უძველესი პროფესია





კრიტიკა/ესსე

უძველესი პროფესია




 

თუ სწორად მახსოვს, პოეზია, ბოზობის შემდეგ,  ყველაზე ძველი საქმიანობაა. მე, როგორც სიძველეთა მოყვარული, ორივეს დიდ პატივს ვცემ და ქებას ვასხამ, თუმცა, ბოზებისა და პოეტების (უკაცრავად ტავტოლოგიისთვის) ადგილი, მგონი, აღარც დარჩა ამ სასტიკ სამყაროში. ამ სვეტში მხოლოდ ლექსზე ვიტყვი ორ სიტყვას.

ჩემზე ჭკვიანი კაცის თანახმად, ლექსი ცოცხლობს იმდენ ხანს, რამდენიც მის დაწერას სჭირდება. ამ ლოგიკით, კონკრეტულმა ლექსმა დროს რომ გაუძლოს, სულ უნდა იწერებოდეს, მთელი ცხოვრება. და რადგანაც ერთ პოეტს, ძირითადად, ერთი ცხოვრება ეძლევა, მას მარტო ერთი კაი ლექსი შერჩება ხოლმე, დანარჩენი სტატისტიკისთვისაა განწირული.

მესმის, რომ ამ თეორიაში ბლომად გადაჭარბებაა, მაგრამ ეს არაა მთავარი. საჭიროა, პერიოდულად დაისვას თავად პოეზიასავით ძველი და ხორკლიანი შეკითხვა: ვინ ან რამ უნდა განსაზღვროს ლექსი, როგორც კარგი ან ცუდი?

ადრე ამას კრიტიკოსები აკეთებდნენ, ახლა კი შეემატნენ თავად მკითხველ–მსმენელები და აკადემიური შეფასების პარალელურად, გაჩნდა ახალი კრიტერიუმები – „იუთუბზე“ვიზიტორების რაოდენობა, „ფეისბუქზე“ლაიქები, „ფრენდების“ შორისდებულები... პროზაზე რომ ვსაუბრობდეთ, აქ უფრო „ძლიერ“ არგუმენტსაც მივამატებდი – კომერციულ წარმატებას, თუმცა, „იუთუბის“ და „ფეისბუქის“რეალობაც ხომ კომერციაა, „არამატერიალური კაპიტალი“.

ჩვენ ვიცით ჯეფერსონ ბითკეს პოეზია, რომელმაც ათეულობით მილიონი ვიზიტორი და მომწონებელი დააგროვა „იუთუბზე“, ჩვენ ასევე ვიცით ჯონ ეშბერიც, რომელიც რამდენიმე ათას ვიზიტორსაც კი ვერ ქაჩავს, თუმცა ის სპეციალისტების – ფილოლოგებისა და ფილოსოფოსების ნებიერაა.

ვინაა მართალი – მეცნიერი თუ, რბილად რომ ვთქვათ, არასპეციალისტი მკითხველი (მსმენელი)?

ტოტალური პოსტმოდერნიზაციის დროში ხელაღებით ვერაფერს იტყვი. იტყვი და წამოვა თეორიები: მკითხველი – ავტორია, მკითხველი თანაავტორია, მკითხველი ღმერთია, ბუდაა, რამა კრიშნაა... რას არ მოიფიქრებენ ეს ინტელექტუალები, მკითხველს თავი რომ მოუქონონ!

მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით კომერციულობისა და ტალანტის გადაკვეთის წერტილებიც: მარკესი, რუშდი, ეკო... მშვენიერია, მშვენიერი, თუმცა მგონი, საკუთარ იდეას ვეწინააღმდეგები. არადა, რატომ ვიმტვრევ თავს? ამ ყველაფერზე ხომ დიდი ხნის წინ იფიქრეს, იდავეს, აპუტეს თმები ერთმანეთს და რაღაც დასკვნამდეც მივიდნენ.

პლატონი ვისაც უყვარს, ემახსოვრება „დიდ ჰიპიაში“ აღწერილი კამათი, სადაც ჰიპია სოკრატეს უმტკიცებს, რომ ნიჭიერების საზომი მისი კომერციულობაა – კარგად იყიდება? ესე იგი, კარგია. აქ სოკრატე ეწინააღმდეგება და ანაქსაგორას სახით მშვენიერი მაგალითი მოჰყავს. ანაქსაგორა კი, როგორც კულუარული წყაროები გვატყობინებენ, უფულო იყო, მაგრამ ნამეტნავად ნიჭიერი.

კიდევ კარგი, ეს პლატონმა თქვა, თორემ მე კი არავინ დამიჯერებდა!

გამოვიყენოთ კლასიკა, ის ზოგჯერ სასარგებლოც შეიძლება, იყოს.

 

© პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.