• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მკვდარი ქალაქის ჩანაწერები

×
ავტორის გვერდი გიორგი შონია 00 , 0000 2538

 

(უპროლოგო და უეპილოგო პოემა,რომელიც იწერებოდა ორ ქალაქში,სამ ოთახში,სიცივესა და გაურკვევლობაში)

 

                                  “I had nothing to offer anybody except my own confusion.”

                                                                                                             Jack Kerouac

 

                                                                       „ჩემი ლექსები ლურჯი ნარინჯია“

                                                          

                                                                                                 გრიგოლ ცეცხლაძე

 

                                                                                           „Не каждый умеет петь“

                                                         

                                                                                                          Cергей Eсени

 

 
I

პირველად იყო გაურკვევლობა
და გაურკვევლობა ბუდობდა ჩვენს თვალებში
და გაურკვევლობა დებდა კვერცხებს ჩვენი სხეულის ყველა უჯრედში,
და ელოდა თავის პატარა გაურკვევლობებს,
რათა გაურკვევლობა ყოფილიყო უფრო მასიური და დინამიური.
და გაურკვევლობაში იმყოფებოდა წმინდა გიორგის ქანდაკება თავისუფლების მოედანზე,
რომელიც ზამთრობით ნაძვის ხის ფუნქციას ასრულებდა,
გაურკვეველი იყო ჩვენი თითოეული მოძრაობა,
რადგან გაურკვევლობით პარალიზებული იყო ჩვენი სხეულები,
და გაურკვეველი იყო ჩვენი მომავალი,
რადგან არ გვახსოვდა წარსული,
აწმოყოს კი ტელევიზორში ვუყურებდით
და არაფერი გვესმოდა,
და გაურკვეველი მომავლის შიში გვიპყრობდა,
და საკუთარ თავში ვიმალებოდით,
სადაც პატარა გაუკვევლობები წამოჩიტულიყვნენ,
შიმშილისგან პირი დაეღოთ
და საშინლად ჩხაოდნენ
და ითხოვდნენ ჩვენს დაჭიმულ ნერვებს ,
რომლებსაც ვიწყვეტდით და ხარკის სახით ვაძლევდით,
რათა მშვიდად გაგრძელებულიყო ჩვენი კოჰაბიტაცია..

 

II

 

იდგა ზამთარი გარეუბანში

და სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ქარი ეხეთქებოდა ჩემს ფანჯრებს,

და ფანჯრის ღრიჭოებიდან შემოსული ცივი ქარის მასები

უარყოფით ზეგავლენას ახდენდენ ჩემს შთაგონებაზე

ამიტომაც ბოდიშს ვიხდი

თუ პოემის ეს თავი დიდი მხატვრული ღირებულებით არ დაიკვეხნის.

 

მე არ მომწონდა მარტოობა,მაგრამ მარტო ვიყავი

და ჩემი ინსპირაციის წყაროც გაყინული იყო

მაგრამ ხანდახან ხვრელს ვაკეთებდი მასში

დაა ვთევზაობდი

რადგან შიმშილი

ალან გინსბერგზე მეტად ყმუოდა

და გრიგოლ ცეცხლაძეზე მეტად ყეფდა

და ტერენტი გრანელზე მეტად კვნესოდა

და დავიდ-დეფი გოგიბედაშვილზე მეტად ცოდვილობდა

და ქარებიც ბოროტი თვალებით მიყურებდნენ ფანჯრებიდან

 

მე კი ზამთრის ავტონომიურად გატარებაზე ვფიქრობდი..

 

 

III

 

ეგზისტენციალური შიშები გვიპყრობდა

და საკუთარი ჩრდილები გვაშინებდნენ

მაგრამ ჩვენ მაინც ვიზრდებოდით

და ვბრძენდებოდით,

და პოეტები ვბრძანდებოდით

და ვკითხულობდით რეალისტებს,მოდერნისტებს და პოსტ-მოდერნისტებს

და ანტიკურ ავტორებსაც ვკითხულობდით

რათა სიცარიელე შეგვევსო

მაგრამ სიცარიელე კარგი ახვარი ვინმე იყო

და სეპარატისტულადაც იყო განწყობილი

და ითხოვდა დამოუკიდებლობას,

ჩვენ კი სიზმრების დერეფნებში მივღოღავდით

და ვეძებდით დედებს

რათა საშოს გავლით,საშვილოსნოში ავღმოჩენილიყავით

ანუ სამშვიდობოს გავსულიყავით

და ბოლომდე გაგვეცნობიერებინა უშფოთველი და უდრტვინველი ცხოვრების სიამოვნება.

 

 

IV

                                                     სიყვარული,რომელიც არ არის სახიფათო,სახიფათოა.

                                                                                                                            პაატა შამუგია

 

პოემის წერისას ავტორს გაუთვალისწინებელი,რამ დაემართა

მას ერთი გოგო შეუყვარდა,

ანუ დაემუქრა საფრთხე,ბურზუაზიული კონტექსტებიდან ამოვარდნილიყო

რაც მის მკაცრად გაწერილ რაციონალური გეგმებს არ შეესაბამებოდა

( როგორც ვიცით ნებისმიერი სიყვარული სახიფათოა)

მას უნდოდა მშვიდად გაეტარებინა არდადაგების დღეები

დევიზით:

(რომელსაც მისი მეგობარი ზვიად მამფორია ხშირად იყენებდა ხოლმე )

 

„მასვი,მაჭამე,მალხინე

მატყნაურე და მაძინე

თუ მეტი რამე მოგთხოვო

სულ კარგის ტრაკი მაგინე..“

 

მაგრამ როგორც ერთ-ერთი ერის მამათაგანისგან ვიცით

ხანგრძლივ სოფელი არავის ახარებს

და ჩვენი საბრალო პოეტიც,გაურკვევლობაში იყო

და როცა შეყვარებული იყო

გაურკვევლობა გეომეტრიული პროგრესიით იზდებოდა,

ის კი რეალობის განცდას კარგავდა

და კარგავდა დედუქციის უნარს

(რაც ეგზომ საჭიროა დღევანდელ დღეს)

და კარგავდა ავტობუსის ბილეთებს

ამიტომაც ხშირად აჯარიმებდნენ კონტროლიორები,

სიყვარული უარყოფითად მოქმედებდა მის მატერიალურ შესაძლებლობებზე,

მაგრამ როგორც ყველა პოეტი

(და როგორც ვიცით ყველა პოეტი სულელია)

 ისიც ეძებდა  მინიმალურ საარსებო

და მაქსიმალურ ისნპირაციის წყაროებს.

 

რაც შეეხება გოგოს,

რომელიც დარჩენილი პოემის ინსპირაციის წყარო იქნება

როგორც იტყვიან

თავში ნამდვილი აჯაბსანდალი ჰქონდა

და ლესბოსურ ურთიერთობებზეც სერიოზულად ფიქრობდა

მაგრამ პოეტს ხიბლავდა,

მისი ავადმყოფური ინდივიდუალიზმი

და პირსინგი წარბზე

და როცა ღამით მასზე ფიქრობდა

მშვიდათ იძინებდა

და თქვენ წარმოიდგინეთ ტკბილ სიზმრებსაც კი ხედავდა

ამიტომაც პოეტი მიხვდა,რომ

სიყვარული

საუკეთესო საძილე საშუალებაა...

 

V

 

მე რომ ეს პოემა არ დამეწერა

ქვები დაიწყებდნენ წერას

და ლოდები მთებიდან ჩამოგორდებოდნენ,

და იქნებოდა დიდი ლექსთა ცვენა,

რაც ძალიან შეაწუხებდა

ქალაქის მარად წესიერ,პატიოსან და ბურჟუაზიულად განწყობილ

მოსახლეობას,

რადგან მათ არ აინტერესებდათ ჩემი ეგზისტენციური შიშით მოცახცახე ლექსები.

(ვერ გაამტყუვნებ)

 

ამიტომაც ვწერდი ჩუმად

და მინდოდა ბოლომდე ჩავღრმავებოდი ჩემი აზრების ირაციონალურ საწყისებს,

ამ ბოლო დროს მათი საერთოდ არ მესმოდა

რაც განაპირობებდა კიდეც გაუკვევლობის მოზღვავებას,

და სწორი გადაწყვეტილებების მიღების სიმცირეს.

 

მე კი ვზომავდი მანძილს ჩემიდან შენამდე,

ჩემიდან კმაყოფილებამდე,

ჩემიდან ბედნიერებამდე,

და შუა გზაში ვჩერდებოდი,

რადგან ვიღლებოდი

და ვჯდებოდი

მადლშემხმარ ქვაზე

და ვგრძნობდი ჩემი აზრების უპერსპექტივობას და აბსურდულობას.

 

VI

 

ორი რამე აოცებს ჩემს სულს:

ლექსის წერის დაუოკებელი სურვილი ჩემში

და საზოგადოების სიბეცე ჩემს ირგვლივ

 

ეს ორი რამ კი მიზეზ-შედეგობრივი მცნებებია

როგორც შენ და ჩემი ლექსები,

როგორც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი,

როგორც კაპიტალიზმი და მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ცხედარი,

როგორც მარტოობა და ხანგრძლივი დეპრესია

როგორც მარტოობა და პერმამენტული ნაბახუსევი

როგორც მარტოობა და პოეზია

როგორც მარტოობა და მარტოობა და მარტოობა

და საერთოდაც

როგორც გაუკვევლობა და სიყვარული

როგორც სიყვარული და გაურკვევლობა

 

მე კი ამ შუა პოემაში გაჭედილს,

და შიმშილით დალეწილს,

და პერმამნტული ხელმოცარულობისგან აღრენილს,

და ძნელად დასამტკიცებელი ჰიპოთეზებით გაფრენილს

და რაც მთავარია შენით გალეშილს

მინდოდა ავმდგარიყავი ჩემს სიმაღლეზე

სიცოცხლეში პიველად მაინც

რათა კარგად დაგენახე...

 

VII

 

მე ვამბობ,რომ ერთადერთი ცოცხალი წერტილი ქალაქში

ჩემი ოთახია,

ამიტომაც ის ყველა წმინდა ადგილზე მეტი მადლის მატარებელია,

 

ამ ოთახში ნივთებს ემოციები მირონივით მოსდით,

მე არ დაგაბოლებ

მაგრამ გავაბოლებ

და გეტყვი რომ

ოთახში ჰაერზე მეტი არ ხარ,

რადგან მხუთავი აირი და ნიკოტინი აშკარად მეტ სივრცეს იკავებენ,

და იმასაც  გეტყვი,რომ

უხერხული პაუზები სიყვარულის საუკეთესო გამოხატულებებია,

სულაც არაა საჭირო სიტყვები,

ამისთვის „რაფაელო“ არსებობს

და კიდევ უხერხული პაუზები.

 

ეს ლექსიც დიდი უხერხული პაუზაა,

გამოწვეული ჩემი იდიოტიზმით და

რათქმაუნდა გაურკვევლობებით,

რომლითაც,როგორც ავღნიშნე პარალიზებულია ჩემი სხეული.

მაგრამ ყველაფრისდამიუხედავად

მე პოეტი-ეგზისტენციალისტი  ვარ

და უპირობოდ ვიღებ თამაშის ნებისმიერ წესს,

რაც არ უნდა სავალალო აღმოჩნდეს შედეგები.

და დინებასაც მკვდარი თევზივით მივყვები,

და ლექსებსაც ძალიან ცოტას ვწერ,

რათა ჭერი არ ჩამოექცეს ჩემ მოჩვენებით სტაბილურობას,

და საკუთარი თავიდან არ გამომასახლონ

ჩემს ნერვებზე დაგეშილმა გაურკვევლობებმა...

 

 

VIII

 

                                                      „ისიც ვიცი, გამყოლად არ გინდივართ“

                                                                                    გაგა ნახუცრიშვილი

 

მე მივხვდი ,რომ  პოეზია სისულელეა,

და ეს პოემა კი უფრო დიდი სისულელე,

რადგან ის ვერ წვდება საგნების და მოვლენების სუბსტანციას,

და ვერც რაიმე ხელმოსაჭიდ სიბრძნეს გაზიარებს,

და იმდენად არაფრისმომცემია,

რომ სასურველი გოგოს გულის მოგებაც კი არ შეუძლია...

 

მას არ შეუძლია,გაფანტოს გაურკვევლობა

მას არ შეუძლია,იყოს ოპტიმისტი,

მას არ შეუძლია,ამოავსოს სიცარიელე,

მას არ შეუძლია განუხორციელებელი სურვილებისგან თავის დაცვა

და ხანგრძლივი დეპრესიების აცილება,

მას არ შეუძლია ჩიხებიდან გამოსვლა

და გადამწყვეტი მომენტებში გადაწყვეტილებების მიღებაც არ შეუძლია,

 

მას არ შეუძლია ჰარმონიულად იარსებოს საზოგადებრივ აზრთან,

მას არ შეუძილია,იყოს ვუდი ალენის ხუმრობებივით საინტერესო და სასაცილო,

მას არ შეუძლია,გამოიტანოს დასკვნები შეცდომებიდან,

და მიზეზები შედეგებიდან,

ამიტომაც ერთი ორმოდან ამობოღიალებისთანავე მეორეშე პირქვე ვარდება,

მას არ შეუძლია,გაახილოს თვალები დახუჭვის პერსპექტივის გარეშე,

მას არ შეუძლია,იყოს სასურველი,

ისევე როგორც მის  ზღვარგადასულად დაბნეულ ავტორს.

ამიტომაც არ გაგიკვირდეთ,

რომ პოემას

იმედგაცრუებისა და გაურკვევლობის არასასიამოვმო  სუნი ასდის.

 

IX

 

ო, Happy End-ო !! არ შეგეძლო სამხრეთ ამერიკული სერიალებიდან გადმოსულიყავი,

გადმოგეცურა ოკეანეები,გადმოგელახა კონტინენტები

და ჩემს პოემაშიც დაგედო ბინა,

 

ო, Happy End-ო !! შენ ბანალური ხარ,

მაგრამ ამავე დროს სასიცოცხლოდ აუცილებელი,

რადგან ყოველდღიური დამარცხებებით,

რუტინული კონტექსტებით,

და მოზღვავებული გაურკვევლობისგან დაღლილებმა,

და ემოციებისგან დაცლილებმა,

დროებით მაგრამ

მაინც ვიგრძნოთ ცოტაოდენი შვება,

რაც საკუთარი  გაურკვევლობებით ინფიცირებულ სხეულში ადაპტირების

საშუალებას მოგვცემდა,

ანუ მოგვცემდა დროს ფიქრისთვის,

რაც დაგვეხმარებოდა გაგვეანალიზებინა,

 

რომ ორმოები საიდანაც ამოვედით

არაფერია იმ უფსკრულებთან შედარებით

რომლებიც, წინ გველოდება,

რომ მომავალში უფრო მეტი თვალი და ყური დაგვჭირდება,

რათა უფრო საფუძვლიანად აღვიქვად მოვლენები ჩვენს გარშემო

და რათქმაუნდა ჩვენში,

რომ აუცილებელია დადაისტური სიჯიუტე,

ფუტურისტული რადიკალიზმი,

და სიურელისტური კრეატიულობა,

რომ „არ არსებობს სიცოცხლის სიყვარული უიმედობის გარეშე“

რომ საგნები და მოვლენები იცვლებიან

და უნისონში გვცვლიან ჩვენც

რაც ძალაუნებურად გარდაუვალი პროცესია.

რომ საკუთარი თავიდან გაქცევა

სულაც არ ნიშნავს სამშვიდობოზე გასვლას,

 

რომ შიშები უფრო და უფრო გაიზრდებიან

და დაიტოტებიან

და დაიფოთლებიან

და გამოიღებენ  ლექსებს,

რომლებსაც ეგზისტენციური კანი და აბსურდული რბილობი ექნებათ.

 

 

X

                                                              

                                                                          „შენ განაგრძობდი სიკვდილს“

                                                                                               ზვიად რატიანი

 

პირველად იყო გაურკვევლობა

და ბოლოსაც  გაურკვევლობაა

და გაურკვევლობა ისევ ბოგინებს ჩვენს Beat სხეულებში.

 

მე გაურკვევლობებს ვააშკარავებ,

და ასოების ფორმებს ვაძლევ

მაგრამ ამით არაფერი იცვლება.

გაუკვევლობები ჯიუტად არ გამოდიან ჩემი სხეულიდან

და მეტასტაზებივით ვრცელდებიან

და ვრცელდებიან

და ვრცელდებიან

და გამორიცხავენ

ჩვენი სურვილების ახდენის მინიმალურ შესაძლებლობებსაც კი,

და გამორიცხავენ ჩვენს სახეებზე ღიმილების დაბრუნების შესაძლებლობებსაც,

და რაც მთავარია

გამორიცხავენ,

რომ ვიყოთ უფრო მდგრადები

რათა იყოს რაციონალური ჩვენი თითოეული მოძრაობა.

 

ამიტომაც მე განვაგრძობ გაუკვევლობაში ყოფნას,

(რადგან სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს)

და განვაგრძობ ნევროზებთან გამკლავებასაც,

და განვაგრძობ წვას რომაული ყვითელი სანთელივით,

და მერე ავფეთქდები,

რათა ვარსკვლავებს ობობის ქსელის მაგვარი შუქი მოვაფრქვია.

და ლექსების და სიზმრების წერასაც განვაგრძობ,

და განვაგრძობ ურთიერთობას შემხვედრ სხეულებთან,

და  საკუთარი სხეულის თრევასაც განვაგრძობ.

 

მე განვაგრძობ..

პოემა კი გაურკვევლობაში მთავრდება...

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული