• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მეორე ქარხანა

×
ავტორის გვერდი ზურა ჯიშკარიანი 00 , 0000 2744
დაბადების დღის ტექსტი
 

ჰაერი გამჭვირვალე მინის ბლოკებია,

აქა-იქ გამუქებული -
ურბანული გამონაბოლქვებით ქუჩის ბოლოში,
გახშირებული სუნთქვით გაზეთისფერ დაკუჭულ დილაში
ან დაუბანელი თითების მოურიდებელი შეხებებით
გაშლილი ხელის მანძილზე. ასე ახლოს.
იშვიათად, შეიძლება გადაეყარო დატოვებულ ტუჩებსაც კი, ფერმკრთალი კონტურებით, როგორც სიზმარში.
 
ხანდახან ისინი (მინები) ზანზარებენ
როცა ღამის ცვლაში უძინარი მუშა
დაკოჟრილ ხელს აჭერს გაუგებარი წარწერებით დამშვენებულ პოპ-არტულ ღილაკებს
და დილის მწარმოებელი დანდაგარები იწყებენ ჩვეულ ზუზუნს,
პირველი მეტროს ვაგონები გამოყავთ საწყობებიდან, მცირებალიანი მიწისძვრა არ დაანგრევს შენს სახლს.
 
ამ უძინარ მუშებს
გულჩათხრობილი,მორცხვი მაჩოიზმის და მეგობრისთვის დატოვებული სიგარეტების
იდუმალი,ტკბილი სურნელი დაკრავთ,
მათი დუნე მოძრაობები განპირობებულია -
აუცილებლად ჩასართავი ღილაკების მკაცრი დეტერმინიზმით.
ისინი შეიძლება ითქვას ჩვენი დედები არიან,
მიწისქვეშ დამალული რკინის სველი 'ტრუბები'
რომლებმაც სამსახურეობრივი მოვალეობის გრძნობით აღსავსე სიყვარულით
გამოგვისროლეს ამ თეთრ ოთხკუთხედზე
სადაც ჰაერი მინის ბლოკებია
აქა-იქ გამუქებული ურბანული გამონაბოლქვებით ქუჩის ბოლოში და ასე შემდეგ.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული