• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

კომენდანტის ფალოსი

×
ავტორის გვერდი გიორგი მაისურაძე 00 , 0000 4937

ჩვენი კომენდანტი, რომელსაც ცხენივით გრძელი და ძლიერი ფეხები ჰქონდა, არ ვიცით, იყო თუ არა იგი ოდესღაც ალექსანდრე მაკედონელის ცხენი - ბუკეფალოსი, მაგრამ მისი ფალოსი მუდამ ჩვენი ქალაქის ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. კომენდანტმა, უფრო სწორედ, მისი სხეულის ამ ნაწილმა, იმხელა სახელი მოიპოვა, რომ მისი სიგრძეგანების საკუთარი სხეულით არ გაზომვა უკვე არაპრესტიჟულადაც კი ითვლებოდა ჩვენი ქალაქის მოქალაქეებში და თვით ისინიც კი, რომლებსაც ის გაშიშვლებულ ხმალადაც კი არ დასიზმრებოდათ, მის საკუთარ წიაღში ნამოგზავრულებას იბრალებდნენ. მაგრამ მხოლოდ დაბრალება საკმარისი არ იყო, მითუმეტეს, რომ კომენდანტი არავის იბრალებდა, ისე სვამდა ბრალდებულის სკამზე და მერე, როგორც ამბობენ, თავისი ფალოსით ამუშავებდაო. თუმცა ამისი დადასტურებაც არავის შეუძლია: აბა ვინ აღიარებდა, რომ ჩვენი კომენდანტის ფალოსი მის დასასჯელად იქნა გამოყენებული, - ჩვენი ქალაქის მოსახლეობისათვის ის ხომ მხოლოდ კეთილი ნების გამომხატველი იყო? ყოველი მოქალაქე კი თავს ვალდებულად მიიჩნევდა, რომ საკუთარი უბიწობის ფასად დაეცვა ქალაქის სიამაყე და კოსმიური ღერძი, რომლის ფლობის იღბალიც სწორედ ჩვენს კომენდანტს რგებოდა წილად. ამ მიზნით ჩვენმა მოქალაქეებმა კავშირიც კი შეკრეს.

 

კომენდანტის ფალოსი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მას ჩვენი პატარა ქალაქი ვერ დაიტევდა და ამიტომაც მისი სახელი ფართოდ გასცდა ქალაქის ცაში ატყორცნილ გალავნებს, რომლებიც, ვინაიდან ჩვენ ქალაქში ძვირფასი და გასაფრთხილებელი სხვა მეტი არაფერი იყო, სწორედ ამ საამაყო ორგანოს დასაცავად აღემართათ. ამის შემდეგ თვით შორეული ქვეყნებიდანაც კი მოედინებოდნენ ჩვენი ქალაქისაკენ ზეპური დედები და ღირსი მამები, რომლებსაც სხვა აღარაფერი დარჩენოდათ უფრო სანატრელი, გარდა იმისა, რომ ერთხელ შორიდან მაინც თვალი შეევლოთ ჩვენი ქალაქის ამ საგანძურისათვის. მაგრამ არც ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ჭკუასუსტნი: აბა ეგრე სად იყო, რომ ქალაქის სიტურფე გაეუფასურებინათ და ყველასათვის ხელმისაწვდომი გაეხადათ? ჩვენი ქალაქის სტუმრები იმითაც უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ, რომ ჩვენი კომენდანტის წილხვედრ ქალაქში წარმოსახვით მისწვდომოდნენ მის ფალოსს. ამ მიზნით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეთა დაჟინებული მოთხოვნითა და ქალაქის სტუმართა ფინანსური ხელშეწყობით კომენდანტის ფალოსის ვეებერთელა მონუმენტი აღიმართა, რომლის საზეიმო გახსნასაც ჩვენი ქალაქის საზოგადოების მთელი ნაღები ესწრებოდა. ერთმა ჩვენმა ადგილობრივმა ბრძენმა თავის სიტყვაში ისიც აღნიშნა, რომ ჩვენს ქალაქს ცაში ატყორცნილ კედლებზე უკეთ კომენდანტის ფალოსი იცავსო.
 
კომენდანტის ფალოსის კი არა, მისი ვეებერთელა მონუმენტის სასწაულებრივ ძალაზე ჩვენი ქალაქის ისტორიული ქრონიკები მოგვითხრობენ. ასე, მაგალითად, ერთ სამედიცინო ოქმში წერია, რომ ერთ საკამოდ ასაკოვან ქალს კიდევ უფრო ასაკოვანი ქმრისგან შვილი მას შემდეგ შეეძინა, რაც სახელგანთქმულ მონუმენტს ხელით შეეხო. მის ასაკში მშობიარეობა კი ყველა გინეკოლოგს შეუძლებლად მიაჩნდა. უფრო მეტიც: ერთ ქალიშვილს, რომლის სხეულსაც ჯერ კაციშვილი არ გაჰკარებოდა, მხოლოდ სიზმრად დაესიზმრა კომენდანტის ფალოსი და ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ იგი მოულოდნელად დაორსულებულიყო. ამ ფაქტს მაშინვე მრავალი სკეპტიკოსი გამოუჩნდა, რომლებსაც მეტისმეტად გადაჭარბებული ეჩვენათ სასწაულმოქმედი ფალოსის ასეთი შესაძლებლობები და მანამ არ ირწმუნეს, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა ერთი-ორი ფალოსი მათაც არ მოახვედრეს. ხოლო ერთ ყმაწვილს, რომელიც გამოირჩეოდა თავისი მკრეხელური აზრებით, საჯაროდ შეუდგა იმის მტკიცებას, რომ მას ჩვენ კომენდანტზე დიდი და სასწაულმოქმედი ფალოსი ჰქონდა, რითიც მაც არაერთი სათნო ქალიშვილი შეაცდინა და ბოლოს ისე გაკადნიერდა, რომ საკუთარი ფალოსის აღმატებულების დასამტკიცებლად ჩვენი ქალაქის სიმბოლო ვახშმად მოიპატიჟა. კომენდანტის ნაცვლად მას ერთ საღამოს კომენდანტის ფალოსის მონუმენტი ესტუმრა და გეენიაში ამოხადა სული...
 
და თუმცა დღეს უკვე შორსაა ის დრო, როდესაც ჩვენს ქალაქს მამასავით გულში იკრავდა ჩვენი კომენდანტი, შორსაა ის ხალხი, ვინც მის ფალოსს ხედავდა, ხელით ეხებოდა, მის ნაყოფს სინჯავდა სიკეთისა და ბოროტების შესამეცნებლად, ჩვენ მაინც ვიცით და გვწამს, რომ თუკი ოდესმე ჩვენს ქალაქს საფრთხე დაემუქრება, მაშველად და მხსნელად უმალ გაჩნდება ჩვენი მფარველი კომენდანტის ფალოსი!
 
1996 წ.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული