კიდევ ერთხელ სიკვდილის უადგილობის შესახებ, რომელიც შთაგონებულია ნამდვილი ამბით და ალაგ–ალაგ შელამაზებულია არაფრისმომცემი მეტაფორებით





პოეზია

კიდევ ერთხელ სიკვდილის უადგილობის შესახებ, რომელიც შთაგონებულია ნამდვილი ამბით და ალაგ–ალაგ შელამაზებულია არაფრისმომცემი მეტაფორებით




არაა საჭირო სიკვდილი,
არსებობს უფრო ცივილიზებული გზები 
სინდისის დასამშვიდებლად, 
მაგალითად, ლექსის დაწერა,
თუნდაც, ცუდი ლექსის
(მთლად ამ ლექსივით ცუდისაც არა)
წუწუნი ამაოებაზე, 
შოპინგზე გასვლა, კუჭში გასვლა, კოსმოსში გასვლა, 
მაგრამ არცერთ შემთხვევაში – მარილზე გასვლა.
 
სიკვდილი არის ძალიან ასექსუალური,
არც კი ვიცი, დღეს მისით ვინ უნდა მოხიბლო,
მაქსიმუმ, მავანი ატავისტი ცვილის ბანოვანი,
ხოლო ნორმალურ ქალებს
ჰორმონი კი არა, წარბიც კი არ შეუტოკდებათ 
მსგავს ბანალურ საქციელზე.
 
ერთხელ #61 ავტობუსით მგზავრობისას 
ჩემ წინ მჯდარი ქალი მოკვდა,
აი, ასე უსირცხვილოდ: აიღო და მოკვდა.
რა უსინდისობაა, – გავიფიქრე,
და სისხლი, რომელიც მოიმარჯვეს ჩემმა თვალებმა,
ჩაიქცა გუგებში, 
სინანულის და უშედეგო მძვინვარების ნიშნად. 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.