საქართველოს ქრისტიანული ქრონიკები





პროზა

საქართველოს ქრისტიანული ქრონიკები




თავი პირველი

 

- ახალგაზრდა! გაიღვიძეთ! სულ მალე ეკლესიას მივუახლოვდებით!

თვალი გავახილე და შუა ხნის მამაკაცს მადლობის ნიშნად თავი დავუკარი.

- აი გამოჩნდა - მანიშნა უცნობმა და წამოდგა. მასთან ერთად ავტობუსში მყოფი ყველა მგზავრი წამოვდექით, ვისაც ქუდი გვეხურა - მოვიხადეთ და თავის დაკვრითა და პირჯვრის წერით პატივი მივაგეთ ტაძარს. ავტობუსში რომ ამოვედი, სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, რომელსაც ნიშნები ედგა წარწერით ”არ გამაღვიძოთ! კურთხევა მაქვს ძილში პირჯვრის წერაზე,” დაკავებული იყო; ამიტომ ჩვეულებრივ ადგილზე დავჯექი. ჩათვალეს, რომ კურთხევა არ მქონდა და გამაღვიძეს. საკმევლის კვამლის ფერი დღე იყო... უკვე მეორე წელი გავიდა მას მერე რაც ნორმალური ზედსართავი სახელების გამოყენება აგვიკრძალეს. ისე შევეჩვიეთ, ფიქრისასაც გვავიწყდებოდა, რომ წითელი წითელი იყო და არა საკურთხევლის ღვინის ფერი... ”წითელი ყვავილები!” დისიდენტურად გავიფიქრე და ეჭვით მიმოვათვალიერე ავტობუსი, ხმამაღლა ხომ არ წამომცდა-მეთქი. იმ დღეს ჩვეულებრივზე ადრე მოვდიოდი სამსახურიდან, პარასკევი იყო - მარხვის დღე. გამოგვიშვეს, და საერთოდ, სულ ასე გვიშვებდნენ მარხვის დღეებში - ოჯახის წევრებთან ერთად იტრაპეზეთო.

 

ჩემი სახლიდან ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი. მარხვას მხოლოდ სხვების დასანახად ვიცავდი, ოჯახის წევრები კი არ მყიდდნენ, დასმენაც ხო ცოდვაა, ბოლოს და ბოლოს. აუჩქარებლად გავუყევი გზას, არ მინდოდა ვინმეს ეჭვი აეღო - ეჭვის გამოთქმა უფრო მსუბუქი ცოდვაა ვიდრე დასმენა, ამიტომ ხალხი ხშირად ჩადიოდა. ეჭვიანთა რიგები იდგა მართლმადიდებლური პოლიციის შენობასთან. ”არა რა! მაინც სისხლში გვაქვს” კვლავ დისიდენტურმა აზრმა გამიელვა თავში, მაგრამ ამჯერად სამშვიდობოზე ვიყავი გასული და შემეძლო ხმამაღლაც მეთქვა ეს ყველაფერი.

 

ჩვენს ადგილს უკნიდან, ყრუ ქუჩის მხირდან, მივუდექი და უკანა კარიდან შევედი. სამზარეულოში კორკოტს ამზადებდნენ და სეფისკვერებს აცხობდნენ. ეს საეკლესიო რესტორანი დაახლოებით ერთი წლის წინ გავხსენით მე და ჩემმა მეგობარმა, მას შემდეგ რაც მოვინანიეთ და დედა ეკლესიამ ჩვენი ცოდვილი წარსული გვაპატია. მერე ჩემი უბნელი მამაოს დახმარებით კურთხევაც ავიღეთ და ეს სატრაპეზო გავხსენით. ჩვენი საქმე თავიდანვე წარმატებით დაიწყო. ახალი სამსახურიდან ორიოდ გროში მქონდა მოგროვებული და ფართის საფასური იმით გადავიხადეთ. ჩვენს გაზეთს, რომლსაც რუის-ურბნისის ეპისკოპოსის კურთხევა ჰქონდა, ბევრი მკითხველი ჰყავდა - ამიტომ ხელფასები შედარებით მაღალი გვქონდა. კულუარებში ღვთისგან რჩეულ ჟურნალისტებსაც გვეძახდნენ.

 

სამზარეულოდან სარდაფში ჩავედი, მთავარ მზარეულს ვუთხარი აღწერა უნდა ჩავატარო, იქნება რამე გვაკლია-თქო. კიბეებზე ჩასვლისას მზარეულმა მომაძახა ”დღეს ღვინო არ მოუტანიათ, ეტყობა ვერ მოახერხეს.” საკურთხევლის წითელი ღვინო იმ უბანში მდებარე ტაძრის სტიქაროსნებს მოჰქონდათ. რიტუალების ჩატარების შემდეგ ბევრი რჩებოდა, ამათ კურთხევა ჰქონდათ ღვინის გაჭირვებულ ოჯახთათვის დარიგებაზე, მაგრამ ქველმოქმედების ნაცვლად ჩვენთან მოჰქონდათ და ჰყიდნენ. ცოდვის ნაწილობრივ გამოსასყიდად ფულის ნაწილს გაჭირვებულებს ურიგებდნენ, მცირე ნაწილით სამ სანთელს ყიდულობდნენ და ხატების წინ ანთებდნენ, დანარჩენს კი თვითონ იხმარდნენ.

 

ჯერ სარდაფის აღმოსავლეთ კედელთან მდგარი ხატების მაგიდა გამოვწიე, მერე კედელზე აფარებული - ფანერა და კარი შევაღე. რამდენიმე მეტრიან კორიდორს აუჩქარებლად გავუყევი და რკინის კარს მივადექი. დაკაკუნებიდან ნახევარი წუთის შემდეგ კარის სარკმელი გაიღო და იქიდან ჩემი მეგობრის ხმა გაისმა:

”პაროლი.”

”ღმერთს ებარებოდე!”

 

***

 

- რა ქენი?

- რა უნდა მექნა? ჩავწერე რესპონდენტი და ნახევარი გავშიფრე.

- რაო?

- და რას მეტყოდა ახალს? იგივე ბაზარი, ლოცვა, თვით გვემა, და სხვა ათასი ყლეობა. სუჟეტი კრიალოსნების დამზადების ხერხები - მეტი არაფერი.

 

ჩვენს იატაკქვეშა დარბაზში უფრო თამამად ვსაუბრობდით. ეს დარბაზი შემთხვევით აღმოვაჩინეთ სატრაპეზოს სარდაფის რემონტისას. გადავწყვიტეთ საიდუმლოდ შეგვენახა და ერთვგვარი ”ანდერგრაუნდ” კლუბი გაგვეხსნა, სადაც ჩვენნაირი სულით და გულით ცოდვილები შევიკრიბებოდით და ვეცდებოდით ფუნდამენტალისტური ქრისტიანული რევოლუციის წინააღმდეგ რეაქციული მოძრაობა დაგვეწყო.

საქმე არ იძვროდა.

ჩვენს რიგებში კონფორმიზმი მძლავრად იყო გამჯდარი. ზოგს წყნარად ცხოვრება და უცხოეთში გაძრომის შანსისთვის ლოდინი ერჩივნა, ზოგს მართლმადიდებლური ინკვიზიციის ეშინოდა, ზოგსაც უბრალოდ ძალა აღარ ჰქონდა. მთელი ერთი წელი მე და ჩემი მეგობრები, რომლებსაც ჩვენი იდეალები არ გვასვენებდნენ, ვცდილობდით პროპაგანდისტული, კონფორმიზმის განმდევნი და ცოდვილი სული აღმაზევებელი ლექციები ჩაგვეტარებინა. ერთი ძველი კომპიუტერიც ავაწყეთ. ამის გამო თვეების განმავლობაში ვიქექეთ ნაგავ საყრელზე და ნაწილ-ნაწილ, მავთულ-მავთულ ავაწყეთ რაღაც მანქანა, რომელსაც ფილმების გასაშვებად ვიყენებდით. ჩავაბდნელებდით ოთახს, 50 კაცამდე მოვგროვდებოდით და ვუყურებდით ევროპული და ამერიკული კინოფილმების შედევრებს. ვინჩესტერი, რომელიც ამ მაქნას ჩავუდგით ალბათ ვიღაც ძალიან მაგარ კინომოყვარულს ეკუთვნოდა, ზეინტელექტუალური ფილმების მთელი ნაკრები იყო შიგ. მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვტრაბახობდით, რომ ეს ვინჩესტერი თვით იმ - წარსულში სახელგანთქმულ ტელეწამყვანს ეკუთვნოდა, რომლის სახელის ხსენებაც დღეს საერთოდ აკრძალული იყო ჩვენს ქალაქში. იმან რევოლუციას პირველივე დღეებში გაასწრო და საზღვარგარეთ გავიდა. ერთ-ერთი ინკვიზიტორი გვარად უნგიაძე იმასაც ამბობდა, ”მაგან სვეტიცხოველს 365-ჯერ რომ შემოუაროს მუხლის ჩოქებზე, მაინც არ შემოვირიგებთო” - ეს სიტყვები ერთი, მათი თქმით, ”როსკიპი დიაცის” ცეცხლზე შეხრუკვისას წარმოთქვეს. ეს სადამსჯელო რიტუალი ჩვენ შორიდან გვაყურებინეს, ყოფილი პარლამენტის შენობის ფანჯრებიდან, რომელიც ციხედ ჰქონდათ გადაკეთებული.

ჩვენი ჯერი რომ დადგა, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს შანსი მოგვცეს, ”თუ მოინანიებთ, ხალხს დაუჩოქებთ და პატიებას სთხოვთ, მერე სამი დღე და ღამე მეტანიების კეთებაში გაატარებთ შეგინდობთო.” ჩვენც დავთანხმდით. ცოდვილი შურისძიებით აღვსილებმა ყველაფერს გავუძელით, ჩვენს იდეოლოგიურ წინაპრებს შევპირდით, რომ ჩვენს შვილებს როგორც მინიმუმ რევოლუციამდელ მსგავს საქართველოში მაინც ვაცხოვრებდით. მართალია, შეგვეძლო თავი გაგვეწირა, მაგრამ ვინღა დარჩებოდა? ჩვენი იდეალებისთვის თავი დავიმცირეთ, იმ იმედით, რომ ჩვენს შვილებს ნორმალური ცხოვრების შანსს გავუზრდიდით. სამი დღის მერე ჩვენი ხალხის ლიდერი, აწ უკვე რეგენტად წოდებული, ტახტრევანიდან ჩამოვიდა. სანამ მოგვიახლოვდებოდა მედავითნეებს ტაშტების მოტანა უბრძანა. მოვიდა და როგორც ქრისტემ - თავის მოწაფეებს, ისე დაგვბანა ფეხები. ეს პატიების ნიშანი იყო - რეგენტმა ჩვენს წინაშე თავი დაიმდაბლა; შესაბამისად, ჩვენს ინტეგრაციას ქრისტიანულ საზოგადოებაში რეზოლუცია დაადო. ფიცარნაგიდან ჩამოსვლისას მშობლები შეგვეგებნენ და ჩვენი დაბრუნება, როგორც უძღები შვილებისა, იზეიმეს.

 

დარბაზში მარტო მე და ჩემი მეგობარი ვიყავით. აქაურობა როგორც წესი შებინდებისას ივსებოდა. ოთხშაბათობით და პარასკევობით ვიკრიბებოდით, რადგან ამ დღეებში მართლმადიდებლური პატრულის თანამშრომლების უმეტესობასაც უშვებენ სახლში და ქუჩაში მალულად მოძრაობა უფრო ადვილდებოდა. ჩვენი დიდი შრომის შედეგად დარბაზში პატარა მაგნიტოფონიც გვედგა, რომლითაც აკრძალულ მუსიკას ვუსმენდით ხოლმე. მიყვარდა მოგონებების მეშვეობით რევოლუციამდელ საქართველოში მოგზაურობა. ეს ყველაზე ლიბერალური პერიოდი იყო ჩვენს ქვეყანაში, მანამდეც ტირანია იყო - მომავალს კი ვერ მოვესწარით. მუსიკის საქმეც ცუდად იყო. რაღაც ”მართლმადიდებლური ჟღერის კომისია” კურირებდა ამ სფეროს. სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ Radiohead-ის Creep დაუშვეს ოფიციალურად, როგორც თვითდამდაბლებისა და ამპარტავნების წინააღმდეგ მიმართული სიმღერა. მოცარტითაც გაგვანებივრეს, ”ეგ მწვალებლური ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდაო, მისი მუსიკა თვით ღვთის გალობააო” - ეტყობა რომელიღაც დეგენერტმა ცენზორმა ფორმანის ”ამადეუსს” უყურა, რადგან იმავე საღამოს ეგ ფილმიც გაათეთრეს და აკურთხეს.

 

ჩვენი დარბაზი მიწის ქვეშ მდებარეობდა, ძველი თბილისური გვირაბის შემადგენელი ნაწილი იყო. ეს კუნჭულები არ გამოკვლიეს, შიგ სატანა იმალებაო ერთ-ერთმა კურთხეულმა თეთრმა მაგმა განაცხადა. სწორედ ამიტომ ჩვენი მუსიკის, კინოსეანსებისა და ღრიალის ხმა გარეთ არ გადიოდა. სატრაპეზოს 24 საათის განმავლობაში ვამუშავებდით, მარხვის დღეების დროს მუშაობაზე კურთხევა გვქონდა აღებული. დახლთან სულ იდგა ერთი ჩვენიანი. თუ ვინმე შემოვიდოდა და ”ფერეიდნულ თაფლს” იკითხავდა ე.ი. ჩვენიანი იყო, მას სარდაფამდე მოაცილებდნენ და მერე უკვე თვითონაც აგნებდნენ. ჩემი თავი ალკაპონეს მაგონებდა, ჩვენი სატრაპეზო კი 20-იან წლების ამერიკელი ბუტლეგერების ბუდეს - ოღონდ ვისკის ნაცვლად აქ თავისუფლებას ვშთანთქავდით.

 

დახლთან ჩვენი ლიბერალური საძმოს ერთ-ერთი წევრი იდგა. თუ ვინმე საეჭვო პიროვნება, მართლმადიდებელი პოლიციელი ან სასულიერო პირი შემოვიდოდა, ის საიდუმლო ღილაკს აჭერდა ხელს, რომლის მეშვეობითაც დარბაზში წითელი ნათურები ინთებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშეთიდან ჩვენი ჯოჯოხეთური აქტივიზმის ხმები არ ამოდიოდა, მაინც ვჩერდებოდით ხოლმე - მაინც ძალიან დიდი რისკი იყო. ერთია როცა გახრწნილ და ევროპაზე ორიენტირებულ საქართველოში ლიბერალობ და მეორე როცა ფუნდამენტალისტებთან შერიგებული დისიდენტობ. ამის გამო სიკვდილით დაგვსჯიდნენ.

 სიკვდილით დასჯის შესახებ საქართველოს ქრისტიანულ მთავრობას თავისი ახსნა ჰქონდა, მათი თქმით ცოდვილები ცეცხლში იწმინდებოდნენ თავისი ცოდვებისგან და საიქიოში ნაკლებად დამძიმებულები ხვდებოდნენ უფალს - შესაბამისად, ცის სასუფეველში მოხვედრის უფრო მეტი შანსი ჰქონდათ. წინასაინკვიზიციო რიტუალებისას ხშირად ყვებოდნენ იმ ქვეყნად გადასული ცოდვილების ისტორიებს, თურმე ისინი წმინდა ინკვიზიციის წევრებს ხილვებში ეცხადებოდნენ და მადლობებს უხდიდნენ. ”ერთი ჩემი მეზობელი, რომელიც ასე განვწმინდეთ დღემდე მადლობას მიხდის. მართალია, ის ცის სასუფეველში არ არის, მაგრამ არც გეენაში გაუმწესებია შემოქმედს. ის დღეს თავის დარჩენილ ცოდვებს ისყიდის და სალხინებელში მუშაობს. დაკარგულ და დათრგუნულ სულებს გზას უკვალავს,” სიამაყით ყვებოდა მისი ყოვლადუმწმენდელესობა ინკვიზიტორი უნგიაძე.

 

იმ დღეს დიდი დღე იყო! ბოლოს და ბოლოს უნდა გადაგვეწყვიტა როგორ გვემოქმედა. საჭირო იყო პირველი ნაბიჯი. იმის დაფიქსირება, რომ ჩვენ ვარსებობდით - სადღაც ჯურღმულში, მიწის ქვეშ, მაგრამ ვარსებობთ და ჩვენი უნდა ეშინოდეთ, ან იმედი ჰქონდეთ. კრებაზე რამდენიმე იდეა ჩამოიყარა, ძირითადად ბავშვური თამაშები. ყველაზე ექსტრემისტული (ყოველშემთხვევაში იმ ეპოქაში) და გაბედული ჩემმა მეგობარმა წამოაყენა, რომელიც მე მაშინვე მოვიწონე. იდეის მიხედვით, რამდენიმე მოხალისეს (თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს მოხალისეები ისევ მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ვიქნებოდით, სხვებს როგორც უკვე გითხარით კონფორმიზმი და შიში ღრღნიდათ) რეგენტის რეზიდენციის გალავანზე, დიდი შავი ასოებით, უნდა წაეწერა სიტყვა ”ყლე.” ჩვენ ვიცოდით, რომ ეს აქტი სერიოზულ ძვრებს მოახდენდა. რა თქმა უნდა საჯარო არ გახდებოდა და ხალხში ჭორის დონეზე გავრცელდებოდა, მაგრამ ფუნდამენტალისტურ ხელისუფლებას გვარიანად შეაშინებდა. ცხადია ამის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაიზრდებოდა და მართლმადიდებელი პოლიციელები ღვთიური ძაღლებივით ირბენდნენ ენა გადმოგდებულები. შესაძლოა აგენტური ქსელებიც გაებათ და ბოლოს ყველანი დავეპატიმრებინეთ. რისკები ყველამ კარგად ვიცოდით, მაგრამ დრო აღარ ითმენდა.

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.