• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ორმოცდაათი ათასი სიმღერა

×
ავტორის გვერდი ირაკლი კაკაბაძე 00 , 0000 1665

 

”ორმოცდაათი  ათასი სიმღერაა ჩემში,

 ორმოცდაათი ათასი სევდიანი სიმღერა...”

                                                          სეზენ აქსუ

 

 

ორი ნაბიჯი უკან -

ოსვენციმისკენ,

ერთი ნაბიჯი წინ -

კალკუტისკენ,

მოდი და იწამე ციდან დაშვებული მარჯვენის,

მოგიზგიზე ცეცხლისა და ტრფობით ანთებული მისიონერების.

ცა კი არა, პირღია მიწაა,

მოკლული ძმების ზღვის ფსკერია,

დაგვყურებს და გვისმენს ხასიათის მიხედვით.

ამიტომ ჩვენი სიმღერები ქვისაა,

კლდისაა, რომლიდანაც ჩანჩქერი არ ეშვება,

ზურგისაა, რომლის სახე არ გვინახავს და

ძნელია იმღერო -

ცაში იყურებოდე და ხელში საკუთარი გამომხმარი თვალები გეჭიროს.

ძნელია შენი სიმღერები მუდამ მშრალი მდინარეების ზედაპირზე ტივტივებდნენ და

სიმღერებიდან გადასროლილ ბადეებს თევზი არასოდეს მოჰყვებოდეს.

რთულია თან იმღერო და თან

სიმღერის გარდა სხვა რამის გჯეროდეს,

სხვას ეკუთვნოდეს შენი ფიქრი, შენი ხმა ან შენი გული.

ჩვენ როცა ვმღერით, მხოლოდ საკუთარი ხმა გვესმის და

მას მივსდევთ  ბრმებივით,

ჩვენი სიმღერა ქვისაა  და ქვის გულებისკენ მიმართული,

შორეული გზებით მავალი და

კივილების ექოებით სავსე.

ორი ნაბიჯი უკან -

ოსვენციმისკენ,

ერთი ნაბიჯი წინ -

კალკუტისკენ.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული