• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოლიტიკა

მტრის ხატი

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 00 , 0000 3033

 

არც ისე დიდი ხნის წინ მოვიდნენ თავქარიანი პოსტმოდერნისტები და ცხვირაბზუებულ ინტელექტუალებს თავზე გადააფშვნეს ბინარული ოპოზიციები. ხალხს, რომელსაც სწამდა, რომ ჭეშმარიტების უმაღლეს მწვერვალებს ზედმიწევნით ლაშქრავდა, ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და კარგა ხანს ებრძოდა ამ, ერთი შეხედვით, ავანტიურისტულ იდეას. არადა, კი იყო, ისე, ავანტიურისტული...

 და მიუხედავად იმისა, რომ აღიარებული სამეცნიერო შეხედულების თანახმად არ არსებობს კარგი და ცუდი, ბოროტი და კეთილი, (მოკლედ რომ ვთქვათ, ტრადიციული ბინარული ოპოზიციები), არამედ არსებობს კონკრეტული გარემოება, კონკრეტული წამი  და კონკრეტული ადამიანი (ჰომო კონკრეტუსი:)), მიუხედავად ამისა, არსებობს ომები, დისკრიმინაცია... ნებისმიერ ომს კი თან ახლავს გამოცდილი  მეტაფორა: მტერი.

და ვინ არის ეს მტერი?

ნიცშეს თანახმად, მტერი არის ღმერთი. მაგრამ ვინაიდან, (ნიცშესვე თანახმად) ის მოკვდა, განეიტრალებულია და მტერიც აღარ ეთქმის. ეგეც რომ არ იყოს, ბერძნულმა მითოსმა ასობით ღმერთი დაუნანებლად მიაბარა მიწას და ჩვენ ერთი ღმერთი (თუნდაც, ვინმეს თეორიით _ მკვდარი) როგორმე  უნდა ავიტანოთ.

საქართველოს ლამისსახალხო დამცველის - დიმიტრი ლორთქიფანიძის- თანახმად, მტერი არის სექსუალური უმცირესობა.

ნებისმიერი თუნდაც საშუალო ცივილიზაციის მქონე ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, დიმიტრი ლორთქიფანიძე არის მტერი თუ არა, რასისტი მაინც.

რასისტების და ტერორისტების ვარსკვლავბიჭუნა _ ბინლადენისათვის მტერი არის ჯორჯ ბუში და სალმან რუშდი.

სალმან რუშდისათვის მტერი არ არსებობს (თვითონ ასე თქვა).

რელიგიურმა წმინდა წიგნებმა სულაც გლობალურ მოწინააღმდეგეზე ალესეს ხმალი და მოგვცეს ისეთი ინტერნაციონალური იკონი, როგორიცაა ლუციფერი, მეფისტოფელი, სატანა, კაენი, იუდა...

ბიბლია  და სხვა კანონიკური წიგნები წარმოადგენდა უძველეს მედია-საშუალებებს. ღმერთი კი მედია-მაგნატი იყო, როგორიცაა, ვთქვათ,  რუპერტ მერდოკი, ოღონდ მერდოკზე უფრო „ნავაროჩენი“ და ქარიზმატული.

საბაზრო ეკონომიკის პრინციპების კარგად ცოდნისა და ამავდროულად, მისი იგნორირების გამო უფალი მედია-მონოპოლისტად ჩამოყალიბდა. ანტიმონოპოლიური სამსახური დუმდა, ალბათ იმიტომ, რომ არ არსებობდა.

პიარ-მანქანა დაიქოქა, მანქანის საჭესთან ცხადია ღმერთი იჯდა,  “ასტრას” ნერვიულად ექაჩებოდა და ბიბლიის მომდევნო თავისათვის დასაწერ სიუჟეტზე ფიქრობდა. სიუჟეტი ძალიან გულისამაჩუყებელი და რადიკალური უნდა ყოფილიყო. მთავარ როლში _ეშმაკი, რომელიც კაცობრიობას დაღუპვას უქადის. როგორც ჟურნალ „თბილისელების“ რესპონდენტები იტყვიან: პირველ ეფექტს „გარეგნულობა“ ახდენს და შესაბამისად, ეშმაკს კუდი, მახინჯი სიფათი და ბანჯგვლები არცერთ შემთხვევაში არ აწყენდა ნეგატიური ვიზუალური ეფექტისათვის.

ასე (ან დაახლოებით ასე) შეიქმნა საინფორმაციო ომის მთავარი კომპონენტი _ მტრის ხატი _ ეშმაკისგან.

მაგრამ ეშმაკი დიდი ეშმაკი ვინმე აღმოჩნდა და ადვილად არ დანებებია იძულებით სოციალურ სტატუსს. ბრძოლას აგრძელებდა და არასდიდებით არ ყრიდა მეტაფიზიკურ ფარ-ხმალს.   ამიტომ უფალმა საინფორმაციო ომის სხვა სტრატეგია შეიმუშავა და  ბაზარზე გამოიტანა ახალი მედია-პროდუქტი _ „სახარება“.

„სახარების“ ოთხმა რეპორტიორმა _ მათემ, ლუკამ, იოანემ და მარკოზმა დაუნდობელი საინფორმაციო ფრონტი გახსნეს, რომელმაც საბოლოოდ განამტკიცა სატანის იძულებითი სოციალური სტატუსი და შექმნა გაქვავებული მნიშვნელობა.

კაცმა რომ თქვას, ამის შემდეგ ბრძოლის ტექნოლოგიები დიდად კი არ შეცვლილა. მაგალითად, 70-იან წლებში, რიჩარდ ნიქსონის საარჩევნო შტაბში იყო სპეციალური მედია-ჯგუფი, რომლის ფუნქციას შეადგენდა „დემოკრატებისათვის“ საინფორმაციო ცეცხლის გახსნა. ფაქტია, რომ ამ ძალიან პატარა მედია-ჯგუფმა უსწრაფესი შედეგი დადო: ედმუნდ მასკი იძულებული გახდა, მოეხსნა კანდიდატურა, მიუხედავად იმისა, რომ ეგზით-პოლებით ნიქსონი კარგა ბლომად ჰყავდა ჩამოტოვებული.  

მტრის ხატი თანამედროვე პოლიტიკის განმსაზღვრელად იქცა. პოლიტიკოსები გვიხატავენ ადამიანს ან მოვლენას, რომელიც უნდა იქცეს ჩვენი სიძულვილისა და ზიზღის სამიზნედ. გვასწავლიან მტერზე შურისძიებას.  

შურისძიებაზე თუ მიდგება საქმე, ძველ ეგვიპტელებზე კრეატიული მიდგომა სად უნდა ნახო,  მტრის სახეს ფეხსაცმლის ლანჩაზე რომ იხატავდნენ და მშვენიერი სუბლიმაციის საშუალებასაც ჩუქნიდნენ თავს.

დროთა განმავლობაში დაიხვეწა მტერთან ბრძოლის მეთოდები და საბრძოლო მოქმედების თეატრი მეტაფიზიკურიდან ფიზიკურ  ავანსცენაზე გადავიდა. თუმცა, მეტაფიზიკური დისკურსი დღემდე წარმატებულად მუშაობს ცნობიერებაზე. მთავარია, კრეატიულობა.

კრეატიულობა არასოდეს ვნებს და საინფორმაციო ომის დროს ხომ, საერთოდ, ჰაერივითაა.

ბრძოლა ერთია და,  მეორე და იქნებ უფრო მნიშვნელოვანიცაა, გამოძერწო მეტაფორა, რომელის გარშემოც შემოკრებ მასობრივ ემოციებს. აი, ამის შემდეგ უკვე ადვილია.

მტრის ხატის შექმნის პროცესშის საინფორმაციო ომის ტექნოლოგები ქექავენ გაქვავებულ მნიშვნელობებს, აცოცხლებენ მათ და ცდილობენ ამ მნიშვნელობებზე მოარგონ მტრის ფსიქოტიპი.  თვალსაჩინოება ყოველთვის მომგებიანია.

მაგალითად, შევკრიბოთ რამდენიმე იმიჯი: უტიფარი რიტორიკა, კრიმინალური წარსული, აბსოლუტურად უკულტურო, მაფიოზის იმიჯი... ხომ ძალიან ცუდია. ახლა ეს ყველაფერი დავალაგოთ და მოვიფიქროთ ერთი ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი „მომადლებული“ აქვს. თუ თქვენ ვერ მოიფიქრეთ, ხელისუფლება დაგეხმარებათ: ალექსანდრე ებრალიძე.

მაშ ასე, მტერი ნაპოვნია. ჯერ დავადგინეთ ის ფსიქოტიპები, რაზეც განსაკუთრებული რეფლექსები აქვს ჩვენს საზოგადოებას და ამის შემდეგ უკვე ეს გამზადებული „ტემპლეიტი“ მოვარგეთ ობიექტს. ასე მარტივად ხდება ეს ყველაფერი. შეიძლება, ვინმემ ხელისუფლების პროპაგანდის მსხვერპლად ჩამთვალოს, მაგრამ ვაღიარებ, ალექსანდრე ებრალიძის საქართველოში ნახვისთანავე პირველი მე დავახვევ საქართველოდან. აი, ასე.

 სატანა, იუდა, ჰიტლერი... ეს სახელები გაქვავებული მნიშვნელობისაა და მათთან მიმართებები სავარაუდოდ არასოდეს შეიცვლება. ამიტომაც მათი გამოყენება და მტრის იდენტიფიცირება ამ მნიშვნელობებთან ძალიან ეფექტურია.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს ორივე მხარის მიერ წარმოებული საინფორმაციო  ომი ერთი-ერთზე იმეორებდა ერთმანეთს. ისეც ჩანდა თითქოს, ერთი და იგივე ტექნოლოგი მუშაობდა ორსავე მხარეზე.

ჯერ რუსეთმა დაჰაკა ქართული სამთავრობო საიტები და მთავარ გვერდზე გამოიტანა მიხეილ სააკაშვილის სურათები, სადაც ეს უკანასკნელი  მიმსგავსებულია ჰიტლერთან. ვინაიდან ჩვენი „ჰაკერები“ ჯერჯერობით მხოლოდ „ვინდოუსის“ გადაყენების დამუღამების პროცესში არიან, რუსული საიტების გატეხა თეორიულადაც კი წარმოუდგენელი იყო. ამიტომ საჭირო გახდა ალტერნატიული შურისძიების ფორმის გამონახვა. შედეგად, მთელ თბილისში ნახავდით გაკრულ პლაკატებს, სადაც პუტინს ჰიტლერის საფირმო ულვაში „ამშვენებდა“ .

ერთია გაქვავებული მნიშვნელობა და მეორეა, როცა სპეცსამსახურები  ან საინფორმაციო გიგანტები თვითონ ქმნიან ახალ მნიშვნელობებს, ახალ ნეგატივებს, რომლის ფარგლებშიც გაშლიან ხოლმე საბრძოლო სტრატეგიებს.  

მაგ: რუსული „კა-გე-ბე“ ლობირებდა მასონებისა და მსოფლიო მთავრობების კონსპირაციულ თეორიების მთელი საბჭოთა მასშტაბით გავრცელებას, რომელიც არის გამოკვეთილად ანტიდასავლური, ანტიამერიკული და რაც მთავარია, ანტისემიტური. ამ მხრივ ქართული პრესაც „ფხიზლადაა“, მაგ: „ასავალ-დასავალში“ ხშირად იბეჭდება ვინმე იაკობ ახუაშვილის „მეცნიერული“ თეზისები მასონების „ყოვლადდამღუპველი“ საქმიანობის შესახებ.

თუ მივენდობით ბატონ ახუაშვილს, მთელი სამასონეთი, თურმე ნუ იტყვი და, „ქართული მართლმადიდებლობის“ წინააღმდეგ შეჯარულა. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ „საძაგელი“ მასონებისგან მსოფლიოს დაიცავს „მართლმადიდებელი რუსეთი.“

ძნელი სათქმელია, მოძმე რუსეთი ისევ ისე დაგვიცავს, როგორც 2008 წლის აგვისტოში, თუ რამე სხვა ტაქტიკას მოიფიქრებენ ქრისტესმიერი ძმები.

ფაქტია, რომ მტრის ხატი მასონებისგან ადვილად შეიქმნა. და არამარტო საქართველოში. ამ თეორიებს ბევრი მომხმარებელი ჰყავს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.  

ასეთი ირაციონალური მტრის ხატის დამკვიდრებას  ქართულ ეკლესიაში გამეფებული სიბნელეც  ხელს უწყობს. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხშირად შეხვდებით ერთგვარ კატეხიზმოებს, სადაც მრევლის კითხვებს ცნობილი სასულიერო პირები პასუხობენ. კითხვაზე „მიყვარს კათოლიკე ვაჟი და შეიძლება თუ არა მას ცოლად გავყვე“ მოყვასის სიყვარულით გულანთებული „მამაო“ ასე პასუხობს: „არ შეიძლება, რამეთუ კათოლიციზმი მწვალებლობაა.“  

აღარაფერს ვამბობ მცირე რელიგიურ დაჯგუფებებზე: იეჰოვას მოწმეებზე, ორმოცდაათიანელებსა ან მორმონებზე. მათზე ქართველ სასულიერო პირებს პერმანენტული იდეოლოგიური აუტო-და-ფე აქვთ მოწყობილი.

 ყველაზე მრევლმრავალი ინსტიტუტის ასეთი დამოკიდებულება ცხადია, დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე.

როცა სახალხო დამცველმა ოდესღაც საანგარიშო მოხსენება წარადგინა პარლამენტში, ნახევარმა პარლამენტმა პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი. მიზეზი კი ის იყო, რომ სუბარმა რელიგიათა თანასწორობაზე ხმა დაძრა.

ამასწინათ კი ზვიად ძიძიგური გამოვიდა მიტინგზე სიტყვით: საქართველო ქართველებისაა და არა ვიღაც იაღოველების და სხვა გადამთიელებისო. რასაკვირველია,  ბატონმა ზვიადმა ამ „ხატოვანი“ თქმით  არაერთი „ჯიგარი“ ქართველის გული სიხარულით აათრთოლა, რაც მსმენელთა ტაშის ქუხილსა და ლამის „ბისის“ ძახილში გამოიხატა. ამასობაში, „გაირკვა,“ რომ  „იაღოველი“, სულაც ეთნიკური ინდექსი ყოფილა. ოღონდ ეს ეთნოსი (ანუ მითოლოგიური „იაღოველი ერი“) ჩვენი ქართული „მეობისა“ და „გაგების“ დასამხობად შეუქმნია რაღაც ძალას (სავარაუდოდ, ლუციფერს ან სულაც ლიბერალებს).

სხვა არის ვიწროპარტიული ან ვიწროკორპორაციული მტრის გამოძერწვა და სულ სხვაა, როცა იძერწება საერთოეროვნული მტრი ხატი. ამას,  რა თქმა, უნდა გაცილებით დიდი შრომა და ფულადი რესურსები  სჭირდება. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ალექსანდრე ებრალიძის მაგალითზე ერთი საერთო მტრის შესახებ, მაგრამ ხშირად მთელი ეთნოსისგან ხდება მტრის გამოძერწვა. 

ხელისუფლება, რომელიც კარგავს პოპულარობას, ცდილობს შექმნას ახალი სოციალური კონსტრუქციები, რომელშიც უნდა იცხოვრონ მოქალაქეებმა.  მტრის ხატი ამ კონსტრუქციის მთავარი დეტალია.  როცა პუტინმა იგრძნო რეიტინგის დაცემა, ჩეჩნეთი ერთიანად მოასწორა და ამით თავისი იმიჯი ერთბაშად აღიდგინა რუსი ხალხის წინაშე. მაგრამ ომს ვერ დაიწყებდა, რომ არა წინასაომარი საინფორმაციო სამუშაოები. თვეების მანძილზე რუსული სამამულო ტელეინდუსტრია მონდომებულად ძერწავდა „შეუბრალებელი“ , „ბავშვებისმკვლელი“, „კორპუსებისამფეთქებელი“  ჩეჩენი ერის სახეს.  

და რაკი  ადამიანი სიმბოლოების მორჩილი პროგრამაა, ხელისუფლების გრძელვადიანობას სწორედ სიმბოლოების სწორად შერჩევა განსაზღვრავს. სიმბოლო უნდა იყოს რაც შეიძლება ზოგადი და ნებისმიერმა ადამიანმა უნდა შეძლოს ამ სიმბოლოსთან  თავისი შიშებისა და სურვილების დატოლება და იდენტიფიცირება.

საინფორმაციო პროპაგანდა მრავალპლანიანია. გოლდშტეინის თეორიით, ამ ფრონტის წინა ხაზზე ხშირად ქალები გამოდიან და საკმაოდ წარმატებულადაც. ავტორი ამ გენდერულ დისკურსს ასე ხსნის: როცა მამაკაცები იბრძვიან და სისხლს ღვრიან, პარალელურად, სახელმწიფო ცდილობს გამოიყვანოს ქალები, რომლებიც მშვიდობისკენ მოუწოდებენ მთელ მსოფლიოს. სინამდვილეში, _ ამბობს გოლდშტეინი, _ როცა ქალები იბრძვიან მშვიდობისათვის, ისინი ყველაზე მეტს მუშაობენ ომისათვის.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ჩვენ ყველანი, მიუხედავად გენდერული თუ ასაკობრივი სხვაობებისა, ყელამდე ვართ ჩაფლული საბრძოლო მოქმედების თეატრში და ნებისმიერ მომენტში, თუნდაც მაშინ, როცა პიცას გეახლებით აღგზნებული შეყვარებულის თანხლებით, ან პათეტიკურად ვსაუბრობთ თანამედროვე არტის   შესახებ, შეიძლება,  სულაც ბრძოლის წინა ხაზზე ვიყოთ  და საერთოდ არაფერი ვიცოდეთ ამის შესახებ.

 

 

 

დაიბეჭდა ჟურნალ „ტელეგრაფში“. 2009 წ. 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული