• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ნეტავ მცოდნოდა

×
ავტორის გვერდი დათო ჟორდანია 06 იანვარი, 2022 1682

ლექცია ჯერ არ დაწყებულა. ლექცია დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც  საინტერესო  მომეჩვენა ლექტორის საუბარი. დღეს, ისევე როგორც გუშინ და ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, როდესაც დავიწყე დაკვირვება ჩემს ცხოვრებაზე, ანალოგიურად მეჩვენებოდა შუადღის 2 საათამდე. ლექტორს მოვწონვარ, მე არ მომწონს ლექტორი. არ მაინტერესებს ლექცია. ვცდილობ არ მივიღო ახალი ინფორმაცია. ენერგიის კონსერვაცია.

ჩემი ცხოვრება 1996 წელს დაიწყო, არ ვისაუბრებ ჩემს ბავშვობაზე, თინეიჯერობაზე, გარდატეხის ასაკზე, არც პირველ დაცემაზე და არაფერ პირველზე, მსურს პირდაპირ ფინალზე საბოლოო შედეგზე გესაუბროთ. დოლიძის ქუჩაზე მივდიოდი. სამი ინტერესი მაქვს, წერა არც ერთში შედის. ჩემი მოძრაობის ტემპი მაღიზიანებს, ხანდახან წელში ვიხრები, გვერდში მდგომს სიმაღლეში ვეტოლები და ვცდილობ სიარულის დროს ფანჯრის ანარეკლზე ჩემი პროფილი დავაფიქსირო, ვერ აღვიქვამ ჩემ თავს. მეჩქარება, ვიგვიანებ. არავინ მელოდება. შუქი ჩაქრა, ჩრდილები გაქრნენ, ცა გაშავდა. თბილისის ცა არასდროს ყოფილა ინსპირაცია. არ ვიცი ვინ უნდა შემხვდეს, ვინც არ უნდა იყოს, სურვილი არ მაქვს. ლუსიენ ფროიდის ნამუშევარს ვუყურებ და ლოყები ჩაცვენილი და ჩამოწელილია. მაგრამ მთავარი არ ვიცი რა არის. ცხოვრების წესი შევცვალე, ადრე ვიღვიძებ, სიცივეში, გამომრჩა რომ ზამთარია. ქარი და ცხოვრება დისკომფორტია, ერთი სიცოცხლე საკმარი არაა. პრობლემებს არ გავურბივარ. დღეს ფიქრი მაქვს დაგეგმილი, მიჭირს ფიქრი. თმებს ვისწორებ, სარკეში ვიყურები, ვცდილობ საკუთარ თავს უკნიდან შევხედო, ამაოდ. ვფიქრობ, პრობლემებზე, პატარა პრობლემები მარტივად მოსაგვარებელია. ქუჩაში მოსიარულე ხალხს, მეგობრები უკვე შერჩეული ჰყავთ, მე- პრობლემები. ხიფათს ვერ ვგრძნობ. ვცდილობ გამოვიყურებოდე დაღლილად, სრულიად არ ვარ დაღლილი. კიდურებზე კანი მოძრაობს, ხელი მიკანკალებს. მინდა სრულყოფილი ვიყო, მინდა ხარისხიანი პროდუქტი ვიყო დედამიწისთვის. სრულყოფილებისთვის ერთი სიცოცხლე საკმარისი არაა. ჩვენ არ ვირჩევთ ცხოვრებას. ჩვენ კანონები ვართ, თითოეული ჩვენგანი. აგრესიულობა, ნაკლებობა, აღქმა. აგრეგატული მდგომარეობების შენარჩუნება, მინდა ქარი ვიყო, ქარის მეშინია, ბავშვობიდან. დისკომფორტის პირველადი წყარო. რაც არ უნდა მოხდეს...

რომ დავბრუნდები დავიძინებ... გზა საგრძნობლად დიდია, მალე მთავრდება. როდესაც ვაღებ კარებს, ვფიქრობ რა არ მომეწონება და თუ რამე მომეწონა, აღარ ვფიქრობ, არასდროს !

რა გვაყალიბებს გემოვნებიან ადამიანებად? იღბალი? ალბათ. ველოდები კენი გარეტის სოლოს. დათბა. კენი საკუთარ თავს ელაპარაკება. ნაჭერი აბრეშუმია, ქარი აბრეშუმს მარტივად არხევს, მზად ვარ ჩასაცმელად, მოსასმენად, საჭმელად, საწერად. მაგრამ არა ემოციებისთვის. ემოციები მაგრძნობინებენ, რომ ჯერ კიდევ შორს ვარ სრულყოფილებისგან, სიმაღლის შიში არ მაქვს, მინდა კორპუსის სახურავზე ვიდგე. კარები ღია დამხვდა, შესანიშნავია.  კედელზე ტეტრისის მსგავსად ერთმანეთზე დაწყობილია თაროები. ოთახს უხდება, მე არ ვუხდები ოთახს. 

                     

ამნისტია

 

მიჭირს ალგებრა, გეომეტრია, ფიზიკა, ქიმია. დიდი ნიჭით არ გამოვირჩევი. მხოლოდ ემოციებს ვიღებ. ვგრძნობ სირბილეს, ქუჩაში მიმავალი ადამიანების სუნთქვას ვერ ვგრძნობ. მე ვკოცნი პენოპლასტს, ცხელი ყავა ცხელი აღარაა. მენატრება ხალხი, რომლებსაც არ ვიცნობ. მე ვაგრძელებ პერსონაჟების შეგროვებას. თბილისის ცა კი ინსპირაციას არ მაძლევს. მთელი ეს.. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი გაცნობა. ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო. არავინ მენატრება, მაღელვებს, მონატრება სხვა ემოციამ ჩააანაცვლა და დამზაფრა. როდესაც საქმე ემოციებს ეხება, მე უძლური ვარ, უმეტესობა ჩვენგანი დამოკიდებულია. მე. მე. მე მინდა ვიცხოვრო. სხვა გამოსავალს ვერ ვპოულობ, დისკომფორტი ჩემი მტერია. დილის დისკომფორტს ღამის უძილობა მირჩევნია. არ ვიცი ბევრი რამ. არ ვიცნობ ბევრს. არ ვჭამ ბევრს. არ ვფიქრობ ბევრს, მთავარი გმირი ზემოთხსენებულია, მთავარი გმირი ჩემს დღიურში მე არ ვარ. გადარჩენა უპირველეს ყოვლისა, ადგომა უპირველეს ყოვლისა, ნაკლებობა უპირველეს ყოვლისა, მითითება უპირველეს ყოვლისა, პატიება უპირველეს ყოვლისა, ამ   ცხვირის იმ ერთ-ერთი ნესტოდან ტვინში ასულ რკინის გემოს ვგრძნობ, რაც კატლეტს და ბავშვობას მახსენებს. მეშინია, ჩემი ნება რომ ყოფილიყო -არ გამომსვლოდა. ღმერთია მოწმე.

 

ჩემ ხელში. ჩემს ხელებში..

 

მწამს.

 

ვიტირო თუ ვიცინო?

 

ჰუმანისტი ვარ. მიყვარს ადამიანები, მინდა გიდი ვიყო. ჩემი ოცნებაა. მინდა  სახელმწიფო მუზეუმში, სტუმრები ჩემ ხელებში იყვნენ.

 

ბავშვობაში ცვილით ვერთობოდი. ამოღებული კბილის ადგილს ენით ვეხებოდი.

ხანდახან გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ, ნაბიჯის გადადგმა მიწევს. დიდი ხანია გამასწრო, ხელიდან გავუშვი. პარკეტზე დაფენილ ხალიჩაზე თავი მიდევს. მტვრის სუნს ვგრძნობ (ბავშვობას მახსენებს).

 

ბევრს არ ვცოდავ. კარგსაც არ ვაკეთებ ბევრს (არ ვიცი კარგი რა არის).

ნეტავ რამდენ პროცენტზე ვარ.

მინდა ის ვიყო, ვინც იცავს. მინდა დავეხმარო და მარტოდ გატარებულ ღამეებში საფასურად არაფერი მივიღო.

 

როიალის კლავიშები არ მაძლევენ მოსვენებას. ფანჯრიდან ყოველთვის შენობებს ვუყურებ. თბილისის ცა ინსპირაციას არ მაძლევს.

 

მაწუხებს, არ მეგონა თუ შემაწუხებდა. მიჭირს. ნეტავ მცოდნოდა.

 

 

 

 

 

19 დეკემბერი

 

9:40 : ნიკ ქეივს ვუსმენ, დოპამინს ვიღებ, მის გზას გავდივარ. მე ფიქრს  ვამჯობინებ, რადგან ჩემი ცხოვრება ქმედებამოკლებულია. მინდა ძაღლი მყავდეს.

 

9:50 :  არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, საკუთარ თავად ყოფნის ან სხვისი მიბაძვის და ნიღბის მორგების, დაუფიქრებლად მორგებას ავირჩევდი. მინახავს სრულყოფილი დედა-შვილის ურთიერთობა.  ჩიტების გადაფრენა. მწკრივი. ხის ტოტები ცას გადაფარებული.

 

მე თავისუფალი ვარ, თავისუფალი, მხდალი, ინერტული ჰომო საპიესი - შეუმდგარი ჰომო ლუდენსი. მე რეჟისორი ვარ. მინდა ფილმები ვაკეთო, მინდა საკუთარი თავი შევქმნა ეკრანზე, რომ გაიგოს ხალხმა ჩემი ოცნებები, სურვილები, ინტერესები, ეგოისტი ვარ, მინდა ყველა ჩემზე ლაპარაკობდეს, ყველა ჩემზე ფიქრობდეს, მე მიყურებდეს, მაშტერდებოდნენ, უკვირდეთ, სახის კუნთების მინიმალური რხევით, მინდა რომ მოხდეს ეს ყველაფერი. ხართ თქვენ ის, ვისაც მე ველოდები?  ოთახში ჰაერი გაპრიალებულ, დაუმუშავებელ მინას ჰგავს. ცას ჰგავს ოთახის ჰაერი (ოთახის ჰაერი არ მაძლევს ინსპირაციას).

 

მე ვბრუნდები სახლში, ვმღერი ჩემს სიმღერას, მოუთმენლად ველი რაღაცის ცვლილებას, ვნერვიულობ, რაც ჭარბი ოფლიანობით აღინიშნება ხელის გულებზე და წყლიან თვალებში, რომელიც ცას გავს (თვალები ინსპირაციას არ მაძლევენ).

 

ინსპირაციას საშუალო ფენის იღბლიანი ხალხი მანიჭებს. ჩემს ცხოვრებას არაფერს დავარქმევდი. მიდის ნელა დრო, ვიხსენებ ემოციებს, ქალაქში ჩაბეჭდილი სტრუქტურები რომ მანიჭებენ, ფერები სუნის აღქმაში მეხმარება. წლებია ვწერ გოგოს, რომელსაც ვიცნობ 12 წლიდან, ნანახი არ მყავს.

 

 

10:00 : მამაზე სასაუბროდ საავტორო უფლებების დაცვა მომიწევს. ბევრი რამ არ ვიცი მის შესახებ, ბევრი არ მიკითხავს, არ მითქვამს.

 

10:15 : არ მცალია საწერად, დასვენება, მოსმენა მინდა.

10:17 : სხვა განზომილება უფრო უფერული და ინსპირაცია მოკლებული მგონია, ამიტომ არ დავდივარ განზომილებებს შორის.

10:22 : მე მაქვს ლეპტოპი, მობილური, აიპოდი, ყურსასმენები, დაზიანებული სათვალე, ტანსაცმელი,  კბილის ჯაგრისი, წვერის საპარსი, მამის და ჩემი პატარაობის ფოტოები, დაახლოებით 4-5 წლის ასაკის. ფოტოები ძალიან ინსპირაციულია. ბავშვობა მენატრება. ბავშვობაში ასეთად არ წარმომედგინა ჩემი თავი, იმედი გავუცრუე. ეწყინება ჩემ თავს პარალელურ სამყაროში ჩემი დღევანდელობა. იქნებ დამეხმაროს გამოსწორებაში. ბავშვობიდან 25 პროცენტია ჩემში შემორჩენილი. მე არ მყავს მანქანა, ბინა, მე არ ვიხდი კომუნალურებს, მე არ მყავს შეყვარებული, ცოლი, შვილი, მე არ ვარ პოპულარული, მე არ ვარ მდიდარი, მე მაქვს უხარისხო გახუნებული თმა, რომელიც მარკეტში გაკეთებულ ერთჯერად მწვანე, ხარბი, გაცვეთილი ფერის პენოპლასტის ჭიქაშია ჩამოსხმული, რამდენიმეჯერ გადადუღებული წყლით და ნალექიანი მადუღარით. მე არ მყავს ძაღლი, არ მაქვს ხმა, საქსოფონი, დრამი. ნეტავ მცოდნოდა, ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში.

 

10:45 : ხელზე შავ ნაჭერს ვიხვევ, ვატრიალებ სამას სამოცი გრადუსით, თითებთან ვკეცავ, მუხლზე ვიდებ და ვითბობ. დამავიწყდა რისი თქმა მინდოდა.

 

20 დეკემბერი

8:15 : დღეს რა დღეა?

-          ოთხშაბათი.

გოგიტა, ყლე ხარ.  შენი სახის ნაკვთები ხანშიშესულ ასოს მაგონებს. ჩამომჭკნარი კანით და შენი თვალები კი საკვერცხეზე შემოკრული კანი.

ყლე ხარ არა იმიტომ რომ ბუნებამ შეგქმნა ასეთი, არამედ იმიტომ რომ დამოკიდებულება გაქვს ცხოვრებისადმი არასწორი. ცხოვრების ნახევარი განვლე და არც კი გაწუხებს, ვერ ხვდები... შენს ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი. არასდროს! ნეტავ მცოდნოდა თუ რაოდენ ყლესთან მომიწევდა ურთიერთობა მესამე კურსის პირველი სემესტრის ოთხშაბათ დილით.  ფროიდი და ლიუ ხიოდონგი გფარავდეს! ერთ დღესაც გაიღვიძებ და მიხვდები, რომ მხატვარი  არასდროს ყოფილხარ (შენი ნახატები ინსპირაციას მაძლევს).

 

 

8:20 : ჩემი ემოციები ნელ-ნელა იკარგება, გაბრაზება სიმძიმიდან სიმსუბუქეში გადადის. დასვენებისკენ მიბიძგებს. ჩემო მეგობრებო, მე თქვენ არასდროს მყვარებიხართ, არავინ.

 

ვუფრთხილდები ჯანმრთელობას, ვუვლი კანს, მუცელი გამოტენილი მაქვს უხარისხო ხორცის ღვეზელით. სანამ სახლში ავალ, ვფიქრობ პირველ დაცემაზე, მსგავსი რამ ბევრჯერ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ დღევანდელმა ორმა ფაქტმა მიმახვედრა: უპასუხოდ დატოვებული კითხვები ვნებს.

                ბატონო გოგიტა, აუტანელია თქვენთან საუბარი. თქვენთან ერთ ოთახში ყოფნაც და ერთი ჰაერით სუნთქვაც კი დამთრგუნველია. ბატონო გოგიტა, უკაცრავად, მაგრამ ეს ყველაფერი მოქმედებს ჩემს გონებაზე და მე არ მინდა თქვენი ზანტი კისერზე ჩაჭედილი თავის მოძრაობებით და ჩამოწელილი ქუთუთოებით თქვენი დამცინავი საუბრის მოსმენა, თქვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ შუახნის ასაკს გადაცილებული ხართ და ყველაფრის თავიდან დაწყება, როგორც კუროსავა წერს ბერგმანს, თქვენს შემთხვევაში შეუძლებელია და მიუღებელიცაა. მინდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ ერთ კვირაში შევხვდებით და შევეცდები გაგიღიმოთ, გაგაღიზიანოთ, დაგცინოთ, აბუჩად აგიგდოთ, თქვენი მწირი ცოდნა გამოვავლინო, მიგახვედროთ რომ კინო ის არაა, რაც თქვენ გგონიათ, ან გინდათ რომ იყოს, ან თუნდაც რაც თქვენ იცით და ამის შემდეგ დამშვიდობებისას მინდა გითხრათ: ბატონო გოგიტა, უკაცრავად, თქვენ ეს დაიმსახურეთ (თქვენში საინტერესო არაფერია, არც ბიუსტი გამოვიდოდა საინტერესო. თქვენ ჩაცვენილი, ჩამოწელილი თვალის ქუთუთოებით და მხრებში ჩადგმული ფერდაკარგული გოგრისფერი თავის ქალით, რომელზეც იკითხება ქართული ფრაზა „რავი მე მომწონს„ ან „ მხატვრები ვამჩნევთ მხატვრის ნამუშევარს კინოში და მის წუნს“  გოგიტა, ყლე ხარ. ეგ ხომ ყველამ ვიცით. ადამიანი როდესაც სრულწლოვანი ხდება მას უნდა ჩაებეჭდოს გონებაში შეპასუხება, კითხვებზე პასუხის გაცემა ნებისმიერ ფასად,  არ მოარიდოთ თავი , არ გაატაროთ, არ შეეცადოთ მიიღოთ შენიშვნა. გოგიტა, მე ვწუხვარ შენს გამო, ალბათ შენი ოჯახი ამაყობს, მაგრამ შენი ცხოვრება ნაცარია, მტვერი ხარ ხალიჩის ზედაპირზე, მტვრის სუნი აგდის, რომ გიყურებ ვერ ვხვდები რატომ ხარ ხალიჩის მტვრად ქცეული, რატომ აირჩიე მტვრად ყოფნა, შეგროვებული მკვდარი კანი ხარ ატმოსფეროდან, ბატონო გოგიტა, უკაცრავად..

ნეტავ მცოდნოდა, არ შემოვიდოდი.  გოგიტას ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ფეიერვერკი.

 

21 დეკემბერი

 

9:30 : მობილური ტელეფონის ზარი მაღვიძებს, ვთიშავ, ვიძინებ.

11:10 : ვიღვიძებ, არ გამიმართლა, მტვერი ედება ჩემს პირის ღრუს, იშვიათად მეც შევისუნთქავ ნესტოებით მზის ამოსვლისას ჰაერს.

12:15 : თმა ცხიმიანი, დასაბანი მაქვს, ვემზადები აბაზანაში შესასვლელად. ჰან-ჰანი ჩინელი მრბოლელი და ნოველისტი ინსპირაციის პირდაპირი წყაროა, მეც შეუმდგარი ინსპირაცია ვარ. დეჰიდრატაციას განვიცდი, საღამოს გავაგრძელებ დღიურის წერას.

 

 

თეთრი

 

21 დეკემბერი

 

თვალები წყლიანი მაქვს, თმა თვალებს მიფარავს, თავს მაჯაზე ვდებ, თვალებდახუჭული ვფიქრობ კრისტალებზე, სიცივეზე, მზეზე, ყინულზე, სისუფთავეზე, ასოციაციურად რაც ამოტივტივდებ , რაზეც მინდა რომ ვიფიქრო და რაზე ფიქრიც იწვევს სხვა  სუბსტანციების, აბსტრაქციების წარმოსახვას.

10:30 : მე დათი.

10:35: სეროტონინის დონე მაღალია - სათქმელი ცოტა მაქვს, შევეცდები ხელოვნურად დავწიო დოპამინის დონე ტვინში.

ქართული კულტურის ისტორიის ნაკრებზე - ყავის ჭიქა, თეთრ ოქროსფერ ზოლიან თეფშზე -ორცხობილა.

11:04 : სოციალური ქსელი, ყველაფერში მენდე.

11:40 : მე 99.9 პროცენტით გიცნობ. არიგატო, შენ ბევრს არ ნიშნავ ჩემთვის, მაგრამ შენ ჩემი მეორე, ნახევრად გაბლარული დღიური ხარ.

 

საძინებელ ოთახში, სადაც ვენტილაცია არ არის, იაპონელის სული გაფანტულია კუთხეებში ყავისფერი კარადა, ყავისფერი საწოლი, ხაკისფერი ხალიჩა, გადასაფარებელი თაფლისფერი.

სული დამწყვდეულია, გათავისუფლება სჭირდება, იწვის. ბანანის იაპონელი, ქერქმოცლილი ქერქდაკარგული. იაპონელი შეუმოსელი. იაპონელი ფარდაახდილი, დაკარგული, მებრძოლი, ბრძოლისუნარიანი, გაოცებული, შერცხვენილი, მზადმყოფი. ეს მე არ ვარ.

12:12 : ხელები ჯიბეში ჩაწყობილი მეუბნებიან : გიყვარვარ ? მეძახიან : გგონივარ სიმპათიური?

12:40 : სად წავიდე, სადაც ადამიანი არ შემაწუხებს, სადაც დაცემა არ ასოცირდება მარცხთან.

ჩემი ჯიბიდან ისმის ხმა: გიყვარვარ?  ჩემი ხმა ორი ტონით მაღალია.

ჩემი ხმა მთავაზობს იდეებს, გავაკეთო ის, რაც არ უნდა გავაკეთო.

ის გააკეთებს თავისას, მიუხედავად იმისა, შენ რას ფიქრობ.

 

1:00 : აბაზანის კარები, წყლის ხმა არ ისმის. ვიბან ხელს და ვაკვირდები არეკლილ გაცვეთილ ყვითელ საპონს, საპნის ჩაკბეჩა - ყველა ბავშვის სურვილი. როდესაც თმას ვეხები მას ვტოვებ ისევ, წვეთები ეცემა ხალიჩაზე, ნელ-ნელა უჩინარდება, ჩემს ხელებში წყალი მოედინება, ჩემს ხელებს ძალუძთ გააცოცხლოს.

ნებისმიერ სანთელს, რომელიც იწვის, აქვს მიზანი. მე მინდა ვიყო გიდი სანთლით ხელში, ჩემს ხელში სანთელი, მე მჯერა.

1:30: დააცადე სანთელს წვა, გაანათე გზა. გზა შენ გეკუთვნის, წარმართე, შენს ხელთაა.

 

22 დეკემბერი

 

 

                      მე ვესაუბრები დედას

 

 

1:40:  დღეს დედას ვესაუბრე, გუშინაც, შორეულ წარსულშიც, მომავალშიც, პარალელურ სამყაროში. მე დავჯექი სევდიანად მის გვერდით. მე ვესაუბრები დედას. მან თქვა: მე მჯერა შენი!

მე ვესაუბრები დედას.

დედა: მე მჯერა შენი!

მე: შენი აზრით?

დედა აჩქარებული  ტემპით. მე ვუყურებ დედას, მე არ მინდა ვილაპარაკო დედაზე. დედა წავიდა დასაძინებლად.

 

2:00

თეთრი თოვლი ბავშვობას მახსენებს. სად არის? ის თოვლში წევს. დედა მეძახის. თოვლი ტანსაცმელს ტანთან აკავშირებს. მე არ მცივა, არის ვინმე ვისაც ცივა? თხუთმეტი სანტიმეტრით ჩაფლული თოვლში. მე ვშლი ხელებს, ვუყურებ ზამთრის ცას, პარალელურ ხაზში ჩემი ცა ინსპირაციულია.

 

ფანჯრიდან დანახული ცა ინსპირაციას არ მაძლევს.

 

მთელი ღამე ვმარხავ საკუთარ თავს. მე მივისწრაფვი სიღრმისკენ. თოვლიდან ადგომა დილით სიცივეში ადგომაზე დიდ დისკომფორტს მიქმნის.

 

 

დაკარგული ბავშვობა. თოვლი არასდროს იკარგება. თოვლი ინახავს ემოციებს, ჩემი გონება სავსეა თოვლიანი ემოციებით. მე ვამსხვრევ ყინულის ლოლოებს სახურავზე.

ბევრი რამ არ არის. ჩემი ბავშვობა ხარისხიანია, ბავშვობა მაძლევს ისპირაციას. პინგვინის როლი მოვირგე.

 

 

2:20 : ვუსმენ ნიქ ქეივს, ტვინში ვგრძნობ ტალღებს, ტვინი მიმძიმდება, პირველი, რასაც ვაკეთებ, სახის კუნთების დაჭიმვა და მხედველობის გაუმჯობესებაა, ფიქრის მიზნით, როგორც გაფრთხილება. ალილუია.

 

ბავშვობაში ჭიქა დავმარხე ხის ქვეშ. საკუთარ თავს თავს ვარიდებ უკნიდან ვუყურებ. დროზე დამარხე, თორემ მამა დაგინახავს. მამის ხმა არ იცვლება, პატარა სახლი დიდი წარსულით.

შენ ხარ რაღაც უნიკალური.

 

ყველაზე დიდი ორგანო, კანი, ინახავს ემოციებს დაკარგვისგან, ტვინი აცოცხლებს მათ.

ბავშვობა, უხმო კინოსგან განსხვავებით, ემბიენსითაა დატვირთული.

 

გამარჯობა, მე ვიცი, რომ  ვარ მნიშვნელოვანი, არ დაკარგო მოთმინება. ჩემით ვქენი. სამურაიმ იპოვნა თავისი ოსტატი. დაკარგულ რონინს ინტერესი დაუბრუნდა.

ყველა ვარსკვლავს აქვს მიზეზი. შეხედე ცას. ის რონინისთვის ინსპირაციული არ არის.

 

 

 

 

 

ისაუბრე. მე ვსაუბრობ.

 

დედა, რაც მახსენებს სახლს. ზარი. სად ხარ? მალე მოვალ.

 

მანდარინს ვფცქვნი, ვცდილობ ფრჩხილებს ქვეშ არ დამრჩეს ქერქი. ქერქი აყვითლებს ფრჩხილებს, ჩემი ფრჩხილები მოუვლელია.

 

ვიცი რა მელის მომავალში.

 

ვცდილობ ზემოდან შევხედო ხალხს, მაგრამ მეტრი და სამოცდათვრამეტი ვარ.

ვერ გადავეჩვიე ფრჩხილების კვნეტას.

ჩემი ხელი ყველაზე პირადული ორგანოა. მე არ ვიყენებ კანის მკვებავს, დამარბილებელს, მატონიზირებელს. მარჯვენა მტევნით ვეხები სხვის მტევნებს.

არ მინდა სიმღება სიბნელეში, მე გთხოვ სინათლე ანთებული დატოვო, შენ ხანდახან გავიწყდება.

-მე უფრო მიყვარხარ.

-არა. მე!

-მე უფრო.

-არ....

ხელები ესაუბრებიან ტვინს.

მე ვკოცნი საკუთარ ხელს.

მე ვაგრძელებ ცხოვრებას, მე მაქვს ხელები. მე შემიძლია ვინმე გავაღვიძო.

მე ვაკეთებ იმას რაც მინდა.

მე არ გამომდის ის რაც მინდა.

ვტეხავ ორცხობილას ოქროსფერ ზოლიანი თეფშიდან, ვსვამ ყავას, მიმაქვს ხელი პირის აპარატთან, ვცდილობ დავინახო დალევის პროცესში ჭიქის შიგთავსის ნელი ცლა, ამაოდ,  

მე ვიყიდე ახალი შარვალი, წითელი და მწვანე, დედას მწვანე მოეწონა, ან იქნებ მწვანის ეს გამა მის ფერთა აღქმაში უფრო გამჯდარია, რაც გამოწვეულია მის ბავშვობაში არსებული პასტის მელნის ტონალობით. მე ვფცქვნი მანდარინს.

 

ნეტავ მცდონოდა, დღეს დაწერას რომ დავაპირებდი - კარგად მოვემზადებოდი.

 

ფიქრისთვის მომზადება მჭირდება, ხანდახან მეხსიერება მღალატობს. ერთადერთი, რასაც არ უღალატია, იმედგაცრუება და შეუმდგარი გეგმებია.

მე არ მიწევს ბევრი რამის გაკეთება. დრო ბევრი მაქვს, დღეები სტანდარტულად გადის, კვირა სწრაფად, თვე ნელა, წელიწადი უსწრაფესად.

ნეტავ ვიცოდე რა იცვლება წლიდან წლამდე.

ხვალ ბევრი საქმე არ მაქვს. ალბათ დროს წერას დავუთმობ.

დღიურში ბევრს ვიტყუები, ვცდილობ გავიხსნა, მაგრამ ამაოდ. ერთადერთი რაც იხსნება ვორდის დოკუმენტია.

ვტეხავ ორცხობილას, ვსვამ ყავას, ვხედავ გაბლარულ ყავის ჭიქაზე ჩაჭიდებულ თითებს, ყველაფერი ჩემ შესახებ.

 

არ მინდა ხელახლა განვვლო გზა, მეზარება, ალბათ უფრო მეტი რამ გამომრჩება. ზარმაცი არ ვარ, მაგრამ ენერგიის კონსერვაცია ჩემს ერთ-ერთ ინტერესში შედის.

 

თუ საჭირო არაა, არ ვაკეთებ, თუ მინდება, ვაკეთებ.

დათი იყო დათი, ამას რომ წერდა, დათი მალე აღარ იქნება დათი. ვკარგავ სახეს. მეცვლება ემოციების აღქმა, მე ვმალავ ემოციებს. მე მინდა ვიყო ემოცია.

არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, ემოციად ყოფნის, ან ცხოვრების გაგრძელების, ვიცი რომელსაც ავირჩევდი.

 

ვწერ იმიტომ, რომ ვუსმენ,

ვფიქრობ მაღალ ნოტებზე, ნოტებს შორის პაუზაზე. წინ, მაილს. შენ ეს შეძელი. მინდა მეც შევძლო.

მაილსი ამზადებს კენის, კენი თავის საქმეს დაკისრებულზე უკეთ ასრულებს. მაილსი წევს მუყაოს წარწერით „კენი“.

3:00 : კბილებს რომ ვიხეხავ სარკესთან თავის ახლოს მიტანისას, თვალის ფერი დაკარგულია, სუბლიმაცია განიცადა ფერმა, მყარ მდგომარეობაშია. თვალები ინსპირაციას არ მაძლევს.

 

 

რატომ დამარქვეს სახელი დავითი? პირადად მკითხეთ.

უსაქმური არ ვარ, ვიგინდარა არ ვარ, განუვითარებელი არ ვარ, მაქვს ინტერესი.

 

3:10 : წინა ცხოვრებაში სამურაი ვიყავი, არ მახსოვს ჩემი სენსეი.

მინდა გავიცნო სენსეის რეინკარნაცია. სამურაი დაბნეულია, იცის, ვხედავთ მას, ვერ იღებს გადაწყვეტილებას, გააშიშვლოს თუ არა კატარა, აგვხადოს თუ არა სკალპი.

 

რთულია იყო სამურაი, რთულია იყო სენსი. რთულია იყო რონინი, რთულია იყო ადამიანი.

რა გვაყალიბებს ადამიანად? ალბათ დედა.

საათის ისრის ხმა არ ისმის, დახურული ონკანიდან ჩამოწვეთებული წყლის ხმა - კი.  

დამთავრდა მაილსის სოლო. ნახვამდის.

 

წერა დიდი ხნის დაწყებული მქონდა, როდესაც მივხვდი, რომ არ ვწერდი.

 

თვალებს ვხუჭავ, კარებს გადაფარებული ფარდა, ფარდამ შეიკედლა სამურაი.

 

სამურაიმ დაკარგა სენსეი.

 

ჰარა-კირი!!

ხელები ამბობენ: მე შენ მიყვარხაარ

სამურაი: ინარჩუნებს სიმშვიდეს

ხელი კანკალებს, ნერვებს არ უმტყუნია.

 

წარწერა ხეზე                                          სამურაის გზა.

ჰაერი გასქელდა. სამურაიმ სისხლი დაღვარა. სისხლის მოლეკულები გაიფანტა. ნესტოებიდან ადის ტვინში მოლეკულები. გადავიქეცი, ტრანსფორმაცია.

სუნი მაძლევს მინიმალურ ინსპირაციას.

 

წარწერა სამურაის ხმალზე: როგორც მაღლა, ისე დაბლა. ჩრდილში თავდახრილი ვამპირს ემსგავსება, ვერ გაიღვიძებს.

ნახვამდის, სამურაი.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სხვა განზომილებაში, ბატონო სამურაი.

წესი დაირღვა. სამურაი მშვიდად ვერ დაიძინებს.

 

ხალხი და პრობლემები, დიახ, მე მქონდა ესეთი პრობლემები, მან დაკეტა კარი, რომ არ შევსულიყავი. მე ვერ გავყევი სამურაის გზას.

 

 

 

 

 

3:40 :

 

ვფიქრობ, საშიშროებაზე, არ მინდა ვიყვირო. შეიძლება ვერასდროს მოვიტყუო თავი.

 

გაათავისუფლეთ, გახსენით. იქნებ დავინახოთ.

მე ველაპარაკე მას: მან თქვა ყველაფერი კარგად იქნება,

მე ველაპარაკები მას.

 

4:00: ხვალამდე!

 

22 დეკემბერი

 

10:00: ეს არ არის ოქროსფერი, წითელი ეს მზის ამოსვლაა, გავიგე შენი ფერია.

ნეტავ მცოდნოდა.

ნეტავ ვინ გამოიგონა?

11:00:  მშვენიერი დღეა, მშვენიერი ამინდი, მე საწერად ლეპტოპი მაქვს

შენ არ გჭირდება ღვედი, რომ იფრინო.

 

ყველაფერი შეცდომაა, გამოსწორებას დრო ჭირდება.

მშვიდად განისვენე, გუსტავ. 15 ნოემბერი.

 

თევზი წყალში ცხოვრობს, ადამიანი ხმელეთზე, გარდაცვლილები ზეცაში.

გზა გამიკვალეთ.

 

 

ჩემი ხმით,

ჩემი ხმით

ჩემი ხმით, მე შენთან მოვდივარ

შენ ხარ გარშემორტყმული.

ვარდნა. სიმაღლიდან.

ზურგზე მწოლიარე ვარდნა, მზის სხივის გარდატეხა თვალში, ცაზე დაკვირვება  (ცა და თვალები ინსპირაციულია)

 

15 წუთით ადრე

 

ადამიანი ვერ ხვდება. ბევრ რამეს. მე შენ გიახლოვდები. ჩემი ხმით მე ვტირი.

 

 

დიდი მრგვალი საყურე სამაჯურის იმიტაციას ახდენს, ცდილობს შეიცვალოს ლოკაცია.

რა გასხვავებაა ვარდნასა და დაცემას შორის?

 

როცა ვეცემით, ვდგებით.

კამიუ დაეცა

ნიცშე დაეცა

სარტრი დაეცა

ჩვენ ყველანი დაცემულები ვართ

ქმედება იწვევს დაცემას, უმოქმედობა ვარდნას

ვიკიდებ ახლად შეჭრილ თმაზე ხელს,

თმა - უხეში. კანი კომბინირებული, თვალები ოდნავ დახუჭული.

ქუჩაში მჯდომი უპატროსო ძაღლები ხშირად ხუჭავენ თვალებს. გარკვეული რაოდენობით,

ალბათ თვლემენ. არავის ანაღვლებს არავინ. ჩვენ გაგვაჩნია ამბიციები, ოცნებების ახდენის სურვილები.

 

და აღარასდროს მოხდეს დანაწევრება. ხელები დუმან. ცდილობენ მოძებნონ შესაბამისი ასო კლავიატურაზე. კლავიატურას თითების ანაბეჭდები გაცვეთილი ხშირად გამოყენებული ასოები და მკვდარი კანი საკმაოდ კარგადაა შენახული.

ნეტავ მცოდნოდა. ჩემი ბავშვობის სურათებს რომ ვუყურებ, ვგრძნობ დამოკიდებულებას, გარემოს. და ფოტომდე გადაღების საქმიანობას.

 

შეგრძნებები: გულისრევის, ძილიანობის, დაღლილობის, ინტერესის,

სული არ იკარგება, შავია ჩემი დღე, ნელა მიედინება მარტოობის ღამე.

მე არ მანაღვლებს, მე მივაღწიე კოსმოსს. ჩემი კანის ნაწილაკები ატმოსფეროს გაცდენილია. მკვდარი კანი დედამიწის გარშემო მოგზაურობს!

 

 

 

 

4:50: თმით ვაპობ ჰაერის ტალღებს პირიდან ელექტრო საყვირის ხმა ამოდის: ვაჰ უაჰ, დედამიწის ნაგავი, მკვდარი კანი, გაროხის სუპში ჩაქცეული შოკოლადი, აჭრელებული. ყავისფერი მწვანე, საჭმელი არეული კუჭის წამალთან. ყველაფერი, რაც გამაჩნია, ჩემი არ არის. ყველაფერი რაც ჩემია, ჩემი არ არის.

 

დამნაშავე ვარ, ყველაფერი ჩემი ბრალია. ხელით ვეხები თმას, ვჯდები შიშით. გარემოს დამაბინძურებელი, დედამიწის პარაზიტი, გამარჯობათ. თქვენ უკვე მიცნობთ. გაურკვეველი ღიმილი, სამყაროს შიში, უსუსური შიში. დეფორმირებული, დეზორიენტირებული.  მე ვფიქრობ მეგობრობაზე. მე მინდა შევწყვიტო ურთიერთობები, ურთიერთობები დამოკიდებულებაში გადასული. დაკარგული სამყარო, აღდგენილი პლანეტა, განაადგურებული ცივილიზაციები, მეხუთე თაობა, მე მელოდება, წინ ყველაფერია, მაგია უძლურია, მაგრამ მაინც არ მეშინია. სამყარო უძლურია. სიგარეტს არ ვეწევი. არც არასდროს მოვწევ, ადრე ვეწეოდი. მე ვხედავ მომავალს. წითელი ხალიჩა თეთრი ზოლებით იასამნისფერი ტკივილი, იასამნისფერი დაკარგული სული. სული არ ნაწევრდება, სული თირკმელს გავს, ათი პროცენტი საკმარისია აღსადგენად, სულის გადანერგვა შეუძლებელია. შანსი რომ მქონდეს სამყაროს შესაცვლელად სულს მაინც არ დავთმობდი. სული გამაჩნია. სული ერთგულია. რაც არ გღალატობს. ლუსისებრი. ზარი ტელეფონზე, სულის მოპარვას ცდილობენ, ტექნიკურად ყიდულობენ სულს. ჩემი სული არ იყიდება, ის მე მემკვიდრეობით მერგო, ცდილობენ სული წამართვან. ჯანდაბა, ჩემი სული მე მეკუთვნის, არ დავთმობ.  გამონაკლისები დაიშვება. ყველა კაცს თავის სული აქვს, ყველა სული მოხეტიალეა. დამონებული სული დამუშავებულ გაწმენდილ მინას ჰგავს, ინსპრაციას სული არ მაძლევს.

 

მინდა  კოლექცონერი ვიყო, მინდა სულების შემგროვებელს მეძახდნენ. ვიკვებები სხვისი სულით. ვყლაპავ სულის ნაწილს და ვგრძნობ თუ როგორ ამუშავებს მომნელებელი სისტემა სულს. სული დეჰიდრირებულია. მე არ მშია. ახლახანს სული გამოვკვებე. უფრო მეტს მთხოვს, რთულია ყოველდღიურად გამოკვება. ის  წავიდა, სული დატოვა, უპატრონო სული, რონინს გავს, სენსეი დაიკარგა, უარყო სამურაი. მშვიდობით, სენსეი. მე მინდა ჩემი სულს საფასური არ დაედოს. არ მინდა აუქციონზე სულის გაყიდვა. აუქციონზე გაყიდული სული, მაღაზიის დაფასოებულ საკვებს გავს. ძაღლის საკვები არ განსხვავდება დაფასოებული სულისგან. ზარი მობილურზე. ტექსტური შეტყობინება, სულის ფასები ეცემა, სულის ლიკვიდაცია, შავი პარასკევი, ოთხმოცპროცენტიანი ფასდაკლება სულზე.

ნეტავ მცოდნოდა ჩემი სულის ფასი.

 

დეკემბერი 23

 

8:25 : მე არასდროს მინახავს სიზმარი, რომ გავყოლოდი. დანაწევრებული ფიქრები. ჩემი ცხოვრება მიედინება, მდინარე იცვლის კალაპოტს.

 

8:30 : მე დავკარგე ინსპირაცია. ვწყვეტ ცოტა ხნით.

 

10:20 :  დედამიწა და მთვარე, მზე და ვარსკვლავები, შეჩერებული. ვარსკვლავები არ იყიდება ( ვარსკვლავები იძლევიან ინსპირაციას).

                                     

ჩემ შესახებ

 

შევესწარი ადამიანის განვითარებას, რეგრესს, სტატიკურ მდგომარეობას. ფარდის ოქროსფერი ჰორიზონტალური ზოლები ოქროს მაძიებლებს გამონებს. კაცობრიობის პორტრეტს კვამლი ეფინება. რთულია სახეების გარჩევა. კაცობრიობას ერთი სახე აქვს, კაცობრიობა ინსპირაციას არ მაძლევს. ადამიანები ერთმანეთს ეკამათებიან გემოვნებაზე. რას უსმენ? ბოლოს რა ნახე? შევდივარ სოციალურ ქსელში და მხვდება პოსტები უხარისხო მუსიკაზე, უემოციო ფილმებზე. სოციალური ქსელი ადამიანებს კითხვებს უსვამს. მალე საჭირო აღარ გახდება, არასდროს ვნახავთ კითხვებს. უკან მომავალში. სიჩუმეა.

10:50 :  ვიღაც ვერ გადავარჩინე, არ ვიცი ვინ, როდის, შანსი ხელიდან გავუშვი.

1:39 :

 

დეკემბერი 24

 

6:05 : მოქმედებს თუ არა სულზე გრავიტაციის კანონები?

ფეხქვეშ დაგროვილ წყალში აირეკლება ჩემი სახე. მე ვაფიქსირებ ჩემს სახეს

 

6:15 : დაამატე შენი თავი ჩემს დღიურში, შექმენი შენი სახე, გახდი პოპულარული.

6:30 : მარჯვენა თვალიდან ცრემლი მომდის, ცრემლი ამოდევნის ფოთლის ნაგლეჯს.

6:31: მე ვასრულებ წერას.

 

13 იანვარი 2018 წელი, თბილისი.

 

გვიანი ღამე. მე ისევ ვკოცნი. ვინ იცის ჩემს მეგობრებს რა აწუხებთ? წუხილი გამოძახილია წითელ ხალიჩაზე დაგროვილი ნაკეცის, მტვრის, მკვდარი უჯრედების, ნარჩენების, მოკლედ რომ ვთქვა წუხილი ენერგიაა, ან შესაძლოა იყოს. შენ ხარ ერთადერთი. შენი ნაკლოვანებები  განუმეორებელს გხდის. ასევე გხდის ფარდას, რომელიც შენში დამალულ ადამიანის სულის მიკროდოზებში გადაყვანილ სულის სუბლიმაციას გავს. ერთი წვეთი, უფრო მცირედიც, ოცდაერთი გრამი, სულის აგრეგატული მდგომარეობა ხელს უწყობს მის ტრანსპორტირებას, გაგზავნილი სულები გადიან შემოწმებას, დაკვირვება სულზე არც თუ ისე მარტივია, ზოგი სული მარტივად დასამორჩილებელია, ზოგი სული დაბადებიდან განწირულია, დაბინძურებული სული არავის უნდა. გულისრევას იწვევს ნაკლული სული. ადამიანს ერთი სული აქვს, სულს ვტოვებთ ქიმწმენდაში. მეორე დილით კი ჩვენ გვახვედრებენ სულს რომელიც ანალოგია საწყისისა, ოდნავ უხეში. დაუმორჩილებელი სული კარგავს თავის სირბილეს - ყველაფერს ისევე როგორც სულს, ჭირდება განახლება. შიგადაშიგ მავიწყდება რის თქმას ვაპირებ სულზე, ეს სულაც არ მაღელვებს, ჩემი სული მართმევს ინდივდუალიზმს, ის იპყრობს ჩემს ხასიათს, თვისებებს, ცვეთს ემოციებს, ჩემი სული იკვებება ჩემით. მე ვკარგავ ხარისხს, ჩემი სული ხდება საკმაოდ კარგი პროდუქტი, სული არ მტოვებს, ისეთი მიმიღო როგორიც ვარ, გაცრეცილი, დაუპატიჟებელი სტუმარი, სულმა სხეული ჩამბერა. შეიმოსა ჩემით, ამირჩია, ჩემი სულის რჩეული. არჩევანი გაკეთებულია. გრძნობები მიქრება, ვხვდები, რომ სული მსხვერპლს მოითხოვს. სულის საფასურს სიცოცხლით ვიხდით. სიცოცხლის საფასური სიკვდილია, სიკვდილზე კი ვერაფერს გეტყვით, სიკვდილი ალბათ, სულის არჩევანია. ჩვენ სულების სამყაროში მოხვედრილი სხეულები ვართ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული