სინამდვილის ფანატიზმი





პროზა

სინამდვილის ფანატიზმი




“უცებ შევამჩნიე, რომ ანალიზური ფსიქოლოგია საოცრად თანხვდომილობს ალქიმიასთან. ალქიმიკოსთა გამოცდილებანი ჩემი საკუთარი გამოცდილებანი იყო, ხოლო მათი სამყარო — გარკვეულწილად ჩემი სამყარო. ეს, რასაკვირველია, ჩემთვის იდეალური აღმოჩენა იყო, რადგანაც მე ამით არაცნობიერის ჩემეულ ფსიქოლოგიას ისტორიული ცალი (ანალოგი, მეწყვილე, დედანშია "Gegenstück) ვუპოვე. იგი (ე. ი. არაცნობიერის ფსიქოლოგია) აქ ისტორიულ ნიადაგზე დგას. ალქიმიასთან შედარების შესაძლებლობამ, ისევე როგორც სულიერმა კონტინუიტეტმა უკან, თვით გნოსტიციზმამდე, მისცეს მას სუბსტანცია... “ (შეად. : K.G. Jung, Prophet des Unbewussten, 1977, S. 248).

ზემორე ციტატა არამცდაარამც არ ეკუთვნის სინამდვილის ფანატიკოსს. იგი პირიქით, კლასიკური მაგალითია იმისა, თუ რანაირი არ შეიძლება იყოს სინამდვილის ფანატიკოსი. და სინამდვილის, რეალობის, ობიექტურობისა და მეცნიერულობისაგან განდგომილების კარგი მაგალითიც.

ისტორია ფსიქოანალიზისა, ზოგიერთი დაზუსტება-გამოდიფერენცირებით, სიღრმისეული ფსიქოლოგიის თუ არაცნობიერის ფსიქოლოგიისა, წარიმართა ფროიდ-იუნგის დრამატულ, ცოტა არ იყოს, ოიდიპოსის ისტორიას შემსგავსებულ, მეცნიერულ-მამაშვილურ ურთიერთობათა ფონზე. ზ. ფროიდს კ. გ. იუნგი უნდოდა “უფლისწილად”, ე. ი. ფსიქოანალიტიკურ მემკვიდრედ, მაგრამ იუნგს უჭირს “მამა-ხელმწიფის” დოგმატური სექსუალური თეორიის აღიარება. იუნგი ნელ-ნელა პარაფსიქოლოგიურ-ალქიმიურ-ოკკულტურ “ერესში” ვარდება და დოგმატურ-ორთოდოქსული ფროიდიანობის აზრით, კ. გ. იუნგმა ფსიქოანალიზი მხოლოდ გამოიყენა, რათა კაცობრიობისათვის XX საუკუნის ერთ-ერთი ახალი გნოსტიკური რელიგია ეუწყებინა (შეად. E. Fromm-ის, I. Rattner-ის და სხვათა გამონათქვამები).

კ. გ. იუნგი მოგვითხრობს ერთ ფროიდისეულ სიჯიუტეზედ. სწორედ ამ სიჯიუტეში “რაც არ მინდა იმის არდაჯერება”-ში (თუ: “არ მწამს, რადგან აბსურდია”?), ჩანს ფროიდის, როგორც ფანატიკური მატერიალისტის, განმანათლებლის, ათეისტის და მესინამდვილის ბუნება. “ბუნება”... რა კარგი, რა ყოვლისმომცველი სიტყვაა, აღარ სჭირდება სხვა სიტყვა-დამატება, ცალი თუ განვრცობა.

მსოფლმხედველობათა სხვაობამ ოიდიპოსის წყლული განაახლა და კ. გ. იუნგი გაცხარებული ეკამათება მამა-დოქტორს:

“როდესაც ფროიდი თავის არგუმენტებში მახვევდა, მაშინ მე ერთი გასაოცარი შეგრძნება მეწვია. მე მომეჩვენა, რომ ჩემი დიაფრაგმა რკინისა იყო (als ob mein Zwerchfall aus Eisen bestünde) და თითქოსდა იგი გავარვარდა — გავარვარებული დიაფრაგმის თაღი. და იმ წამს ისეთი ჩქამი გაისმა წიგნების კარადაში, რომელიც უშუალოდ ჩემს გვერდით იდგა, რომ ორივენი საშინლად შევკრთით. ჩვენ გვეგონა, კარადა ზედ გვემხობოდა. სწორედ ისე გაიხმაურა. მე ვუთხარი ფროიდს: “აი ესაა ეგრეთ წოდებული კატალიტური ექსტერიორიზაციის ფენომენი”.
“აჰ”, — თქვა მან, “ეს ხომ ხორცშესხმული უაზრობაა”.

“არამცდაარამც”, შევეწინააღმდეგე მე, “თქვენ ცდებით, ბატონო პროფესორო, და მტკიცებისათვის, რომ მართალი ვარ, წინასწარ ვამბობ, ასეთ ჩქამს ახლავე ერთხელაც გავიგონებთ”. — და მართლაც: ამ სიტყვების თქმა დასრულებული ძლივს მქონდა, რომ კარადაში იგივე ჩქამი გაისმა!” (იხ. C:G.Jung,Errinerungen Träume, Gedanken, 1971, S. 159).

გაისმა ის ორივე ჩქამი მართლაც, სინამდვილეში? მერე რა! ფროიდს ვერაფერი მოსწყვეტს სინამდვილეს. თვით სინამდვილეც ვერა. ის ხმები არანამდვილი სინამდვილიდან მოდიოდა.
 
რაა სინამდვილე? ამბობენ ის, რასაც გრძნობის ხუთი ორგანოს: სმენის, შეხების, ხედვის, ყნოსვის და გემოს ძალით შევიტყობთო. იუნგისთვის არსებობდა სხვა სინამდვილეც, რაღაც ფარულ ენერგიაში (Katalitisches Exteriorisation) დამარხული — გრძნობის მეექვსე ორგანოთი აღსაქმელი. მაგრამ არსებობს კი ნამდვილად ის მეექვსე გრძნობა?

რაა სინამდვილე, განა სინამდვილე არა მტრობს ნამდვილს? (ეს პერიფრაზია ერთი პოეტური მიგნების: “რაა სიმართლე, განა სიმართლე არა სჯის მართალს?”)
 
სინამდვილე თვითონ სინამდვილის შეგრძნებაა. თვით მაშინაც კი, როდესაც სინამდვილე სინამდვილე აღარაა. მაშინ, თუ ნამდვილი ხარ, ე. ი. შინ თუ ბრუნდები, უნდა იყო “არავინ”. ცბიერი ოდისევსი კაციჭამია ბარბაროსს (პოლიფემს) წარუდგება როგორც “არავინ”. მრავლისმეტყველი აქ დედნის სიტყვობრივი მეწყვილეობაა: ოდისსეუს და “არავინ” ანუ უდეის. იქმენ “არავინ” ანუ უნამდვილო უდეის, რათა ვერ შემოგწვდეს სინამდვილის აწმყოს წუმპე, რათა დარჩე ნამდვილი და შინ, თავისთავში, და სინამდვილეში დაბრუნდე!

8.X.2003,Tübingen.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.