• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

რატომ დავწერე ანტიტყაოსანი

×
ფრაგმენტი გაზეთ ანავალ-განავალიდან
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 00 , 0000 3196

ამთავითვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს იქნება ჩემი პირველი და უკანასკნელი წერილობითი განმარტება “ანტიტყაოსანთან” დაკავშირებით, რომელმაც მითქმა-მოთქმა და, ასე განსაჯეთ, მავანთა დაუფარავი აგრესიაც კი გამოიწვია. 

როგორც ჩანს, ზოგი შემთხვევითი ჟურნალისტისთვის ტერმინი “ჟურნალისტური ეთიკა” სრულიად გაუგებარი რამეა, აღარაფერს ვამბობ, რომ ზოგი არც ადამიანის უფლებებს დაგიდევთ დიდად და ნაწარმოებზე საუბრის ნაცვლად ჩემს სავარაუდო პიროვნულ თვისებებზე საუბრობს, მაგ; მე ვარ თურმე: “სექსუალური მანიაკი”, “უტიფარი”, "მასონების მიერ მოსყიდული"... ან მეკითხება: “როდემდე უნდა ვიყო ამ განავალში” და ა.შ. პერსონაჟს ყველა ეპითეტზე მეტად მისი ლექსიკა ასახავს. ამიტომაც თუ მწერალს უნდა პერსონაჟის "ბილწ" აზროვნებას გაუსვას ხაზი, მას ალაპარაკებს "ბილწი" ლექსიკის მოშველებით. ჩემი “მგმობელების” ზრდილობაცა და ეთიკაც სწორედ მათი ლექსიკიდან გამოიკვეთა. 


გარკვეული ხნის განმავლობაში, პრესა იკვებებოდა “ანტიტყაოსნის” შესახებ გამოთქმული არაკომპეტენტური ბრალდებების აფიშირებით. ცხადია, პრესამ უნდა ასახოს სიტუაცია, მაგრამ უმეტესად თვითონ “ჟურნალისტები” მხარეს წარმოადგენდნენ და ამის დამალვასაც კი ვერ ახერხებდნენ არაპროფესიონალიზმის გამო. 

უნდა ითქვას, რომ ჩემს “გაკიცხვაში” მეტად აქტიურობდნენ რომელიმე სფეროში არშემდგარი ადამიანები, თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში გავლით მყოფი პიროვნებები, “კაიბიჭური წარსულის მქონე ნათელმხილველები” (ფრაზა მიშელ ბაღსოსია), ან უბრალოდ, ყველაფერზე დაბოღმილი გუშინდელი დღის ადამიანები.

მე ცხადია, არ დავეცემი ამ შემთხვევითი “პიროვნებების” არაკორექტულობამდე. ჩვენ სხვადასხვა მორალურ და ინტელექტუალურ განზომილებებში გვიწევს ყოფნა.

“ეს წიგნი (“ანტიტყაოსანი” პ.შ.) უნდა დაიწვას”,_ პათეტიკურად გაჰკივის ერთი “ჟურნალისტი”. ასეთ ტენდენციურ და შუასაუკუნეებისათვის სახასიათო ფრაზას რა კომენტარი უნდა გაუკეთო?! ჰაინე ალბათ ზედმეტად რთული მწერალია ამ ადამიანისთვის, მაგრამ ხანდახან თვალი გადაავლოს ხოლმე და იქ აუცილებლად ნახავს ამ ფრაზას: “სადაც წიგნები იწვება, იმ ქვეყანაში ადამიანებიც დაიწვებიან.” 

ზოგი გაზეთი მისტიკის სფეროშიც შეიჭრა და “საშინელი “ანტიტყაოსნის” (და ზოგადად, თანამედროვე მწერლობის) შესახებ აზრს ორლარიან მკითხავებს ეკითხება. ეს მკითხავებიც არ ახანებენ, ყავას გადაჰკრავენ, ფილოსოფიურ მზერას ჭიქის ფსკერს ტყორცნიან და დასკვნაც მზად არის: “ანტიტყაოსანი” უნდა დაიწვას, თანამედროვე ლიტერატურას კი თურმე ეშმაკები და მასონები მართავენ.

ძნელია არ დაეთანხმო, ყავაში ხომ სწორედ ასე გამოჩნდა!


თუ მეცნიერება არ ტყუის და მართალია ის ფაქტი, რომ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, მაშინ მე უკვდავება გარანტირებული მაქვს იმ სტატიების წაკითხვის გამო, სადაც ჩემს აღსაწერად გამოყენებულია შემდეგი ტერმინები: “ერის მოღალატე”, “სატანის ლუკმა”, “გადაჯიშებული ქართველი”, “სექსუალური მანიაკი”... აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა სტატია არ წამიკითხავს, შესაბამისად, ყველას მოსაზრებაზე კომენტარის წერა გამიჭირდება და ეს არცაა ჩემი მიზანი. ზემოთ ნახსენები ეპითეტები კი ჩემზე დაიხარჯა იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე გავბედე და დავწერე “ანტიტყაოსანი”, რომელიც თურმე ნუ იტყვი, “ანტიმართლმადიდებლურია.” ჯერ ერთი, რა შუაშია აქ მართლმადიდებლობა ან კრიშნაიდობა?! რატომ ცდილობენ მხატვრული ტექსტი გაიაზრონ, როგორც რელიგიური, კანონიკური ტექსტი?! ასე ხომ ნებისმიერი ნაწარმოები “ანტიმართლმადიდებლურია”, “ანტიბუდისტურია”, “ანტიიუდაისტურია” და ა.შ. 


გავაკეთოთ ერთი არა პიროვნული, არამედ სიტუაციური ანალოგია. სწორედ ამ მიზეზით (“ანტიმართლმადიდებლური”, “ერეტიკული”) იდევნებოდა “ვეფხისტყაოსანი” საუკუნეების განმავლობაში. ვინც არ იცის, გადახედოს ანტონ კათალიკოსის, ტიმოთე გაბაშვილისა და სხვათა “ნააზრევებს” ამასთან დაკავშირებით. 

ლევ ტოლსტოიც ეკლესიამ აკრძალა და დიდი ჩარევები გახდა საჭირო, რომ დაეშვათ მისი გამოცემა, ვინაიდან ისიც “ანტიმართლმადიდებლად” მონათლეს ლიტერატურის მცირედმცოდნეებმა... მთელი “ინკვიზიტორული ენციკლოპედია” შემიძლია შემოგთავაზოთ, მაგრამ... 

როგორც ვნახეთ, გაკეთდა უაღრესად “მეცნიერული” აღმოჩენა, რომ, თურმე, მხატვრული ნაწარმოების სიკარგე ფასდება მისი “მართლმადიდებლობით”. მაშ ასე, რა ვუყოთ “საწყალ” ომარ ხაიამს, იასუნარი კავაბატას, ან სულაც ახლახანს გარდაცვლილ სოჰრაბ სეფეჰრის ან კურტ ვონეგუტს?! ისინი სულაც სხვა რელიგიურ მრწამს აღიარებდნენ. წავართვათ კლასიკოსების ტიტულები და თავად ისინი ცეცხლს მივცეთ?! დიახაცო, - მეტყოდა ჩემი კვაზიმართლმადიდებელი ოპონენტი, თან ასტამით გაჩხრეკდა ინკვიზიციის კოცონს. 

ერთი “პროფესორი” ფრიად ეგზოტიკურ და სახალისო დასკვნებს გვთავაზობს: “ანტიტყაოსანი” ანტიპაატას ანტიმართლმდადიდებლური ანტიწიგნია(პროფ. თამარ ინჯია).” მე მესმის ის, რომ ამ ქალბატონს ეს საპირველკლასო ტავტოლოგიები ალიტერაცია ჰგონია და ხიბლშია ჩავარდნილი, მაგრამ მაინც მომიწევს ამ მეტაფიზიკურ ჩიხში მყოფი "პროფესორის" და მისი მსგავსები იმედების გაცრუება.

იმიტომ, რომ ამ და მისნაირებს პოეზია (და ზოგადად, ხელოვნება) წარმოუდგენიათ იდეოლოგიურ ძუკნად, რომლის ლირიკული გმირი გულში მჯიღს უნდა იცემდეს და ურაპატრიოტულ პათეტიკას ემსახურებოდეს.

იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან, მათი დრო წასულია, მათი ნეოფობია და ჰიპერპატრიოტული ღაღადი უკანასკნელ წუთებს ითვლის.

იმიტომ, რომ თანამედროვე არტი ვითარდება. ვითარდება ექსპერიმენტების, სითამამისა და თავისუფლების და არა კარჩაკეტილი ურაპატრიოტიზმის ხარჯზე.

ასეთი იდეოლოგიური მოტივებით დევნიდნენ გრ. რობაქიძეს, პაიოლო იაშვილს, ტიციანს... ნობელიანტ ჟოზე სარამაგუს, ტოლსტოის, ბერჯესს... აქვე დავამატოთ, რომ მე სიტუაციურ ანალოგიებს ვაკეთებ და არა პიროვნულს... 

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იშვიათად მიწევს პრესის კითხვა (წიგნებს ვარჩევ), მაგრამ ხანდახან მეგობრებს მოაქვთ ხოლმე და იქ ვეცნობი “აზრებს” ჩემს შესახებ. 

საქართველოში არ დარჩენილა გაზეთი თუ ჟურნალი, სადაც ამ “ანტიქართულ” წიგნზე პუბლიკაციები არ ყოფილიყოს. მაგრამ ამჯერად მინდა, ყურადღება გავამახვილო გაზეთ “ქრონიკაში” გამოქვეყნებულ სტატიაზე (ავტორი: მაია იასეშვილი), სადაც ზოგი ისეთი ფრაზაა გამოყენებული, მე რომ არც მიფიქრია: მაგ: მე ვამბობ თურმე, რომ “ამ წიგნის გამოცემის შემდეგ ვერ ვასწრებ სახოტბო მესიჯების კითხვას” და თურმე თაყვანისმცემლებს ვერ ავუდივარ. რაღა დაგიმალოთ და, არ მჩვევია თავის ქება, ეს ფრაზებიც “ჟურნალისტის” გამძაფრებული ფანტაზიის ნაყოფი მგონია. მაგრამ ეს წვეთია იმ ტენდენციურობის ზღვაში, რომელსაც ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ.

პირველ რიგში, მ. იასეშვილსაც და ბევრ სხვასაც: გაიარონ კონსულტაციები ლიტერატურისმცოდნეებთან ან თავი ანებონ არაკომპეტენტური წერილების თხზვას. მაგ: ამ ქალბატონს არაფერი სმენია ტერმინ “ვერლიბრის” შესახებ და არ გაუგია უიტმენის, ელიოტის, ბეროუზის, გინსბერგის, ბოლოსდაბოლოს, ხარანაულის სახელებიც კი. რომ ცოდნოდა არ დაწერდა ასეთ რამეს: 

“იქნებ ვინმემ შეძლოს და დამანახოს (სწორი იქნებოდა: დამანახვოს. პ.შ.), თუ თვითონ ხედავს სადმე რიტმს ან რითმას?!_ გვეკითხება აღშფოთებული ჟურნალისტი. 

თვალს ვხუჭავ წინადადების ბუნდოვანებაზე, უბრალოდ, მინდა, შევახსენო ამ ადამიანს, რომ არსებობს სალექსო ფორმის რამდენიმე “ჯიში”: 1. კონვენციური (ტრადიციული ბოლორითმოვანი), 2. თეთრი ლექსი და 3. ვერლიბრი (თავისუფალი ლექსი)... საქართველოში ამ უკანასკნელი ფორმის პირველ ნიმუშად არაერთი მეცნიერის მიერ მიიჩნევა ქართული ჰიმნოგრაფია (მიქაელ მოდრეკილი, იოანე მინჩხი და სხვ.). დღეს ვერლიბრი მსოფლიოში წამყვანი სალექსო ფორმაა, რომელსაც აქვს უზარმაზარი ტრადიციები (უიტმენი, ელიოტი, ბიტნიკები). ვერლიბრის ფორმას იყენებდნენ: გალაკტიონი, ცისფერყანწელები... ვინც მიიჩნევს, რომ ლექსში რიტმის ან რითმის ქონა-არქონა წყვეტს მხატვრულ პრობლემებს, ძალიან ჩამორჩენილა თანამედროვე ხელოვნების აღქმის საკითხში. 

მოკლედ, ბევრი რამის “დაღეჭილად” მიწოდება მიწევს, მაგრამ, ვატყობ, სხვა გზა არაა.

სტატიაში დამახინჯებულია ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვა: “ხელოვანი ამბოხების გარეშე იგივეა, რაც ანანისტი ხელების გარეშე.” ალბათ, არ იცის ჟურნალისტმა, რომ სწორი ფორმაა “ონანისტი”, მითუფრო არ ეცოდინება, რომ ამ ტერმინს ბიბლია უდევს საფუძვლად, სადაც პერსონაჟია ონანი და არა “ანანი” (ამ უკანასკნელ ფორმას “ბირჟავიკები” იყენებენ საუბრებში). მესმის, რომ აქ ერთი ასოა შეცდომით, მაგრამ ამ ქალბატონის მხრიდან ასოს წინაუკმო ხმარების გამო სიტყვა რუსულ ბგერადობას იძენს, რაც უსიამოვნოდ ხვდება ყურს.

მივყვეთ ჟურნალისტის სჯას: “თუ სადმე პოეტურ ფრაზას გადავაწყდებით, მხოლოდ პლაგიატობის შედეგია. ერთ ადგილას სრულიად “გადაშამუგიებულია” ვაჟას ალუდა ქეთელაურიდან (პუნქტუაცია იასეშვილისაა. პ.შ. ) ალუდას სიზმარი “დავჯექ, ჯამ ვინამ დამიდგა, კაცის ხორც იყო წვნიანი...” პაატას სიზმარშიც ასმათი ტარიელს საკუთარ სხეულს აჭმევს:

“წვნიანი იყო გემრიელად შეზავებული,

ჰო მე ვარ კარგად მოხარშული და შეკმაზული.”

წერს ჟურნალისტი. ჯერ ერთი, ამ ორ ციტატას შორის საერთო მხოლოდ “წვნიანია”. ამ მოტივით მთელი სამზარეულოს წიგნების გავლენა მქონია (ისე, არაა ცუდი აზრი, ბოლობოლო, ალექსანდრე დიუმამ “კულინარიული ლექსიკონი” დაწერა). თანაც, ჩემთან ტარიელი თავის სხეულს მიირთმევს სიზმრად, ვაჟასთან კი როგორც არის, ციტატიდანაც ჩანს. გარდა ამისა, ამ ჟურნალისტს ინტერვიუს მიცემის დროს მივაწოდე ინფორმაცია, რომ არსებობს ასეთი ტერმინი: “რემინისცენცია”, რომელიც ლათინური წარმომავლობისაა და ქართულად “მოგონებას” ნიშნავს. ამ ტერმინს ლიტ.თეორეტიკოსები მაშინ იყენებენ, როცა ერთი მწერლის ტექსტში შემოდის სხვა მწერლის განწყობა, ან სიუჟეტი. მაგ: გოეთეს “ფაუსტი” გერმანული ფოლკლორის რემინისცენციაა, თავის მხრივ, ჯოისის “ულისე” ჰომეროსის “ოდისეასი” და ა.შ. (ცნობისთვის: ამ ტერმინის პოსტმოდერნისტული შესატყვისია “ინტერტექსტუალობა”). 

როდესაც შემთხვევითი პერსონებისგან ჩემი მისამართით “გარყვნილი” ისმის, ეს გულისხმობს “ანტიტყაოსნის” ერთ უწყინარ ეროტიკულ პასაჟს, რომელიც გაცილებით მოკრძალებულადაა აღწერილი, ვიდრე მაგ: კლასიკოსებთან: კ. გამსახურდიასთან, მ. ჯავახიშვილთან, ოთარ ჭილაძესთან (იხ: “გოდორი”), აღარაფერს ვამბობ უცხოელ მწერლებზე (მაგ: უელბეკზე, რომელსაც მინეტის სცენა შესაშური ნატურალიზმით აქვს აღწერილი, არც ნობელიანტ გიუნტერ გრასზე ვამბობ არაფერს, რომელიც კინაღამ აკრძალეს ონანიზმის სცენის აღწერის გამო. სხვათაშორის, ჯანდაცვის სამინისტრომ უჩივლა გრასს. ეს არამკითხეები გერმანიაშიც ყოფილან!) 

რა მაგის პასუხია და, ვერაფრით გავარკვიე, ამ ხალხს რატომ ეშინია სექსის (მითუმეტეს, მხატვრულ ტექსტში)? ეს, უდავოდ, რაღაც ფსიქიკურ ტრავმასთანაა დაკავშირებული. 

ამასწინათ ტელევიზორში გამოჩნდა ქართველი “არქიმედე”, რომელსაც, მართალია, “ევრიკაო” არ უყვირია, მაგრამ ძალიან თავდაჯერებულად “აღმოაჩინა”, სექსი არის გარყვნილობაო. ჯერ ერთი, “გარყვნილობა” კი არა _ “გარყვნილება” (ის ადამიანი ქართულის პედაგოგი იყო), და მეორეც: ზემოთქმული “აღმოჩენის” ავტორიც სწორედ ამ “გარყვნილობის” შედეგია (არა მგონია, რომ ის ინკუბაციის ხერხით ყოფილიყოს მიღებული). საქმე ისაა, რომ მსგავსი ინტელექტუალურად და მენტალურად ბანკროტი ერთეულები ავლენენ ყველაზე მძაფრ რეაქციებს. 

“ანტიტყაოსნის” “მკრეხელობის” გასამყარებლად ამბობენ, რომ თურმე რუსთველი ყოფილა ხელშეუხებელი. აი, ეს კი უმეცრების კულმინაციაა! რუსთველი არის კულტურის ნაწილი, ხოლო ნებისმიერი კულტურული კომპონენტი, თუ ის არ გახდა ადამიანებისათვის ხელშესახები, ჩანასახშივე მკვდარია. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც რუსთველის “ხელშეუხებლობის თეორიას” ქადაგებენ, ამ გენიოსის კულტურული სივრციდან გარიყვას უწყობენ ხელს. 

რუსთველი ზედმეტად ხელშესახებია და ამის გამო მოაღწია ჩვენამდე. 

და მაინც: რატომ გააღიზიანა კონსერვატორულად მოაზროვნე ხალხი “ანტიტყაოსანმა?!”

პირველ რიგში იმიტომ, რომ არ წაუკითხავთ და ისე, აპრიორი, მსჯელობენ, სხვათა მონათხრობზე აგებენ მსჯელობას. ასე რომ არ იყოს, ისაუბრებდნენ იმავე წიგნში შესულ ჩემს ლექსებზეც (რომლებიც, პირადად მე გაცილებით მომწონს, ვიდრე ეს გახმაურებული პოემა). ზოგი წერს: “მე მაგ მკრეხელობას არ წავიკითხავ”. როგორც ხედავთ, დეფინიცია წინ უსწრებს ფაქტს. თუ ჯერ არ წაგიკითხავს, საიდან ასკვნი, რომ მკრეხელობაა?!

მესამე: წაიკითხეს “ანტიტყაოსანი”, მაგრამ არ წაუკითხავთ “ვეფხისტყაოსანი”.

მეოთხე: საერთოდ მოწყდნენ რეალობას. მგონი, არ იციან, რომ დიდი ხნის წინ დაიწერა ბოკაჩოს “დეკამერონი” (რომელიც მსოფლიო კლასიკაა) და “ანტიტყაოსნის” ეროტიკულობაზე საუბარი რომ სისულელე გახლავთ, ვერ ხვდებიან. არც ის მოეხსენებათ, რომ ეროტიკა ხელოვნების სრულუფლებიანი ჟანრია (პორნოგრაფიისგან განსხვავებით). 

მეხუთე: არ იციან, რომ “ანტიტყაოსანი” არის ინტერპოლატორების (და არა - დედნის) პაროდია. თუმცა, თავად დედნის პაროდიაც არაა ცუდი იდეა. ვიფიქრებ ამაზეც.

ჩემო ძვირფასო “ოპონენტებო”, ზოგჯერ მეგობრებს მოაქვთ ჩემთან ის ჟურნალ-გაზეთები, სადაც ჩემზე “რეცენზიებს” წერთ და, სიმართლე გითხრათ, ძალიან ვერთობი ხოლმე (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ისტერიის გამო წიგნი კარგად იყიდება, რაც ღარიბი პოეტისთვის ერთგვარი შვებაა).

რაც უნდა იყოს, ახალი თაობის მწერლებთან დაპირისპირება არავის მოუტანს კარგ შედეგს, რადგან ისტორიას რეალურად მწერლები წერენ. ცნობილია, რომ ხრუშჩოვის საფლავის ქვა შექმნა მოქანდაკე ნეიზვესტნიმ, რომლის ხელოვნებასაც ხრუშჩოვმა “იდიოტური ხელოვნება” უწოდა. ჰოდა, ადრე თუ გვიან ზოგიერთის ბიოგრაფიას შეიძლება ჩემი პროვოკაციული ლექსები დაადგან თავზე “საფლავის ქვასავით”. იმედი მაქვს, მოგიხდებათ.

დასკვნის სახით კი გეტყვით: მიხარია, თქვენისთანები რომ არ მაქებენ, ეს ნამდვილად არ მესიამოვნებოდა. 

ჩემი მხრიდან კი გპირდებით:

ყოველთვის დავწერ ისეთ ტექსტებს, რომლებიც თქვენისთანებს გააღიზიანებს.



P.S. ამელი ნოტომის ერთი პერსონაჟისა არ იყოს, მეც ტელევიზორში ძირითადად რეკლამებს ვუყურებ და არ მიყვარს, რეკლამებს შორის მხატვრულ ფილმს რომ ჩააჩხერენ (ჩათვალეთ, რომ ვიხუმრე). ერთი რეკლამა ვნახე ამასწინათ, სხვათაშორის, ერთი ცნობილი ისტორიული მოვლენის კარგი პაროდია იყო: “სნიკერსი” თხილით არსებობსო, როცა იტყვის ერთი კაცი, მას ერეტიკოსობისთვის ინკვიზიციის კოცონზე “ააშიშხინებენ”. ერთი დასცინებს კიდეც: ჰო, აბა რა, დედამიწაც მრგვალია, არაო?! 

იმის თქმა მინდოდა, რომ, რაღა დაგიმალოთ და, “სნიკერსი თხილით” მართლაც არსებობს!




მომავალ ნაწარმოებამდე!

თქვენი(?) პაატა შამუგია

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული