• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

წმინდა მთის ბატონი

×
ავტორის გვერდი demo.ge 00 , 0000 3082

მთარგმნელი: ალექსა ჩიღვინაძე

(დ. ვოლჩეკის ინტერვიუ ალეხანდრო ხოდორვსკისთან)

ხოდოროვსკი ჩილეში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე დაიბადა, თუმცა მისი მშობლები წარმოშობით უკრაინელი ებრაელები იყვნენ. XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოსა და 50-იანი წლების დასაწყისში ალეხანდრო ხოდოროვსკი ქმნის ახალგაზრდა ტალანტების მოძრაობას, რომელშიც მის გარდა შედიან ხოსე დონოსო, ენრიკე ლინი, ხორხე ედვარდსი და სხვები. პარალელურად, იგი ჩილეს უნივერსიტეტში აყალიბებს პანტომიმის ექსპერიმენტალურ თეატრს, სადაც ერთდროულად არის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, მსახიობი და კომპოზიტორი. მიმის ხელოვნებას მარელ მარსოსთან სწავლობს, პარიზში. ფერნანდო არაბალესთან და როლანდ ტოპორთან ერთად აარსებს პოსტსტრუქტურალისტურ მოძრაობას "პანიკა".

მისი პირველი ფილმი, "მოჭრილი თავები", დაკარგულად ითვლება. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ეს იყო მცდელობა, თომას მანის მოთხრობის მიმების ხელოვნებით გადმოცემისა. ხოდოროვსკის მეორე სურათი - არაბალის პიესის "ფანდოს და ლის" თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა. ამ ფილმმა პრემიერაზე, რომელიც აკაპულკოს ფესტივალზე გაიმართა, საშინელი სკანდალი გამოიწვია. ატყდა ჩხუბი და ფესტივალი გადაიდო. მექსიკაში "ფანდო და ლის" აკრძალეს, ამერიკაში დაამონტაჟეს და კადრები ამოჭრეს. ამ სურათის თავდაპირველი ვერსიაც დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ იქნა აღმოჩენილი. 

"თხუნელა" (El Topo, 1971) - ხოდოროვსკის ყველაზე ცნობილი ფილმია. მასში მთავარმა გმირმა უდაბნოში მცხოვრები ოთხი მისტიკური მსროლელი უნდა დაამარცხოს. ამ ამოცანის შესრულების შემდეგ, ის ლეთარგიულ მდგომარეობაში ვარდება და მახინჯი ჯუჯუებით დასახლებულ გამოქვაბულში იღვიძებს, რომელთაც გვირაბის გათხრას და ამ ქვაბიდან განთავისუფლებას დაპირდება. მისტიკური სპაგეტი-ვესტერნი სავსეა პოლიტიკური მინიშნებებით, ბუდიზმით, სისხლიანი სცენებით. 

უნდა ვახსენოთ ნიუ-იორკის ერთი პატარა კინოთეტრის მეპატრონე ელგინ ბენი ბარენჰოლცი, რომელმაც გარისკა და ღამის სეანსის დროს გაუშვა "თხუნელა". რამდენიმე თვის განმავლობაში ფილმს ნახევრადცარიელ დარბაზში აჩვენებდნენ... შემდეგ დაიწყეს მოსვლა ჰიპებმა, გაიგეს რა ამ უცნაურ ფილმზზე. ნახევარი წლის შემდეგ კი კინოთეატრთან ჩერდებოდნენ ლიმუზინები, ხოლო სალაროსთან კილომეტრიანი რიგები იდგა. ხოლო მათ შორის, ვინც ამ ფილმით აღფრთოვანდა, იყვნენ: ენდი უორჰოლი, ჯონ ლენონი, იოკო ონო.

"ბითლზის" მენეჯერმა ალენ კლიაინმა, ლენონის რეკომენდაცით, ხოდოროვსკის ახალი სურათის "წმინდა მთის" დააფინანსებაზე დათანხმდა. ხოდოროვსკის ეგონა, რომ ფილმში თვითონ ლენონიც ითამაშებდა, მაგრამ მან ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა ვერ გადაწყვიტა, რომელშიც მალე მთელი გადამღები ჯგუფი ჩაერთო. ხოდოროვსკის ჩანაფიქრით, დასაწყისში მსახიობებს უნდა გაევლოთ სულიერი განწმენდის კურსი, ისინი იაპონელი გურუს მეთვალყურეობის ქვეშ მედიტირებდნენ და ყლაპავდნენ LSD-ს.

ფილმი - წმინდა მთის ძიებაზეა, რომლის მწვერვალზეც ისინი გახდებიან უკვდავნი და ის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ ექსპერიმენტად იქცა კინოს ისტორიაში. საკმარისია ავღნიშნოთ, რომ პირველი რეპლიკა ისმის ლამის ნახევარი ფილმის გასვლის შემდეგ, როცა ექსკრემენტების ოქროდ გადაქცევის პროცესია ნაჩვენები. წმინდა მთა - ფილმია, რომელიც სრულიად სცილდება კინემატოგრაფიის ტრადიციებს, სცილდება თანამედროვე თეატრის ტრადიციებს და არ ექვემდებარება კრიტიკულ ანალიზს.

"წმინდა მთაზე" მუშაობის დასრულების და მისი ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ალეხანდრო იწყებს ფრენკ ჰერბერტის რომანის, "დიუნას" ეკრანიზების პროექტზე მუშაობას. 10 საათიან ფილმში, რეჟისორი სალვადორ დალის და ორსონ უელსის მოწვევას ვარაუდობდა. მაგრამ პროდიუსერებმა, ხოდოროვსკის ამ ავანტიურისტულ პროექტზე მუშაობის დაწყება ვერ გაბედეს და ფილმი, რამდენიმე წლის შემდეგ გადაიღო დევიდ ლინჩმა.

შემდეგი ფილმის ჩავარდნის შემდეგ, რომელიც ინდოეთში გადაიღო., ხოდოროვსკი მიდის კინოდან და ცნობილ მხატვარ მებიუსთან ერთად ინტელექტუალურ კომიქსების გაკეთებას იწყებს. პარიზის Cabaret Mistique ყოველ კვირას ატარებს ტაროს სეანსებს.

89-ში გამოდის ჰოდოროვსკის "წმინდა სისხლი", 1990-ში ფილმი "ცისარტყელას ქურდი", რომელშიც მონაწილეობენ პიტერ ო'ტული და ომარ შარიფი. ჭორები კი მის ახალ ჩანაფიქრებზე აგრძელებს ცირკულირებს.

მე მას პარიზში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს შევხვდი. ელისეის მინდვრები ქომაგებით იყო გადატენილი. ხოდოროვსკი ფანჯარასთან იდგა: "ერთი ამ ფანატებს შეხედე! - ამბობდა ის - დამეთანხმეთ, ფეხბურთი, ეს ჰომოსექსუალური ფანტაზიების ნამდვილი ზეიმია. კაცები სხვა კაცებს აღმერთებენ, თვალს არ აშორებენ, ყვირიან, ჩხუბობენ კიდეც მათი გულისთვის და ეს ყველაფერი სპორტითაა შენიღბული"


ფერნანდო არაბელმა მითხრა, საეჭვოა რომ თქვენ კიდევ გადაიღებთ ფილმებს, იმიტომ რომ თავი მთლიანად ტაროს მიუძღვენით, ეს მართლაც ასეა?

მე კინოზე უარის თქმას არ ვაპირებ, მაგრამ ცხადია, რომ ბოლო დროს ჩემი შემოქმედებითი ძალები უფრო მეტად ტაროს, კომიქსებს და პროზას ხმარდება.

თქვენი ბოლო კინემატოგრაფიული პროექტი - "თხუნელას შვილებია". მე ვიცი, რომ ამ პროექტით დაინტერესდა პროდიუსერი ალფონსო არაუ, ფილმის აფიშაც ვნახე. რა სტადიაზე ხართ?

არაუმ ვერ შეძლო საჭირო თანხის მოძიება, ამიტომ პროექტი ფრანგმა პროდიუსერმა ივ გასელმა გადაიბარა.

რატომ გადაწყვიტეთ მეოთხედი საუკუნის შემდეგ, ისევ დაბრუნებოდით თხუნელას ისტორიას?

ფილმის თემებს ცხოვრებასთან შეხება არ აქვთ, მაგრამ ამის მიუხედავათ, ისინი ითხოვენ პასუხებს. "თხუნელა" პატერალიზმის პრობლემას ეძღვნებოდა. ფილმში არის მამების კასტრაციის თემა - გახსოვთ გენერლის კასტრაცია? ახალ ფილმში სხვა თემა იქნება - შვილების პრობლემა. 70-იანებში როცა ამ ფილმს ვაკეთებდი, მსოფლიო სავსე იყო დიქტატორებით, ახლა ისინი გაქრნენ. დღეს მთავარი პრობლემა ძმათა შორის კონფლიქტებია. აიღეთ იუგოსლავია, ისრაელი... მინდა ფილმი ამ ომებზე გადავიღო.

ეს თხუნელას ისტორიის გაგრძელება იქნება? 

სახელის შეცვლას ვაპირებ, აბელკაენი - ალბათ ასე ვუწოდებ, ერთ სიტყვად... 

შეგიძლიათ თქვენი ოჯახის ისტორია მოგვიყვეთ?

შარშან გამოიცა ჩემი რომანი "ჩამომხრჩვალი ღმერთის ხე" - ეს არის ჩემი ოჯახის ისტორია, თუ როგორ აღმოჩნდა ის ჩილეში. ჩემი მშობლები ოდესიდან არიან. ბებიაჩემი საყვარელი შვილი წყალდიდობისას დაიხრჩო, დნეპრში. ის წიგნების კარადას ჩაეჭიდა, რომელშიც თალმუდის მძიმე ტომები ეწყო და ჩაიძირა მასთან ერთად. ამის მერე ბებია გაბრაზდა ღმერთზე და უარყო იუდაიზმი. ჩილეში მათ თქვეს, რომ რუსები იყვნენ. მამამ გახსნა ფეხსაცმლის მაღაზია და "უკრაინული სახლი" დაარქვა. ბებია ლაპარაკობდა მხოლოდ რუსულად. ბაბუა მალე მოკვდა. ეს მამის მხრიდან. დედის მხრიდან კი ბებია ერთ-ერთი დარბევის დროს გააუპატიურა ვიღაც ჯარისკაცმა, შემდეგ ჩამოვიდა ჩილეში და გააჩინა დედაჩემი. მამის გვარი - ხოდოროვსკია, დედის - პრუჟანსკი, აი, ჯარისკაცის გვარი არ ვიცი.

მართალია რომ მამათქვენი ტროცკისტი იყო?

მამაჩემი კომუნისტი იყო, მაგრამ არა ტროცკისტი, არამედ სტალინისტი. ის ჰგავდა კიდეც სტალინს, ისეთივე ულვაშს ატარებდა, სტალინივით იმოსებოდა. დედაჩემის ბიძა კი - მელოტი და უკბილო, ძალიან ჰგავდა განდს. ასე რომ მე გავიზარდე სახლში, სადაც სტალინი და განდი იყვნენ.

ტაროსადმი თქვენი ინტერესი ალისტერ კროულის ოკულტიზმს უახლოვდება თუ უფრო იტალო კალვინოს ესთეტიურ სავარჯიშოებს?

ერთიც არის და მეორეც. ტაროში - არ არის ოლულტური ენერგია. ტარო - ენაა, როგორც მაგალითად რუსული ან ფრანგული. ბოლო ოთხი წელი მარსელის ტაროს რესტავრაციას მოვახმარე, გამოვეცი კიდეც, ბროშურასთან ერთად. ეს დიდი ხნის მეცნიერული შრომის ნაყოფია, ის ზუსტად შეესაბამება მეთხუტმეტე საუკუნის ორიგინალს. ტაროს ენაზე ლაპარაკი შეიძლება. ეს - სიმბოლოების ენციკლოპედიაა. ტაროს მოსმენა კი, ისეთივე სიამოვნებაა, როგორც მშვენიერი ლექსისა.

ტაროს კარტი ჩანს "წმინდა მთის" პირველ კადრებში. შეიძლება ითქვას რომ თქვენ დიდი ხანია გატაცებული ხართ...

ახლა 69 წლის ვარ. პირველი შეხება 19 წლის ასაკში მქონდა. უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა. ახლა კარგად ვფლობ ამ ენას... დაახლოებით 2000 მოსწავლე მყავს.

არაბალმა თქვა, რომ თქვენ არ ხართ დაინტერესებული მაგიით. მაგიით, გატაცებულები მხოლოდ ისეთი იდიოტები არიან, როგორიცაა გაბრიელ გარსია მარკესი. ეთანხმებით მას?

ნაწილობრივ ვეთანხმები, კერძოდ, ვეთანხმები იმაში რომ მარკესი - იდიოტია. თუმცა მაგიით შეიძლება გონიერი ადამიანებიც დაინტერესდნენ.

თავის დროზე თქვით, რომ სხვა კინემატოგრაფისტები ფილმებს თვალებით აკეთებენ, თქვენ კი კვერცხებით აკეთებთ...

დიახ, რათქმაუნდა კვერცხებით, მაგრამ მე სამი კვერცხი მაქვს და ყოველ ფილმთან ერთად ერთ მათგანს ვკარგავ. ახლა მხოლოდ ერთი დამრჩა. ამიტომ მეშინია კიდევ ერთი ფილმის გადაღება.

წესით, უკანასკნელი, "ცისარტყელის ქურდის" გადაღებისას უნდა დაგეკარგათ...

"ცისარტყელას ქურდი" - ფილმი არაა. ეგ მხოლოდ გამოცდილებაა. ადრე კინოს ბიუჯეტის გარეშე ვაკეთებდი. ჩემი ფილმები ძვირადღირებულად გამოიყურებოდნენ, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. და აი, გამოჩნდა პროდიუსერი, მდიდარი ადამიანი, რომელიც მზად იყო დაეხარდა 14 მილიონი დოლარი, იმისათვის რომ თავის ცოლისთვის თავი მოეწონებინა. მე გადავწყვიტე გამეგო, როგორია გადაიღო ფილმი, როცა გაქვს ფული და გყავს პროდიუსერი, რომელიც ცხოვრებას გიშლის. რათქმაუნდა, ეს გამოცდილება არ მომეწონა. და არც მას. მიზეზი ის არის, რომ მე ვერ ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა. ის კი ვერ იღებდა იმას, რისკენაც მიისწრაფოდა. ასე რომ ეს მხოლოდ გამოცდილებაა, და არა ფილმი.  

პროდიუსერმა კლაუდიო არჯენტიომ ერთხელ თქვა, რომ თქვენი ფილმის "წმინდა სისხლის" გმირს, პროტოტიპი ჰყავს და თქვენ იცნობთ იმ ადამიანს, მართალია ?

დიახ! მართალია! ახლა მე სულ მთლად ყვერების გარეშე დავრჩი. იმიტომ რომ მესამე ფილმი დამავიწყდა, წმინდა სისხლი. აი, რატომ მაქვს ასეთი მაღალი ხმა. ახლა შემიძლია ეკლესიის მგალობელთა გუნდშიც ვიმღერო. მე დავთანხმდი კლაუდიო არჯენტიოს შემოთავაზებას, გამეკეთებინა ეს ფილმი, იმიტომ რომ ვიცნობდი ადამიანს, სახელად ჰოჯო ჰარდენასს, რომელმაც მექსიკაში 24 ქალი მოკლა და თავისი დედის ბაღში დამარხა. შემდეგ მან აღიარა დანაშაული და მიესაჯა 10 წელი, პატიმრობა ფსიქიატრიულში. ის უკვე გამოჯანმრთელებული იყო, როცა გავიცანი. ადვოკატი გახდა. მას არაფერი ახსოვდა. დამიჯერეთ, ის სრულიად ნორმალური ადამიანი იყო. მასთან გაცნობისას მივხვდი, რომ შესაძლებელია მოინანიო. მას ორი ქალიშვილი ჰყავდა, რომლებმაც მამამისის წარსულის შესახებ ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ თითქოს არაფერი. მისი შემხედვარე, მივედი დასკვნამდე, რომ საზოგადოებას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შეუძლია ცოდვების მონანიება. ადამიანები არა სიძულვილის, არამედ შეშლილობის გამო ხოცავენ ერთმანეთს. ამაზეა "წმინდა სისხლიც".

ამ ფილმში თქვენი შვილი, აქსელი თამაშობს. ეს მისი ერთადერთი როლია კინოში?

ის მსახიობია, ანტონენ არტოს თეატრში თამაშობს. და ჩემი დანარჩენი შვილებიც - ასევე მსახიობები არიან.

არიან თუ არა რეჟისორები, რომლებიც ახლოს დგანან თქვენთან, მაგალითად თქვენი თანამემულე რაულ რუისი?

რაულ რუისი - არც ისე ახლოს დგას, მაგრამ შესაძლოა, ის უკანასკნელი ნამდვილი ხელოვანი იყოს კინოში. მე ვაფასებ მის დამოკიდებულებას კინემატოგრაფთან. რამდენიც არ უნდა ქონდეს ფული - 1000 თუ მილიონი დოლარი, ის ნებისმიერ შემთხვევაში გადაიღებს. ეს არის ადამიანი, რომელიც ბოლომდე საკუთარი თავის ერთგული რჩება. სიმართლე რომ ვთქვა, მე მისი მხოლოდ ერთი ფილმი მაქვს ნანახი - "მოპარული ნახატების ჰიპოტეზები". მისი ნახვა, ჩემმა მეგობარმა, ხულიო კორტასარმა მირჩია, მის აზრს კი ვაფასებდი. ამიტომ ვნახე. ეს სრულიად საპირისპირო პოლუსია იმისა, რასაც მე კინოდ ვთვლი. მაგრამ ფილმი - შესანიშნავია.

თავის დროზე "დიუნას" გადაღება ჩაგეშალათ და ეს ფილმი დევიდ ლინჩმა გააკეთა. დათახმდებოდით და დაუბრუნდებოდით ამ გრანდიოზულ პროექტს, ამის შესაძლებლობა რომ მოგეცეთ?

როცა გავიგე, რომ ფილმი არ გამოვიდოდა, მოებიუსმა სცენარის მიხედვით ნახატები გააკეთა, ასე რომ არარეალიზებული ფილმი კომიქსად გარდაიქმნა. მე ახალი პერსონაჟი, მეტაბარონი მოვიფიქრე. ეს კომიქსი საოცარი წარმატებით სარგებლობს, ბესცელერი გახდა. ახლა გამოდის აშშ-ში. მალე ჰოლივუდში მივფრინავ, სადაც ჩემი კომიქსის მიხედვით ფილმის გადაღება იგეგმება.

დევიდ ლინჩმა თუ გთხოვათ რჩევა, როცა დიუნას გადაღება დაიწყო?

არა... მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ფილმის გადაღებას მარტო მე შევძლებდი. მაგრამ, როცა გავიგე რომ ლინჩს უნდა გადაეღო, ავად გავხდი. ძალიან ვაფასებ ლინჩს, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ფილმის გაკეთებას ისიც შეძლებდა. კინოში, ფილმის დაწყებისას გაფითრებული ვიჯექი სავარძელში, მაგრამ რაც მეტს ვუყურებდი, მით უფრო კარგად ვხდებოდი, ლოყებიც შემივარდისფრდა, იმიტომ რომ ფილმი სრული მძღნერი აღმოჩნდა. მაგრამ ეს ლინჩის ბრალი არ არის, ეს მისი პროდიუსერის დინო დე ლაურენტისის ბრალია, რომელიც ყიდულობს საუკეთესო რეჟისორებს და აიძულებს მათ გააკეთონ ნაგავი.

მართალი რომ "წმინდა მთის" გადაღებისას ჯგუფის წევრებს აშიმშილებდით, რათა ისინი გასხივოსნებულიყვნენ?

უარესი, "წმინდა მთის" გადაღება რომ დავიწყე, ვთვლიდი, კინო - წმინდაა, კინემატოგრაფი - წმინდაა. ყველას გასხივოსნება მსურდა. საკუთარი თავის ჩათვლით. ფილმში არ არიან პროფესიონალი მსახიობები. ყოველი მათგანი თავის თავს თამაშობს. ფაშისტი - ნამდვილი ფაშისტია, მილიარდელი - ნამდვილი მილარდელი, ბოზი - ნამდვილი ბოზი. ყოველი პერსონაჟი თავის საკუთარ ისტორიას ჰყვება. სანამ გადაღება დაიწყებოდა, ეს ადამიანები, რამდენიმე თვის განმავლობაში სახლში იყვნენ ჩაკეტილები, საიდანაც გამოსვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მათ დღე-ღამეში ოთხი საათი. ყველა მუშაობდა, თავის სავარჯიშოებს აკეთებდა, მათ უყვარდათ ერთმანეთი. მაგრამ გასხივოსნების და სულის განწმედის მაგივრად, იქიდან მასხარებივით გამოვიდნენ, იმაზე წუწუნით, რომ მათ თურმე საჭმელს არ აჭმევდნენ.

თქვენი პირველი ფილმი "მოჭრილი თავები" გაქრა, "ფანდო და ლისიც" დიდი ხანი დაკარგულად ითვლებოდა...

არა მარტო ეს ფილმები, არამედ "თხუნელა" და "წმინდა მთაც" დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. ალენ კლიანი "წმინდა მთის" ორიგინალს ხელიდან არ უშვებს. აცხადებს რომ, კარგი ღვინის მსგავსად, ეს ფირიც დროის გასვლასთან ერთად უკეთესი გახდება და თვლის, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ, მილიონებს იშოვნის. მაგრამ ის - უბრალოდ გასიებული ღორია. ასე რომ მე და კლიაინი სიკვდილის რბოლაში ვართ ჩაბმულნი. მე ვიმედოვნებ, რომ ის ჩემზე მალე მოკვდება.

თქვენს ფილმებს მოიხსენიებენ, როგორც სიურრეალისტურს. თქვენ თვლით თუ არა თავს სიურრეალისტად?

მე - "პანიკის" მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი ვარ. სიურრეალისტები ცოტა შეზღუდულები იყვნენ. მაგალითად, ანდრე ბრეტონი, არ იყო დაინტერესებული ფანტასტიკით, როკ-მუსიკით და კიდევ მრავალი რამით. "პანიკას" არ ჰქონდა პირდაპირი კავშირი სიურრეალიზმთან. ჩვენ სიურრეალიზმსაც დავცინოდით, იმიტომ რომ თანამედროვე ხელოვნება სულ სხვა რამეა...

თქვენს ფილმებში ორი მსგავსი სცენაა - "წმინდა მთაში", როცა მოხუცი იღებს თვალს და აძლევს გოგონას და მეორე - წმინდა სისხლი, კაცი მასკარადზე იჭრის ყურს და ცდილობს გოგონას პირში ჩაუტენოს, მე მეჩვენება რომ ეს ანარეკლია თქვენი დამოკიდებულებისა სექსსთან...

ნამდვილმა ხელოვანმა ზუსტად არ იცის რას აკეთებს. ნიცშემ თქვა, რომ რაც უფრო მაღლა ცისკენ წევს ხე თავის ტოტებს, მით უფრო ღრმად მიდის ფესვებით მიწაში. რაც უფრო ინტესიურად ვეძებ რაღაც ამაღლებულს, მით უფრო ღრმად მივდივარ სიბნელეში და საშინელებაში. როცა ეს ორის სცენა გადავიღე, არ მესმოდა, რას ვაკეთებდი. ახლა მესმის. გარყვნილი მოხუცი, უწვდის თავის ხელოვნურ ორგანოებს უმწიკვლო არსებას. ის ახდენს დემონსტირებას იმისა, რომ ხელოვნური თვალი აქვს, ხელოვნური ყური და ის ცალთალა, ცალყურა, მალავს თავის ზარალს, სახელს უტეხს უმანკოებას. ორივე შემთხვევაში გოგონების მშობლები - მეძავები იყვნენ. უმანკოება უზნეო სამყაროში იბადება. ყვავილი სიბინძურიდან იზრდება. და ის რის გამოთქმასაც ამდენი ხანი სიტყვებით ვცდილობ, ეკრანზე წუთიც არ გრძელდება.

თქვენი ფილმების პათოსი, გავრისკავ და ანტიქრისტიანულს დავარქმევ მას... ქრისტიანულ დოგმებს დასცინით თქვენს ერთ-ერთ პოპულარულ კომიქსსშიც...

საიდან მოიტანეთ?

კომიქსში თქვენი გმირი, სორბონის პროფესორი, აჩენს მესიას, რომელზეც კოლუმბიელი ტერორისტისგან დაორსულდება...

განა ეს მნიშვნელოვანია? ეს ხომ ზღაპარია. ამ ზღაპრის მე არ მჯერა. თუ ვილაპარაკებთ მითზე - მითი შესანიშნავია. მე უკვე აღარ მჯერა ზღაპრების და მაოცებს ის ხალხი, რომლებიც ისევ მზად არიან დაიჯერონ. როგორ შეუძლია რაციონალურ ადამიანს ადამის და ევას ისტორიის დაჯერება? რომ ევას ვაშლი გველმა მისცა. როგორ შეიძლება მსგავსი სისულელე დაიჯერო, ან თუმდაც სულიწმინდით ჩასახვა? როგორ შეიძლება ასეთი ზღაპრების გამო ერთმანეთის დახოცვა. ისრაელში გაჩვენებენ ადგილს, სადაც დაიბადა იესო ქრისტე, ის სახელოსნოც მაჩვენეს, სადაც დურგალი იოსები მუშაობდა, მაჩვენეს ადგილი, სადაც ჯვრის ზიდვისას დაეცა იესო. იერუსალიმი - იგივეა, რაც დისნეილენდი და ამის გამო ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ. მე არ მწამს რელიგიის, მე მწამს მისტიკის. როგორ შეიძლება დაიჯერო ის რომ ღმერთს ჰქვია სახელი: იეღოვა, იესო ქრისტე, ალაჰი ან ბუდა? როგორ შეიძლება ღმერთი ვინმეს საკუთრება გახდეს? როგორ შეიძლება დაწვა ადამიანი და თან ქრისტიანულ მიმტევებლობაზე ისაუბრო. როგორ შეუძლია ებრაელს იტიროს იმის გამო, რომ მისი გოგო ცოლად არაებრაელს გაჰყვა? როგორ შეუძლია მორწმუნე მუსულმანს თქვას, რომ ვისაც მისი ღმერთის არ სჯერა, ურჯულოა! ზუსტადაც რომ ღორის ხორცი უნდა ჭამო - ის ყველაზე სუფთა ხორცია. რა გაქვთ ღორის, ამ მშვენიერი ცხოველის საწინააღმდეგო, ვერ ვხვდები. მე ებრაელი ვარ - და პიჯაკზე ღორის ლორის ცხიმის ლაქებია. მასში გამოწყობილი ვმედიტირებ. 

თქვენ ერთხელ თქვით, რომ კინოსაგან ის გსურთ, რასაც სხვები ფსიქოდელიური ნარკოტიკებისგან ითხოვენ...

დიახ, მხედველობაში მქონდა, რომ ეს ეფექტი მაყურებელზეც გავრცელდებოდა, იმიტომ რომ მე ჩემი ნარკოტიკი მაქვს...

საშიში ხომ არ არის კინემატოგრაფი, რომელიც ადამიანებზე ნარკოტიკივით მოქმედებს?

საშიშია ყველაფერი. მათ შორის ეს ინტერვიუც. ხელოვნება არ სვამს კითხვას, საშიშია თუ არა ის. როცა ვერტერი გამოქვეყნდა, ორი ათასმა ახალგაზრდა თავი მოიკლა. ოთხმა ევანგელისტმა ახალი აღთქმა დაწერა და შედეგად მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ევენგელე - ატომური ბომბასავით არის. რამდენი ადამიანი დაიღუპა ბუდას სწავლებების გამო? მე არ ვარ ბუდაზე, იესოზე და გოეთეზე საშიში, იმიტომ რომ ყველაფერი საშიშია. რაც შეეხება ნარკოტიკებს, მას შეიძლება ორი მხრიდან შევხედოთ: პირველი - ადამიანი იღებს ნარკოტიკს გართობისთვის. მეორე - შესაძლებლობაა, რომელიც შამანურ რელოგიებშია, როცა შამანი ეხმარება ადამიანს გასცდეს რაციონალურ სამყაროს საზღვრებს. მაშინ ფსიქოდელიური ნარკოტიკები იქცევიან გასაღებად, სხვა სამყაროში გამავალ კარს რომ ხსნის. კინოფილმებიც, როგორც მე მესმის, გასაღებია ცნობიერების გასაფართოვებლად. ადამიანი, კინოდარბაზიდან, გამოდის შეცვლილი, და არა ისეთი, როგორიც შევიდა.

კითხვამ რელიგიაზე ხოდოროვსკი გააბრაზა. "მითხარით, რატომ არ დაქორწინდა რომის პაპი" - იმეორებს ის, დამშვიდობებისას, - "სად არის დალაი ლამას ცოლი, რატომ მალავენ ისინი თავიანთ ცოლებს, იქნებ ისინი ჰომოსექსუალები არიან? არა, იქნებ თქვენ მაინც ამიხსნათ!"



 

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ Premiere #9, 1998

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული