• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

სექსი ანუ სიყვარულის ანაგოგია

×
ავტორის გვერდი ზელიმხან უძილაური 00 , 0000 5866

სექსი განვითარებული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მითია.

სექსის ისტორიის, მოდერნის, სექსისა და რელიგიის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ უნდა მომეთხრო, მაგრამ გადავიფიქრე; უნდა მომეთხრო, მაგალითად:

— როგორ მიიღწევა სექსის გზით კოსმიური მთლიანობის განცდა;

— სექსი როგორც ზღურბლი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის; — სპირიტუალურ და სექსუალურ გამოცდილებათა ურთიერთდამამიზეზებულობა ანუ კორელაციურობა;

— საზოგადოდ, მონოთეისტური რელიგიები...

არც ღირს ლაპარაკი; ჰინდუიზმში სპირიტუალიტეტს (ე. ი. რელიგიურობას) და სექსს შორის ჩინური კედელი არაა აღმართული; ჩინური კედელი კი არა, ტყრუშული ღობეც არაა გავლებული. სექსუალური ენერგია ანუ ცეცხლი — ჰინდუს ენაზე “ტაპას” თავშეკავებისას გროვდება და საღმრთო ენერგიად ტრანსფორმირდება;

— სულის სიღრმეში არც მონოთეისტური რელიგიები მტრობენ სექსს, ისლამურ სამოთხეში კაცურ ფანტაზიას სრული გასაქანი ეძლევა, ქრისტიანულ მისტიკაში კი “სძალი”, “სასიძო” და “ქორწილი” ფიგურირებს.

— სექტები, რომლებიც რელიგიებია გამადიდებელი შუშის ქვეშ, ზოგჯერ უკიდურესად მტრობენ სექსს, მაგალითად, რუსული “სკოპცების” სექტა; ამ სექტის მამამთავარმა კონდრატი ზელივანოვმა (გარდაიცვალა 1832 წელს) თავი დაიკოდა, ე. ი. კვერცხების ამორთმევის გზით გამოისაჭურისა, რა თქმა უნდა, სასუფევლისათვის. გულუბრყვილომ სახარებაში დაწერილის დაიჯერა! მერე ასოც მოიჭრა და ჯაგებში მოისროლა; ბოლოს ის, სამივეს უარმყოფელი, მისმა ათასობით მიმდევარმა ერთდროულად მამა ღმერთად, ძედ და პეტრე III-დ აღიარა, თითქოსდა ამ სამეულიდან ერთი არ კმაროდა.

ზოგი სექტები, პირიქით, უზომოდ სურვილობენ სექსს, ორგიებს აწყობენ, სექსს შემოქმედებითად უდგებიან და რელიგიის სამსახურში აყენებენ. მთავარ მაგალითად კმარა კამა-სუტრა, ტანტრა, მანტრა, სანტრა და თუნდაც ბაბილონური საკრალური პროსტიტუცია.

— სექსისგან თავის შორს დაჭერა, ცელებატი რომაულ-კათოლიკურად და საყოველთაოდ აღიარებულად ბერული ასკეტიზმი ქრისტიანული რელიგიის წყალუხვი მდინარის ნაცადი ჯებირია. ჯებირი აგუბებს მდინარეს და წარმოიქმნება “ჰიდროელექტროსადგური”, ე. ი. გროვდება წყალი და ენერგია, რომელიც სინათლედ გვეფინება. ეს სინათლე ჩვენთან, ანუ უბრალო მრევლთან, მოდის მავთულებისა და ბოძების გზით. მავთულები და ბოძები ღვთისმსახურნია, განსაკუთრებით, ბერები.

— სხვაც ბევრი მქონდა სათქმელად, ერთი მომცრო ტრაქტატის ჩართვაც მინდოდა, სათაურით Coincidentia oppositorum... ახლა ამას ყველაფერს შევეშვები, სექსი მითია და მიტომ. ინგლისური ენით დამიზეზებული მითია. ინგლისური ენა ორსქესიანია, ბიოლოგიურ სქესს ჰქვია sex, ხოლო სოციალურს — gender. ენობრივი დიფერენცირებაა ყველაფრის თავი და ბოლო, ენა, ვითგენშტაინი, ლოგოსი და ა. შ. — სხვათა შორის, არც ფალოსის კულტს დავივიწყებდი (სექსი და აგრესია?). ინი, იანი — ჩინური; იონი, ლონგა — ინდური და ა. შ.

 რაღა შორს ვიაროთ. ხევსურეთში ერთ სოფელში ქალთა სულისა და ხორცის საკურნებლად ქვის დიდი ფალოსი მდგარა; ის ამჟამად მუზეუმში ინახება.

ზემოურები აღარ გვაინტერესებს. სექსი, ერთხელაც ვიმეორებთ, მითია, გაზვიადება. სექსი რომ დასავლეთში მორალური სფეროდან გამოუშვეს, — როგორც დევს დააზეზებს ხოლმე დროდადრო ღთიშვილი, — ამაში ლომის წილი ზიგმუნდ ფროიდს მიუძღვის. მან ლიბიდო, როგორც მთავარი ადამიანური ლტოლვა, Trieb, — მთავარი თვით რელიგიის წარმოშობისთვისაც, — აღმოაჩინა და გამოკვერა ცნებები, როგორიცაა “კომპენსაცია”, “სუბლიმაცია”, “განდევნა”(Verdrängung). ამით ზიგმუნდ ფროიდმა სექსუალურობა მორალური სფეროდან ანალიზირებადი, “უცოდველი” არაცნობიერისაკენ გადაქაჩა. რა ამის პასუხია და საინტერესოა, რომ შუასაუკუნეების ევროპაში იმპოტენცია ჯადოქრობას ჰბრალდებოდა. სწორედ ამ ბრალდების საფუძველზე დაწვეს ევროპაში ბოლო ჯადოქარი 1782 წელს. ინკვიზიციის დასასრულიც ეს იყო. ერთი სიკეთე მაინც ჰქონია ინკვიზიციას: პოტენციის მხარეზე ყოფილა.

და სხვა მრავალიც მეთქმეინებოდა, რომ ავყოლოდი გულისთქმას, მაგრამ სექსს ვატაბუებ. ორგაზმს ანუ “პატარა სიკვდილს” სულაც არ ვახსენებ. სექსთან დამოკიდებულებაში ეროვნულ ტრადიციებზე ვდგავარ! ილიას გზით მივდივარ! უფრო მეტიც, ეროვნულ ტრადიციებ კუთხურსაც მივამატებ. სიტყვა sex-ს აქ მეტად ვეღარ გაიგონებთ. უხეიროდ ჟღერს და უხერხულობაში მაგდებს. იყოს “ქალთან წოლა”, “ცხოვრება”, “ტრფიალება”, “ის საქმე”, “მიტალკვესება”, როგორც დედისძმაჩემი, ონისინე მჭედლური იტყოდა, ანდა “ფიზიოლოგიური ჩხირკედელაობა”, როგორც ვაჟა-ფშაველა ბრძანებდა.

მიტალკვესება რომ არაფერია, ეს ერთი ფშაური ანდაზიდანაც კარგად მოჩანს: შაჭმულაი და მოტნულაი კაცს დავიწყებიაო. “ის” მართლაც დავიწყებადია. გავიხედავ და შორდებიან ერთმანეთს 10, 15 თუ 20 წლის ცოლ-ქმარი. რამდენ ათასჯერ წოლილან ერთად, ჩამდნარან ერთმანეთში და ახლა კი ვითომ არაფერი, ყველაფერი დაივიწყეს, გაემტერნენ ერთმანეთს, ქოქოლასა და ლანძღვა-გინება-წყევლა-კრულვას აყრიან ერთმანეთს. ის ორნიც ცოლ-ქმარნი არიან, კარგი, შეფერებული. ანა და გოგია. მაგრად მოყვარულნი, განუყრელად, ანაგოგიურად. მათ უხმო ტრფიალება-სიყვარულზე კი ღირს საუბარი. ანა-გოგიას ცოტა შეჭირვებული ცხოვრება დაებედა. ერთი ოთახი, პატარა სამზარეულო და უფრო პატარა შესასვლელი. ტუალეტი ეზოში, აბანო — უბანში. შესასვლელში სოფლიდან ჩამოსულ სტუმრებს ეძინათ. ხანაც საძინებელში, თუ იქ ვეღარ ეტეოდნენ. სამზარეულოში ანას დედას, ანასტასიას ედგა “კრაოტი”. ანა და გოგია არც ერთი ღამე მარტო არ დარჩენილან, აგერ უკვე 15 წლის ცოლ-ქმარი! მარტოობას დაეძებდნენ? ხან ლუკმაპურიც უჭირდათ.

მადლობა ღმერთს, ჰერმესი წამოიზარდა. ჰერმესსაც იმავე ოთახში ეძინა და ფხიზელი ძილი იცოდა ჰერმესმა. ანას იდეამ — “მაციმ” არ გასჭრა, თუმცა დედეულები ჰერმესს მაინც მაცის, მაციკოს ეძახდნენ. გოგიას დედის მხრიდან ბერძენი პაპა ჰყავდა და გოგიმ სახელის ტრადიციას, სახელით წინაპრის გაცოცხლების ჩვეულებას ვერ უღალატა. თანაც წალკელი პაპა ჰერმესი ძალიან კარგი კაცი ყოფილა.

ჰოდა, ჰერმესიც წამოიზარდა, საცაა ჯარში გაიწვევდნენ და იქნებ შველოდათ კიდეც რაიმე ანა-გოგიას, სოფლიდან რომ ახლო ნათესავს გოგო არ გამოეგზავნა. მეტი რა გზა იყო, მარინესაც იქვე, ოთახის კუთხეში დაუდგეს საწოლი. ასე და ამგვარად, მკითხველმა ალბათ უკვე იაზრა, იმ საქმისათვის, ინგლისურად რომ აღარ ვახსენებთ, და რომლისთვისაც ღმერთს უპირატესად ბნელი ღამე გაუჩენია, და რაც ნორმალური და კურთხეული მოვლენაა ანა-გოგიასნაირი წყვილისათვის, მაინცდამაინც ხელსაყრელი პირობები და პერსპექტივა არ ჩანდა... ანა-გოგია სიბნელეში წყნარად, თითქმის უმოძრაოდ იქმოდნენ, “სუუ!”-თი, თან ერთმანეთს პირზე ხელს აფარებდნენ: “ანასტასიამ არ გაიღვიძოს!”, “სტუმრებმა არ გაიგონონ!”, “ჰერმესმა არაფერს მოჰკრას ყური!”...

ერთხელ გოგის თავისი ძველი შეხვდა, ერთი ძველი ქალი, ნასაყვარლალი, — გოგი ანას არ ღალატობდა, რადგან უყვარდა, — და უთხრა იმან, ძველმა, სახელად ნინომ:

— შენი ცოლი გავიცანი აბანოში შემთხვევით, რამდენი წითელი ხალები ჰქონია!

— წითელი ხალები? — გაიკვირვა გოგიმ. ნინომ გადაიხარხარა.

— თითქოსდა არც გინახავს! — ჰო-ჰო-ჰო, — გოგიმაც გადაიხარხარა, თავი არ გასცა, რომ მართლაც არ ენახა მას ანას ხალები. ან კი როგორ, სად უნდა ენახა?

— წითელი ხალები, ნეტავი რატომ, ნეტავ რამდენი? — ფიქრობდა თავისთვის გოგია.

ანა და გოგი ანუ გოგია, ნელ-ნელა ბერდებოდნენ (ორმოცს გადააბიჯეს). ჰერმესი ჯარში იყო, служу Советскому Союзу-ს გაიძახოდა, ანასტასია ჯანმაგრობდა, სოფლიდან ყოველთვის ვიღაც ჩამოდიოდა, მარინეს საწოლი ისევ თავის ადგილზე იდგა უძრავად. და ანა-გოგიას ჯერ ღამე არ ღირსებიათ ისეთი, რომ ერთხელ მაინც ერთმანეთთან მარტონი აღმოჩენილიყვნენ. არც კვნესა, არც გმინვა, ლამის თევზებად იქცნენ. უსასრულო და უბოლოო არაფერია. თვით დროც კი არა. შელინგი ამბობს, ნამდვილი მარადიულობა უდროობა კი არა, დროის მოთვინიერებააო. ამიტომაც მოხდა მომდევნო სამი ამბიდან ერთ-ერთი.

ანაგოგიას ცხოვრებაში დრო მოთვინიერდა, გაიყურსა, როგორც ანკესზე წამოსაგებად განწირული მურწა. ანა-გოგიას ცხოვრება ამოვარდა დროიდან; ამოვარდნილობის სამი შესაძლებელი ვარიანტიდან ერთ-ერთის გამოვლინებით.

 

პირველი ვარიანტი

 

ანა-გოგიას მოსწყინდა ძველებურად ცხოვრება. მარინეს უთხრეს, დიდი ბოდიში, მაგრამ აიყარე გუდა-ნაბადიო! ნათესავებს, რაიონიდან და სოფლებიდან რომ ჩამოდიოდნენ, კარი გამოუკეტეს, შავი პირი უჩვენეს, “რემონტი”, სივიწროვე და სხვაც მრავალი მსგავსი მოიმიზეზეს, მოიმდურეს ისინი, მაგრამ მეტი რა ჩარა იყო. ანამ თავის დედას, ანასტასიას კი უკადრებელი აკადრა, “რა ვქნა, დედაჩემო, მეც ქალი ვარ, ან ყურებში ბამბა დაიფიე, ან კიდევ შენ საყვარელ რძალთან გადაბარგდიო! `სქესობრივი გრძნობა სტიქიონური სიძლიერით მოქმედებს ადამიანზეო” — გ. ქიქოძე (ანა ფილოლოგი იყო და უყვარდა ქართველ მწერალთა მოხმობა).

ანასტასია გაოცებისა და განრისხებისგან ისე გამოკეთდა, რომ აქამდე თუ სულ დახუთვას უჩიოდა, ახლა უცებ დაიოთხა და რძლისკენ გასწია. დარჩათ ბურთი და მოედანი ანა-გოგიას აღვირახსნილ-ბუნებრივი ჩხირკედელაობისათვის.

 

მეორე ვარიანტი

 

ანა-გოგიამ ვერ გაბედა ცხოვრების ტრადიციული, ჩხირკედელაობის დამტაბუებელი კალაპოტიდან ამოვარდნა. ცხოვრება გაცვდა, სიყვარული გახუნდა. გოგიას მეორედაც შეხვდა თავისი ძველი ნინო, ნინომ ის ლაპარაკში აიყოლია, მერე ნება-ნება თავისი ქუჩისკენ გაიტყუა, თავის სახლში შეიტყუა, ლამაზად გაუმასპინძლდა, ღვინიან-ალერსიანად და ბოლოს თავბრუდახვეული ლოგინში ჩაიწვინა. დღისით, მზისით ნამდვილი, ხმაურიანი და ქარიშხლიანი ტრფიალება გაახსენა, ხელახლა აგემა. აგემა და აგემა, გახსნა გოგიას ფალოსური ძალმოსილება. ხანდახან ნინო თავის დაქალ პეპელასაც იპატიჟებდა — როცა პეპელას შტანგისტი ქმარი სავარჯიშოდ ბრძანდებოდა — და გოგია ორთა შუა ნებივრობდა. გოგიას დროდადრო სინდისი ქენჯნიდა, მაგრამ რა უფრო ცოდვაა, — თავს იმართლებდა გოგია სინდისთან, — ანას უღალატო თუ ამოდენა ენერგია მიწაში თან ჩაიყოლიო?!

ანას ცხოვრება სიყვარულის ღერძზე ტრიალებდა და ანამ რომ გოგიას ღალატი შეიტყო, თქვა: “რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია”. და თავი მოიწამლა. ჰერმესი რუსეთში დარჩა, კარგად შეეწყო იქაურ ქალებს, დედის საფლავი კი მოინახულა ერთხელ, მამას არც დალაპარაკებია, ისე გაბრუნდა უკან, ტამბოვში. გოგიმ მაინც ვერ მოიშალა ნინოსთან და პეპელასთან ნებივრობა. პეპელას ქმარმა, კოკამ იყნოსა ცოლის ღალატი, ქუთაისისკენ ორდღიანი სპორტული მოგზაურობა მოიმიზეზა, უყარაულა პეპელას და იმდენი მოახერხა, რომ გოგის ზედ წაადგა. თან თავისი კულტურისტი ძმაკაცი, ლეო იახლა. ნინო ამ დროს სამზარეულოში ყავას ადუღებდა.

ლეომ პეპელა და გოგია რევოლვერით ადგილზე გააშეშა, კოკამ კი კისერში ხელი წაუჭირა გოგიას და პეპელას გრანდიოზულ ძუძუებში ჩაახრჩო. სამ წუთში გათავდა გოგიას სიცოცხლე; კოკამ და ლეომ ხელები გადაიბერტყეს და სავარჯიშოდ წავიდნენ. პეპელამ ნელ-ნელა გადაიგდო გოგიას გაციებადაწყებული სხეული. მერე ნინომ, რომელიც, სხვათა შორის, იუსტიციის მინისტრსაც საყვარლობდა, და პეპელამ ყავა დალიეს და მოიფიქრეს, რა უნდა ექნათ.

 

მესამე ვარიანტი

 

ვინაიდან ღმერთი სიყვარულია და დედამიწა ვეშაპის ქედზე კი არა, შეყვარებულ გულზე დგას და ტრფიალების ანუ სიყვარულის კეთებას ღმერთი აკურთხებს და ა. შ. — მოხდა მეტაფიზიკური განახლება. და ვინაიდან ღმერთი ყოვლისშემძლეა, დაყრუვდნენ მარინე, ანასტასია ბებო და რაიონ-სოფლებიდან ჩამოსული ნათესავები. და ვინაიდან ღმერთი მოწყალეა, დაყრუვდნენ ისინი არა სამუდამოდ, არამედ მხოლოდ 23 საათიდან 06 საათამდე. და არა მხოლოდ დაყრუვდნენ, არამედ დაბრმავდნენ კიდეც.

და ვინაიდან ღმერთი უცნაურია, ისინი ისე დაყრუვდნენ და დაბრმავდნენ, რომ თვითონაც არ იცოდნენ, თუ დაყრუვდნენ და დაბრმავდნენ. და ვინაიდან ღმერთი სამყაროს, უნივერსუმს, ქვეყნიერებას და შვიდივე ზეცას განაგებს, ხოლო გოგიას ანას წითელი ხალების დათვლა არ შეეძლო და მან არც კი იცოდა ამ ხალების არსებობა, ღმერთმა უბრძანა მზეს და მზემ ღამ-ღამობით იწყო ამოდენა, ზედ ანა-გოგიას ფანჯრის წინ და გოგიაც ითვლიდა და ითვლიდა, უტევდა და უტევდა, მთელი ბინა ირყეოდა, კარადებიდან ჯამ-ჭურჭელი ცვიოდა, მიწა იძვროდა, სიყვარული კეთდებოდა და ღმერთი სიყვარულისა ხარობდა.

30.09.2003, Tübingen.

 

Aufnahme der Weltraumsonde
 

 

 

ეს ბმული ამ მოთხრობის ვიდეოეპილოგია, გთხოვთ დააკოპიროთ და უყუროთ: 

http://www.facebook.com/video/video.php?v=102407686445557&ref=mf

 

 

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული