• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

მაგია, რელიგია და მეცნიერება

×
ავტორის გვერდი ზელიმხან უძილაური 00 , 0000 2866
0.მოკლედ:
მაგია პატარა მეცნიერებაა. და ხელოვნებაც, შემოქმედებაც. 
რელიგია და მეცნიერება ცნებების მაგიური დატყვევებაა.
(დატყვევება დატუსაღებაა, ცნებები კი არიან მაგ.: ’ღმერთი’, ’სული’, ’გონება’).
 
1.უფრო ვრცლად, ბიოლოგიურ პლანში
 
რელიგიის გაჩენა ადამიანურ უძლურებას მოწმობს. ადამიანმა რომ დაატყო მტერს - სიკვდილს, წარმავალობასა და ძლიერ მოწინააღმდეგეს ვერაფერს დააკლებდა, საკუთარი ძალებითა და მაგიით ვერ დაამარცხებდა და დაბლა ვერ დაანარცხებდა, ადგა და ძალაუფლება უფრო ძლიერს - ’ღმერთს’ გადააბარა. მაგია საკუთარი ძალების რწმენას ეფუძნება, რელიგია - სხვისას. მაგია აქტიურია, რელიგია - პასიური. აფერუმ ადამიანო შენს ჭკუას: სიცოცხლით გაუმაძღარმა შენზე ძლიერი რომ მოძებნე და მას მიეკედლე!
მაგრამ ’ღმერთი’ რელიგიაში მთლად უზრუნველად, მაპატიოს და, მთლად ’ქურდად’ ვერ ზის. მას მრავალნი ემეტოქებიან და ეცილებიან პირველობას: ’წმინდა’, ’ძალა’, ეკლესია, ინკვიზიცია, დოგმა, საცენზურო კომიტეტი... არსებობენ უღმერთო რელიგიებიც: ბუდიზმი, ჯაინიზმი, კომუნიზმი... პრინციპში, ყველა რელიგია უღმერთოა, რელიგიის თავი, შუალედი და ბოლო ადამიანია, ადამიანია ადამიანისთვის ღმერთიც, ეშმაკიც და ანგელოზიც. – 
ამბობდა ფოიერბახი, პროექციონისტი; მანამდე კი სხვები საუბრობდნენ.
 
რაც მთავარია, ერთი ბიოლოგიური თეორიის თანახმად, რელიგია დიაცის ჯიბრზეა მოგონილი. თავიდან დიაცი ანუ დედაკაცი მძლავრობდა, მატრიარქის ეპოქა ხომ დადასტურებულია, ქვეყნიერება ოდესღაც სამატრიარქო ყოფილა; პირველადამიანს სიცოცხლე სჩაგრავდა, ხოლო ქალი, - დააკვირდით, ისაც დააკვირდა, - სიცოცხლის წყაროა. უფროდაუფრო აკვირდებოდა ჯოგელი ანუ პირველყოფილი ჯეელი თავის მბრძანებელ ქალს და მან ელემენტარული ემპირიული, პირდაპირ, მეცნიერული დაკვირვების, უფრო ზუსტად, ქვევიდან შეჭყეტის საფუძველზე დაადგინა, რომ ქალის ძლიერების ანუ სიცოცხლის საიდუმლო იმ სისხლშია, ქალს რომ დროდადრო ემართება და ეჭირვება. ამიტომ მამაკაცმა სისხლი თავადაც დაიჭირვა, წინა დაიცვითა. წინადაცვეთის გზით ძალაუფლების რეგალიებს ართმევს კაცი ქალს, და რელიგიაც სწორედ ესაა: ქალის დამარცხება. ავსტრალიელი აბორიგენები თავიანთ სამამაკაცოებს ანუ საოხრეებს ისე იცვეთენ, რომ ჭრილობა, რომელიც თითქოსდა შეხორცებულია, დროდადრო თავისით იხსნება და მამაკაცებსაც ყოველ-თვიურად სისხლი სდით, ქალებივით. რელიგიის დვრიტა ქალობის წყურვილშია. პირველყოფილმა ეტყობა ყველაფერი იღონა, მაგრამ ქალადქცევის უკეთეს ხერხს ვერ მიაგნო თუ არა ისევ სისხლდენას ანუ რელიგიას. 
 
რელიგიური განვითარების ზენიტია ჰომოსექსუალიზმი, კაცის დაუფარავი ქალობა - ლიბერალური სამყაროს ახალი რელიგია. თუ ვინმემ დაგმო ეს რელიგია, მას არ ასცდება ფაშისტად, უკულტურო ტირანად და ტარტაროზად გამოცხადება. ზურგსუკან რაც გინდათ ილაპარაკეთ, მაგ.: არაა შემთხვევითი, რომ ჰომოსექსუალიზმი ანუ ბიბლიურ-პატრიარქალური წარმოდგენით სოდომია ყველა რელიგიის სპეცების ანუ ე.წ. ღვთისმსახურ-ყარაულთა მწვავე ვნებაა. ეს ყოველთვის ასე იყო და ასევე დარჩება(გავიხსენოთ თუნდაც რუის-ურბნისის კრების აქტები და უახლოესი სკანდალები ევრო-ამერიკულ არეალში, პედოფილი ჰომოსექსუალები!). რელიგიები თითქოს ებრძვიან სოდომიას, ქალობის სურვილს, მაგრამ რელიგია თვითონ ქალობაა. ქალობისგან თუ ხელს აიღებს, ის რელიგია აღარ იქნება, ”მეუფება, რომელი თავს განელტვის, მოოხრდება”. ჰოდა, ამას რომ მიხვდნენ ზოგ-ზოგები, აღარც ებრძვიან ქალადყოფნის ვნებას: პასტორ-პრისტერებს ნება აქვთ თავიანთი ახმახი პარტნიორები იქვე, ეკლესიასმიდგმულ სამღვდელოში იყოლიონ. მრევლი, ჰეტეროა, თუ ჰომო, ამას გაგებით ეკიდება; მეტი რა დარჩენიათ!.. როგორც ჩანს, ’სწორი რწმენაც’ ვერ იცავს კაცს ჰომოსექსუალური ვნებისაგან, რასაც რუმინული ეკლესიის მასიური ჰომოსექსუალიზაცია მოწმობს. მაგრამ არ შეგეშინდეთ, მგონი აქამდე ვხუმრობდი და ახლა სერიოზულზე გადავიდეთ.
 
რელიგია, ეს ბიოლოგიური გადახრა, სიცოცხლეზე ნადირობს, სიცოცხლის მაცოცხლებელთ: ქალს, სექსსა და ჭამას ეპატრონება და არეგულირებს. ”ნაკლები სექსი, ნაკლები ჭამა და ნაკლები ქალი” - ესაა რელიგია. რელიგია სიცოცხლის პარაზიტია, ადგენს რელიგიის ბიოლოგია. შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ მომეჩვენა, რომ შოთა გაგარინის ”თვიური” რელიგიის ბიოლოგიის პოეტური მანიფესტია: 
 
”მზევ შინა და მზევ გარეთა 
 
მზევ შინ შემოდიო.
ეს უძველესი წარმართული სიმღერა
გაისმის ყველგან,
სადაც ვცხოვრობთ ჩვენ.
 
აქ,
მზე ჩადის მხოლოდ ერთხელ, ყოველთვე.
თუმცა როდესაც მაღლაა და ჩრდილებს ვკარგავთ
შენ მაინც ამბობ: მომე მზე, მომე მზე
 
თავადაც მოვდივარ ზოგჯერ.
შენს კაბას ვწევ ზევით ნელა, როგორც დროშას
როგორც გამარჯვებულ დროშას,
როგორც წითელ დროშას რაიხსტაგზე
ერთდროულად უხეშად და მოწიწებით...
 
მაგრამ ხანდახან
ისეც ხდება, რომ მწარედ ვწბილდები.
თუ თვის ბოლოა, წითლად ელვარებს
ხინჭი დაისი,
მაშინ არა არს
შუქნიშანი თვინიერ მისი.
მაშინ მე ვგავარ მუხრუჭის წივილს.
შენ კი გაიძულებ იყო მზეთუნახავი
ანდა ქალთევზა”.
 
 
***
მთაში რიტუალური ’სახელის შადება’ დღესაც დიასახლისის პრეროგატივაა. ეს მოწმობს, რომ პირველიქურუმი ქალი იყო, თავდაპირველად რწმენა-წარმოდგენაც ანუ პროტორელიგია ქალის ხელში იყო, სიცოცხლეც, სისხლიც და, შესაბამისად, ძლაუფლებაც.
განთავისუფლდი ადამიანო, ნუ გშურს ქალის და მისი სისხლის! დაე თავისუფლება იყოს შენი რელიგია! იყავი თუნდაც რელიგიური, მაგრამ რელიგიისგან თავისუფალი! იყავი ის, რაც ხარ - კაცი, თუნდაც ცოლოსანი იერარქი, ქართული რელიგიური პრაქტიკის ერთადერთი წარმატებული მოდელი.
ასეთია რელიგიის ბიოლოგიის ანუ ბიოლოგიური რელიგიათმცოდნეობის ძირითადი პოსტულატები და მისგანვე შთაგონებული ავტოხთონური მოწოდებები.
 
 
2.მაგია, რელიგია და მეცნიერება - რეცა მეცნიერულად
 
მაგიის რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულების ეთნოლოგიური კვლევით დაუღლვილი ორი არქეხარია James Fraser(1854-1941) და Bronislaw Malinowski(1884-1942); 
ფრეზერის თეორიაში ლინეარულ-ევოლუციონურად ენაცვლებიან ერთმანეთს ეს სამი ფენომენი ადამიანის სულიერი ღწვისა: მაგია რელიგიამ აღგავა, რელიგია-მეცნიერებამ. მაგია სუსტი აზრის მეცნიერებაა(იხ. მისი ’ოქროს რტო’, The Golden Bough). მალინოვსკის აზრით, სამნი კოექსისტენციალურობენ; სამივე თანაბრად გონივრული პასუხებია ადამიანურ საჭიროებაზე(შეად. მისი ესსე Magic, Science and Religion; მალინოვსკის დამსახურება რელიგიის ეთნოლოგიისა და ზოგადად ეთნოლოგიის წინაშე როგორც ”თანამონაწილე დამკვირვებელის” მეთოდისა და ფუნქციონალური თეორიის დამამკვიდრებელისა, უდიდესია). ველურები მაგიას მიმართავენ იქ, სადაც განსაკუთრებულად უჭირთ ანუ თევზის დაჭერა ძნელია( ქართულ სიტუაციაზე დაკვირვებაც ადასტურებს მალინოვსკის თეორიის სისწორეს: სანამ ბიზნესის კეთება განსაკუთრებულად ძნელი იყო ჩვენთან, ლოცვა-კურთხევის მაგია უფრო აქტიურად გამოიყენებოდა). თუ მაგიამ არ გასჭრა, რწმენა მაგიისა არ შეირყევა, პირიქით, განმტკიცდება: ”წარუმატებლობა მოწინააღმდეგე, უფრო ძლიერი ჯადოქრის ანუ ისევ მაგიის დამსახურებაა”.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაგია თავისებური მეცნიერებაა და თავისი ლოგიკაც ამშვენებს: მსგავსი მსგავსს შობს. კონტაგენოზური ანუ შეხების მაგია, მაგ. ფურთხით ან სხვანაირი შეხებით( ზოგიერთ სექტებში - შედებით!) თავისთავად უკვე ძალაა. ჰომოეპატიურ-სიმპათეტური ანუ იმიტაციის მაგია ზეგავლენაა. მსგავსი მოქმედებით მსგავს შედეგს ვაღწევთ, თოჯინის დაწვა = მტრის განადგურებას. 
მაგიით არქაული ცნობიერების კაცი გარესამყაროს იმორჩილებდა, თავის ჭკვაზე ავლევდა და სწველიდა. რახან შეატყო, რომ ეს ზოგჯერ მის ძალებს აღემატებოდა და თავზეით ძალა არ იყო, ამიტომ მიმართა სამყაროს დამორჩილების პასიურ ხერხს. ეს ხერხი ანუ მეთოდი რელიგიაა. დაე ღმერთებმა უზრუნველყონ ყველაფერი, ისინი ხომ უფრო ძლიერნია, გონიერნი და ეშმაკები, ვიდრე ჩვენ, მაშ რაღა საჭიროა ძალების დაძაბვა, ჭინტვა და ჩხიბვა, თავს მოვუქონავ ჩემზე ძლიერს და დავაჭიდებ ჩემს მტერს: სიკვდილს, მეტოქესა თუ უბედურებას! ბარაქალა ადამიანო შენს მიხვედრილობას!
ფრეზერისა და მალინოვსკის მემკვიდრენი როგორც წესი, ორგვარიანები არიან, მაგალითად: E.E. Evans-Pritchard, A.R.Racliffe-Brown, C. Lévi-Strauss, L. Léwi-Bruhl... ზოგჯერ ორნი ერთად იკვლევენ, მაგ.: I.C. Iavri და Joseph Agassi(შეად. კრებულში Magic, გამომც. Kippenberg, 1987). თვით რუსეთშიც კი მაგია-რელიგიის კორელაციას ოდითგანვე Бобрищев-Пушкин, Бонч-Бруевич და მსგავსნი იკვლევენ. რაღაცაშია საქმე, ეტყობა ტყუპა გვარი მაგიურად მოქმედებს მაგიის კვლევაში. იქნებ რომელიმე ორგვარას, მაგ. ფანჯიკიძე-პაპუაშვილს მაგია-რელიგიის კორელაციათა კვლევაში ეცადა ბედო? ზემოთ დასახელებული ავტორები და ლიტერატურა ამ საქმეში კარგი დამკვალინებლის უღელს უსათუოდ გასწევს. გადმოთარგმნონ, გადმოიწერონ. საერთოდ, მეცნიერებაში ფონს გასვლის საუკეთესო ხერხია მკითხველს სრული ინფორმაციის ნაცვლად ინტერპრეტაცია მიაწოდო მინიმალური ინფორმაციის ფონზე; რაც სრულად არ იცი, არასოდეს გისწავლია და ვერასოდეს შეიმეცნებ, ყოველთვის იოლი საინტერპრეტაციებელია! 
ზემოხსენებული Evans-Pritchard - ის თანახმად, უცხო რელიგიური სისტემები ჩვენებურად კი არა, მათივე ლოგიკითა და წინაპირობით უნდა იქნას რეკონსტრუირებულიც, ინტერპრეტირებულიც და გაგებულიც(იხ. მისი Witchcraft, Oracles and Magic…)… საერთოდ კი, რელიგიის ენა სიმბოლოა და რელიგიაში არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. რელიგიის მისია ის კი არაა, -გვიხელს თვალებს რელიგიის სოციოლოგიის მამა ემილ დურკჰაიმი, - მორწმუნე სხვაზე უკეთესი გახადოს ფიქრსა თუ ღწვაში, არამედ სხვაზე უფრო წარმატებული, მეტის მქონე! ხომ არიან უფრო წარმატებული და ხომ აქვთ ყველაფერი, მიმოვიხედოთ ჩვენს გარშემო! ჰოდა, ესაა რელიგია! - წარმატების ჯადო!
 
რელიგიური მარილი მეცნიერებაშიც მრავლადაა, მეცნიერების ნამდვილი ღმერთებია, მეცნიერული მოღვაწეობის წარმატებას რომ აკურთხებენ: ემპირია, დესკრიპტივიზმი, კანონზომიერება, Ratio, Common Sense და, ჩვენთან ყველაზე მეტად : ’მისაღები გამოცდები’.
P.S. სამართლიანად შფოთავს Ludwig Wittgenstein ფრეზერის მეცნიერული გულუბრყვილობის გამო: ისე აკრიტიკებს და ლოგიკურ ჭკუას თხოვს მაგიურ-რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებს, თითქოსდა ეს წარმოდგენანი მეცნიერული თეორიები იყოსო! 
 
 
3.პირადი შთაბეჭდილება
 
მიუხედავად ნაჩხუბრობისა, რელიგია და მეცნიერება, - ყოველშემთხვევაში, დღევანდელ დასავლეთში, - ერთი გაცრეცილი გამოთქმა რომ ვიხმაროთ, მშვიდობიანად თანაარსებობენ. ეს ზავი მათ შორის მოჩვენებითია თუ ნამდვილი, დროებითი თუ ხანგრძლივი, ვერ გეტყვით, ამას დრო გვეტყვის. მაგია განდევნილია, განაპირებული, მეცნიერება-რელიგიის უნიისა თუ შეთქმულების მსხვერპლი. მაგიას შეუძლია მხოლოდ არალეგიტიმურად იარსებას: ’შავი კატების’, ’ავი თვალების’, ოთხშაბათობების’ სახით. ოთხშაბათი სექსის მაგიური დღე და მასულდგმულებელია, ისევე როგორც ჩვენთან ორშაბათისა და ხუთშაბათის თავდაუბანლობა უსაყვარლეს ადამიანთა დღეგრძელობას ასულდგმულებს: 
„ქალო, ნუ იბან თავსაო
ორშაბათ-ხუთშაბათსაო,
ან მოგიკლვენ ძმასაო,
ან ნაფერებ ქმარსაო...“
 
მე მგონი მაგია ნებისყოფის ვარჯიშია.
25.VI.2003/27.IV.2010.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული