიანი 00 , 0000 3974

 ‘’Risking their lives in Stalin's rusting cable cars: Miners forced to ride death-defying 'metal coffins' criss-crossing Georgia town-''დეილი მეილი'' 24 სექტემბერი, 2013 წელი.
ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, საქართველოში შრომის უსაფრთხოების დარღვევის გამო 245 ადამიანი დაიღუპა

 


საქართველო, ათიანი წლები

ერთხელ შახტაში პატარა მერცხლები ვიპოვეთ. გასაკვირი ის იყო, რომ დეკემბრის ბოლო იდგა. გავოცდი - გადამფრენი ფრინველები ხომ შემოდგომაზე მიფრინავენ, მაგრამ ერთმა მოხუცმა მუშამ, ზეპმა, ამიხსნა, რომ მერცხლები წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ მრავლდებიან. ნაგვიანევი ბარტყები მოღონიერებას ვერ ასწრებენ, ძალა არ ჰყოფნით თბილ ქვეყნებში გასაფრენად, ქალაქში რჩებიან და, როგორც წესი, მალევე იხოცებიან. ამ ბარტყებს გაუმართლათ. ზეპს ყოველთვის მიჰქონდა მათთვის პურის ნამცეცები.

***
როგორ მოვამზადოთ ,,მოლოტოვის კოქტეილი’’? – ბევრი არაფერია საჭირო: აიღებ მინის ბოთლს, ოღონდ არც ძალიან ვიწრო ყელი უნდა ჰქონდეს და არც მეტისმეტად განიერი; დაგვჭირდება რაიმე აალებადი სითხე (ბენზინი ან დიზელი აჯობებს). ცოტაოდენი ავტომობილის ზეთი, ქსოვილის ნაგლეჯი და სულ ესაა.
ბოთლს ბენზინით 1/3–მდე შეავსებ, ზემოდან ზეთს დაასხამ (ყელამდე არ უნდა აავსო), მერე ქსოვილის ნაგლეჯის ნახევარს ფსკერამდე ჩაუშვებ. მეორე ნახევარს კი ბოთლის თავზე მიამაგრებ. სროლისას ბოთლი აუცილებლად უნდა გატყდეს, რათა ,,კოქტეილი’’ აფეთქდეს. დამზადება ადვილია. მთავარია, საჭირო დროს გამბედაობა გეყოს და ისროლო.
 

მეათე დღე იყო, სხვა მუშებთან ერთად მერიასთან და ინვესტორის ოფისთან მივდიოდი. გზაში ვფიქრობდი, რომ იმ დღეს მაინც შევძლებდი აალებული ბოთლის სროლას, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ შევძელი. 
 

მეათე დღესაც ვუყურებდი შავი ავტომობილების ესკორტს და ვფიქრობდი, სად მომეხვედრებინა ბოთლი. მე მძულდა სიტყვები ,,სამშობლო'' და ,,მტერი'', რადგან მათ წამდაუწუმ წარმოთქვამდნენ შავი ავტომობილების ესკორტით მოსულები. ძირითადად მაშინ, როცა თემის შეცვლა სურდათ. 
მეშახტეების გაფიცვის მეათე დღეს მე ისევ ვიდექი მუშტებშეკრული და ვხედავდი, რა მშვიდად ელაპარაკებოდა სამიოდე  ჩინოვნიკი რამდენიმე მოშიმშილე მუშას. ზუსტად ის ფრაზები მესმოდა, რაც წინა დღეებში. ისინი არ ღელავდნენ, არც  საშინლად გამოიყურებოდნენ.   სანამ პირველად ვნახავდი, მეგონა, ვიღაც საზიზღარი  ღიპიანები იქნებოდნენ ,მაგრამ შევცდი.  ისინი ჩვენზე ათასჯერ უფრო სიმპათიურები იყვნენ. არც ღიპები ჰქონდათ. მშვიდად უყურებდნენ მეშახტეებს ჩაცვენილ, უსიცოცხლო  თვალებში. დალაგებულად საუბრობდნენ, არ იყენებდნენ ჟარგონულ სიტყვებს და არც აქაურ დიალექტს.

მეშახტეები იმეორებდნენ, რომ ძველი ხელფასიც არ ჰყოფნიდათ თავის გასატანად, შემცირებულით კი კომუნალურ გადასახადებსაც ვერ გადაიხდიდნენ. 
ჰყვებოდნენ მძიმე სამუშაო პირობებზე, დახეულ ბოტებზე, ამბობდნენ, რომ მუშაობის შემდეგ ბანაობის საშუალებაც არ ჰქონდათ...
დაღუპული მუშებიც გაიხსენეს, მათი ოჯახებიც, რომლებსაც არანაირი დახმარება არ გაუწიეს არსაიდან, რადგან გარდაცვლილებმა დაზღვევა ვერ მოასწრეს.
 ჩინოვნიკები ყველაფერს ისმენდნენ, მერე ერთსა და იმავეს ამბობდნენ – რომ შახტა კერძო ინვესტორის მფლობელობაში იყო და ბევრი არაფერი შეეძლოთ, თუმცა გვაიმედებდნენ, მოველაპარაკებითო. მერე მორალის კითხვას იწყებდნენ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე.
ერთი მათგანი, რომელსაც სხვებზე უფრო წითელი ლოყები ჰქონდა  და „ლუი ვიტონის’’ ვარდისფერი პერანგი ეცვა, გიჟივით წამდაუწუმ ყვიროდა: ,,ანარქია გინდათ?! უნდა დაწყნარდეთ! ანარქია ხომ არ იქნება?!‘’
მეათე დღესაც უაზროდ და უშედეგოდ ჩაიარა მოლაპარაკებამ. შავი ავტომობილების ესკორტი წავიდა. მეშახტეები აგინებდნენ მატყუარა მინისტრს, რომელმაც შარშან დახმარება აღუთქვა და სენტიმენტალურ ისტორიასაც მოუყვა მემაღაროელ მამაზე. მერე კი გაუჩინარდა. არადა, წინამორბედზე გულწრფელი ჩანდა, რომელსაც ცრემლიც კი მოადგა, თუმცა აღარც ის გამოჩენილა მას მერე. 
რომც დავიხოცოთო, არავის აინტერესებსო, ამბობდა ნაღვლიანად ერთ მუშა, მეორე კი იჯდა და თავისთვის, თითქმის ჩურჩულით, მღეროდა: „შარშან უფრო საშინელი ცივი ქარი ჰქროდა, მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ, სულ არ მეშინოდა...“ დროდადრო გვერდით მჯდომს მუჯლუგუნს წაჰკრავდა ხოლმე, ამყევი ერთი იმათი დედაცო, აზრი არ აქვს არაფერს, მაგათთან ლაპარაკს სულ უხელფასოდ მუშაობა ჯობიაო...
საქმე იქით მიდიოდა, რომ გაფიცვას შევწყვეტდით და სამუშაოს დავუბრუნდებოდით. ზეპსაც არ ამოუღია ხმა დღეს. არადა გუშინ ამბობდა, ღვთისმშობლის ხატზე დავიფიცე, სანამ ძველ ხელფასს არ აღმიდგენენ, არ დავბრუნდებიო. იჯდა თავისთვის გაღრეჯილი, აღარც კი გვისმენდა. 
ზეპმა კარგა ხანია გადააბიჯა სამოცს. ასე იმიტომ ვეძახდით, რომ გერმანელი მეკარის ზეპ მაიერის გულშემატკივარი იყო. ჩვენი ზეპიც მეკარე იყო, ტყიბულის „მეშახტეში'' თამაშობდა. რა თქმა უნდა, ეს გუნდი არასოდეს ყოფილა დიდი, მაგრამ სამოციანებში საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში გამოდიოდა და ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა ქალაქში. ერთხელ ზეპმა და მისმა თანაგუნდელებმა მოსკოვის ცე–ეს–კა დაამარცხეს, 2:1, 1969 წელს. ამბობდა, პენალტი ავიღეო. ხშირად გვიყვებოდა ამ მატჩზე. ყველა ეპიზოდი ახსოვდა. 
იმ დღეს გვიან საღამომდე ვისხედით შახტასთან. ისე დავიშალეთ, ზეპს ხმა არ ამოუღია. წასვლის წინ კი გაგვიღიმა. 
მამაჩემმა და სხვა მეშახტეებმა კი მოითათბირეს, რომ ხვალიდან სამსახურს დავბრუნებოდით.


****


საღამოს მე და მამა ტელევიზორთან ვისხედით, ახალ ამბებს ვუყურებდით. ეს ერთგვარი რიტუალია. ტელევიზორი ქმნის რეალობას ხალხისთვის, თუმცა ეს რეალობა ჩვენგან შორსაა, ჩვენგან დამოუკიდებლად იქმნება. ჟურნალისტები გიყვებიან სიახლეებს, რომელიც, წესით ჩვენს ქვეყანაზეა, იმ ხალხზე, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, სინამდვილეში კი, არც ერთი ეს ამბავი ჩვენ არ გვეხება. სასაცილოა, მაგრამ ხშირად მიფიქრია, რომ ჩვენ არც კი ვარსებობთ. 
ამ ქალაქის არსებობის გარეშეც გამოვიდოდა პიჯაკში გამოწყობილი რომელიმე მკაცრსახიანი და მოჰყვებოდა ამ ამბებს. ამავე შინაარსიითა და თანამიმდევრობით. ჩვენი აქ ყოფნა არაფერს ცვლის. რეალობა სადღაც შორს, უჩვენოდ არსებობს. 
ჩუმად ვმუშაობთ მიწისქვეშეთში, უხმაუროდ ვიხოცებით. ჩვენი გაჭივრებაც ჩვენვე გვტკივა მხოლოდ. 
ამ ყველაფერზე განსაკუთრებით გაფიცვის დღეებში ვბრაზობდი. მაშინ გადავწყვიტე, მოლოტოვის კოქტეილი მესროლა. ვფიქრობდი, რომ ამით ყურადღებას მივიქცევდი. მეტი არაფერი მინდოდა. ახალი ამბებისა და რეალობის ნაწილი გახდებოდა ეს ქალაქი. ვიგრძნობდი, რომ ვარსებობდით. 
არაფერი გამოვიდა. მეათე დღესაც ხელუხლებელი მოვათრიე შინ ბენზინით სავსე ბოთლი და ფარეხში დავაგდე. 


****


მე სულ ერთი წელია რაც მაღაროში ვმუშაობ, მამა – რაც თავი მახსოვს. ყოველ დილით ექვსზე ვდგებით. ონკანში საშინლად ცივი წყალი მოდის და როცა ძალიან ყინავს, მარტო თვალებს ვიბან, მერე კბილებს ვიხეხავ. მამა კბილებს არ იხეხავს. 
ადრე დილაობით ჩემი და ჩაის გვიმზადებდა. ბოლო დროს ჩვენთვის აღარ სცალია, პატარა ანუშკა ჰყავს. ახლა ჩაის მე ვამზადებ. მამა ამბობს, რომ უშაქრო უნდა, მაგრამ მე მაინც ვუყრი ხოლმე ერთ კოვზს, უკითხავად. არაოსოდეს უთქვამს საყვედური.
მთელი დღე სამსახურში ვართ, საღამოს კი ერთად ვვახშმობთ. მერე ჩემი და ანუშკას აძინებს და ზღაპარს უყვება. მე მეზობელ ოთახში ვარ და მესმის მათი ხმა. ანუშკა ძალიან ჭირვეულია. ოთახში თუ შუქი ჩააქრე, მაშინვე ატირდება, სანამ დაიძინებს თვალებდაჭყეტილი უყურებს ნათურას. ჩემი და სასაცილო ზღაპრებს უყვება. ყველა მისი გამოგონილია. ერთი ზღაპარი გამურულ პრინცზეა (ჯადოქარმა მოაჯადოვა), რომელმაც მზის სხივები მოსტაცა ურჩხულს. მე ვიცი, რომ ის გამურული პრინცი მე ვარ. ერთხელ შუქის ფულის გადახდა დაგვაგვიანდა და მე სამსახურიდან ისე გავიქეცი, არც კი გამომიცვლია, მეშინოდა, არ გაეთიშათ. მთელი ქალაქი გამურულმა მოვირბინე და სახლშიც ისე დავბრუნდი, ძლივს მიცნეს. სამაგიეროდ, გადახდა მოვასწარი და შუქი არ გამოურთავთ. ჩემმა დამ გულიანად იხალისა, დამცინა კიდეც და ზღაპარიც გამოიგონა. 
ათდღიანმა გაფიცვამ, ცოტა არ იყოს, გამაზარმაცა. იმ დილით მამაჩემმა გამაღვიძა. ჩვეულებისამებრ, მოვწესრიგდით, ჩაი დავლიეთ და სამსახურისაკენ გავემართეთ. 
შინიდან საგარეო ტანსაცმლით გავდივართ. შახტა ახლოსაა, მაგრამ ჯერ მაინც ქალაქის ცენტრი გვაქვს გასავლელი. იქაურობა სულ ახლახან გაანათეს. ადრე სულ ჩაბნელებული იყო. თავიდან ფერადი სარეკლამო აბრების გამოჩენაც გვახარებდა, ახლა ნერვებს მიშლის ჭყეტელა ფერებად განათებული მაღაზიები. 
ჩემს სკოლასთანაც უნდა ჩავიაროთ. ლამაზი შენობაა. ახლახან გაარემონტეს. თუმცა მე აღარ დავდივარ. ბოლო კლასებში ყველა მასწავლებელმა იცის, რომელი მოსწავლე აპირებს უნისვერსიტეტში სწავლის გაგრძელებას. ასეთი სულ რამდენიმეა. ვინც არ აბარებს, იმათ სკოლაში სიარულს რაღა აზრი აქვს... აღარც არაფერს გვეკითხებიან.
ბოლო დროს ტყიბულიდან ძალიან ბევრი წავიდა. მე ხუთსართულიან კორპუსში ვცხოვრობ და სულ სამი თუ ოთხი ოჯახი დავრჩით. საშინლად გამოიყურება მიტოვებული კორპუსები. მაგალითად, ჩემს სადარბაზოში არაღავინ ცხოვრობს და ოთხი უკაცრიელი სართული უნდა ავიარო, რომ შინ მივიდე. ყველაზე საოცარი ისაა, რომ, ამდენი მიტოვებული ბინის მიუხედვად, ქუჩაში უამარავი უსახლკარო შეგხვდება. მოკლედ, ჩვენთან ისევ ძველებურად ბნელა, რადგან ფერად რეკლამებს და ფასადებს არ შეუძლია ქალაქის განათება.
მარტივადაა – სინათლე ხალხის ბედნიერ ღიმილს მოაქვს, ქალაქში კი,სადაც ყველა გაქცევაზე ფიქრობს, არავინაა ბედნიერი. 
ბედნიერება ყველას ამ ქალაქის მიღმა ეგულება. 

 

***

 

შახტამდე ჯერ არ ვიყავით მისული, როცა ზეპი შემოგვხვდა. ზურგზე ჩანთა ჰქონდა მოკიდებული და გვეგონა, სამუშაოდ მოდიოდა, მაგრამ მოგვიახლოვდა თუ არა, მამაჩემს უთხრა, შენი ბიჭი მე გამომყვება ცოტა ხნით, საქმე მაქვსო და თვალით მანიშნა, გამომყევიო. მე მისი დიდი ხათრი მქონდა, უარის თქმა არც მიფიქრია, ჩემი ჩანთა მამას გავატანე და უკან გავყევი. 
ერთხანს ჩუმად ვიარეთ. ბოლოს სტადიონთან მივედით. ვიფიქრე, ვინმეს ნახვას აპირებს–მეთქი, მაგრამ გავოცდი და სიცილი ამივარდა, როცა დავინახე, რომ ჩანთიდან ძველი გახუნებული ბურთი ამოაძვრინა, ჯინსის შარვალი საგულდაგულოდ აიკეცა და კარისკენ წავიდა. ზეპს ყოველთვის ჯინსი ეცვა, ხშირად ეხეოდა და წვალებით კემსავდა. ერთხელ ვუთხარი, ნახე, მე სულ დახეულები მაცვია–მეთქი. ერთი ორჯერ ისიც მუხლებზე გახეული შარვლით მოვიდა სამსახურში, მაგრამ ბოლოს ლიას მაინც ყველა საგულდაგულოდ დააკემსვინა. 
ზამთარი იდგა და სტადიონი გაყინული გუბეებით იყო სავსე. ბალახი თითქმის აღარსად შემორჩენილიყო. ზეპი კარში ჩადგა და შემომძახა, აბა, დამირტყიო. მე ისევ მეცინებოდა. სულ გაგიჟდი–მეთქი? – მივაძახე და ბურთი ხელით გავასწორე. გავექანე და ქვემოდან ამოვცხე. ლამაზი ტრაექტორიით წავიდა. ზეპი განზე გახტა და ბურთი პირდაპირ ხელებში მიუვიდა. ცოტა ძლიერადო, შემომძახა და უკან დამიბრუნა. ამჯერად ბურთი კართან ახლოს მივწიე, უფრო შორიდან გამოვექანე და ზედა მარცხენა კუთხეში გავგზავნე. ზეპი ჰაერში გაიჭიმა, ბურთი თითის წვერებით მოიგერია, თვითონ კი ძირს დაენარცხა. წამოჯდა. მუხლებიდან სისიხლი სდიოდა, მაგრამ სიცილით კვდებოდა. მეც გიჟივით მეცინებოდა. მივედი და წამოყენება ვცადე, მაგრამ მანიშნა, გვერდით მომიჯექიო. ასე ვისხედით, ძელს ვეყრდნობოდით ორივე. ზეპმა საჩვენებელი თითით ნახევარწრე შემოხაზა სტადიონის გარშემო და ნაღვლიანად თქვა: „ბიჭო, ეს ტრიბუნები სულ სავსე იყო. აი, იქ, მარცხენა ტრიბუნაზე, ლიკა ჯდებოდა ხოლმე...“
მერე დღესაც ვერ წამოიყვანე? – ვუთხარი მე
ისევ ვიცინოდით. 
„გუშინ თედოს დავურეკე, ამ დღეებში ჩამოვა... სწავლის ფულს ვეღარ გადავიხდით...“ – გააგრძელა ზეპმა. თედო მისი შვილია. წელს ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში.
მე ძალიან მეწყინა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე, რა მეთქვა და გავჩუმდი.
„არ მინდოდა, ისიც შახტაში ჩასულიყო. იცი, როგორ მიყვარს აქურობა? სადაც არ უნდა მეცხოვრა, ბოლოს აქ დავბრუნდებოდი, ჩემი ბედნიერება აქ მეგულება, მაგრამ მაინც არ მინდოდა, თედოს აქ ეცხოვრა. ამდენი წელია, მხოლოდ იმისთვის ვშრომობ, რომ კომუნალური გადასახადები ვიხადო. თვიდან თვემდე ამაზე ნერვიულობაში გადის დრო. არ მინდოდა, იმასაც ასეთი ცხოვრება ჰქონოდა. ვერ დავაფრთიანე შვილები...“ ზეპი გაჩუმდა.
ადგა, შარვალი გაისწორა და გასასვლელისკენ წავიდა. ბურთი შენ გქონდეს, ითამაშე ხოლმეო, დამიბარა
„ზეპ, სამოუშაოზე ხომ გამოხვალ ?“ – დავუძახე მე.
„აბა, სად წავალ, მორჩა ჩემი ფუტბალისტობა“, – მიპასუხა ღიმილით.



***

მეორე დილით გავიგეთ, რომ ზეპს გულის შეტევა მოსვლოდა. მისმა მეუღლემ გვითხრა, ოპერაცია სჭირდებაო. აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო კომპანია ხარჯების მხოლოდ ნახევარს იღებდა საკუთარ თავზე. მამაჩემმა და ზეპის სხვა მეგობრებმა ფულის მოგროვება დაიწყეს. ამასობაში ერთი კვირა გავიდა. ორი კვირის მერეც კი არ გამოჩნდა საკმარისი თანხა.
ერთ საღამოს კი მამამ შინ დაბრუნება დააგვიანა. უკვე ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, სიგარეტისთვის რომ დავაპირე მაღაზიაში ჩასვლა. კარი გავაღე და მამა დავინახე. კიბეზე იჯდა, თავი მუხლებში ჩაერგო. ფეხის ხმა რომ გაიგონა, მოტრიალდა და რამდენიმე წამს უხმოდ მიყურებდა, ამოთქვა: „მოკვდა...“
მეორე დღეს მეშახტეები ისევ გაიფიცნენ. დიდი არეულობა იყო. ზეპის ამბავმა ყველა ძალიან გააბრაზა. მე ჩანთაში ისევ მედო ბენზინით სავსე ბოთლი და ამჯერად ზუსტად ვიცოდი, რომ ვისროდი. საღამოს შვიდი საათი თუ იქნებოდა, თუმცა უკვე ბნელოდა. მეშახტეები შახტის მეპატრონის ოფისთან იყვნენ შეჯგუფებულები. შუშის კარს მიღმა დაცვის თანამშრომელი საცოდავად ასავსავებდა ხელებს : მე რა გიყოთ, შენობაში არავინ არისო. 
‘’კოქტეილი’’ ჩანთიდან ამოვიღე. მაისური გავიხადე, ბოთლს გადავაფარე და ისე დავიჭირე.. მეორე ხელში სანთებელა მქონდა ჩაბღუჯული. ვნერვიულობდი, ყურადღებით ვარჩევდი სად მომეხვედრებინა. ვშიშობდი, რომ არ გატყდებოდა. ისედაც ციოდა, მე კიდევ მაისურიც აღარ მეცვა, ამას ნერვიულობა ემატებოდა და ერთიანად ვკანკალებდი. მეგონა, საშინელი ბენზინის სუნი მდიოდა და მოშორებით ვიდექი. მეშახტეები საძაგელი სიტყვებით იგინებოდნენ და კარს მაგრად ურტყამდნენ მუშტებს.
შენობას სამი დიდი კარი ჰქონდა. ხალხი ცენტრალურთან იყო შეკრებილი. მე მარცხენას მივუახლოვდი. იქ არავინ იდგა. საშინელი ქარი ქროდა. სიცივეს ვეღარ ვუძლებდი, მალე უნდა მესროლა.
ბოთლი გაყინულ ხელში დავიჭირე, სანთებელა საწვავით გაპოხილ ქსოვილთან მივიტანე. მოვუკიდე. ალი ავარდა, შუშებიანი შენობა გააანთა. მეშახტეებმა ჩემკენ გამოიხედეს. მე რატომღაც სიცილი ამივარდა. ისინი გაოგნებულები მიყურებდნენ. აალებული „კოქტეილი’’ ისევ ხელში მეჭირა.ერთი, ორი, სამი... და ბოთლი მთელი ძალით ვესროლე კარს. შუშა ჩაილეწა და ალი შენობას მოედო. 
ცეცხლი მალე მინელდა. მხოლოდ მინებზე დარჩა მური. მანამდე გაოგნებულმა მამამ ერთი მაგრად მომდო ყბაში. არც სხვა მუშებს მოეწონათ ჩემი საქციელი, მაგრამ მე ხმას არ ვიღებდი. პლიციამ რამდენიმე მუშა წაიყვანა განყოფილებაში, მაგრამ მეორე დილასვე გამოუშვა.
დილით კი ისევ ოფისთან ვიდექით. მე ქალაქის მთავარ გზას არ ვაშორებდი თვალს. ჟურნალისტებს ველოდი.
სამი საათი გახდა და არავინ ჩანდა. მხოლოდ მერიის წარმომადგენლები მოვიდნენ. ძველებურად მორალი წაუკითხეს მუშებს, მაგრამ ამჯერად დატუქსეს კიდეც, ნგრევით არაფერი გამოვაო... „ანარქია გინდათ?!“– ყვიროდა ისევ ის სხვებზე უფრო ლოყაწითელა , რომელსაც ისევ „ლუი ვიტონის’’ პერანგი ეცვა, ამჯერად - იასამნისფერი.
ექვსი ხდებოდა, მაგრამ ჟურნალისტები არ ჩანდნენ. საშინლად იმედგაცრუებული რელსზე ვიჯექი და ერთინად ვკანკალებდი. გუშინ ქარში დახეთქილი ტუჩები სულ დამისკდა და პირში სისიხლის გემოს ვგრძნობდი. 
„არ მოვიდნენ, არ მოვიდნენ, არავის აინტერესებს, მოვკვდეთ,დავიხოცოთ“, - მხოლოდ ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში. 
ჟურნალისტები არ მოვიდნენ. უფრო სწორად მხოლოდ ერთი კიკინებიანი გოგო და მასზე უფრო გამხდარი ოპერატორი გვესტუმრნენ. სასაცილო ის იყო, რომ კიკინებინას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. ტალახის გუბეებს სიმწრით არიდებდა ფეხს. 
ძალიან დაბნეულები იყვნენ. თბილად რომ დახვდნენ მუშები, გაუკვირდათ. გოგო ღელავდა. თავისი ჟურნალის სახელის წარმოთქმისას (გრძელი ინგლისური სიტყვები იყო) ორჯერ დაება ენა. სამაგიეროდ, ყურადღებით მოგვისმინა. ყველა ჩაწერა. მეშახტეები ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს. მე შორიდან ვუყურებდი. ერთხანს ეს გოგო ძალიან ლამაზი მომეჩვენა, მერე შემზიზღდა. სასაცილოდ დადიოდა. ვფიქრობდი, ამ ჯანდაბაში ქუსლიანი ფეხსაცმლით რამ მოიყვანა-მეთქი. ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რომ კარგი ვინმე იყო.


*** 

მარტში მერცხლები დაბრუნდნენ. შესაძლოა, ზეპის ბარტყებმაც გადაიტანეს ზამთარი. დანამდვილებით არ ვიცი, ვეღარ ვიპოვე, მაგრამ თედოს ვუთხარი, რომ ქალაქში ჩარჩენილმა ბარტყებმა გამოიზამთრეს. მას უნდა სჯეროდეს, რომ აქ გადარჩენა შეიძლება. 
თედო დაბრუნდა. ახლა ერთად ვმუშაობთ შახტაში. ჩვენ ვრჩებით მიტოვებულ ქალაქში, რომელზეც არასოდეს ჰყვებიან ახალ ამბებში. ვცხოვრობთ რეალობის მიღმა, კომუნალური გადასახადების გადასახდელად.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული