• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ლოკალურის ძალადობა

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 03 მარტი, 2010 2224

ბეხუანოსები ცხოველს რომ მოკლავდნენ, მერე ბოდიშს უხდიდნენ. ეს მნიშვნელოვანი რიტუალი იყო, რომელიც ისეთივე მონდომებით ხორციელდებოდა, როგორც თავად  ნადირობა. დარწმუნებული ვარ, ცხოველისთვის ვერაფერი შვება იქნებოდა, სამაგიეროდ, ბეხუანოსებისთვის ეს აქტი ერთგვარი კათარზისი იყო,  აგრესიის მაკომპენსირებელი, დანაშაულის გამოსყიდვის საკრალური მომენტი, რომელიც მითოლოგიური აკრიბიით გაამაგრეს.

აქვთ, თუ არა მორალის აგრესიულ გუშაგებს მსგავსი რიტუალი, როდესაც დანაშაულის გაცნობიერების მომენტი დგება? იქნებ არც დგება ეს მომენტი? ვინ არიან ისინი? პასიური მრევლი, რომელიც მხოლოდ ლიდერის თითის დაქნევაზე აქტიურდება და  ხალხს ფიზიკურად უსწორდება? რიტორიკული კითხვებია. თითქმის.

უხამსობაა, იყო პასიური, პიროვნული იდენტობის გაუცნობიერებლად ემსახურებოდე კვლავწარმოებას, გენოფონდის ჭირვეულ კონსტიტუციას, ხედავდე პოლიტკორექტულ სიზმრებს, ათვალიერებდე რეალობას სპეციალურად შენთვის გამოყოფილი ჭუჭრუტანიდან, საიდანაც მოჩანს მორფოლოგიური კენტავრი:  მედია-მრევლი. და იყო კმაყოფილი.

არ ვაპირებ კულტუროლოგიური დისკურსების გაფილტვრას და დასკვნების ჩამოყრას, ამისათვის ზედმეტად თავმდაბალი ვარ. იმდენად თავმდაბალი, რომ მინისტრის შვილიც კი  არ ვარ. შესაბამისად, ჩემი ყოველდღიური ტრანსპორტი ყვითელი, კარგა ხნის წინ ჩამოსაწერი ავტობუსია, საიდანაც უკეთ მოჩანს საქართველო, ქართველი საზოგადოება. მგზავრული თემების მრავალფეროვან და ფაქტობრივად, უსასრულო ციკლს ამ დღეებში ილიას უნივერსიტეტის თემა შეემატა. „საიდუმლო სირობის“ გამოქვეყნების შემდეგ ილიას უნივერსიტეტი რამდენიმედღიანი აქციების ტალღაში მოჰყვა. მართალია, აქციები და მიტინგები საქართველოში ვის უკვირს, მაგრამ იყო აქ რაღაც სხვა, რაღაც თავისებური და ძალიან, ძალიან ნიშანდობლივი: 

ერთ მხარეს იდგნენ ანონიმური ღმერთების გუშაგები, მოინტელიგენტო რელიქტები, საკუთარ ჰორმონებზე ამხედრებული გრაალის მცველები, რომლებიც მუშტით ავრცელებდნენ „რწმენას“, „ზნეობას“ და მეორე მხარეს - ცენზურის მოწინააღმდეგე, დაქსაქსული ლიბერალები, რომლებიც ეს-ესაა, მემარცხენე და მემარჯვენე დისკურსებზე კამათობდნენ და ჯერ კარგად ვერც გამოერკვიათ, როგორ უნდა დაეცვათ თავი „წმინდა წიხლისგან“.  

რომ არა   ტელეკომპანია „კავკასიის“ეთერში შევარდნა და  ჟურნალისტებისა და სტუმრების სასტიკი ანგარიშსწორება, ალბათ, ეს დარბევაც შერჩებოდა მმკ-ს, როგორც ჰელოუინი შერჩა, ზაუტაშვილის გამოფენის დარბევა შერჩა, „დიდი ათეულის“ დახურვა შერჩა და ა.შ.  ამ დროისთვის  დაკავებულია „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ რამდენიმე აქტივისტი.  ხელმძღვანელები გარეთ არიან.

შუა საუკუნეეების ინგლისში სამეფო კარზე ჰყავდათ პაჟები, რომლებიც საერთოდ არაფერს აკეთებდნენ. თუმცა, დიდ როლს თამაშობდნენ  მომავალი მონარქის აღზრდაში. ერთი სიტყვით, ესენი იყვნენ პატარა ბიჭები, რომელთაც ტაკუნებს წკეპლით უსისხლიანებდნენ, როცა ტახტის   მემკვიდრე ცუდად იქცეოდა.

იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ისევ „პაჟებს“ ხომ არ ვცემთ „მემკვიდრის“ ნაცვლად?  ცხადია, მოძალადე აქტივისტების დაკავება სამართლებრივად ადეკვატური იყო, მაგრამ მათი წვერუხვი თუ „ჯერთ უწვერული“  ბოსები  (ისაკაძე-გულაშვილი) პასუხისგებას თუ არა, დაკითხვაზე გამოძახებას მაინც არ „იმსახურებდნენ?“ ეს ის კითხვაა, რომელიც გაჩნდა საზოგადოების მცირე წრეში და არ გაჩენილა ჩემი ავტობუსელი თანამგზავრების ტვინში, რომელთაც შესაშური გულმოდგინებით განევრცოთ „საიდუმლო სირობის“ თემა და ახლა უკვე მასონებზე გადასულიყვნენ.  ეს კი ის თემაა, რომლითაც ქართული მორალი საკუთარ მონოლითურობას  ტესტავს, აქ ყველა ერთიანია. მართალია, მთლად კარგად არაა ცნობილი, ვინ არიან მასონები, მაგრამ ეს, ცხადია, უმნიშვნელოა.

მორალის ქარხანა გაუჩერებლად მუშაობს, პერმანენტულად გვაწვდის უკანასკნელი მოდელის ტაბუებს, სრულიად ახალს, სრულიად ეჭვმიუტანელს და შესაბამისად, სრულიად გაუგებარს. რაც მთავარია, თინეიჯერების (მართალია, მცირე, მაგრამ მაინც) ნაწილიც ჩაითრიეს ამ აბსურდში და მთელი ეს „სამომხმარებლო პედოფილია“  რელიგიურ სწავლებად მოინათლა. ტოტალური შიშის კულტივირებით შეიქმნა მორჩილი და თავისდამქნევი მრევლის სახე, რომელსაც არ უჩნდება კითხვები...  იმიტომ, რომ ამ კითხვებზე პასუხები უკვე განუსაზღვრეს „მამაოებმა.“

მე არ მინდა, ვისაუბრო რელიგიაზე, როგორც კოლექტიურ ნევროზზე  არა იმიტომ, რომ ეს ასე არაა, უბრალოდ, აქ რელიგიის სახით მოგვევლინა სრულიად სხვა მოვლენა. აი, ისეთი, სახელის დარქმევაც რომ ჭირს და ზოგადი აღწერილობით ცდილობ, ძირითადი არსი გამოკვეთო, როგორც გამოცდაზე გასულმა აბიტურიენტმა.  რელიგია კი ის უკანასკნელი ნიღაბი აღმოჩნდა, რომლის ჩამოხსნის მერე შიშველი ტერორიზმი დავინახეთ თავისი სპეციფიკური სიმბოლიკებითა და დამთრგუნველი პათეტიკით.  მიუხედავად ამისა, ერთბაშად შეუძლებელიც კია, ეს ექსტრემისტული ჯგუფები რამე კონკრეტულ სუბკულტურას მიაკუთვნო.

ცნობილია, რომ  თვით ალკოჰოლურ ჰალუცინაციებშიც ვლინდება სოციალურ-კულტურული ფაქტორი. მაგ: ქრისტიან ალკოჰოლიკებს ეშმაკი ელანდებათ, ბუდისტებს დრაკონი, მუსლიმებს ჯინი და ა.შ.

რა ელანდებათ მმკ-ს და სმმ-ს ბრიგადებს, როცა ისინი რელიგიური ეგზალტაციის ქვეშ მყოფნი თავ-პირს ალეწავენ ადამიანებს?  ვინ მიუძღვით წინ ფსევდო რწმენითი თრობისას? რატომ ჰგონიათ, რომ ჭეშმარიტების პრიორიტეტები დასაკუთრებული აქვთ და მხოლოდ მათი გავლით ხდება საღი აზრის წვდომა? აღარაფერს ვამბობ სოციალურ ქსელებში გულაშვილის აქტივისტების მიერ გავრცელებულ აზრებზე, სადაც საუბარია „ქართველების მიერ სხვა ერებზე ჰეგემონიაზე“, „მათი შვილების სხვის შვილებზე ბატონობის“ იდეასა  და „მართლმადიდებელთა შეიარაღებული არმიის“ შექმნაზე.

როგორც ჩანს, ეს სუბკულტურა ჯერ კიდევ შემოქმედებითი და მეთოდოლოგიური ძიების პროცესშია და საბოლოო სულიერი მისია შესაძლოა, ქართული „Mein Kampf“-ის დაწერაში გამოხატოს.   

ავტობუსი გმირთა მოედანზე უხვევს. ვცდილობ, თვალში არ შევეჩხირო მკაცრ მორალისტებს, რომლებმაც უკვე ვერბალური ჯვარცმა მოუწყვეს დეისაძეს, გიგი თევზაძეს (ეს კაცი რა შუაშია, კაცმა არ იცის), გადასწვდნენ „პიდარასტ“ ბურჭულაძეს.  ცოტა არ იყოს, ვშფოთავ, ემანდ ჩემი რამდენიმე წლის წინ „მიქარული“ რომ გაახსენდეს ვინმეს, როგორ გინდა, დაუძვრე ამ ჭყლეტაში?

ცნობილი ქართული ტოლერანტობის შესახებ ჩემშიც ჯერ კიდევ შემორჩენილი მითი ნელ-ნელა ორთქლდება. ბოლო დროის ბატალიების სამოყვარულო ანალიზიც საკმარისია იმის სათქმელად, რომ ჩვენთვის მუშტის ენა სოციალური ინტერაქციის ყველაზე მშობლიური ვარიანტია. დიალოგი რა, ველური დასავლელები ხომ არ ვართ?

აქვე ვიტყვი, რომ ნებისმიერი კულტურული აქტივობა ძალადობრივია და ამავდროულად უვნებელი, როგორც მკვდარი მოწმე, როგორც უშნო შედარება (თუნდაც, ისეთივე უშნო, როგორც ეს შედარება). 

დეისაძის წიგნი (ისევე, როგორც ნებისმიერი (კონტრ)კულტურული ფაქტი, პროცესი, არტეფაქტი) პოზიტიური ძალადობა იყო, მაგრამ ის ასცდა (კონტრ)კულტურის კონტექსტს (შეიძლება, თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული ავტორის ან გამომცემლის მიერ) და სოციალურ პროდუქტად იქცა, შესაბამისად, დეაერაცია მძიმე ფორმებში განვითარდა და ავტორის სავარაუდო სურვილი, ლიტერატურული ფლანგიდან მოეხდინა კონკრეტული მდგომარეობის დარეფრეშება, ლამის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა.

და მაინც, მეორე მხარის რიტორიკა ურყევია:  გვაქვს 365 წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია,  ყველა უბანში 90-იანი წლების „ბუტკებივით“ გახსნილი ტაძრები, მოსახვევებში დამონტაჟებული ათასობით განათებული ჯვარი, ერთ მოქალაქეზე საშუალოდ სამი მღვდელი და შვიდი  სტიქაროსანი მოდის, მილიონობით მრევლი...

მავანი ციმერმანი ამაზე იტყოდა, რომ ესაა „ეგოს ფხანა ციფრებით.“ და პატიოსანი კაცი დაეთანხმებოდა ციმერმანს.

პ.ს.

ავტობუსი პეკინზე, რესტორან „ნიკალასთან“, საცობში იჭედება, მგზავრები ფუთფუთებენ, ჩემ გარშემო ქალები წყევლიან „დარსავაძეს“ (სინამდვილეში - დეისაძეს), კაცები იმუქრებიან და ევფემისტურად ციტირებენ ტელევიზორში ყურმოკრულ ფრაზებს „საიდუმლო სირობიდან“.  შუახნის მამრი თემას ავრცობს და დეისაძესთან ერთად „წმინდანების მაგინებელ“ ბუღაძესაც გაჰკრავს კბილს.  

მე თავს ვხრი და ჩანთაში, რაც შეიძლება ღრმად, ვჩურთავ “ლიტერატურულ ექსპრესს“.

 

ჟურნალი „ცხელ შოკოლადი“. 2010

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული