ღარიბი სიზმრებიდან





კრიტიკა/ესსე

ღარიბი სიზმრებიდან




"ცხოვრება ერთი საშობაო ზღაპარია, 
რომელიც თითქმის მიივიწყა მთავარმა გმირმა."

გამოღვიძებული, საწოლიდან, დიდხანს ვუყურებდი მუქ ღრუბლებს. დღე ასე დაიწყო. დღე ასე დამთავრდა. დარჩენილი დღის მიღმა ვერ ვხვდები, როგორ დავიწყო კარლო კაჭარავაზე წერა. რა გამომივა? მაგრამ როგორც თვითონ ამბობდა, დასაწყისი და დასასრული მხოლოდ პირობითობაა, რომელიც ცხოვრებას ართულებს. ასე რომ...

"მე მივაგენი ამ ენას - მიღმა ჩამონათვალთა, ნისლის, განმეორებათა მიღმა -
და მივიჩნიე ის მაღალფარდოვნად და სადად.
ალმოდებული კუნძული.
წვიმაში გაღებული სარკმლები, ბალახიდან დანახული ცა, მთვარეული დები."

კიდევ, ის ვინც მუქ ჭაობში და ფაიფურის ვარდებს შორის გდია ნამსხვრევივით, მეფის ქალიშვილი მდინარეში დაკარგულ სარკეში რომ იხედება, ბოისის ძაღლი, ქვის ვარდი სარეცხ მანქანაში, სინდიოფალა, დედოფალი მთვარისაგან გამოჭრილი ჯვრით ცისფერ ღვინოს რომ სვამს, სნეული ანგელოზები, თოვლს გადევნებული რკინიგზის ანგელოზები, მგზავრობის ანგელოზები, ანგელოზები - მაჰმადიანი ლტოლვილი ბავშვის იერით, ორფეოსის მზერის ნაწილები, მიღმა სიტყვათა, ჩვევების დამკვიდრებად რომ იქცნენ და ასე ზღაპრები, მითები, ღარიბი სიზმრები, გაფანტულები ლექსებში, ნახატებში...

"მადლობა უფალს! ჩემი პერსონაჟები მუდამ ჩემთან იქნებიან. ეს უცნაური ლამაზი არსებები, რომლებიც (ჯერ კიდევ მირნში მივხვდი) ისე უნდა დაიხატონ, თითქოს ერთდროულად მირბიან, ეცემიან, მიფრინავენ. მე ვერავინ წამართმევს ვერცერთ მათგანს. ისინი არ არიან ბევრნი, ახლა უკვე ვიცნობთ მათ."

"ამგვარად, თუ შესაძლებელია ჩემი ხელოვნების დამახასიათებელი ნიშნების ჩამოთვლა ესაა: ინტიმიზმი, ეგზისტენციალური სუბიექტივიზმი, ეგოცენტრიზმი, ასოციაციური ესთეტიზმი, თავისუფალი ემოციონალიზმი და სურვილთა სახეხატებად გაცხადებით მათი გარკვეულწილად შესრულება, ახდენაც." - წერდა კარლო ჯარში, სადაც სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ აღმოჩნდა. და წარმოვიდგენ მას, არხანგელსკის ოლქში, სამხედრო ფორმაში, მაშინდელი საბჭოური კანონებით გასაიდუმლიებულ და ჩაკეტილ სამხედრო ქალაქ მირნში, ყაზარმულ რეჟიმში ...

"მხოლოდ ამ ჯოჯოხეთში გავიგე, არსებობს ჩემი სამშობლო, საქართველო, სადაც უნდა დავბრუნდე და ყოველნაირად ვეცადო აზროვნების მიმართულებით და წესით, წარმოსახვით, მოვალეობით და მსახურებით ჩემი ბედი მთლიანად მას დავუკავშირო, რომ არასოდეს არ მომიწიოს მისი დატოვება. ახლა მე უკვე ვგრძნობ სად არის ჭეშმარიტი ნათელი და თუ აბსურდული სასჯელიდან, რომლისთვისაც თვითონ გავწირე თავი მშვიდობით დავბრუნდები, გადატანილი ტანჯვის ერთადერთი აზრი. ეს მიგნება აღდგენილი რწმენა იქნება. - ეს არის 1986 წელს, სამხედრო ჰოსპიტალში გაკეთებული ჩანაწერი.

მისი ნახატები დაცულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის (მოსკოვი, ნიუ-იორკი, ლონდონი, ჰელსინკი, ბარსელონა პარიზი, ბერლინი და სხვა) გალერეებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მან 1984 წელს მამუკა ცეცხლაძესთან, გოგა მაღლაკელიძესთან, გია ლორიასთან ერთად დაარსა მხატვართა ჯგუფი “არქივარიუსი”. თვითონვე იყო ჯგუფის მანიფესტის ავტორი. შემდეგ უფრო დიდი ჯგუფის “მეათე სართულის” ერთ-ერთი მთავარი "მოქმედი გმირი" გახდა. 1994 წლის 9 აპრილს ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ (ანევრიზმა, თავში სისხლის ჩაქცევა) 30 წლის ასაკში, კარლო კაჭარავა გარდაიცვალა...

"ხოლო მათ ეცვათ რაღაც უმბრისფერი და მწვანე, მაშინ, როცა დღე საბოლოოდ ქრება.
და ვიღაც მათ გვერდზე მოდიოდა შადრევანში დასველებული ფრთებით.
მისი სილუეტის მიღმა ჩანდა ქარხანა, მისტიკური ფანტომი-იარაღი
და უნებლიე საცხოვრებელი ოცნებებისა,
უკეთესი ცხოვრების შესახებ, რომელშიც მუშები მცენარეებს ჰგავდნენ
ჭუჭყიანი ტბის ფსკერზე.
ვაგლახ, რომ მათ მთვარეულ მოძრაობებს
ქარხნის მიღმა, ქარხანაზე უფრო დაუნდობლად სპობდა გარემო."

"აქ, ამ დამპალ ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნად უინტერესოა ნებისმიერი აზრი, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. რაზეა საუბარი თუკი ოცდაცხრა წელი ტყუილად მიცხოვრია, რადგან დღეს ცხოვრების ელემენტარული პირობები არ გამაჩნია ამ დაწყევლილ ქვეყანაში, რომელსაც სამწუხაროდ, ჩემი სამშობლო ჰქვია."

"რა სავალალოა, რომ პროვინციალიზმი (რომელიც არასოდეს არ ყოფილა ჩვენში) ჩემი თაობის დამაბრკოლებელ, შესაზარ თანამგზავრად იქცა. ჩვენ ქართველები, ფანატიკურად ჩამოვრჩით ყველაფერს. ის, რაც ახლა ხდება ჩვენში, ჩვენი მტრების წაქეზებულია. საერთოდ ბოლოს გვიღებს, გვალპობს."

"რა დროს ეს არის, ეს დილეტანტური პოლიტიკოსობა და ნაციონალისტური ლოზუნგებით ბოდვა. არ ყოფილა ჩვენი საშველი. სამშობლო, რომელშიც ჩემნაირებს აღარც დაედგომებათ ცოტა ხანში.

ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება, ვშიშობ თითქმის ვერ ასატანად. ჩვენი აზროვნებაც ხომ ბანალურია ამგვარი მონაცემებით განპირობებული, გარშემო ყოველივე უაზრო ან უაზროდ ტრაგიკულია. ცხოვრება ჭირს, მოქმედების უნარი დასაბამშივე ატროფირებული; ყველაფერი ცინიკურია, გვეშინია ამ ცინიზმის და მისი "გადარჩენის" იარაღად ქცევას ვლამობთ."

"ტელევიზორში ქართველები ისევ თავის საგალობლებს ბღავიან. ბავშვობაში მეგონა, რომ მხოლოდ არაბები იყვნენ სულელები, რომლებიც სულ ლოცულობდნენ, მაშინ, როდესაც ებრაელები მათ ქვეყანას ბომბავდნენ და ომს იგებდნენ, არაბები ამ დროს მუხლებზე დამხობილნი მიწას თავს ურტყამდნენ. როგორც ჩანს, ჩვენში ყოველთვის უფრო მეტია რაღაც აღმოსავლური, ვიდრე ჩვენ ამის წარმოსახვა შეგვიძლია, ვიდრე ვვარაუდობთ."

"ჩემი სიზმრების პირქუში განურჩეველი ხმაური, ხშირად ვერნანახი, ჩემამდე გარდაცვლილი წინაპრების ჟესტებით, საუბრებითა და თავგადასავლებითაა შექმნილი. ამ უფერულ მუქ ქაოსში მათი ცხოვრების უცნაურად იერცვლილი ეპიზოდები მათი ისტერიული სიმუნჯით, წვალებით ვერგაცხადებული შეტყობინებები ერთიან დამთრუგვნელ, საზღვარმოუნიშნავ სამყაროს ქმნიან. აქ მხოლოდ შიში, სირცხვილი და სინდისის ქენჯნაა და არ ჩანს არავითარი გამოსავალი შემაშფოთებელი თანამიმდევრულობა აბსურდული, ვერგახსენებული, მაგრამ ამის გამო არანაკლებ შემაძრწუნებელი თავგადასავლებისა. ძალიან ცოტაა ამ ყველაფრიდან გამორჩეული რაიმე მნიშვნელოვანზე მისათითებლად. ამ ბოლო დროს საკმაოდ მძიმე შიშით ვცხოვრობ, მძიმე სიზმრების გარემოცვაში."

"მე ვიცი ადამიანები, რომლებიც სამუდამოდ ტოვებენ საქართველოს და ემიგრაციაში მიდიან. დრო და დრო სულ უფრო იშვიათად ჩამოდიან, თითქოს მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოემშვიდობონ თავიანთ დაკარგულ ქალაქს, დაკარგულ სატრფოს, რომლის სიყვარულის უფლებაც თავის დროზე წართმეული ჰქონდათ."

"არქაიზმებით გადატვირთული მაღალფარდოვნება მხოლოდ იმის ნიშანია, რომ რეალურად ამ საზოგადოებაში პიროვნება და მისი ელემენტარული უფლებები დიდიხანია არაფერს არ ნიშნავს."

"საღამოს უჩვენეს კარგი რუსული მულტფილმი ქ. ჰ. ანდერსენის მიხედვით. რა უყვეს ზღაპრებს? კლასიკური, ანდერსენისეული ზღაპრების ხატები თითქმის ერთგვარად გაფერმკრთალდა ჰოლივუდის სუპერ-ზღაპრების ხატებთან შედარებით. ეს რაღაც ინტელექტუალური რევოლუციებია სუპერინტელექტუალური, ზეინტერტექსტუალური, ზენიკისი."

"დღეს 19 ოქტომბერია, ჩვეულებრივი სულელური დღე. ე. წ. ახალ გალერეასთან მხატვრები იდგენენ ჰონორარის მიღების იმედით. ყველაზე ერთმანეთზე უარესად გამოთაყვანებული. მეტროში ერთი და იგივე ჯოჯოხეთია, გულისრევის გრძნობაა და შიში, ზიზღი და სხვა არაფერი. ქუჩაში სისაძაგლის მეტი არაფერია, სრული ქაოსია."


"სჯობს რაღაცგვრად ლიტერატურულ-მხატრებული მითის აურის თანხლებით ცხოვრობდე, ვიდრე სრულიად მარტო დარჩენილი შენს დრამასთან, შენს შიშებთან და შიშნარევ ხილვებთან. ყველანაირი გარემო თავისებურად გკლავს. გარემოში არაფერი საინტერესო, თუკი მასში შენ თავად არ გაგაჩნია რაღაც თანმიმდევრული. როცა არ გინდა რაღაც დაინახო, ვერც დაინახავ."

(კარლო კაჭარავას უბის წიგნაკებიდან)

კარლო კაჭარავა


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.